რა არის გრინვოშინგი?
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მორიგი სქროლისას შევხვდი ერთ-ერთი ბრენდის რეკლამას, რომელიც აღწერდა მისი ბიო პროდუქტების მრავალფეროვნებასა და მგრადობას. კერძოდ, საუბარი იყო პროდუქტზე, რომლის ზოგიერთი კომპონენტი ჩამოტანილი იყო მალაიზიიდან, ზოგიერთი პერუდან, სამხრეთ აფრიკიდან, მარსიდან და ა.შ. კომპანიამ ამ რეკლამის სახით სიამაყით წარმოაჩინა საკუთარი პროდუქტის ნახშირბადის ნაკვალევი და ამავდროულად, გარემოს დამცველი მორიგი „მწვანე“ კომპანიის იარლიყიც მიიკრა.
რაც უფრო მეტად იკვეთება მდგრადი განვითარების მნიშვნელობა გარემოსდაცვით საკითხებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უფრო მეტი მარკეტინგული სტრატეგია იქმნება დიდი კორპორაციებისა და კომპანიებისთვის. უფრო კონკრეტულად, მოდაში შემოვიდა გარემოზე ზრუნვის აფიშირება და მწვანე ლოგოების მიხატვა ეტიკეტებსა თუ შეფუთვებზე. სინამდვილეში კი ეს მწვანე ფერები მხოლოდ ვიზუალში ვლინდება და სამწუხაროდ, ბევრი არაფერი კეთდება მდგრადობის თვალსაზრისით.
ტერმინი „გრინვოშინგი“ (greenwashing) დაამკვიდრა გარემოსდამცველმა ჯეი ვესტერველდმა, რომელმაც სასტუმროების ინდუსტია ამხილა ყალბი მწვანე კამპანიების წარმოებაში (SpringerLink, n.d.). კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით გრინვოშინგი არის პროცესი, რომლის დროსაც კომპანია სხვადასხვა მარკეტინგული ხერხით ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა თავის გარემოსდაცვით საქმიანობაში, სინამდვილეში, ის ამ მიმართულებით ან არაფერს აკეთებს, ან აკეთებს ძალიან ცოტას (Acaroglu, 2019).
გრინვოშინგის სახეები
არსებობს გრინვოშინგის რამდენიმე სახე:
- მწვანე სიმბოლოები
ფოთლებისა და ცხოველების ფოტოების/სიმბოლოების გამოყენება, მწვანე შეფუთვები და მსგავსი ვიზუალიზაცია გრინვოშინგის ერთ-ერთი კლასიკური მეთოდია. სინამდვილეში ეკო-მეგობრული კომპანიები უფრო სადა გამოსახულებებსა და შეფუთვებს იყენებენ. - ყალბი იარლიყები
ზოგიერთ პროდუქტზე ხშირად იხილავთ მსგავსს იარლიყებს: „სერტიფიცირებულია“, „100-ით ორგანული“, „ბიო“ და ა.შ. თუმცა, შეფუთვაზე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არის დატანილი. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს იარლიყი კომპანიამ თავად მიიკრა. - ფარული წინააღმდეგობები
კომპანიამ თავისი პროდუქცია შესაძლოა წარმოაჩინოს ეკო-მეგობრულად და მდგრადად, თუმცა, საკმაოდ ხშირად მსგავს კამპანიებში ფარული წინააღმდეგობები იმალება. მაგალითად, როდესაც ტანსაცმლის ბრენდები იყენებენ „გადამუშავებულ“ მასალას და ამავდროულად, პროდუქტს ქმნიან მუშა-ხელის ექსპლუატაციით. - მოცემულობა
ხანდახან პროდუქციას აქვს ეკო-მეგობრული სტატუსი, რადგან ის არ შეიცავს კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებებს. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ეს ნივთიერებები ისედაც აკრძალულია კანონით, ხოლო კომპანია ამ მოცემულობას საკუთარი პიარისთვის იყენებს. - ცუდზე უარესი
ეს შემთხვევა ხდება მაშინ, როდესაც ეკო-მეგობრული სტატუსი მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის კატეგორიის შიგნით მართლდება, თუმცა, გარემოზე მთლიანი ზემოქმედება და სხვა რისკები იგივე რჩება. ამის კლასიკური მაგალითია, კომპანია, რომელიც აწარმოებს ორგანულ სიგარეტებს (Faizal, 2019).
გრინვოშინგის მაგალითები
გრინვოშინგი დამკვიდრებული პრაქტიკა გახდა თანამედროვე სამყაროში და შესაბამისად, ბევრი ცნობილი კომპანია მიმართავს ამ მეთოდს ფართო საზოგადოების გულის მოსაგებად.
ფოლკსვაგენი
გრინვოშინგის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანია „ფოლკსვაგენი.“ ერთ მშვენიერ დღეს ფოლკსვაგენმა გამოუშვა სარეკლამო კამპანია, რათა განექარწყლა დიზელზე ცუდი წარმოდგენები: კომპანიამ განაცხადა, რომ შექმნა ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მისი მანქანები ნაკლებ დამაბინძურებლებს აფრქვევდნენ ჰაერში.
მოგვიანებით, სიმართლე გამოაშკარავდა და აღმოჩნდა, რომ ფოლკსვაგენმა მის დიზელზე მომუშავე 100 მილიონ მანქანას დაუმაგრა ე.წ. defeat device, რომლის მეშვეობითაც მანქანები უპრობლემოდ გადიოდნენ ემისიების ტესტს. სინამდვილეში კი ფიქსირებულ მაჩვენებლზე 40-ჯერ მეტ ემისიას აფრქვევდნენ გარემოში. ფოლკსვაგენმა აღიარა საკუთარი დანაშაული და ამერიკის შეერთებულ შტატებს 14.7 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით (Faizal, 2019). აღსნანიშნავია, რომ ამ სკანდალის შემდეგ ფოლკსვაგენის პოლიტიკაც შეიცვალა და დღეს ერთ-ერთი საავტომობილო კომპანიაა, რომელიც ცდილობს მდგრადი განვითარების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში.
ნესტლე
ნესტლე ხშირად აფიშირებს მისი კაკაოს მარცვლების მდგრად წარმომავლობას, რაც სინამდვილისგან ძალიან შორს დგას. ნესტლეს პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების მისაღებად სამხრეთ აფრიკაში მასობრივად იჩეხება ტყეები. ნესტლე აქტიურად იყენებს პალმის ზეთს თავის პროდუქციაში, რაშიც უდიდესი წვლილი შეაქვს ტროპიკული ტყეების მასიურ ჩეხვაში ინდონეზიასა და მალაიზიაში. გარდა ამისა, ნესტლეს კაკაოს მარცვლები იკრიფება ფერმებში, სადაც დღემდე არსებობს ბავშვთა შრომისა და მონობის პრაქტიკა (Truthinadvertising, 2020).
ბოფი შოპი
ბოდი შოპი 1976 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც თავისი პროდუქციის ცხოველებზე დატესტვა შეწყვიტა, გარდა ამისა, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებდა საკუთარ პროდუქტების საწარმოებლად, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით კომპანიის დღევანდელ საქმიანობაზე. ისევე, როგორც ბევრი კოსმეტიკური კომპანია, ბოდი შოპიც აქტიურად იყენებს ნავთობქიმიკატებს, სინთეზურ ფერებს, არომატებსა და კონსერვანტებს. მიუხედავად საპირისპიროს მტკიცებისა, მათი პროდუქცია მინიმალური რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს. ისინი აქტიურად იყენებენ პლასტმასის კონტეინერებს და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, მათი ზოგიერთი პროდუქტი გადის რადიაციულ დასხივებას მიკრობების განადგურების მიზნით. ის ფაქტი, რომ რადიაცია მიიღება საშიში და არაგანახლებადი ურანისგან, ნამდვილად მეტყველებს ბევრ რამეზე (Small, 2020).
თუშავს თუ არა პალმის ზეთი კლიმატს?
პალმის ზეთის ინდუსტრია ერთ-ერთი არამდგრადია მსოფლიოში, თუმცა უკანასკნელ ხანებში აქტიურად მიმდინარეობს ამ ინდუსტრიის გრინვოშინგიც. არსებობს ინიციატივა „მრგვალი მაგიდა მდგრად პალმის ზეთზე (RSPO)“, რომლის ერთ-ერთი თანაინიციატორია ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF). პერიოდულად RSPO პალმის ზეთის კომპანიებს ანიჭებს სერტიფიკატს, რითაც ადასტურებს მათი მდგრადობის სტატუსს. თუმცა, როგორც აღმოჩდა, „სერტიფიცირებული“ კომპანიები უდიდეს ზიანს აყენებენ როგორც გარემოს, ისე მოსახლეობას: ჩეხავენ ტროპიკულ ტყეებსა და ანადგურებენ ტორფიან მიწებს, იწვევენ მოსახლეობის მიგრაციას, აბინძურებენ ნიადაგსა და წყალს, დიდი წვლილი შეაქვთ გლობალურ დათბობაში.
სამწუხაროდ, არ არსებობს მდგრადი პალმის ზეთის მწარმოებელი კომპანია, ხოლო ეს სერტიფიკატები წარმოადეგნს ამ დესტრუქციული ინდუსტრიის შენიღბვის საშუალებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სერტიფიკატის მისაღებად დაწესებული ნორმები არ გამორიცხავს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და რაც მთავარია, კომპანიები თავად უკეთებენ საკუთარ თავს შეფასებას. RSPO-ს მხარდაჭერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ბუნების მსოფლიო ფონდიც (Bio Fuel Daily, 2019).
ლორეალი
ალბათ თქვენს კოსმეტიკაზე შეგინიშნავთ წარწერა „cruelty free”, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ბრენდი არ ტესტავს საკუთარ პროდუქტს ცხოველებზე. საკმაოდ მარტივ გამოსავალს მიაგნო ლორეალმა, რომელსაც რატომღაც მდგრადობაზე აქვს პრეტენზია. კერძოდ, ლორეალი არ ტესტავს თავის პროდუქციას ცხოველებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამაგიეროდ, თავისუფლად ატარებს ტესტირებას ჩინეთში, სადაც კანონით სავალდებულოა უცხოური კოსმეტიკური პროდუქტის დატესტვა ცხოველებზე (PETA, n.d.). ლორეალის გარდა ბევრი ჩვენთვის საყვარელი კომპანია არის ამოფარებული ჩინურ კანონმდებლობას, მათ შორის, კლინიკი, მეიბილაინი, ვიქტორია სეკრეტი. შეგიძლიათ სრულ სიას გაეცნოთ პეტას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
არ გავხდეთ გრინვოშინგის მსხვერპლნი!
გრინვოშინგი მუშაობს მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ზედმეტად გულუბრყვილოები ვართ. ხშირად საკმარისია მაღალი ფასი და პატარა მაცდური სიმბოლო მორიგი არამდგრადი პროდუქტის შესაძენად, შესაბამისად, აღნიშნული სტატიის მიზანია ინფორმაციის ფონზე მომხმარებელთა გულუბრყვილობის დაძლევა და მეტი კითხვის ნიშნის გაჩენა ყალბი სტატუსებისა და მწვანე შეფუთვების მიმართ!
გამოყენებული წყაროები:
Acaroglu, L. (2019, July 8). What is greenwashing? How to spot it and stop it. Medium. https://medium.com/disruptive-design/what-is-greenwashing-how-to-spot-it-and-stop-it-c44f3d130d5
Bio Fuel Daily. (2019, November 11). WWF confronted over greenwashing of sustainable palm oil. Bio Fuel News – Liquid Fuels For The 21st Century. https://www.biofueldaily.com/reports/WWF_Confronted_Over_Greenwashing_Of_Sustainable_Palm_Oil_999.html
Faizal, F. (2019, August 4). What is greenwashing? – Types & examples | Feedough. Feedough. https://www.feedough.com/what-is-greenwashing-types-examples/
PETA. (n.d.). These beauty brands are still tested on animals. https://www.peta.org/living/personal-care-fashion/beauty-brands-that-you-thought-were-cruelty-free-but-arent/#:~:text=Est%C3%A9e%20Lauder%20is%20the%20parent,Cosmetics%20HD%20Photogenic%20Concealer%20Wand
Small, D. (2020, July 17). 5 brands you think are eco Friendly…But really aren’t. Eluxe Magazine. https://eluxemagazine.com/culture/articles/5-brands-you-think-are-eco-but-really-arent/
SpringerLink. (n.d.). Greenwashing. https://link.springer.com/referenceworkentry/10.1007%2F978-3-642-28036-8_104Truthinadvertising. (2020, April 22). Earth Day 2020: Companies accused of greenwashing. Truth In Advertising. https://www.truthinadvertising.org/six-companies-accused-greenwashing/
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: იქნება თუ არა ოდესმე მოდის ინდუსტრია მდგრადი?