წყალქვეშა ეკოსისტემების გადარჩენის ხელოვნება – “MUSA” (Museo de Arte Subacuático)

ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ანთროპოგენური პროცესები თავისი შედეგებით მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის საარსებო გარემო მრავალმხრივი შესწავლის, დისკუსიებისა და მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საგანი გახდა.

XXI საუკუნეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ,,ეკოლოგიური ეპოქა”, რადგან ყველაზე აქტუალური და მძაფრი კაცობრიობისათვის დღეს სწორედ ეკოლოგიური პრობლემებია. მსოფლიოს მასშტაბით ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პროცესი დისჰარმონიული, რთული და წინააღმდეგობრივია. ის გამუდმებით იცვლება ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ. ხელოვნება კი, თავის მხრივ, არსებულ ეპოქალურ ცვლილებებს ეხმაურება და ვითარდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური მიმდინარეობაა ეკოლოგიური ხელოვნება, რომელიც განიხილება, როგორც ნატურალური ხელოვნების მიმართულება. ეს არის მეცნიერებისა და ხელოვნების ერთგვარი სინთეზი, როდესაც ორივე სფერო ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს ეძიებს.

თანამედროვე სამყაროში აქტიურად მიმდინარეობს ზრუნვა ბუნების კონსერვაციის მიმართულებით. გარემოს დაცვა, ერთი მხრივ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ხოლო მეორე მხრივ, სურვილი, ვიმყოფებოდეთ ჯანსაღ გარემოში, ადეკვატური რეაქციაა ჩვენს ირგვლივ არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე. სწორედ ამ ფუნქციას ითავსებენ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე ეკო–ხელოვანები. ისინი მაქსიმალურად ურთიერთობენ ბუნებასთან, სწვალობენ გარემოში მიმდინარე ხილულ და უხილავ პროცესებს,  გვთავაზობენ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის გზებს და ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბუნების დაცვის საქმეში.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბრიტანელი ეკო–სკულპტორების შემოქმედება, რომლებსაც აერთიანებთ თავიანთი საქმე, ხედვა და მიზანი ემსახურონ ბუნებას, კერძოდ, ხელი შეუწყონ ზღვის ეკოსისტემების, მარჯნის რიფებისა და თევზების სახეობების გადარჩენას. სანამ უშუალოდ ხელოვანთა ამ ჯგუფზე და მათ მიღწევებზე ვისაუბრებ, მოკლედ მიმოვიხილავ ზღვის ეკოსისტემას და მის მნიშვნელობას გარემოსთვის.

ცნება ეკოსისიტემა ბუნების ნაწილია თავისი მცენარეებით, ცხოველებით, მიკროორგანიზმებით, წყლით, ნიადაგით, ქარით, წვიმითა და მინერალებით. იგი შეიძლება მოიცავდეს ხმელეთს, წყალს და ჰაერს. ზღვის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცოცხალ ორგანიზმებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ე.წ. კონსუმენტები, კერძოდ, მარჯნის რიფები. ისინი მიეკუთვნება ბენთოსს. ბენთოსი ის მცენარეები და ცხოველებია, რომლებიც წყლის ფსკერსა და სხვა მყარ საყრდენებზე ბინადრობენ [რიკლეფსი, მილერი, 2012:224-227].

მარჯნის რიფი (ინგლ. Coral Reef) – წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. ის არის მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიური გაერთიანება, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. რიფები იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში.  

დღეისათვის მსოფლიოში 27 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მარჯნის რიფია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2030-2050 წლამდე ისინი შესაძლებელია  მთლიანად განადგურდნენ. აღნიშნულ პროცესს ადამიანებთან ერთად გლობალური დათბობაც უწყობს ხელს. მეცნიერები ამ მოსაზრებას იმითაც ამყარებენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ავსტრალიასთან მდებარე დიდი ბარიერის რიფის 50 პროცენტი უკვე განადგურდა, იმის მიუხედავად, რომ მათი წარმომქმნელი მარჯნების ნაირსახეობათა რაოდენობა 2050-ს აჭარბებს.

სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხმაურება ხელოვანთა ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ აერთიანებთ ზღვის ეკოსისტემის ხელშეწყობის, მარჯნის რიფების, თევზების სახეობების და სხვა ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენის იდეა. ამ მიზნით ეკო-სკულპტორები უკვე წლებია აქტიურად ქმნიან ქანდაკებებს და ათავსებენ მათ წყალქვეშ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

წყალქვეშა „ცოცხალი“ სკულპტურებით ეკო-ხელოვანები მნახველებს სთავაზობენ მისტიკურ, ეფემერულ შეხვედრებს და სხვა სამყაროს წამიერ ციმციმს, სადაც ხელოვნება ბუნების ეფექტებისგან ვითარდება. წყალქვეშ განთავსებული მუდმივი ინსტალაციები შექმნილია იმისათვის, რომ შეასრულონ ხელოვნური რიფების და მიმზიდველი მარჯნების როლი, რაც გაზრდის ზღვის ბიომასას და გააერთიანებს თევზების სახეობებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად სტაცებს ტურისტების ყურადღებას მყიფე ბუნებრივ რიფებს. ამ გზით კი, იქმნება სივრცე მათი ბუნებრივი აღდგენისათვის.      

XXI საუკუნეში მოღვაწე ხელოვან ადამიანთა სწორედ ასეთ შემოქმედებით სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ‘’MUSA,” კანკუნის პირველი წყალქვეშა ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს ღირშესანიშნავ მუზეუმებს შორის გამორჩეულია ერთი მხრივ, თავისი უნიკალური (წყალქვეშა) მდებარეობით, მეორე მხრივ კი, იმ დაუვიწყარი სანახაობით, რასაც დამთვალიერებლი ეზიარება და, რაც მთავარია, კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი შექმნის იდეა ზღვის ეკოსისტემის ხელშეწყობას ემსახურება. მუზეუმის ექსპოზიციის ავტორია ბრიტანელი მოქანდაკე, ჯეისონ დე კაირეს ტეილორი.   

ტეილორის ნამუშევრები ზუსტად მოერგო ქალაქ კანკუნის პრობლემის გადაჭრას. მისი ხელოვნება განსაცვიფრებელია არა მხოლოდ ესთეტიკურ დონეზე, არამედ ის უტილიტარულ მიზანსაც ემსახურება: დროის მსვლელობასთან ერთად ეკო-სკულპტურები გარდაიქმნება ხელოვნურ რიფებად, რაც ხელს უწყობს მარჯნის რიფების და წყალქვეშა სიცოცხლის ზრდას.

ჯეისონ დე კაირეს ტეილორი, ზღვის კონსერვაციონისტი და ყვინთვის დიდი მოყვარული, აცხადებს, რომ მის კრეატიულობას ევოლუციონისტური ასპექტი ამოძრავებს – პლანეტაზე ყოველივე მუდმივად იცვლება და ვითარდება. ჩვენ ყველანი დროის სუბიექტები ვართ. მე მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი ნამუშევრები ბოლომდე არასოდეს მთავრდება. მე ვათავსებ მათ ოკეანეში, რაც სამუშაოს დასაწყისია და უკვე შემდეგ იწყება ბუნებასთან თანამშრომლობა.” 

მე ყოველთვის მიტაცებდა ზღვა’’ – აღნიშნავს ეკო–სკულპტორი, როდესაც მას ეკითხებიან იმ მედიუმზე, რომელიც საკუთარი ხელოვნებისთვის აირჩია – ,,მე მქონდა თვალწარმტაცი, ხელუხლებელი რიფების ნახვის ბედნიერება, რომლებიც ახლა უკვე აღარ არსებობენ. მე ვიყავი რიფების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების მოწმე და ძალიან მინდოდა ამისთვის მეშველა. ზღვის რიფები იადონს წააგავს ქვანახშირის მაღაროში, რომელშიც ისინი კლიმატის ცვლილების წინა, აშკარა მხარეს წარმოადგენენ. ისინი ერთერთ უპირველეს ეკოსისტემას ქმნიან, რომელიც შეიძლება დავკარგოთ.“

ჯეისონ ტეილორი თავისი სკულპტურებით ალამაზებს წყალქვეშა სამყაროს. ნამუშევრებში ვლინდება წყალქვეშ მიმდინარე ეკოლოგიური პროცესები და მასთან ერთად ილუსტრირდება თანამედროვე ხელოვნებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულება. ბრიტანელი ხელოვანის „ეკო-არტი“ ახდენს ადამიანისა და ბუნების გასაოცარი სიმბიოზის, მათი ჰარმონიული ერთიანობის სიმბოლიზაციას. ქანდაკებები გარემო ფაქტორთა მოქმედების შედეგად დროსთან ერთად იცვლება. „ეს არის გარემოს ევოლუცია, ხელოვნებით ინტერვენცია, როგორც ზრდა, ანდა როგორც ურთიერთობათა ბალანსირება“ [Buxton J, 2015].

ტეილორმა თავისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზღვის ფსკერზე ჩაძირა. მისი პირველი სამოცდახუთ ფიგურიანი ინსტალაცია 2006 წელს კარიბის ზღვაში 2-10 მეტრ სიღრმეზე, გრენადის სანაპიროებთან მოლინერის ყურეში მოეწყო. მათ სანახავად დღეს ათეულობით ადამიანი ისწრაფვის. ერთნი იქ აკვალანგით ყვინთავენ, მეორენი – ფარფლებითა და სასუნთქი მილით, ხოლო მესამენი, ბავშვები ან ისინი, ვინც ცურვა არ იცის, შუშისძირიანი ნავებით წყლის ზედაპირზე დაცურავენ და ამ გზით ათვალიერებენ ამ საოცარ ქმნილებებს, რომლებიც წყალქვეშ მეტად უჩვეულოდ, გაცილებით მასშტაბურად და ფანტასტიკურად გამოიყურებიან.

ბრიტანელი მოქანდაკის სკულპტურები, რომლებიც ხელოვნებისა და მეცნიერების ერთგვარი სინთეზია, შექმნილია ზედმიწევნით ნაკვლევი, გარემოსთვის უვნებელი მასალისგან, უპირატესად ბეტონისგან, რაც ხელს უწყობს მარჯნის რიფების ზრდას. მუშაობს რა საზღვაო ბიოლოგებთან, ტეილორი ფლობს ჰაბიტატურ სახეობათა შექმნის უკანასკნელ კვლევათა მონაცემებს, რომლებიც იმისთვისაა შექმნილი, რომ წაახალისოს საზღვაო ცხოვრების სპეციფიკური ფორმები. მაგალითად, „ანთროპოსენში“ (2011), კლასიკური ფოლკსვაგენის ხოჭოს (მანქანის) რეალური ზომის რეპროდუქცია თან ერთვის „კიბორჩხალათა ქალაქს“, რომელიც კიბოსნაირთა მოსაზიდადაა შექმნილი. ჯეისონის ნამუშევრები იდეალური მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ ეხმარება ადამიანს ხელოვნება ბუნების კონსერვაციის მცდელობაში.   

მარჯნის რიფების გადარჩენის იდეა მხოლოდ ჯეისონ ტეილორს არ მოსვლია აზრად. წარმოშობით ბრიტანელი ეკო–სკულპტორი სელია გრეგორიც ამ მიმართულებით მოღვაწეობს. მან 2009 წელს დააარსა ე.წ. ,,ზღვის ფონდი’’ და თავისი შემოქმედებით ზღვის ეკოსისტემის ქომაგად გვევლინება. 2012 წლიდან დღემდე ის არის ,,ოკეანის ხელოვანთა საზოგადოების’’ წევრი. 

„ზღვის ფონდმა“ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შექმნა წყალქვეშა სკულპტურების სერია („ქალთევზა,“ „აპსარა,“ „მარჯნების ქალღმერთი,“  „ველოსიპედები“ და სხვ.) და მოახდინა მათი ინსტალაცია ინდონეზიაში იმ ადგილებში, სადაც მარჯნის რიფები ძლიერ იყვნენ დაზიანებულნი. მუშაობის პროცესში ,,ზღვის ფონდი’’ აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ მეცნიერებთან, გარემოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან (NGOს) და ადგილობრივ ხელოვანებთან.

,,ბუნების სიყვარული არის ის, რაც შთამაგონებს მე მუშაობის პროცესში. ჩემი ხელოვნებით მე ვიცავ იმას, რაც მიყვარს და მიყვარს ის, რასაც პატივს ვცემ’’ – აღნიშნავს სელია გრეგორი. 

,,აპსარა,’’ იგივე ,,ზღვის სული,’’ ზღვის ფონდის ბოლო ნამუშევარი იყო, რომელიც ჩაძირეს აღმოსავლეთ ბალიში 22 ოქტომბერს. აქ მათ დააარსეს ჯემელუკის წყალქვეშა გალერეა (Jemeluk Bay Underwater Gallery). აპსარა წარმოადგენს წყალქვეშა ინსტალაციების სერიის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია რიფების აღდგენისაკენ და ,,ოკეანის ჯანმრთელობის” გაუმჯობესებისაკენ. ინტერაქტიული სკულპტურები აერთიანებს ინოვაციურ თეორიებს მარჯნის მებაღეობის, ხელოვნური რიფის, თევზების ჰაბიტატის და მარჯნის სტაბილიზაციის შესახებ. მისი მიზანია რიფებისა და ზღვის გარემოს უვნებლად შენარჩუნება.

ჩვენს მიერ განხილული ეკო-ხელოვანების შემოქმედება ნათლად გვიჩვენებს, რომ XXI საუკუნეში მცხოვრები ხელოვანი ადამიანი გამოირჩევა თავისუფალი, შემოქმედებითი აზროვნებით და საოცარი ნოვატორულობით. ისინი ეცნობიან უკვე არსებულ მიღწევებს და თამამად იყენებენ დაგროვილ ცოდნას იმისათვის, რომ დანერგონ სიახლე. ამასთან, ცდილობენ მოახდინოს ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზი, ინტერესს იჩენენ გარემო პირობების გაუმჯობესების მიმართ. სელია გრეგორს, ჯეისონ დე კაირეს ტეილორს,  კარენ სალინას–მარტინეზს და აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე ეკო–სკულპტორებს აერთიანებთ დევიზი – „გვიყვარდეს, დავაფასოთ და დავიცვათ გარემო, სანამ ამის საშუალება გავქვს და სანამ ის ბოლომდე არ განადგურებულა.“ მათი შემოქმედება იდეალური მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ ეხმარება ადამიანს ხელოვნება ბუნების კონსერვაციის მცდელობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული ეკოლოგიური კრიზისის, მოსალოდნელი ეკოლოგიური დესტაბილიზაციისა და კატასტროფის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ახალი ტიპის ჩამოყალიბების საფუძველზე, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გარემოს რღვევას და დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ეკოლოგიური წონასწორობა. ამ მიმართულებით კი, ცხადია საგრძნობლად დიდია ნებისმიერი, ადამიანის, მათ შორის განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა, როლი.

ფასდაუდებელია თითოეული ეკო-ხელოვანის საქმიანობა, ისინი ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს და იმავდროულად, ცდილობენ ყოფითი პრობლემების მოგვარებას. თავიანთი საქმიანობით კი, კიდევ ერთხელ ახდენენ ხელოვნების, როგორც კონკრეტული დანიშნულების მატარებელი ფენომენის ხაზგასმას. ხელოვანი ადამიანისათვის ბუნება ყოველთვის შთაგონების ის შეუცვლელი წყარო იყო, არის და იქნება, რომელიც მის ხელოვნებას უსაზღვროდ შთამბეჭდავს და უკიდეგანოს ხდის. ხელოვნების კონტექსტში ჩვენს ირგვლივ არსებული ეკოლოგიური პრობლემების გააზრება კი, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია ბუნების კონსერვაციის მიმართულებით.   

დანართი

სურ. 7 ,,მდუმარე ევოლუცია,’’ ჯეისონ დე კაირეს ტეილორი, კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი, მექსიკა, 2010
სურ. 8 ,,ბოტანიკური ბაღი,’’ ჯეისონ დე კაირეს ტეილორი, კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი, მექსიკა, 2015.
სურ. 11 ,,აპსარა,’’ სელია გრეგორი, 2014
სურ. 12 „აპსარა’’
სურ. 13 ,,ველოსიპედები,’’ ჯოი ელისი, 2012
სურ. 14 ,,ლუზი წყალქვეშ,’’ სელია გრეგორი, 2014

ბიბლიოგრაფია

ვებ-რესურსი:

  1. http://www.underwatersculpture.com/
  2. http://musamexico.org/meet-the-artists-of-musa/
  3. http://www.environmentalgraffiti.com/art/news
  4. http://www.celiapersephonegregory.com/
  5. https://themarinefoundation.org/
  6. http://www.coralrestoration.org/  
  7. https://alertdiver.eu/en_US/articles/underwater-art-interview-with-jason-decaires-taylor

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე:

თამარ გველესიანი

თამარ გველესიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. ამასთან, 2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 2017 წლიდან კი ირიცხება ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *