ქართველი ხელოვანები გარემოს დაცვის ეგიდით

დიალოგი თევზებთან“ – კოტე ჯინჭარაძისაქციაპერფორმანსებისპერმანენტული სერია

საქართველოში მოღვაწე ხელოვანები თავიანთი შემოქმედებით ეხმაურებიან მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, თუმცა მათი შემოქმედება ამ ეტაპზე მხოლოდ პრობლემის დასმით შემოიფარგლება და საზოგადოების ფსიქიკაზე ზემოქმედების ფუნქცია აკისრია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხელოვანების (მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე, გიორგი ბანძელაძე, ვატო წერეთელი და სხვები) მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები გვიჩვენებს იმ დიდ პოტენციალს, რაც მათ გააჩნიათ და რაც საქართველოში ეკოლოგიური ხელოვნების შემდგომი განვითარების და სამომავლო პერსპექტივების განხორციელების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია საქართველოში 1996 წლიდან დღემდე განხორციელებული არაერთი ,,ეკო-პროექტი’’ (,,ეკო–გამოფენა’’, „ეკო-ინსტალაცია,“ ,,ეკო–აქცია’’), სადაც აქცენტი კეთდება ბუნებაზე, რომლის წიაღშიც ყოველდღიურად გვიწევს ყოფნა. ქართველი ხელოვანების მიერ ორგანიზებული თოთოეული ,,ეკო–პროექტი’’ რიგით მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, მოგვიწოდებს გავიაზროთ საკითხის სიმწვავე და გარკვეული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკოლოგიურ ცხოვრებაში, მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილებაში, გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ბუნება, რაც იმავდროულად ნიშნავს ზრუნვას ჩვენს თავზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ერთ–ერთი პირველი ქართველ ხელოვანებს შორის, ვინც ბუნების დაცვის ეგიდით გამოვიდა იყო კოტე ჯინჭარაძე. ეს კარგად ჩანს მხატვარ–კონცეპტუალისტის შემოქმედებაში, კერძოდ, მის ცამეტგზის მცდელობაში დაემყარებინა კონტაქტი წყალქვეშ მობინადრე არსებებთან, თევზებთან.

ექვსი წლის წინ მქონდა შესაძლებლობა პირადად გამეცნო მხატვარი და მისი შემოქმედება, რომელიც გამორიჩევა        განსხვავებული, ორიგინალური ხედვით. კოტე ჯინჭარაძე დაიბადა თბილისში, 1962 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1986 წელს. მხატვარი მუშაობს ვიზუალურ ხელოვნებაში, მის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უკავია ინსტალაციებს, ე.წ. ,,აქცია–პერფორმანსს,’’ ფოტოს, „ვიდეოს-არტს“ და ფერწერულ ნამუშევრებს.

თავის შემოქმედებაში ხელოვანი ირჩევს თემატიკას, რომელიც დღეს აქტუალურია. მისი შთაგონების წყარო არის თანამედროვე სამყარო მასში მიმდინარე კარდინალური ცვლილებებით, სიახლეებით, პრობლემებით, გამოწვევებითა და აღმოჩენებით. კოტე ჯინჭარაძე  ეხება სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროს. იგი ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებს თავის აზრს ქვეყანაში თუ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქართველი ხელოვანის ნამუშევრებში ფოკუსირებულია ადამიანისა და საზოგადოების რეაქცია კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებზე.

კოტე ჯინჭარაძე 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არტ–პროექტში, გამოფენებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის შემოქმედებიდან ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი ,,აქცია–პერფორმანსები,“ რომლის საშუალებითაც ხელოვანი გამოეხმაურა მსოფლიოში დაწყებულ პროცესებს და დაინტერესდა გარემოში არსებული პრობლემებით. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება 1996 წელს მტკვრის სანაპიროზე განხორციელებული აქცია-პერფომანსი სახელად, „დუმილი თანხმობის ნიშანია.“

კოტე ჯინჭარაძემ ,,არტ–აქციის’’ ადგილად აირჩია ბუნება, მდინარე მტკვრის სანაპირო, საიდანაც მდინარეში მინით ჰერმეტულად დახურული ფირფიტები ჩაუშვა. რა თქმა უნდა, მინის ფირფიტები ცარიელი არ ყოფილა. მხატვარმა მათში მოათავსა წერილები, ტექსტური შეტყობინებები. ალბათ დაინტერესდებით, თუ ვის გაუგზავნა მან ეს წერილები. ხელოვანმა წყალქვეშ მობინადრე არსებებთან, თევზებთან ,,გამართა დიალოგი.’’

საინტერესოა ის, თუ რის შესახებ წერს თევზებს კოტე ჯინჭარაძე? რაზე სურს მათთან საუბარი? რატომ ირჩევს ის სასაუბროდ თევზებს? გარშემო ხომ ადამიანები არიან… საქმე ის გახლავთ, რომ მხატვარს უჩნდება ერთგვარი პროტესტის გრძნობა. ის ფიქრობს, რომ ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით და თევზებთან დიალოგს ამჯობინებს. ამასთან, ის შემთხვევით არ ირჩევს ,,არტ-აქციის’’ ადგილად ბუნებას, მდინარე მტკვრის სანაპიროებს და სასაუბროდ თევზებს. ეჭვგარეშეა, რომ ძირითადი პრობლემა, რომლის შესახებაც კოტე ჯინჭარაძეს თევზებთან დიალოგის გამართვა სურს, ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, გარემოში არსებულ პრობლემებს ეხება. თავისთავად ის ფაქტიც, რომ აქციის ჩატარების ადგილად მხატავრი მდინარე მტკვრის სანაპიროებს ირჩევს, ცხადჰყოფს მის მიზანს და მთავარ სათქმელს. ქართველი ხელოვანი ცდილობს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს. ასევე, საინტერესოა მისი არჩევანი, – ესაუბროს თევზებს, რომლებიც მსხვერპლს განასახიერებს.

თევზებთან დიალოგის მცდელობამ 1996 წლიდან მოყოლებული მუდმივი ხასიათი მიიღო მხატვრის შემოქმედებაში. კოტე ჯინჭარაძის განცხადებით, ის აღნიშნულ აქციას უკვე ცამეტი წელია მართავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (სანკტ–პეტერბურგი (1996), ვილნიუსი (2013)). თითოეულ აქციაზე – „დუმილი თანხმობის ნიშანია“ – მხატვარი ქერელის ბაგირით ცდილობს, გააერთიანოს წყლისა და მიწის სამყარო და დებს პირობას, რომ არასოდეს დაიჭერს თევზს ანკესით. იგი მიკროფონს უშვებს მტკვარში და მოთმინებით ელის პასუხს თევზების მხრიდან. ამ აქტით მხატვარ-კონცეპტუალისტს სურს ადამიანებს შეგვახსენოს, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია. საინტერესოა პასუხობენ თუ არა თევზები მხატვრის წერილებს? პასუხს წყალში

ჩაშვებული მიკროფონი აფიქსირებს. ,,ხშირად თევზები დუმილს არჩევენ – ამბობს კოტე ჯინჭარაძე – ეს დუმილი კი, ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაა მათი მხრიდან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის გარემო პრობლემებზე.’’

კოტე ჯინჭარაძის მიერ განხორციელებულ თითოეულ აქციაში არის:

  1. მოლაპარაკებათა მხარეები
  2. არტისტი კოტე ჯინჭარაძე – წყალზედა სამყაროს წარმომადგენელი (ინტერაქტიული სივრცე);
  3. თევზები – წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლები (ინტერპასიური სივრცე).
  4. მოლაპარაკებათა მექანიზმი კი მდგომარეობს შემდეგში: მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდა ,,ვარაუდის ლოგიკის’’ პრინციპზე დაყრდნობით და საფუძვლად უდევს კვლევის შედეგები იმის შესახებ, რომ თევზებს შეუძლიათ კითხვა. ეს მართლაც ასეა. თევზები რეაგირებენ მხატვრის წერილებზე.

აღნიშნული საკითხით დაინტერესდა ცნობილი ბიოლოგი, ჩიკაგოს სამეფო აკადემიის საპატიო წევრი, დოქტორი წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში ენნ ზეტ დვალი. იგი აწარმოებდა დაკვირვებას და 2009 წლის 14 იანვრიდან 28 თებევრლის ჩათვლით სპეციალური აპარატურის საშუალებით ყოველდღიურად აფიქსირებდა საცდელ აკვარიუმში მოთავსებული რვა სხვადასხვა სახეობის თევზის რეაქციას, მათთვის მიწოდებულ სიგნალებზე (ლ. ოჩიაური 2003).

სწორედ ლაბორატორიაში წარმოებული კვლევის პროცესს და შედეგებს ასახავდა 2012 წელს ქარვასლაში გამართული გამოფენა „დუმილი თანხმობის ნიშანია – ლაბორატორია თავი IX.’’ მხატვარმა კონცეპტუალურად გადმოსცა ლაბორატორიაში თვეების მანძილზე ჩატარებული მეცნიერული ექსპერიმენტების მსვლელობის პროცესი და დამთვალიერებლებს თავისი ნამუშევრების აღქმის სრული თავისუფლება შესთავაზა.

როგორც ვხედავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მდინარეებსა და ტბებზე  არაოფიციალურ კონსტრუქტიულ გარემოში გამართული დიალოგი ეხმარება მხარეებს ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენაში, ბუნებაში მიმდინარე აქტუალური პრობლემების მოგვარებაში თანამედროვე დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით. აქციის მეთორმეტე რაუნდი ჩატარდა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, 2013 წლის 22 ნოემბერს.

ვფიქრობ, კოტე ჯინჭარაძის ,,აქცია–პერფორმანსი,’’ ,,დუმილი თანხმობის ნიშანია,’’ კიდევ არაერთხელ განმეორდება ჩვენი ქვეყნისა თუ სხვა ქვეყნების მასშტაბით, მითუმეტეს, რომ დღეს არსებული ეკოლოგიური კრიზისი ამას ნამდვილად საჭიროებს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ნოვატორი ხელოვანი კიდევ უფრო მასშტაბური აქციებითა და პერფორმანსების პერმანენტული სერიებით გამოეხმაურება მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალურ პრობლემებს და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას თავის ორიგინალურ ხედვას შესთავაზებს.

საქართველოში მოღვაწე ბუნების დამცველი ხელოვანების შემოქმედებას, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს ეძებნება პარალელები მსოფლიოს მასშტაბით. თემა ორივე შემთხვევაში ერთია – გარემოს დაცვა, მასზე ზრუნვა, პრობლემის გააზრება, საკითხის დასმა და საზოგადოების ყურადღების მიმართვა აღნიშნულ საკითხებზე.

ამ მხრივ საინტერესოა კოტე ჯინჭარაძის აქცია–პერფომანსების სერია ,,დუმილი თანხმობის ნიშანია,’’ რომელიც ქართველმა ხელოვანმა ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყო და უკვე ცამეტი წელია ,,მართავს დიალოგს’’ წყალქვეშა ბინადრებთან. მედიუმი, რომელსაც კოტე ჯინჭარაძე ირჩევს, გვხვდება ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით ავსტრალიელი ეკო–ხელოვანის ნატალია ჯერემიჯენკოს პროექტშიც ,,ამფიბიების არქიტექტურა.’’

ოთხი წლის წინ ჯერემი ჯენკომ არქიტექტორ დევიდ ბენჟამენთან ერთად შექმნა აღნიშნული ინსტალაცია. ის განათავსეს მანჰეტენზე, აღმოსავლეთის მდინარეში (East River), სადაც დატოვეს რამდენიმე თვის განმავლობაში. ჯერემი ჯენკომ და მისმა თანამშრომლებმა მანჰეტენის ხიდიდან მდინარეში ჩაუშვეს თექვსმეტი ტივტივა, რომლებიც აღჭურვილი იყო სპეციალური სენსორებით. ისინი აღირცხავდნენ წყლის ხარისხს და თევზების ცურვას მათ ტივტივების ირგვლივ. ნატალია ჯერემიჯენკო ამ პროექტის შემდეგ ცნობილია, როგორც ხელოვანი, რომელიც თევზებს ესაუბრება.

ილუსტრაციები


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე

თამარ გველესიანი

თამარ გველესიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. ამასთან, 2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 2017 წლიდან კი ირიცხება ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami