აგვისტო: თვის მიზანი #12: პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება

როგორც გაეროში განმარტავენ, პასუხისმგებლიანი/გონივრული მოხმარება და წარმოება გულისხმობს მეტის და უკეთ გაკეთებას ნაკლებით; უნდა განცალკევდეს ეკონომიკური ზრდა გარემოს დეგრადაციისაგან, გაიზარდოს რესურსეფექტიანობა და ხელი შეეწყოს მდგრადი ცხოვრების წესს. COVID-19 პანდემიის დროს იქმნება შესაძლებლობა, ქვეყნებმა დასახონ  თავიანთი ეკონომიკების აღდგენის გეგმები მოხმარებისა და წარმოების ახლანდელი ტრენდის შესაცვლელად უფრო მდგრადი მომავლისათვის1.

მსოფლიო მოხმარება და წარმოება არის გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივი გარემოსა და რესურსების გამოყენებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციულ გავლენას ახდენს პლანეტაზე.

ეკონომიკური აქტივობა და ზრდა ჯერ კიდევ პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, რომლის გამოყენების ეფექტიანობა გლობალურად უცვლელია, ანუ ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება არ არის განცალკავებული (decoupled).

2017 წელს 2000 წელთან შედარებით მსოფლიომ მოიპოვა და მოიხმარა 70%-ით მეტი ბუნებრივი რესურსი (92 მლრდ ტონა) ე.წ. მატერიალური ნაფეხური (material footprint), რაც თუ არაფერი შეიცვლება, 2060 წლისთვის 190 მილიარდამდე გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესურსების გამოყენება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობა ან ეკონომიკა. აქვე შევნიშნავთ, რომ რესურსების გამოყენება არ იყო თანაბარი – 2017 წელს მაღალშემოსავლიამა ქვეყნებმა დაბალშემოსავლიანებთან შედარებით ერთ სულ მოსახლეზე აითვისეს 13- ჯერ მეტი რესურსი. მათ შორის იყო დანარჩენი მსოფლიოდან შემოტანილი 9,8 ტ პირველადი რესურსი ერთ სულზე. ამასთან, 2010-2017 წლებში მსოფლიოში საშუალო მასალატევადობა -1 $ მშპ-ზე მოხმარებული მასალა – შეადგენდა 1,16 კგ-ს.  თუმცა,  განვითარებული ქვეყნები მოიხმარდნენ განვითარებადზე ხუთჯერ ნაკლებ მასალას იმავე ეკონომიკური შედეგისათვის.

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 600 მლნ $-მდე სასაქონლო ბუნებრივი რესურსი (მათ შორის, უდიდესი ნაწილი, 90 %-მდე, იყო სპილენძისა და ოქროს ნედლეული), რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28%-ს შეადგენდა.

დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ არ მოხდეს ახლანდელი, მოკლევადიანი საჭიროებებისათვის რესურსების ჭარბმოხმარება და ბუნების შემდგომი დეგრადაცია. უნდა შემუშავდეს რესურსეფექტურობის გაუმჯობესების, ნარჩენების შემცირებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკები ეკონომიკის ყველა სექტორში. 2018 წელს ევროკავშირმა და 71-მა ქვეყანამ დააფიქსირა 300-ზე მეტი ასეთი პოლიტიკა. ევროკავშირთან თანამშრომლობით საქართველოშიც დეკლარორებულია, რომ ინერგება მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა და ცირკულარულ (წრიულ) ეკონომიკაზე დაჩქარებული გადასვლის პოლიტიკა5.

ზოგიერთი ფაქტი და რიცხვი:

თუ მსოფლიო მოსახლეობა 2050 წლისათვის 9,6 მილიარდ სულს მიაღწევს, როგორც ეს უახლესი პროგნოზებითაა ნავარაუდევი, მაშინ ჩვენი პლანეტის სამი ექვივალენტი იქნება საჭირო ამჟამინდელი ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად.

არამდგრადი მოხმარების აქტუალური მაგალითი: ნავარაუდევია, რომ მიმდინარე წელს ანტიბაქტერიული ნიღბების გლობალური გაყიდვები მიაღწევს 166 მლრდ $ (800 მილიონი $ – 2019 წ). ნიღბების 75% მოხვდება ნაგავსაყრელზე ან ზღვაში. გარემოსთვის მიყენებული ზარალის გარდა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) შეფასებით, ტურიზმისა და თევზჭერისათვის მიყენებული ფინანსური ზარალი იქნება 40 მლრდ $.

ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული სურსათის ერთი მესამედი, რაც შეადგენს 1,3 მილიარდ ტონას და 1 ტრილიონი $-ის ღირებულებისაა, ნაგავსაყრელზე ხვდება ან ფუჭდება მოსავლის აღების, ან ტრანსპორტირების დროს. ეს მაშინ, როდესაც მიწის დეგრადაცია, ნიადაგის შემცირებული ნაყოფიერება, წყლის არამდგრადი გამოყენება, ზღვის დაბინძურება და ჭარბი თევზჭერა ისედაც ამცირებს საკვებით უზრუნველყოფის ბუნებრივი რესურსების ბაზას.

შეზღუდული მტკნარი წყლის რესურსების პირობებში, 1980 წლის შემდეგ წყლის მოხმარება ყოველწლიურად 1%-ით იზრდება. ამჟამად 1 მილიარდ კაცზე მეტს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, მათ შორის, არც საქართველოშია ეს პრობლემა სრულად გადაჭრილი. წყლის ყველაზე დიდი მომხმარებელია სოფლის მეურნეობა, რაც გლობალური წყალაღების თითქმის 70% შეადგენს, ინდუსტრია იყენებს 19%, შინამეურნეობები კი 12%-ს.

ტრანსპორტის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგომომხმარებელია კომერცია და მოსახლეობა. მოსახლეობა მოიხმარს გლობალური ენერგოგამომუშავების თითქმის 30%-ს, რაც იწვევს CO2-ის ემისიის 21%-ის წარმოქმნას. მაგალითად, თუ მსოფლიო მოსახლეობა გადაერთვებოდა ენერგოეფექტურ ნათურებზე, ამით წლიურად დაიზოგებოდა 120 მილიარდი $. ამ დროს (2017 წ), 840 მლნ კაცს არ ქონდა წვდომა ელექტროენერგიაზე. განახლებადი ენერგიის საბოლოო მოხმარების წილი კი მხოლოდ 17,5 %-ს შეადგენდა 2015 წელს.

ენერგო ინტენსივობით2 -ერთი მილიონი საერთაშორისო $ პროდუქციის (მშპ) საწარმოებლად დახარჯული ნავთობის ექვივალენტური ტონა ენერგია, საქართველო (244,3 ტ/მლნ $) 2003 წ ჩამორჩებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს-212 ტ/1 მლნ $, მათ შორის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი აშშ, სასომხეთი. უსწრებდა უკრაინას, რუსეთს, აზერბაიჯანს, რუმინეთს…

პასუხისმგებლიანი  მოხმარებისა და წარმოების მიზნის (#12) მიღწეული დონის შესაფასებლად მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელს(SDSN) თავის მოხსენებაში3 საქართველოს4 მიმართ გამოყენებული აქვს შემდეგი ინდიკატორები:

მუნიციპალური მყარი ნარჩენებიკგ/სული/დღეში1 – 2012 წ
ელექტრონული ნარჩენებიკგ/სულზე5,7 – 2016 წ
საწარმოო SO2 ემისიაკგ/სულზე54,7 – 2012 წ
SO2-ის შემცველი საიმპორტო პროდუქციაკგ/სულზე5,2 – 2012 წ
საწარმოო აზოტის ემისიაკგ/სულზე13 – 2010 წ
აზოტის შემცველი საიმპორტო პროდუქციაკგ/სულზე2,6 – 2010 წ

ამ ინდიკატორებით შეფასების შედეგად, აღნიშნული მოხსენების თანახმად, საქართველოს 2030 წლისათვის დასახული მიზანი (#12) დაახლოებით 80%-ით აქვს შესრულებული და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია (მიზნის შესრულება-50 %), საფრანგეთი (60%), რუსეთი (75%). ცხადია, რომ საქართველოს ეს „წარმატება“ ინდუსტრიული ჩამორჩენილობით აიხსნება და არა კარგი მართვით და რეგულაციებით.


იხილეთ აგრეთვე

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


სქოლიო

1. www.un.org
2. en.wikipedia.org
3. www.sdgindex.org
4. dashboards.sdgindex.org
5. georgiatoday.ge

დავით ადეიშვილი

დავით ადეიშვილი

დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით მდგრად განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami