მდგრდადი ფინანსები

მდგრადი ფინანსები – ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა

რა არის მდგრადი ფინანსები?

ევროკავშირის განმარტებით, მდგრადი ფინანსები კლასიფიცირდება, როგორც ფინანსები, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად ამცირებს ზეწოლას გარემოზე, ითვალისწინებს სოციალურ და მმართველობით ასპექტებს. სწორედ ამ სამ ასპექტს აერთიანებს მდგრადი ფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ESG საკითხები.

მდგრადი დაფინანსება, ევროკავშირის კომისიის მიხედვით, ორ მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს: (1) ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას; და (2) ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესება საინვეტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებით.

მდგრადი ფინანსების სფეროს უკეთ გასაცნობად, განვიხილავთ მის ძირითად შემადგენელ მიმართულებებს

ESG – Environmental Social Governance- გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი კრიტერიუმები. ESG წარმოადგენს სტანდარტების ერთობლიობას, რომლებსაც კომპანიები ითვალისწინებენ საკუთარი საქმიანობისას, ხოლო ინვესტორები მათი ანალიზის საფუძველზე გეგმავენ საკუთარ საინვესტიციო ქცევას. გარემოსდაცვითი მიმართულება გამოიხატება კომპანიის  პასუხისმგებლობაში, რომ არ დააბინძუროს ან/და დაიცვას გარემო განხორციელებული ოპერაციების შედეგად. რაც შეეხება სოციალურ ასპექტებს, ისინი მოიცავს ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დადებით ინიციატივებს დასაქმებულებთან, მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან მიმართებაში, რომლის გარშემოც უწევს საკუთარი საქმიანობა. კომპანიის სოციალური კრიტერიუმით შესაფასებლად შეგვიძლია დავსვათ რამდენიმე მარტივი კითხვა, როგორებიცაა: თანამშრომლობს თუ არა კომპანია ისეთ მომწოდებლებთან, რომელთაც გააჩნიათ მათი მსგავსი ღირებულებები? გამოყოფს თუ არა კომპანია საკუთარი მოგების ნაწილს ადგილობრივებისათვის სასარგებლო პროექტების განსახორციელებლად? რამდენად ორიენტირებულია კომპანი, რომ შეუქმნას საკუთარ დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო და ანაზღაურების პირობები? მმართველობითი კრიტერიუმები მოიცავს: მმართველობის სტილს; საქმიანობის შიდა კონტროლს; დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებას და სხვა. ამ ნაწილში ინვესტორებს სურთ გაიგონ, რომელ რეპორტინგის სტანდარტებს იყენებს კომპანია საკუთარი შედეგებისა და მისი საქმიანობის მდგრადობის შესაფასებლად.

როგორი კომპანიები აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს?

გარემოსდაცვითი მიმართულებით:

  • ორგანიზაციები, რომლებიც ზომავენ საკუთარ ემისიებს და/ან ახორციელებენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მდგრადობის ანგარიშგებას;
  • კრძალავენ და არ იყენებენ საქმიანობაში საზიანო ნივთიერებებსა და ქიმიკატებს;
  • მუშაობენ სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების მიმართულებით;
  • იყენებენ განახლებადი ენერგიის წყაროებს.

სოციალური მიმართულებით:

  • ეთიკური მიწოდების ჯაჭვის მქონე ორგანიზაციები;
  • მხარს უჭერს მრავალფეროვნებასა და იცავენ უმცირესობათა უფლებებს;
  • უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას, როგორც დასაქმებულებისათვის, ასევე, მომწოდებლებისათვის;
  • ახორციელებს საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტებს.

მმართველობითი მიმართულებით:

  • მმართველობით დონეზე აღკვეთილია დისკრიმინაცია;
  • უზრუნველყოფილია კორპორატიული გამჭვირვალობა;
  •  ორგანიზაციის CEO ბორდის წევრებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებელია;
  • დაინტერესებული მხარეების აზრი გადაწყვტილების მიღებისას გათვალისწინებულია;

ESG მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული ნაბიჯები გადაიდგა. 2020 წლის თებერვალში  OECD-ისა (Organisation for Economic Co-operation and Development) და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის საფუძველზე გამოიცა ESG ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები  საქართველოში არსებული საბანკო ინტიტუტებისა და სხვა არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებისათვის. აღნიშნულის მიზანია, წაახალისოს მათი საქმიანობის ESG რეპორტინგი.

სოციალურად პასუხისმგებლიანი ინვესტირება (SRI-Socially Responsible Investment)- სოციალურად პასუხისმგებლიანი ინვესტირება უზრუნველყოფს სოციალურ ცვლილებას და ამავდროულად  ფინანსურ უკუგებას ინვესტორებისათვის. კომპანია, შესაძლოა, დაკავებული იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი კრიტერიუმის ან რამდენიმეს შესრულებით, ასევე, შესაძლოა ხელს უწყობდეს სოციალურ ფონზე  ნეგატიური გავლენის შემცირებას. ინვესტორები კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის შეფასებისას ყურადღებას აქცევენ შესაბამისობაში მოდის თუ არა კომპანიის მოგების წყაროები, მათ ხედვასა და ღირებულებებთან. 2020 წლის Arabesque Partners-ის კვლევამ აჩვენა, რომ შესწავლილი მონაცემების 80%-ში მდგრად პრაქტიკებს დადებითი გავლენა აქვთ საინვესტიციო საქმიანობაზე და შედეგებზე.

საბანკო საქმიანობა და აქტივების მართვა (Banking and Asset Management)- ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სხვა ამ სექტორში არსებული ინსტიტუციების ძალისხმევა, მიმართონ ფინანსები ისეთი მიმართულებებისკენ, როგორიცაა: მწვანე სესხების ოდენობის ზრდა მთლიან პორტფელში; მდგრადი ენერგია, მხარდაჭერა მცირე და საშუალო მეწარმეებს, აგრობიზნესები, პრივატიზაციის პროცესის მხარდაჭერა, სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვა სესხების გაცემისას ან ინვესტიციების დაბანდების პროცესში; მდგრადობის პოპულარიზაცია სექტორებსა და ინდუსტრიებში, ინოვაციური პროდუქტების შექმნის შესაძლებლობების იდენტიფიცირება (განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, მდგრადი წარმოება, ბიომრავალფეროვნება, ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა).

2021 წლის ანგარიშის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ, 5,4 მილიარდ ევროს მიაღწია და მთლიანი ბიზნესმოცულობის 51% შეადგინა. 2020 წლის 29%-იანი მაჩვენებლიდან შესამჩნევ ზრდას, EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომა განაპირობებს. გასული წლის ივლისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაწესდა ორმაგი ვალდებულებები, რომლებიც თითოეულ ინვესტიციას პარიზის შეთანხმების ჩარჩოებით შეზღუდავს. EBRD-ს სურს, 2025 წლის ბოლოსთვის მისი ინვესტიციების უმრავლესობა მწვანე იყოს.

EBRD-ი კლიმატური დაფინანსებების მხრივ წამყვანი ინვესტორია, რომელიც წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ქვეყნებს ნახშირბადის დაბალი შემცველობის ალტერნატივებზე გადასვლაში ეხმარება. EBRD-ის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს განეკუთვნება 5 მილიარდი ევროს ღირებულების ურბანული გარემოსდაცვითი პროგრამა EBRD Green Cities-ი, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს და 53 ქალაქს აერთიანებს. ნოემბერში ბანკმა პროგრამის გაორმაგებაც დააანონსა და მომავალი ორი წლის განმავლობაში ურბანულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის 2 მილიარდი ევრო გამოყო.

2021 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 413 პროექტი განხორციელდა, კერძო სექტორის ინვესტიციების წილი კი ოთხი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 76% შეადგინა. საერთო ჯამში, EBRD-ის ინვესტიციებმა 10,4 მილიარდი ევრო მოიცვა, ეს კი ბანკის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მდგრადი სტრატეგიების დანერგვა საბანკო სექტორში შეამცირებს ინვესტიციებს და დაფინანსებას გარემოსა და საზოგადოებაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე კომპანიების მიმართულებით. ეს ერთგვარი გამოღვიძების ზარი იქნება მათთვის ცვლილებისაკენ.

დადებითგავლენიანი ინვესტიციები (Impact Investing )

დადებითგავლენიანი ინვესტიციები ცდილობს, დაეხმაროს ბიზნესს ან ორგანიზაციას დაასრულოს პროექტი ან განავითაროს პროგრამა ან გააკეთოს რაიმე პოზიტიური საზოგადოების სასარგებლოდ.

აქციები და შეფასება (Equity and Valuation)

მწვანე ინვესტიციის უმარტივესი ფორმა არის აქციების შეძენა კომპანიებში, რომლების გრძელვადიან სტრატეგიაში გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით მიმართულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ბევრი ახალი სტარტაპი ცდილობს განავითაროს ალტერნატიული ენერგიების გამოყენება და ნარჩენები მართოს ეთიკურად. ტრადიციული მოთამაშეებიც კი ცვლიან საკუთარ ქცევას და მიმართავენ დიდ ძალისხმევას ნახშირბადის დაბალი ნაკვალევის მიღწევის მიზნით. ზოგიერთმა კომპანიამ, როგორიცაა Tesla, შეძლო გამხდარიყო მრავალმილიარდიანი კომპანია, ეკოლოგიაზე მზრუნველ მომხმარებლებზე ორიენტაციით.

მწვანე ობლიგაციები და კლიმატის დაფინანსება (Green Bonds and Climate Financing)

ინვესტიცია მწვანე ობლიგაციებში ცნობილია, როგორც კლიმატის ობლიგაციები. ეს ფიქსირებული შემოსავლის მომტანი ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს სესხებს და მათი მიზანია, დაეხმაროს ბანკებს, კომპანიებსა და სამთავრობო ორგანოებს, დააფინანსონ პროექტები, რომლებსაც აქვთ დადებითი გავლენა გარემოზე. Climate Bonds Initiative-ის თანახმად, თითქმის 270 მილიარდი დოლარის მწვანე ობლიგაციები გამოიცა 2020 წელს. ამ ობლიგაციებს შესაძლოა მოჰყვეს საგადასახადო შეღავათებიც, რაც მათ ტრადიციულ ობლიგაციებზე უფრო მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს.

მდგრადი ფინანსების ევოლუცია

1992 წლის მსოფლიო სამიტზე რიო დე ჟანეიროში ლიდერების ჯგუფმა დაასკვნა, რომ საჭირო იყო ფინანსური სისტემის ცვლილება იმდაგვარად, რომ მას მდგრადი განვითარებისთვის ხელი შეეწყო. ამან განაპირობა დაწყებულიყო შემდეგ ინიციატივაზე მუშაობა – გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამა ფინანსებში (UNEP FI), რომლემაც საკუთარი წევრები იმავე წლის მაისში შემოიკრიბა. მისი საქმიანობის ფარგლებში, 2006 წელს შეიქმნა პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრინციპები (Principles for Responsible Investment (PRI)). ასევე, 2012 წელს გამოიცა მდგრადი სადაზღვევო პრინციპები (Principles for Sustainable Insurance (PSI)). 2019 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნდა პასუხისმგებლიანი საბანკო პრინციპები (Principles for Responsible Banking (PRB))

დოუ-ჯონსის მდგრადობის ინდექსის (Dow Jones Sustainability Index) შექმნამ 1999 წელს, Asia Pacific Index-ის 2009 წელს და სხვა ინდიკატორების შექმნამ უფრო მარტივი გახადა ინვესტორებისათვის აერჩიათ კომპანიები საუკეთესო მიდგომებით ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებებით.

2000 წელს ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs) დამტკიცდა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულმა ნაბიჯმა გაზარდა ცნობიერების დონე საზოგადოებაში და დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები ფინასური სექტორის მიმართულებით. ამის მიზანს წარმოადგენდა ბიზნესებს უკეთ გაეცნობიერებინათ მათი, როგორც უზარმაზარი ზეგავლენის მქონე ერთეულების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

პასუხისმგებლიანი ინვესტირების გაეროს პრინციპები (UN Principles for Responsible Investment (PRI)) გამოქვეყნდა 2006 წელს და დაეხმარა ინვესტორებს შეენარჩუნებინათ კომპანიის მომგებიანობა, იმის ფონზე, რომ ახორციელებდნენ საინვესტიციო საქმიანობას გაფართოებული ESG მიზნების ფეხდაფეხ.

პირველი მწვანე ობლიგაცია გამოუშვა ევროპულმა საინვესტიციო ბანკმა (EIB) 2007 წელს, კლიმატთან დაკავშირებული პროექტის დასაფინანსებლად. 2021 წლის მონაცემებით კი, მწვანე ობლიგაციების ბაზარი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

მდგრადი ფინანსები
წყარო: www.statista.com

2015 წელს დამტკიცდა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა მდგრად დაფინანსებას. ამ ეტაპზე განვითარებული ქვეყნები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, მოეძებნათ ინოვაციური გზები ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 ტრილიონი დოლარის მოსაზიდად, რათა მიემართათ ისინი დაბალშემოსავლიანი და განვითარებადი ქვეყნებისაკენ.

2016 წელს დადებულმა პარიზის შეთანხმებამ კლიმატის ცვლილების შესახებ ხაზი გაუსვა მწვანე ობლიგაციებთან დაკავშირებული ანგარიშგების პრაქტიკის სტანდარტიზების საჭიროებას. არსებობდა კომპანიების მხრიდან Greenwashing-ის მაღალი რისკი, სწორედ ამ რისკის შესამცირებლად იყო საჭირო ანგარიშგების ერთიანი სტრატეგია და სტანდარტი.

2018 წელს  ევროკომისიამ დააკომპლექტა მდგრადი ფინანსების ტექნიკური ექსპერტების სამუშაო ჯგუფი (TEG: Technical Expert Group), რათა თვალსაჩინოდ მომხდარიყო ეკონომიკური აქტივობების კლასიფიკაცია („ტაქსონომია“). ეს საშუალებას მისცემდათ, ჰქონოდათ მდგრადი მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც განისაზღვრებოდა, არის თუ არა კომპანიის საქმიანობა  მდგრადი.   2020 წლის ივლისში ევროკავშირის ტაქსონომია ძალაში შევიდა.

2018 წლის დეკემბერს Loan Market Association-მა (LMA) გამოაქვეყნა მწვანე სესხების პრინციპები.

ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs) ასევე მნიშვნელოვანი იყო გლობალური ანგარიშგების ინიციატივის მხრივ (GRI), რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს აიმაღლონ ცნობიერება და გაზომონ საკუთარი ზეგავლენა ისეთ მიმართულებებით, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ადამიანთა უფლებები და კორუფცია. მსოფლიოს უმსხვილესი 250 კორპორაციის 93% აქვეყნებს და ზომავს საკუთარ საქმიანობას GRI სტანდარტების საშუალებით.

მდგრად ფინანსებს აქვს საკვანძო როლი ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკის მიზნების მიღწევის საკითხებში ისევე, როგორც კლიმატისა და მდგრადობის მიზნების რეალობაში განხორციელების ვალდებულების პირნათლად შესრულებაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ნახშირბადის დაბალი ემისიების მიღწევას, უფრო რესურს-ეფექტიან  და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას მდგრადი ზრდის მხარდამჭერი ფინანსური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

2019 წლის 11 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, ზრდის სტრატეგია, რომლის მიზანიც 2050 წლისათვის ევროპის პირველ კლიმატნეიტრალურ კონტინენტად ქცევაა. როგორც მწვანე შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიამ 2020 წლის 14 იანვარს წარმოადგინა ევროპის მწვანე შეთანხმების საინვესტიციო გეგმა, რომელიც მინიმუმ 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის მდგრად ინვესტიციას მოაბილიზებს მომავალი 10 წლის განმავლობაში.

ევროკომისიამ 2020 წლის 17 სექტემბერს წარმოადგინა კლიმატის სამიზნე გეგმა 2030 წლისათვის, იგი გულისხმობს ემისიების 55%-ით შემცირებას 2030 წლისათვის, რომელიც 1990 წლის მიზანს აღემატება. 2021-30 წლების განმავლობაში ევროკავშირმა ყოველწლიურად დაახლოებით 350 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა 2030 წლისთვის მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

ევროკავშირმა 2021 წლის 21 აპრილს მიიღო ღონისძიებათა ამბიციური და მრავლისმომცველი პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის მასშტაბით მდგრადი საქმიანობისკენ ფულის ნაკადების გაუმჯობესებას.

მდგრადი ფინანსების მიმართულებით გადადგმული აქტიური ზომები ევროკავშირს მდგრადი ფინანსების სტანდარტების დადგენის კუთხით გლობალურ ლიდერად აქცევს.

ევროკავშირის მიერ 21 აპრილს მიღებული პაკეტი:

  • ევროკავშირის ტაქსონომიის კლიმატის დელეგირებული აქტი ( EU Taxonomy Climate Delegated Act)

აღნიშნული აქტი მიზნად ისახავს მდგრადი ინვესტიციების მხარდაჭერას. იგი ცხადყოფს, თუ რომელი ეკონომიკური აქტივობა უწყობს ყველაზე მეტად  ხელს ევროკავშირის გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას. ევროკავშირის ტაქსონომია არის ეფექტიანი და გამჭვირვალე ინსტრუმენტი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის. ტაქსონომია გვთავაზობს საერთო ენას პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისათვის, რაც ბევრად აადვილებს და ნათელს ხდის არსებითად დადებითგავლენიან ოპერაციებს. ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიებისა და ფინანსური ბაზრის სხვა მონაწილეებისათვის ინფორმაციის ღიაობის ვალდებულების დაკისრება.

2021 წლის 21 აპრილს ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის შესახებ (CSRD), რომელიც შეცვლის NFRD-ის არსებულ ანგარიშგების მოთხოვნებს.

წინადადება:

  • ვრცელდება ყველა მსხვილ კომპანიაზე და ყველა კომპანიაზე, რომელიც ფიქსირდება რეგულირებად ბაზრებზე (გარდა მიკროსაწარმოებისა);
  • მოითხოვს კომპანიის რეპორტში მოცემული ინფორმაციის აუდიტს (დარწმუნებას);
  • წარმოგიდგენთ უფრო დეტალურ ანგარიშგების მოთხოვნებს და რეპორტინგის მოთხოვნას ევროკავშირის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად;
  • მოითხოვს კომპანიების მიერ ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია იყოს ციფრული და კითხვადი ხელოვნური ინტელექტისათვის.

ევროკავშირის მდგრადი ანგარიშგების სტანდარტები (EU sustainability reporting standards)

ევროკომისიის წინადადება კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის შესახებ (CSRD) ითვალისწინებს ევროკავშირის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების მიღებას. სტანდარტების პირველად ვერსიას შეიმუშავებს ევროპის ფინანსური ანგარიშგების მრჩეველთა ჯგუფი (EFRAG). სტანდარტები იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში, ასევე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტიზაციის სხვადასხვა ინიციატივებს.

სტანდარტების პირველი ნაკრები 2022 წლის ოქტომბრისთვის მიიღება.

  • ექვსი დელეგირებული აქტის შესწორება (six amending Delegated Acts)

ექვსი დელეგირებული აქტის შესწორება მოუწოდებს ფინანსური სისტემის წევრებს მხარი დაუჭირონ ბიზნესებს მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე, ასევე, არსებული მდგრადი ბიზნესების მხარდაჭერისკენ არის ორიენტირებული.

  • საინვესტიციო და სადაზღვევო რჩევები: როდესაც მრჩეველები აფასებენ კლიენტისთვის რელევანტურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, მათ უნდა გაითვალისწინონ მდგრადობის პრეფერენციები.
  • ცვლილებები განმარტავს ფინანსური ფირმების ვალდებულებებს, როდესაც აფასებენ რისკებს, როგორიცაა წყალდიდობის და სხვა პროცესების გავლენა ინვესტიციების ღირებულებაზე.
  • საინვესტიციო და სადაზღვევო პროდუქტის მმართველობა: ფინანსური პროდუქტების მწარმოებლებმა და ფინანსურმა მრჩევლებმა უნდა გაითვალისწინონ მდგრადობის ფაქტორები, როდესაც ფინანსურ პროდუქტებს ქმნიან.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდმა (International Financial Reporting Standards Foundation) 2019 წლის იანვარში დაიწყო სამომავლო სტრატეგიის შემუშავება, რათა შეფასებულიყო ანგარიშგების სტრუქტურა და ეფექტიანობა.

2019 წლის ოქტომბერს, IFRS-მა მოამზადა დოკუმენტი საჯარო კონსულტაციებისათვის, რათა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მდგრად ანგარიშგებასთან დაკავშირებით პოზიციების იდენტიფიცირება მომხდარიყო.

IFRS-ის საკონსულტაციო ჯგუფი მდგრადი ანგარიშგების მიმართულებით ((ifrs foundation advisory group on sustainability reporting (AGSR))  შეიკრიბა 2020 წლის ივლისში.

2021 წლის 3 ნოემბერს, IFRS-ის მრჩეველთა საბჭომ გამოაცხადა ახალი სტანდარტების დამნერგავი ბორდის შექმნა (International Sustainability Standards Board (ISSB)). 2021 წლის 16 დეკემბერს IFRS-ის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მდგრადობის საერთშორისო სტანდარტების საბჭოს  (International Sustainability Standards Board)ხელმძღვანელად დანიშნეს ემანუელ ფაბერი.

 ასევე, 3 ნოემბერს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციაზე (COP26) IFRS Foundation-ის რწმუნებულებმა გამოაცხადეს Value Reporting Foundation-ისა (VRF) და კლიმატის გამჟღავნების სტანდარტების საბჭოს (CDSB) კონსოლიდაცია IFRS Foundation-ში. მოსალოდნელია, რომ კონსოლიდაციის პროცესი 2022 წლის განმავლობაში დასრულდება. CDSB არის ბიზნეს და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც მზად არის განავითაროს და დააკავშიროს გლობალური კორპორატიული ანგარიშგების მოდელი, რათა გააიგივოს ბუნებრივი კაპიტალი ფინანსურ კაპიტალთან. მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების ბორდი (ISSB) იმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსთან (IASB) მჭიდრო თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოს კავშირი და თავსებადობა IFRS ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებსა და IFRS-ის მდგრადობის გამჟღავნების სტანდარტებს შორის.

შემდეგი ნაბიჯები:

ISSB-ის პირველი საჯარო კონსულტაცია – რომლის მიზანია უკუკავშირის მოსმენა შემოთავაზებული გამჟღავნების ზოგადი მოთხოვნების სტანდარტზე და კლიმატის გამჟღავნების სტანდარტზე – სავარაუდოდ გამოქვეყნდება 2022 წლის პირველ კვარტალში. შემოთავაზებული სტანდარტები დაეფუძნება ტექნიკური სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს.

რა კეთდება ამ მიმართულებით საქართველოში?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი საფინანსო ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო. ეს ნაბიჯი უკავშირდება სებ-ის მდგრად საბანკო ქსელში (SBN) გაწევრიანებას. 2019 წელს გამოქვეყნდა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის. გზამკვლევი აერთიანებს იმ მნიშვნელოვან ქმედებებს, რომელთა განხორციელებასაც ეროვნული ბანკი 2019-2022 წლებში გეგმავს. გზამკვლევი დაყოფილია 4 ძირითად მიმართულებად: ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდა; მდგრადი დაფინანსების ნაკადები; ESG რისკების მართვა; გამჭვირვალობა და საბაზრო დისციპლინა.

მდგრადი დაფინანასება
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს.

ასევე, 2021 წელს ბანკებმა პირველად შეავსეს ESG ფორმები. თითოეული ბანკის ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, რაც ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

ESG -საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების შაბლონი, ანგარიშგების და გამჟღავნების პრინციპები და ბანკების მიერ უკვე შევსებული ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ აქ: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგება და გამჟღავნება.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, 2020 წლის თებერვალში ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ (Network for Greening the Financial System, NGFS) შეუერთდა. NGFS ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მის მიზანს გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა და მდგრად და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად ფინანსების მობილიზება წარმოადგენს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულება (Association Agreement, AA), რომელიც 2014 წელს გაფორმდა, არაერთი დირექტივის დანერგვის ვალდებულებას გულისხმობს, მათ შორისაა NFRD. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდი (IFRS Foundation) მდგრადობის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული სიახლეების დასანერგად, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშესაწყობად და, ზოგადად, საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების გასაუმჯობესებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტმა (ISD) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებით მხარეები მიზნად ისახავენ მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას და იმ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი დინამიკური დაახლოების ვალდებულებების შესრულებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობიერების ამაღლებისა და კვალიფიკაციის ზრდის ღონისძიებებს მოიცავს

მნიშვნელოვანი ტრენდები მსოფლიოში

მდგრადი ფინანსები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფინტექ სექტორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.

დავუბრუნდეთ საერთაშორისო ტენდენციებს, ამ მიმართულებით ინვესტიციები 2012 წელს  13.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 30.7 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მზარდი ტენდენცია ფიქსირდება ევროპულ ESG ბაზარზე, რომელმაც 2020 წლის მეორე კვარტალში 882 მილიარდი ევროს ინვესტიციები დააფიქსირა, რომელიც მთლიანი ევროპული აქტივების 9.3% შეადგენდა. მდგრადი ფინანსირების პოტენციალს ასევე ხაზს უსვამს ის, რომ მსოფლო ინვესტორების დაახლოებით 74% გეგმავს მომავალში განახორციელოს სოციალურად პასუხისმგებლიანი ინვესტიციები. დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, აქ ინვესტორების 64% აქვთ სურვილი დააბანდონ საკუთარი რესურსები ისეთ კომპანიებში, რომლებსაც გარემომოსთვის და საზოგადოებისათვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, ასეთ კომპანიებს აქვთ დიდი მხარდაჭერა მსოფლიოს წამყვანი ბანკებისგან. მაგალითად: 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი გამოიყო 2015 წლიდან 2019 წლამდე 40 კომპანიისათვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გლობალურ მიწოდების ჯაჭვში, რათა შეემცირებინათ საკუთარი ზეგავლენა გარემოზე. პარიზის შეთანხმების შემდეგ კი უდიდესმა ბანკებმა გამოყვეს 3.8 ტრილიონი აშშ დოლარი წიაღისეულის მოხმარების შემცირების მიზნით.

დასკვნა

სამყარო აღმოჩნდა ახალი რეალობის წინაშე, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც მიმართავს ფინანსებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მომსწრენი ვართ ამ რეფორმების სწრაფი ტემპებით განხორციელებისა და ფინანსური ბაზრების გარდამტეხი ცვლილებისა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის სტაბილურობას, ეკონომიკურ გამჭვირვალობასას და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას ფინანსური ბაზრის წევრებს შორის. ახალი რეალობა ხელს შეუწყობს მდგრად კომპანიებს, რათა განაგრძონ საკუთარი დადებითი ზეგავლენის მოხდენა სამყაროზე, ხოლო შესაბამისი სტანდარტების შეუსაბამო კომპანიები ვალდებულები იქნებიან შეცვალონ მიდგომები ან დატოვონ ბაზარი. სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული ზოგი კომპანია და ორგანიზაცია ისევ აქტუალურად მიიჩნევს მოძველებულ მიდგომას. ხშირ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ე.წ Greenwashing-ი და მომხმარებელთა ცნობიერებაში ბრენდის მდგრადად პოზიციონირების დაჟინებული მცდელობები. აღნიშნული სტრატეგია გრძელვადიან პერსპქეტივაში დადებით შედეგს ვერც კომპანიას მოუტანს და ვერც საზოგადოებას. კომპანიების მხრიდან მდგრად დაფინანსების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოებაში ხშირად აიგივებენ CSR-თან და პირიქით. იგივე სიტუაცია გვაქვს ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ამ ორი საკითხის არგამიჯვნის მხრივ. დროა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად CSR-ი არა თუ საკმარისი არ არის, არამედ, საერთოდ არ შეესაბამება ეფექტიან ინსტრუმენტს კომპანიების მხრიდან რეალური მდგრადობის მისაღწევად. უახლოეს მომავალში ორგანიზაციებს დაეკისრებათ მდგრადი ანგარიშგების გამჟღავნების ვალდებულება, რომელიც ნათელს მოფენს ბევრ საკითხს და იქნება ეფექტიანი ინსტრუმენტი ინვესტორებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: საუბრები მდგრად განვითარებაზე: მდგრადი დაფინანსება

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami