ეკოლოგიური ხელოვნება

ეკოლოგიური ხელოვნება, როგორც წყლისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება

შესავალი

სტატია შეეხება XXI საუკუნის ხელოვნების ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ მიმდინარეობას ეკოლოგიური ხელოვნებას, რომელიც განიხილება, როგორც ნატურალური ხელოვნების მიმართულება. ეს არის მეცნიერებისა და ხელოვნების ერთგვარი სინთეზი, როდესაც ორივე სფერო ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს ეძიებს.

XXI საუკუნეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ,,ეკოლოგიური ეპოქა,“ რადგან განსაკუთრებით აქტუალური და მწვავე დღეს კაცობრიობისათვის სწორედ ეკოლოგიური პრობლემებია. მსოფლიოს მასშტაბით ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პროცესი აშკარად დისჰარმონიული და წინააღმდეგობრივია. ის გამუდმებით იცვლება ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ. ხელოვნება კი, თავის მხრივ, არსებულ ეპოქალურ ცვლილებებს ეხმიანება, მათთან შესაბამისობაში ფორმირდება და ვითარდება.

სწორედ ამ ფუნქციას ითავსებენ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე ეკო–ხელოვანები. ისინი მაქსიმალურად ურთიერთობენ ბუნებასთან, სწვალობენ გარემოში მიმდინარე ხილულ და უხილავ პროცესებს, გვთავაზობენ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის გზებს და  ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარემოს დაცვის საქმეში. თავიანთი შემოქმედებით კი, კიდევ ერთხელ ახდენენ ხელოვნების, როგორც კონკრეტული დანიშნულების მატარებელი ფენომენის ხაზგასმას.

ეკოლოგიური ხელოვნებით ჩემი დაინტერესება, პირველყოვლისა, განაპირობა საქართველოში არსებულმა მზარდმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა. არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით მოღვაწე ხელოვანების შემოქმედების გაცნობა, სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი,  ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება, მსოფლიოში მოღვაწე გარემო ხელოვანებთან თანამაშრომლობის გზით ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და საქართველოში „ეკო-არტის“ განვითარების პერსპექტივების  ჩვენება. 

ეკოლოგიური ხელოვნება შეიძლება განვიხილოთ როგორც ხელოვნება, რომელიც ბუნებას ეხმარება. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან სფეროს, ერთი მხრივ, ეს არის ხელოვნება, მეორე მხრივ კი, ეკოლოგია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მეცნიერება. ეს არის მეცნიერებისა და ხელოვნების ერთგვარი სინთეზი, როდესაც ორივე სფერო ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს ეძიებს.

,,ეკო–არტის’’ თემატიკა მრავალფეროვანია. ის აერთიანებს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, გარემოს დაბინძურება, ტყის მასობრივი განადგურება, გლობალური დათბობა, ნიადაგის ეროზია, წყალქვეშა ეკოსისტემების განადგურების პრობლემა, რესურსების რაციონალური გამოყენება, ურბანული მებაღეობა და სხვ. ,,ეკო–არტისტები,’’ როგორც წესი, მუშაობენ მეცნიერებთან, ბიოლოგებთან, არქიტექტორებთან ერთად და ცდილობენ ჩაუღრმავდნენ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს, შეისწავლონ მასზე ადამიანების ზეგავლენა და ასეთი მიდგომით დაიცვან და მოუფრთხილდნენ გარემოს.  ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ დაბინძურებული და დაზიანებული უნაყოფო მიწების აღდგენაზე, მათ მელიორაციაზე. ეკო–ხელოვანები თავიანთი შემოქმედებით გვთავაზობენ იმის ახლებურ გააზრებას, თუ როგორ შეუძლია გარემოში არსებულ ხელოვნებას უფრო ღრმა კავშირის შექმნა ბუნებრივ სამყაროსთან.

ეკო-ხელოვანების მიზნები დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით არსებული ეკოლოგიური პორბლემების მაქსიმალურად შემცირებისაკენ და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილებისაკენ არის მიმართული. ამ მხრივ აქტიური ძვრებია მსოფლიოში, რასაც მოწმობს 1960–იანი წლებიდან დღემდე განხორციელებული არაერთი პროექტი, რომელთა ერთი ნაწილი ემსახურება პრობლემის დასმას და, აქედან გამომდინარე, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას, ხოლო ეკო-პროექტების მეორე ნაწილი ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის გზებს გვთავაზობს.

სტატიაში განხილული მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ ართმევენ თავს ეკო-ხელოვანები თავიანთ საქმიანობას და რამდენად ახორციელებენ დასახულ მიზნებს. მათი შემოქმედების განხილვა გვიჩვენებს ,,ეკო-არტის’’ განვითარებას დროსა და სივრცეში. სტატიაში გამოვყოფ ორ ძირითად ასპექტს: წყლისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემას და მათ მაგალითზე განვიხილავ ეკო-ხელოვანების: დრაიდენ გუდვინის, აგნეს დენესის, სთესი ლევის, ჰელენ სთორის და ტონი რაიანის შემოქმედებას. მათ აერთიანებთ მიზანი – ემსახურონ ბუნებას, რომლის ნაწილიც თავად არიან.

ჰაერის დაბინძურების წნააღმდეგ მიმართული ეკო-არტი“

დრაიდენ გუდვინი – ,,სუნთქვა’’

სურ. 1. ,,სუნთქვა,’’ დრაიდენ გუდვინი, ლონდონი, 2012.

ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემა დღეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ–ერთ წამყვან ეკოლოგიურ პრობლემად რჩება. ცხადია, ეკო–ხელოვანები უკომენტაროდ არ ტოვებენ აღნიშნულ საკითხს. დრაიდენ გუდვინიც ერთ–ერთია მათ შორის. ინგლისელმა მხატვარმა გადაწყვიტა ორიგინალურად ეთქვა თავისი სათქმელი. მან ფანქრით შექმნა თავისი ხუთი წლის ვაჟის 1 300–მდე ნახატი, რომელიც გამოსახულია სუნთქვის პროცესში. ნახატები ,,გააცოცხლეს’’ და შექმნეს ანიმაცია, სადაც ნაჩვენებია ბავშვის სუნთქვის პროცესი. მაყურებელი ხედავს მის სხეულს, ბიჭის სუნთქვის აქტი განსხვავებულია: იგი ხან თანაბრად სუნთქავს, ხან – ასიმეტრიულად. ანიმაციის ხილვისას გრძნობ, თუ როგორ უჭირს ბავშვს სუნთქვა, იგრძნობა ჰაერის დაბინძურების ხარისხიც; ასევე ის, თუ როგორ მძაფრად დგას ეს პრობლემა დღეს მსოფლიოში და რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურ. 2.

ბრიტანელი ხელოვანის ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო. მას სურდა ზედმიწევნით ზუსტად, მთელი სიმძაფრით ეჩვენებინა ჰაერის დაბინძურების ხარისხი, რაც საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ ლონდონში. მის ნამუშევარში ჰაერი გამოსახავს ადამიანის სხეულს, რომელიც თან ატარებს ქალაქის მავნე გავლენებს.

დრაიდენ გუდვინის ნამუშევარი ინგლისურ ესთეტიკაშია გადაწყვეტილი. მისი ნახატის ანიმაციად ქცეული ვიდეო ხელოვანის მხრიდან პრობლემაზე გამოხმაურების ორიგინალური გადაწყვეტაა და ნათლად გვიჩვენებს მისი თვალით დანახულ კრიტიკულ პერსპექტივას ლონდონის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით.

აგნეს დენესის სამი პროექტი

ჰაერის დაბინძურების პრობლემა არც აგნეს დენესისათვის დარჩენილა ყურადღების მიღმა. იგი წარმოშობით უნგრეთიდან არის, თუმცა თავისი მოღვაწეობის არეალიდან გამომდინარე, დღეს აღიარებულია როგორც ამერიკელი კონცეპტუალისტი ხელოვანი, რომლის შემოქმედებაში წამყვანია გარემოს დაცვის თემატიკა. თუ გავეცნობით დენესის მიერ განხორციელებულ პროექტებს და შევისწავლით მის ნამუშევრებს, დავინახავთ ხელოვანის საქმიანობის უმთავრეს მიზანს და მის მისწრაფებას დაეხმაროს ბუნებას. აღნიშნულზე მეტყველებს აგნეს დენესის მიერ ჯერ კიდევ 1980–იან წლებში განხორციელებული სამი მნიშვნელოვანი პროექტი: 1. ,,ხეების მთა’’ (1982); 2. ,,ხორბლის ველი’’ (1982) და 3. ,,ტყე ავსტრალიისათვის’’ (1998), რომლებიც გამოირჩევიან თავისი მასშტაბური ხასიათით, ასევე, აშკარა გამოხმაურებაა ეკოლოგიურ პრობლემებზე და უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ეკო-კრიზისის, კერძოდ, ჰაერის დაბინძურების პრობლემის დაძლევის საქმეში. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ აგნეს დენესი აღნიშნულ პროექტებს ჯერ კიდევ 1980–იან წლებში აკეთებს, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და გამოარჩევს მას, როგორც ნოვატორ ხელოვანს.

აგნეს დენესის პირველი პროექტი იყო ,,ხეების მთა.’’ მისი შექმნის იდეა 1982 წელს დაიბადა. ხელოვანის ჩანაფიქრი მალე წარმატებით განხორციელდა. აგნეს დენესის ინიციატივით შეიქმნა 420 მ სიგრძის და 270 მ სიგანის ელიფსის ფორმის დიდი მთა (სიმაღლე – 38მ), სადაც 11 ათასი ადამიანის მიერ დაირგო 11 ათასი ხე. პროექტი განხორციელდა პინციოს ხრეშიან ტერიტორიაზე, ფინეთში, ეს იყო ხელოვანის მიერ დაგეგმილი ე.წ. ,,მასიური არტი.’’

სურ. 3. ,,ხეების მთა,’’ აგნეს დენესი, 1982.

პროექტი ოფიციალურად დამტკიცდა 1992 წლის 5 ივნისს, ფინეთის ხელისუფლების მიერ დედამიწის სამიტზე, რიო დე ჟანეიროში, როგორც ფინეთის მიერ შეტანილი წვლილი დედამიწაზე არსებული ,,გარემო სტრესის’’ შემცირებაში. ხეებით შექმნილი ელიფსური ფორმის ხელოვნების ნიმუში განკუთვნილია იმისათვის, რომ ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნოს სიმწვანე და შექმნას ახალგაზრდა ტყე. ხეები დარგულია ზუსტი მათემატიკური გამოთვლების მიხედვით, რომელიც იმეორებს ოქროს კვეთის წესებს და მზესუმზირის გეომეტრიას. ,,ხეების მთა’’ ერთადერთი პროექტია, რომელიც არ ეძღვნება ადამიანურ ეგოს და მიმართულია იმისკენ, რომ მომავალ თაობებს სარგებელი მოუტანოს. ეს არის ფინეთის და არა მხოლოდ ფინეთის მასშტაბით განხორციელებული პირველი მცდელობა, გარემოსათვის მიყენებული ზარალი ჩაანაცვლოს ხელოვანმა გამოხატვის ამ ფორმით.

,,ხეების მთა,’’ რომლის შექმნის იდეა აგნეს დენესს 1982 წელს დაებადა, ამტკიცებს ხელოვანის ჩართულობას მომავალი თაობების ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ზრუნვის საკითხებში. ,,ხეების მთის’’ განვითარება თოთხმეტი წლის მანძილზე გრძელდებოდა ორიგინალური კონცეფციის ჩასახვის შემდეგ, 1982 წლიდან 1992 წელს რიო დე ჟანეიროში ფინური სახელმწიფოს მიერ პროექტის დაწყებამდე და 1996 წელს მის დამთავრებამდა შუა ფინეთში, სადაც საზეიმოდ გაიხსნა ფინეთის პრეზიდენტის, ქვეყნის სხვა წარმომადგენლებისა და მთელი მსოფლიოს ხალხის მიერ.

დენესის ,,ხეების მთა’’ დიზაინის სპეციფიკური მოთხოვნებით უნდა გაშენებულიყო, რომელშიც წამყვანი, თავის მხრივ, მაღაროს მიერ დაზიანებული ნიადაგის აღდგენის კონცეფცია იყო. როგორც ვიცით, ხეების დარგვა ნიადაგს იცავს ეროზიისგან, განამტკიცებს ჟანგბადის გამოყოფას და ველური ბუნების თავშესაფარს წარმოადგენს. ეს დროს საჭიროებს და სწორედ ამიტომაა, რომ ,,ხეების მთა’’ ხელშეუხებელი უნდა იყოს საუკუნეების განმავლობაში. რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც ჩაერთვნენ ხის დარგვის პორცესში მიიღეს სერთიფიკატები, რომლებიც დანომრილია და 400 წელიწადს ითვლის. ეს არის მემკვიდრეობით გადაცემული დოკუმენტი, რომელიც აკავშირებს ხის დამრგველებსა და მათ შთამომავლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ოჯახები ხეების ამაყი დამცველების ოჯახია, რომელთა სახელებს მათ მიერ დარგული ხეები ატარებენ. ისინი საუკუნეების განმავლობაში ახალგაზრდა ტყედ იქცევიან. 11 000 ადამიანის მიერ დარგულ 11 000 ხეზე მათი სახელებია მითითებული და ის მომავალი თაობის საკუთრებაა. ხეებმა შეიძლება შეიცვალონ პატრონი, ადამიანებს შეუძლიათ მათი ხე თავიანთ მემკვიდრეს ან სხვა ადამიანს გადასცენ, უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ თავიანთი ხის ქვეშ დაკრძალვა მოითხოვონ, მაგრამ ,,ხეების მთის’’ ყიდვის ან გაყიდვის უფლება არავის არ აქვს.

სურ. 5. ,,ტყე ავსტრალიისათვის,’’ აგნეს დენესი, 1998.

აგნეს დენესის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო მისი 1998 წლის პროექტი, სახელად ,,ტყე ავსტრალიისათვის,’’ რომლის ფარგლებშიც ,,ამერიკელმა’’ ხელოვანმა დარგო 6000 ხე სპირალისებური განლაგებით სიმაღლის მიხედვით ხუთ რიგად. შედეგად, ხეებით შექმნა ხელოვნების ნიმუში, პირამიდის მსგავსი სტრუქტურა. ეს პროექტი მან ავსტრალიაში განახორციელა და ამით თავისი წვლილი შეიტანა მოსალოდნელი ნიადაგის ეროზიისაგან და გაუდაბნოებისაგან ქვეყნის დაცვის საქმეში.

აგნეს დენესის შემოქმედებიდან არანაკლებ ცნობილია ე.წ. ,,ხორბლის ველი.’’ ეკო–ხელოვანის ინიციატივით, 1982 წლის მაისში, ორი აკრი ხორბლის მდელო დაითესა მანჰეტენში. ორი ათასი ტვირთმზიდავი ტალახი იქნა მოტანილი, გაითხარა 285 კვალი, რომელიც გაწმინდეს ნაგვისგან და ქვებისგან. მარცვალი ხელით დაითესა, რის შემდეგაც კვალი ნიადაგით დაიფარა. ოთხი თვის განმავლობაში ველი იწმინდებოდა სარეველისგან, სოკოსგან და სხვა მავნე მცენარეებისგან. მარცვლეულის მოსავალი აიღეს 16 აგვისტოს და შედეგად მიიღეს ათასი ფუნტი ჯანსაღი, ოქროსფერი ხორბალი. ხორბლის დათესვა და მოსავლის აღება, რომელიც 4.5 მილიარდი დოლარი ღირდა მძლავრ პარადოქსს წარმოადგენდა.

სურ. 4. ,,ხორბლის ველი,’’ აგნეს დენესი, 1982.

„ხორბლის ველი“ წარმოადგენდა უნივერსალურ სიმბოლოს, რომელიც განასახიერებდა საკვებს, ენერგიას, მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკას. ის იყოს აგნეს დენესის გამოხმაურება ქვეყანაში არსებულ გარემოს დანაგვიანების პრობლემაზე, მსოფლიო შიმშილზე და სხვა ეკოლოგიურ საკითხებზე, მის ნამუშევარი რასკავირველია გათვლილია ადამიანებზე, რათა კიდევ არაერთხელ დავფიქრდეთ და ყურადღება მივაქციოთ ჩვენს არასწორ პრიორიტეტებს. მარცვლეული მსოფლიოს ოცდარვა ქალაქში გავრცელდა გამოფენის ფარგლებში, რომელსაც ერქვა „საერთაშორისო არტ–შოუ მსოფლიო შიმშილის დასრულებისთვის“ და ორგანიზებული იყო მინესოტას ხელოვნების მუზეუმის მიერ (1987–1990).

,,ეკო–მოდა’’

სურ. 6. კატალიტური სამოსი, ჰელენ სთორი და ტონი რაიანი, 2011.

ხელოვნებას რომ საზღვრები არ აქვს ამაზე ზემოთგანხილული განხილული მაგალითებიც მეტყველებენ და მათ შორის ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე ნათლად წარმოაჩენს აღნიშნული სიტყვების მართებულობას. ჰაერის დაბინძურების პრობლემა მოდის შემქმნელებისთვისაც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. ამაზე მეტყველებს ე.წ. კატალიტური ტანსაცმლის პროექტი, რომელიც შეფილდის უნივერსიტეტსა და ლონდონის მოდის კოლეჯს შორის თანამშრომლობით შეიქმნა. ეს არის ინგლისის მოდის აკადემიის პროფესორის ჰელენ სთორისა და მეცნიერ ტონი რაიანის ერთობლივი ექსპერიმენტი და მცდელობა გაეწმინდათ ჰაერი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ჩავისუნთქავთ.

სურ. 7. კატალიტური სამოსი, მოდელი – ერინ ო კონორი, 2011.

კატალიტური ტანსაცმელი გვიჩვენებს, თუ როგორ შეძლება სამოსი და ქსოვილები გამოვიყენოთ, როგორც კატალიტური ზედაპირი ჰაერის გასაწმენდად. ფილმში სრულადაა ნაჩვენები ეს პროცესი (მოდელი ერინ ო’კონორი). ტიტანის დიოქსიდის ნანო–ზომის ნაწილაკების საშუალებით კატალიტური ტანსაცმელი წმენდს ჰაერს. პროდუქტი მუშაობას იწყებს მაშინ, როდესაც ტანსაცმელი მშრალია და ანადგურებს ნიტროგენის ოქსიდებსა და ატმოსფეროში არსებულ მავნე ელემენტებს. როდესაც თქვენ ქუჩას მიუყვებით, თქვენ წმენდთ ჰაერს და გაწმენდილ ჰაერს გადასცემთ თქვენს შემდგომ მოსიარულეს.

სურ. 8 კატალიტური ჯინსები

ნანო–ნაწილაკები ისეთივე ზომისაა, როგორც ვირუსი. ასე რომ, ისინი ადამიანის კანში ვერ აღწევენ და არ აქვთ მავნე გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ტიტანის დიოქსიდი მინერალია ისევე, როგორც ქვიშა. ფოტოკატალისტი გააქტიურებისათვის საჭირო ენერგიას სინათლისგან იღებს. მასალა აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სინათლეზეა ექსპოზირებული, ხოლო როდესაც ის 5 მმ სიღრმის წყალში აღმოჩნდება, იქცევა მინერალად და გარემოსთან აღარ ურთიერთქმედებს. მაშინ, როცა სამოსს სინათლე ანათებს, ელექტრონები „გადალაგდებიან“ და უფრო რეაქტიული ხდებიან. ისინი შემდეგ ურთიერთქმედებენ წყალთან, რომელიც ჰაერშია და მას ორ რადიკალად შლიან. რადიკალები ურთიერთობენ დამაბინძურებელ ნივთიერებებთან და იწვევენ მათ დაშლას უვნებელ მოლეკულებად. კატალიტური ტანსაცმლის კონცეფცია სწორედ დამაბინძურებელი ნივთიერების დაშლას გულისხმობს.

კატალიტური სამოსის შემქმნელები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესამცირებლად საჭიროა პროექტში მასიური მონაწილეობა, რადგან თითოეულ აღჭურვილობას მხოლოდ ჰაერის მცირე ნაწილის გაწმენდა შეუძლია. ტანსაცმლის მეშვეობით ჰაერის გაწმენდის კონცეფცია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას მოდის ინდუსტრიაში. ეკოლოგიაზე ორიენტირებული ბრენდი ,,ეკოვერი’’ უკვე ჩართულია მსგავს პროექტებში.

წყლის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ეკოხელოვნება

მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს შორის დღემდე ერთ–ერთი წამყვანი წყლის დაბინძურების პრობლემაა. რეაგირებს თუ არა XXI საუკუნეში მოღვაწე გარემოს ხელოვანი ამ მხრივ და თუ კი, როგორ? ეკო–სკულპტორების სთესი ლევის და ჯეკი ბრუკნერის შემოქმედება სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხმიანება.

ამერიკელი ეკო–ხელოვანი, სთესი ლევი ყურადღებას იქცევს დაბადების თარიღიდან დაწყებული თავისი შემოქმედებითი ხედვით დამთავრებული. იგი დაიბადა 1960 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკაში გარემოს ხელოვნების ფორმირება დაიწყო. XXI საუკუნის დასაწყისიდან კი ეკო–ხელოვანმა თავად განახორციელა საინტერესო პროექტები, რომელთა უმეტესობა მის ირგვლივ არსებული ეკო–პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდა.

სთესი ლევის ინტერესის სფეროა ერთდროულად ხელოვნება და მეცნიერება. იგი მუშაობს ბუნებაში და თავისი ნამუშევრებით ასახავს გარემოში მიმდინარე ცვლილებებს. ამერიკელი ხელოვანის თითოეული ქმნილება გარკვეული ეკოლოგიური ისტორიის მატარებელია. ,,ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ბუნება მთავრდება იქ, სადაც იწყება ქალაქი, თუმცა ბუნებაში მიმდინარე პროცესებს ადგილი აქვს ქალაქებშიც. მე მინდა აღმოვაჩინო ქალაქში არსებული ბუნების იდეა და დავანახო ის ადამიანებს’’ – აღნიშნავს ეკო– სკულპტორი.

სთესი ლევი აქტიურად თანამშრომლობს ინჟინრებთან, არქიტექტორებთან, ლანდშაფტის დამგეგმავებთან, მეცნიერებთან, რომლებიც არიან ექსპერტები ბუნების სიღრმისეულად შესწავლის საკითხებში. ხელოვანი ცდილობს გვესაუბროს ბუნების ენით, დაინახოს და ჩვენც დაგვანახოს გარემოში მიმდინარე ხილული და უხილავი პროცესები.

სურ. 9 ,,სპირალური ვეთლენდი,’’ სთესი ლევი, 2013

ამერიკელი ეკო–ხელოვანი ყურადღებას ამახვილებს წყლის დაბინძურების საკითხებზე. მისი შემოქმედებიდან ერთი კონკრეტული ქმნილებაც ნათლად გვიჩვენებს განვითარების იმ ხაზს, რაც განიცადა გარემოს ხელოვნებამ 1960–70–იანი წლებიდან დღემდე. ამ მხრივ საინტერესოა სთესი ლევის 2013 წლის ნამუშევარი ,,სპირალური ვეთლენდი,’’ რომელიც სკულპტორმა რობერტ სმითსონის ,,სპირალური ჯეთის’’ შთაგონებით შექმნა. იგი იმეორებს მისი წინამორბედის ფორმას, მაგრამ მისგან განსხვავდება არსობრივად. კერძოდ, თუ რობერტ სმითსონის ,,სპირალური ჯეთი’’ უბრალოდ ბუნებაში განთავსებული სანახაობრივი დატვირთვის მქონე ხელოვნების ნიმუშია, სთესი ლევის ,,სპირალური ვეთლენდი’’ წყლის დაბინძურებისაგან დაცვას ემსახურება.

Სურ. 10.

ადგილი, სადაც სთესი ლევიმ ,,სპირალური ვეთლენდი’’ განათავსა ფაიეტვილის ტბაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფაიეტვილში და გადაჭიმულია 134 აკრ სიგრძეზე. ქალაქის მცხოვრებლები აქტიურად იყენებენ ტბას სათევზაოდ, ნაოსნობისა თუ კაიაკით სეირნობისათვის. შესაბამისად, ფაიეტვილის ტბა დაბინძურების სერიოზული საფრთხის წინაშეა. ასევე წვიმა, რომელიც მოედინება რეცხავს ახლომდებარე ფერმის მინდვრებს და საბოლოოდ ფოსფორის სასუქებითა და ნიტროგენით დაბინძურებული ტბაში ჩაედინება. აღნიშნული ქიმიკატების მოქმედებით ხდება ტბების ეუტრიფიკაცია. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები, საჭიროა შევამციროთ ან საერთოდ გავაქროთ ნიტროგენის და ფოსფორის წყაროები, რომელიც მიწიდან ტბებში ჩაედინება. სწორედ ამას ემსახურება სთესი ლევის ქმნილება.

სურ. 11 ,,ფარდა,’’ სთესი ლევი, 2012.

,,სპირალურ ვეთლენდს’’ ფაიეტვილის ტბაზე გამართული ატმოსფეროს ფესტივალიც შეიძლება ვუწოდოთ. სპირალი შექმნილია ადგილობრივი ლელიანით, მცენარეებით, რომლებიც ტბის ფსკერზე იზრდება. ისინი ისეთი ბიოლოგიური ელემენტების გადამუშავებას უწყობენ ხელს, როგორიცაა ნიტროგენი და ფოსფორი, ხოლო მათი ჩრდილი თევზის საცხოვრებელს ქმნის. ,,სპირალური ჭაობები’’ ტბის ზედაპირზე მოძრაობენ და მას დამაბინძურებელი ბიოლოგიური ელემენტებისაგან წმენდენ. მათ დღეს მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ. გარდა ამისა, ,,მოარული ჭაობები’’ წარმოადგენენ სხვადასხვა მიკროორგანიზმებისა და ცხოველებისათვის ახალ საცხოვრებელ გარემოს. ,,ჩვენ ვმკურნალობთ წყალს და ამ პროცესს ვაჩვენებთ. წყლის მკურნალობის პროცესი ნათლად ჩანს თუნდაც წყლის ფერის ცვლილებაში’ – აცხადებს ეკო–ხელოვანი.

სურ. 12.

იგივე თემატიკაზე მუშაობდა სთესი ლევის წინამორბედი ამერიკელი ეკო–ხელოვანი, ჯეკი ბრუკნერი (1945–2015). იგი თავისი მოღვაწეობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ეკოლოგებთან, არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, სიღრმისეულად სწავლობდა ბუნებათმცოდნეობას და ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც გათვლილი იყო მდინარეებზე, პარკებზე, ტბებზე, ჭაობებზე.

სურ. 13 ‘’Prima Lingua,’’ ჯეკი ბრუკნერი, 2001

ჯეკი ბრუკნერის შემოქმედებიდან აღსანიშავია მისი ე.წ. ,,ბიოსკულპტურების’’ სერია და ინსტალაციები, რომლებსაც ხელოვანი ჯერ კიდევ 1980–90–იანი წლებიდან აქტიურად ახორციელებდა. ჯეკი ბრუკნერი ბიოსკულპტურების ძირითად ფორმებად ირჩევს ადამიანის სხეულს, მის ორგანოებს. მაგალითად მისი პირველი ბიოსკულპტურა – ,,Prima Lingua’’ (1995) – იყო ადამიანის ენა. ასევე აღსანიშნავია სკულპტურა, სახელად ,,წყლის საჩუქარი’’ (2001), რომელიც ეკო–ხელოვანმა განათავსა გროსენჰაინის (გერმანია) ერთ–ერთ ტბაში. ის წარმოადგენს ადამიანის ხავსით დაფარულ ხელის მტევნებს.

სურ. 14 ,,წყლის საჩუქარი,’’ ჯეკი ბრუკნერი, 2001

ბრუკნერის ბიოსკულპტურები წყლის გამწმენდ ცოცხალ სისტემებს ქმნიან. ქანდაკებები ახდენენ ესთეტიურ, კონცეპტუალურ და ეკოლოგიურ ფუნქციათა ერთიანობის სიმბოლიზაციას. ეს ნაძერწი ჭაობიანი ეკოსისტემები შექმნილია ხავსითა და მცენარეებით, რომლებიც იზრდება ქვებსა და ბეტონის ზედაპირებზე, ხოლო წყალში, რომლის ფილტრაციასაც ისინი ახდენენ, ბინადრობენ თევზები, ლოკოკინები, მცენარეები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. შესაბამისად, წყლის ფილტრაციასთან ერთად ბრუკნერის ბიოსკულპტურები ითავსებენ წყლის ეკოსისტემების დაცვის ფუნქციასაც.

შედარება თვალსაჩინოებისთვის:

დასკვნა

ნაშრომში მოყვანილი მაგალითების განხილვისა და ანალიზის შედეგად, კარგად ჩანს, თუ როგორ აისახება ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაში ეპოქალური ცვლილებები და  ნათლად იკვეთება განვითარების ის ხაზი, რასაც გადის გარემოს ხელოვნება 1960–იანი წლებიდან დაწყებული დღემდე ანუ საკითხის დასმიდან უკვე რეალურად არსებული  პრობლემის გადაჭრამდე. პრობლემა დასმულია ჯერ კიდევ 1960 წელს, მაშინ როდესაც ხელოვანი გადავიდა გალერეის თეთრი კედლებიდან ბუნებაში. მაგრამ ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ 1960 წლის შემდეგ 55 წლის განმავლობაში ხელოვანი მხოლოდ საკითხის დასმით არ შემოიფარგლა, მისი შემოქმედება განვითარდა და ეპოქალური მოთხოვნების შესაბამისად გადავიდა ე.წ. აქტიურ ფაზაში, შეიცვალა ფორმა და არსი.

XXI საუკუნეში მოღვაწე გარემოს ხელოვანი ეძიებს და პოულობს ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის გზებს. განვითარების ეს ხაზი ნათლად ჩანს რობერტ სმითსონისა (1970) და 30 წლის შემდეგ მოღვაწე ეკო–ხელოვანის, სთესი ლევის შემოქმედების ერთი კონკრეტული ნიმუშის განხილვის    მაგალითზე.    კერძოდ,    სმითსონის    ,,სპირალური    ჯეთისა’’    და    სთესი  ლევის ,,სპირალური ვეთლენდის’’ შედარებისას აშკარაა არსობრივი სხვაობა ხელოვნების ამ ორ ნიმუშს შორის. ,,სპირალური ჯეთი’’ შექმნილია, როგორც ბუნებაში განთავსებული ხელოვნების ნიმუში, რომელსაც   მხოლოდ   სანახაობრივი ფუნქცია   გააჩნია,   ხოლო 43 წლის შემდეგ სმითსონის ნამუშევრით  შთაგონებული სთესი ლევის მიერ შექმნილი ,,სპირალური ვეთლენდი,’’ იმეორებს მისი წინამორბედის ფორმას (სპირალი), მაგრამ მისგან განსხვავებით არ არის  უფუნქციოდ განთავსებული გარემოში. ის რეალურად ემსახურება წყლის დაბინძურებისაგან დაცვას და, იმავდროულად, წყალქვეშა ბინადართათვის ქმნის საცოცხლო მნიშვნელობის საარსებო გარემოს.

ჩვენს მიერ განხილული ხელოვანების შემოქმედება გვიჩვენებს თუ რა დიდი ინტერესით ეკიდება დღეს ეკო-ხელოვანი ბუნებას და მასში მიმდინარე პროცესებს. ეს თავისთავად მიუთითებს მათ გონიერებაზე, მათ დახვეწილ ხედვაზე და წინ წასულ ცნობიერებაზე. ისინი რეალურად აფასებენ გარემოში არსებულ ვითარებას, ხედავენ იმ აშკარა პრობლემებს, რაც ასე მძაფრადაა გამოხატული მსოფლიო მასშტაბით, აანალიზებენ მათ მნიშვნელობას და აქტიურად ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ეკო-არტის რეალიზაციისა და ამით ეკო-პრობლემების გადაჭრის საქმეში.

თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სხვაგვრად წარმოუდგენელია. ადამიანები ხომ ბუნების ნაწილი ვართ, ჩვენი ურთიერთობაც ბუნებასთან სამყაროს არსებობის დღიდან იწყება. ხელოვანი ადამიანისათვის ბუნება ყოველთვის შთაგონების ის შეუცვლელი წყარო იყო, არის და იქნება, რომელიც მის შემოქმედებას უსაზღვროდ შთამბეჭდავს და უკიდეგანოს ხდის. ხელოვნების კონტექსტში ჩვენს ირგვლივ არსებული ეკოლოგიური პრობლემების გააზრება კი, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია ბუნების კონსერვაციის მიმართულებით.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე:

თამარ გველესიანი

თამარ გველესიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. ამასთან, 2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 2017 წლიდან კი ირიცხება ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami