საქართველოს ენგურჰესი

ისევ საქართველოს მდგრადი ელექტროენერგეტიკული პოლიტიკისათვის

შენიშვნები ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებულ გეგმის (NECP) პროექტთან დაკავშირებით

  1. რატომ არის ამდენი შეჩერებული და პრობლემატური ჰიდროენერგოპროექტი საქართველოში?
  2. რატომ არის საქართველოს ელექროენერგოპოლიტიკა არასწორი?
  3. როგორია საქართველოს „დათვლილი“ და  რეალური ანუ მდგრადი ჰიდროენერგოპოტენციალი?
  4. როგორ უნდა შეფასდეს და განხორციელდეს (ან არ განხორციელდეს) ჰიდროენერგოპროექტი?
  5. როგორი უნდა იყოს სწორი ელექტროენერგეტიკული პოლიტიკა?

ბოლო წლებში საქართველოში ფიქსირდება ბევრი პრობლემატური-შეჩერებული, შეწყვეტილი,  ვერდაწყებული, დაუმთავრებელი, დამთავრებული, მაგრამ ბოლომდე ვერდატვირთული ჰიდროენერგოპროექტი. ამის მაგალითებია: ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, სადგურები და პროექტები დარიალისა და პანკისის ხეობებში, სვანეთში, რაჭასა და აჭარაში… პროექტებს წინააღმდეგობა და პრობლემები ხვდებათ როგორც ადრეულ მოსამზადებელ, ისე მოსამზადებელ, მშენებლობისა და ექპლოატაციის სტადიებზე. აშკარად ხდება საზოგადოების (ადგილობრივი მოსახლეობა, სამოქალაქო და სპეციალისტთა ჯგუფები), როგორც „სტეიკჰოლდერების“ ინტერესებისა  და აზრის უგულებელყოფა.  მთავრობა და პროექტის განმახორციელებლები ხშირად განსხვავებული აზრისა და ინტერესების მქონე ჯგუფებს მიკერძოებულ და გარე-მტრული ძალების აგენტებათაც კი ნათლავენ. სინამდვილეში კი, ჩვენი ღრმა რწმენით, პრობლემების მიზეზთა სათავეშია მცდარი ელექტროენერგოსტრატეგია და დაგეგმვა, ამის შემდგომ კი არასწორი იმპლემენტაცია.

საქართველოს ელექტროენერგოპოლიტიკა ემყარება ერთ ფუნდამენტურად მცდარ დებულებას-თითქოს საქართველოს აქვს უხვი აუთვისებელი წყლის ენერგორესურსი, ანუ დიდი პოტენციური ჰიდეროელექტრონერგია. ზოგიერთი (მ.შ. საბჭოთა პერიოდის) გათვლებით ეს რესურსი შეადგენს 80 მილიარდ კილოვატსაათზე მეტ ელექტროენერგიას წლიურად, ზოგიერთით 50, სხვებით 30-ს… აქედან გამომდინარე ისახება მცდარი მიზანი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ჰიდროელექტროენერგიით არათუ სრულ დაკმაყოფილებას, არამედ ასეთი „მწვანე“ ენერგიის მნიშვნელოვან საექსპორტო საქონლად წარმოებასაც. ასეთი „გეგმებს“ განსაკუთრებულ პრიორიტეტად სახავდა წინა ხელისუფლება,  თუმცა არც ახალ ხელისუფლებას შეუცვლია  კურსი არსებითად.

რაში მდგომარეობს ჰიდროენერგოპოტენციალის შეფასების მცდარობა? საქმე იმაშია, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ელექტროენერგიის პოტენციური გამომუშავების შეფასება იფარგლებოდა მდინარეების გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური რეჟიმების ტექნიკური ასპექტებით და მხოლოდ ნაწილობრივ მიიღებოდა მხედველობაში ეკონომიკური შეზღუდვები ამ ტერმინის ვიწრო- უპირატესად მონეტარულ-ფულადი გაგებით.  ეკოლოგიურ-სოციალური ხარჯები და სხვა თანმდევი შედეგები ე.წ. ექსტერნალიები (externalities) ­კი  პრაქტიკულად იგნორირებული იყო. ეს მიდგომა დღემდე არსებითად არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულია გარკვეული ნორმები და პროცედურები ამ მიმართულებით.1

შევეხოთ დოკუმენტს, რომელზეც ოფიციალურად მიგვითითებენ2, როგორც საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შეფასება-გაანგარიშების ერთ-ერთ მთავარ გამოკვლევას და შესაბამისად ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის საფუძველს. აქვე ავღნიშნოთ, რომ ჩვენი კრიტიკის საგანი თავად ეს გამოკვლევა კი არ არის, არამედ ის მცდარი ინტერპრეტაციაა, რომელიც  მთავრობის ელექტროენერგეტიკის სტრატეგიას განსაზღვრავს (რაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ინტეგრირებული გეგმისა-NECP).

ანგარიში „ჰიდრო ენერგიის პოტენციალი საქართველოში“ შემუშავდა საქართველოს ენერგეტის სამინისტროს, საქართველოს გარემოსდაცვითი ეროვნული სააგენტოს და  ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) თანამშრომლობით 2016 წელს, გამოქვეყნდა 2021 წელს. როგორც ანგარიშის წინათქმაშივეა აღნიშნული,  ეს ანალიზი მიზნად ისახავს გამოყენებულ იქნას, როგორც საწყისი წერტილი უფრო დეტალური ლოკალური შესწავლებისათვის, რათა იდენტიფიცირებულ იქნას დასაშვები  ( feasible) პროექტები.

ეს ანგარიში წარმოადგენს გეოგრაფიული საინფომაციო სისტემის (GIS) საფუძველზე გაკეთებულ ანალიზს, რომლის მეშვეობითაც დათვლილია საქართველოში არსებული თეორიული ტექნიკურ-ეკომომიკური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი.  ანალიზის დროს გამოყენებულია გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული ე.წ. სიმაღლის ციფრული მოდელი (Digital Elevation Model ASTER), ჰიდროლოგიური ჩამონადენის რუკა და ტექნიკურ-ეკონომიკური ხარჯების ბაზა (cost base) არანაკლებ 13 მეგაგავატ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისთვის .

პოტენციური პროექტების იდენტიფიცირება მოხდა გარკვეული ალგორითმით, სამ ეტაპად, საქართველოს ყველა მდინარისათვის 14 ზონაში, აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიების ჩათვლით.

ანგარიშის მიხედვით, პირველ ეტაპზე გათვლებმა გამოავლინა 9939 „პოტენციური პროექტი“. იმ დაშვებით, თუ იდენტიფიცირებული პოტენციური ელექტროსადგურები გამოიყენებდნენ წყლის მთელ შემონადენს, ისინი შეძლებდნენ ეწარმოებიათ 84 ტერავატსაათი (მილიარდი კილოვატსაათი) ელექტროენერგია წლიურად.

ეკონომიკურად დასაშვები პროექტები დაადგინეს ზემოთაღნიშნული ხარჯების ბაზისა  და წყლის მოდინებისა და ეფექტიანობის დანაკარგების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ დასაშვები ელექტროსადგურის მშენებლობის ხარჯი წლიურად წარმოებულ 1 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე არ უნდა აღემატებოდეს 0.35 $ (მშენებლობისა და ტექნიკის 2016 წლის ფასებით). ასეთი პროექტების ჯამურმა პოტენციალმა კი შეადგინა 56 ტერავასაათი წელიწადში.3

შემდგომი ფილტრაციის შედეგად, მესამე ეტაპზე, გამორიცხეს  უკვე ათვისებული პოტენციალი და ის პოტენციალი, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. შედეგად, საბოლოოდ დარჩა 2286 პროექტი, ჯამურად წლიური 30 ტერავატსაათი ელექტროენერგიის პოტენციალით. აღსანიშნავია, რომ ამ 30 ტერავატსააში შედის აფხაზეთის 10,3  და შიდა ქართლის 0,6 ტერავატსაათი პოტენციალი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კვლევა მიზნად ისახავდა ქვეყნის თეორიული ჰიდროენერგოპოტენციალის დადგენას და გარკვეულ საფუძველს პოლიტიკური თუ საინვესტიციო გადაწყვეტილებისათვის. ისმის კითხები: 1. რა პოლიტიკური(policy) დასკვნების საშუალებას იძლევა აღნიშნული ანგარიში და 2.როგორ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

პირველ საკითხთან დაკავშირებით ნათლად ჩანს, რომ ამ ეტაპზე საქართვველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული თეორიული ჰიდროენერგოპოტენციალი ნაკლებია წლიურად 20 ტერავატსაათ ელექტროენერგიაზე, რაც შეიძლება მხოლოდ ორჯერ მეტი იყოს ათვისებულ პოტენციალზე და არა 5-ჯერ მეტი ( „ათვისებულია პოტენციალის 20 პროცენტზე ნაკლები“, როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ ჰიდროენერგიაზე მაქსიმალური ორიენტაციის პოლიტიკის მომხრეები).

რაც შეეხება მეორე საკითხს, კონკრეტული პროექტების რეალიზაციის საკითხები უნდა გადაწყდეს ელექტროენერგეტიკის განვითარების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მდინარეთა აუზების მართვის პრინციპების გათვალისწინებით, ასევე ზემოთნახსენები გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობის დაცვით. გარდა ამისა, თუ გვინდა რომ ჰიდროენერგეტიკის დარგი ვითარდებოდეს თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებით, რაც იმასაც გულისხმობს რომ ასეთი მიდგომით პროექტების განხორციელებას ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება, განვიხილოთ უახლესი მეთოდოლოგია, რომელიც რეკომენდირებულია ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) მიერ და გამოიყენება მსოფლიო პრაქტიკაში.

ჰიდროენერგიის მდგრადობის სახელმძღვანელო წესები კარგ სართაშორისო დარგობრივ პრაქტიკაზე დაყრდნობით (The Hydropower Sustainability Guidelines on Good International Industry Practice (HGIIP))  მიღებულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მრავალწლიანი განხილვების შედეგად ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის შეფასების საბჭოს (HSAC) მიერ 2018 წლის დეკემბერში. ის წაარმოადგენს ნორმატიულ დოკუმენტს, რომელმაც უნდა განსაზღვროს და გაზომოს მდგრადობა პრაქტიკაში ჰიდროენერგეტიკული სექტორის პროექტებისათვის.

სახელმძღვანელო წესები (gidelines) შემუშავდა იმ პროცესებისა და შედეგების განსაზღვრისათვის, რამაც უნდა უზრუნველყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების მომზადების, დანერგვისა და ოპერირების სტადიებზე მდგრადობის საკითხების  შესაბამისობა სასაუკეთესო საეთაშორისო პრაქტიკასთან. წესებით შეიძლება იხელმძრვანელოს და გამოიყენოს მრავალმა დაინტერესებულმა მხარემ (stakeholders)-ინვესტორებმა, პროექტანტებმა, დამფინანსებლებმა, მთავრობამ, არასამთავრობო და აკადემიურმა ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, ადგილობრივმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, როგორც დამოუკიდებლად ისე ურთიერთთანამშრომლობის პროცესის სახით.

წესები ე.წ. კარგ პრაქტიკას განსაზღვრავს ექვსი კრიტერიუმის შესაბამისად: 1. პროექტის შეფასება; 2.მენეჯმენტი; 3.დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; 4.დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერა; 5.შესაბამისობა/დაკმაყოფილება; 6. შედეგები. წესებში  განივრცობა და ამ კრიტერიუმებით ფასდება ის დებულებები, რომლებიც მოცემულია ორ ურთიერთშემავსებელ ე.წ. შემფასებელ იარაღში (დამოუკიდებელ დოკუმენტში):

  1. ჰიდროენერგიის მდგრადობის შეფასების პროტოკოლი (HSAP) და
  2. ჰიდროენერგიის მდგრადობის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ნაკლულობის ანალიზის იარაღი (HESG).

წესებში დეტალურადაა ახსნილი  დებულებების მოთხოვნები, რათა მიღწეულ იქნას კარგი პრაქტიკა ზემოხსენებული კრიტერიუმების თვალსაზრისით. წესები მოიცავს 26 თემატურ თავს და ზომავს კარგი პრაქტიკის  მიღწევას მეტნაკებობით. სახელმძღვანელო წესების 26 თავი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

კომუნიკაციები და კონსულტაცია; მმართველობა; გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხთა მენეჯმენტი; ჰიდროლოგიური რესურსი; იმფრასტრუქტურის უსაფრთხოება; ფინანსური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა (ცალ-ცალკე); პროექტის გავლენა თემებსა და ცოცხალ გარემოზე; კულტურული მემკვიდრეობა; გადასახლება; ჯანდაცვა; ეროზია და ჩამონატანი; რეზერვუარის მენეჯმენტი; წყლის ხარისხი; კლიმატური ცვლილება და სხვ.  

მაგალითად, ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად სახელმძღვანელო წესების რეკომენდაციაა გამოყებულ იქნას საერთაშორისო პრაქტიკაში კარგად ცნობილი და გამოცდილი ე.წ. ხარჯ-სარგებლის ანალიზი (CBA) და აღწერს მის მეთოდოლოგიას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ანალიზის ჩატარება სავალდებულოა ზემოაღნიშნული ქართული კანონმდებლობითაც, თუმცა პრაქტიკულად ის არ გამოიყენება.

მოკლედ რომ ვთქვათ, სახემძღვანელო წესები გვთავაზობს ორ  იარაღს: 1.პროტოკოლს(HSAP), რომელსაც გავყავათ პლათფორმაზე, საიდანაც უნდა გამჟღავნდეს პროექტის მდგრადობის პროფილი და 2.ნაკლულობის ანალიზს (HESG), რომელიც შესაძლებლობას აძლევს პროექტის ინვესტორებს და პროპონენტებს განსაზღვრონ და აღმოფხვრან (შესაბამისი სამოქმედო გეგმით) ის ნაკლულობები (gaps), რომლებიც ახასიათებს განსახილველ პროექტს კარგი საერთაშორისო პრაქტიკის თვალსაზრისით.

რაც შეეხება სწორ ელექტროენერგოპოლიტიკას, ის უნდა გაიაზრებოდეს და გადაწდეს მთელი ენერგოსისტემის კონტექსტში, ენერგეტიკის სხვა დარგების-ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების, განახლებადი წყაროების ( წყალი, მზე, ქარი, ბიოსაწვავი, და სხვ.) – მათი ურთიერთშემცვლელობისა და კომბინირების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი მიდგომით მუშავდება  ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NESP), რომელიც ევროპის ენერგოგაერთიანების მეთოდოლოგიითა და ჩართულობით ხორციელდება.

სამწუხაროდ, როგორც ამ გეგმის პროექტის განხილვებმა გვაჩვენა, გრძელდება მრავალჯერ გაკრიტიკებული, ჰიდრორესურსებზე მძიმედ დამოკიდებული ელექტროენერგოპოლიტიკა4, რაც ვერ აგვარიდებს განვითარების ზემოთაღნიშნულ პრობლემებს. უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების (TIMES მოდელი, პროგრამა PLEXOS და სხვ.) გამოყენებით მართალია მიიღწევა დაგეგმვის კომპლექსურობა, მოთხოვნა-მიწოდების დროში დაბალანსება, მრავალსცენარიანობა და სხვ., თავისთავად ეს მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მდგრადობის პრინციპების დაცვას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდელირების შედეგები (outputs) ეფუძნება დამგეგმავების მიერ გამოყენებულ საწყის ინფორმაციას (inputs, მ.შ. კონკრეტული პროექტების პარამეტრების სახით). სწორედ ამ, შემავალი ინფორმაციის შინაარსზეა დამოკიდებული მიღებული შეეგების ხარისხი.

ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე (2030 წლამდე) აქცენტი უნდა გაკეთდეს:

  • მზის და ქარის ელექტროსადგურებზე (არსებული ოფიციალური გათვლებით ამ პეიოდში ჩვენს ქსელს შეუძლია მინიმუმ 1270 მეგავატი სიმძლავრის ინტეგრირება);
  • ბუნებრივ გაზზე მომუშავე თანამედროვე კომბინირებული ციკლის ე.წ. საბაზისო ელექტროსადგურებზე (მინიმუმ  550 მეგავატ საერთო სიმძლავრით);
  • ენერგოეფექტიანობის ამაღლებაზე (ენერგოინტენსივობა  1,5-ჯერ მეტია ევროკავშირის საშუალოსთან შედარებით); 
  • ენეგობაზრების (ყველა სექტორში) რეფორმირება-მოდერნიზებაზე; -ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულობაზე;
  • ელექტროგადამცემი ქსელის იმფრასტრუქტურის გამართულობაზე (მ.შ. სასაზღვრო და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქრთველოს დამაკავშირებელ ხაზზე);
  • კვლევებისა და ინოვაციების სტიმულირებაზე; 
  • იმპორტი დივერსიფიცირებაზე და შემცირებაზე (ვთქვათ, მოხმარების 5%-ის ფარგლებში ნეტო იმპორტი 2030 წლისათვის).

რა თქმა უნდა, აღნიშნული პრიორიტეტები არ გამორიცხავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, განსაკუთრებით ელექტროსისტემისათვის მათი სპეციფიკური ტექნიკური მნიშვნელობის (მასტაბილურებელი ფუნქცია, მოქნილობა) გამო და არა მხოლოდ ბიზნეს ინტერესებისათვის. თუმცა, ჰიდრორესურსების ათვისება უნდა ხდებოდეს მდგრადობის ფარგლებში, მხოლოდ იმ პირობებით, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

სქოლიო

  1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი (2017), მთავრობის დადგენილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემუშავებისა და განხორციელების წესის შესახებ (2018), წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონპროექტი (2021) და სხვ.
  2. იხ. ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის (NECP) პროექტის საჯარო განხილვის-ვებინარ-დისკუსიების ჩანაწერები, რომელიც იმართებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეზენტაციებითა და ევროპის ენერგოგაერთიანების სამდივნოს მონაწილეობით 2021-22 წწ ოქტომბერ-აპრილში.
  3. საინტერესოა შევნიშნოთ, რომ მაგალითად 280-მეგავატიანი “ნენსკრაჰესის” პროექტის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, ანუ 0,83 $ საინვესტიციო ხარჯი კილოვატსაათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთაღნიშნული კრიტერიუმით პროექტი არავალიდურია. ამასთან, სახელმწიფოსთან გაფორმებული ენერგიის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, სახელმწიფო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) გარანტირებულად შეიძენს.
  4. ამჟამად საქართველოში მოხმარებული ელქტროენერგიის 70%-მდე ჰიდროელექტროსადგურებიდან მოგვეწოდება, ევროკავშირში კი 2020 წ. წარმოებული ელექროენერგიის მხოლოდ 13,5% იყო ჰიდროელექტროენერგია.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ნამახვანის კასკადი – ყოვლად არამდგრადი პროექტი

დავით ადეიშვილი

დავით ადეიშვილი

დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით მდგრად განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.