შეცვალე მიზანი – 1/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში „დონატის ეკონომიკა“ საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან პირველია: „შეცვალე მიზანი“.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“მე-20 საუკუნეში ეკონომიკამ დაკარგა თავისი რეალური მიზანი და დაისახა არასწორი ამოცანა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა. ეკონომიკის ამგვარმა განვითარებამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო საზოგადოებაში დიდი უთანასწორობის ჩამოყალიბებას და, მეორე მხრივ, ერთგვარი დამხმარე როლი შეასრულა ეკოლოგიური კატასტროფის ფორმირების კუთხით.

XXI საუკუნე, მეოცესგან განსხვავებით, პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ნაცვლად ამისა, ორიენტირებულია ჩვენი პლანეტის შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროა მოვექცეთ კაცობრიობისთვის უსაფრთხო სივრცეში – „დონატში“. ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული გამოწვევაა ეკონომიკისთვის, რადგან დღეს მილიარდობით ადამიანი ვერ იკმაყოფილებს საკუთარ  ყოველდღიურ საბაზისო მოთხოვნილებებს, ისეთს, როგორიცაა საკვების, საცხოვრებელი სახლის ქონა. ამას გარდა, კვლავ ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება.

იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვენ, ყველამ ერთად, გადავაჭარბეთ დედამიწის ყველაზე კრიტიკულ და სიცოცხლისთვის აუცილებელ სისტემის ბიოტევადობას, ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სულ უფრო რთული ხდება. აღნიშნულს თან ერთვის კლიმატის ცვლილება, რაც, თავის მხრივ,  ბიომრავალფეროვნების შემცირების საწინდარია.

ამდენად, თუ გვსურს, რომ ეკონომიკამ გააგრძელოს ეფექტიანი სვლა დასახული მიზნისკენ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა პასუხისმგებლობა გვეკისრება და რა შედეგების მომტანი იქნება ჩვენიქმედებები გრძელვადიან პერსპექტივაში. მომავალი 50 წელი გარდამტეხი იქნება კაცობრიობის ისტორიაში და ამ პერიოდის შედეგებს დედამიწა შემდეგი 10 000 წლის განმავლობაში  მოიმკის.

ეკონომიკის ახალი მიზნისკენ სწრაფვას, უპირველესად, ახლებური აზროვნება სჭირდება, რომელიც მიმართული იქნება არა „უკიდეგანო ზრდისკენ“, არამედ ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და ბალანსის მიღწევისკენ. ახალი მიზნის შემდეგ, ახალი ეკონომიკური აზროვნება მეორე საკვანძო საკითხია, რომელიც შემდეგ სტატიებში იქნება დეტალურად განხილული.


შეცვალე მიზანი 7-იდან პირველი პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: www.kateraworth.com.

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *