მშპ

მშპ-ს ენერგოინტენსივობის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში

მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის მესამე მაჩვენებელი (SDG 7.3.1) დაკავშირებულია ენერგოინტენსივობასთან, რომელიც იზომება პირველადი ენერგიისა და მშპ-ის მიხედვით (Ritchie, Roser, Mispy & Ortiz-Ospina, 2018). უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გლობალური ენერგოინტენსივობის კლების ტენდენცია შეინიშნება. 2017 წელს ენერგოინტენსივობამ 1.7%-ით, ხოლო 2018 წელს 1.2%-ით იკლო. აღსანიშნავია, რომ ორივე მაჩვენებელი ჩამორჩება მდგრადი განვითარების 7.3 მიზნის დადგენილებას, რომლის თანახმადაც 2030 წლის გეგმის შესასრულებლად საჭიროა საშუალო წლიური ენერგიის ინტენსივობის გაუმჯობესება არანკლებ 2.6%-ით (IEA, 2020a). მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარების ეს მიზანი გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, იმისათვის, რომ შევაფასოთ კონკრეტულად საქართველოს და მისი მეზობელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ განვლილი გზა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, საჭიროა მასშტაბი გლობალური დონიდან რეგიონულ დონემდე შევამციროთ და პრობლემასაც სწორედ ამ ვიწრო ჭრილში შევხედოთ. მანამდე კი, საჭიროებისამებრ, წარმოდგენა შევიქმნათ ენერგოინტენსივობის ზოგად იდეაზე და გავარკვიოთ რას ვგულისხმობთ, როდესაც ამ მაჩვენებელზე ვსაუბრობთ.

ენერგოინტენსივობის განმარტება:

მთლიანი შიდა პროდუქტის ენერგოინტენსივობა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. რიცხვითი მნიშვნელობა ტრადიციულად გამოითვლება ენერგიის მოხმარების (ან მიწოდების) შეფარდებით ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (ფორმულა 1), რაც საბოლოოდ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გარდაქმნის ეკონომიკა ენერგიას მონეტარულ მაჩვენებელში (Martinez, Ebenhack , & Wagner, 2019). ენერგოინტენსივობის ყველაზე გავრცელებული განზომილებებია ჯოული/აშშ დოლართან (Joules/US dollar) და ბრიტანული თერმული ერთეული/აშშ დოლართან (Btu/US dollar).

ენერგო-ინტენსივობა = (მთლიანი პირველადი ენერგიის მოხმარება)/(მთლიანი შიდა პროდუქტი) (1)

ინტუიციურად, როდესაც საქმე ეხება ენერგოინტენსივობას, სასურველი მიზანია დაბალი მაჩვენებლის მიღწევა. ენერგიის კლებადი ინტენსივობა ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი ერთეულის წარმოებისათვის უფრო და უფრო ნაკლები ენერგიის გამოყენებაა საჭირო, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებასთან ასოცირდება. აქვე უნდა აღინიშნოს შეზღუდვა, რომ ენერგიის ინტენსივობის დონე ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის არასრუყოფილი მიახლოებაა და მასზე გავლენა შეიძლება იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, რომლებიც ეფექტურობასთან კავშირში საერთოდ არ არიან (World Bank, 2015). ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან არ გავაიგივოთ. 

ენერგოინტენსივობის ტენდენციები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში 

ენერგოინტენსივობა ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. ენერგიის მოხმარება თავდაპირველად იზრდება მშპ-ის გაზრდის პარალელურად, მაგრამ ზღვრული ზრდა უფრო და უფრო მცრიდება სტრუქტურული ან ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად (კლებადი ზღვრული ზრდა). ეკონომიკა, რომელიც სოფლის მეურნეობაზეა დაფუძნებული, მცირე რაოდენობის ენერგიას მოიხმარს. ყველაზე ენერგოინტენსიური სფერო არის მრეწველობა, ხოლო მომსახურების სფერო ხასიათდება დაბალი ენერგოინტენსივობითა და მოსახლეობის ყველაზე მაღალი შემოსავლებით. 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის გარდამავალი ეკონომიკის, ქვეყნები ენერგოინტენსივობის მაღალი დონით და მუდმივად ცვალებადი ეკონომიკის სტრუქტურით გამოირჩევიან, რაც აისახება კიდეც მათი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტატუსზე. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის კლება ამ ქვეყნებში არათანაბარი ტემპებით ხასიათდებოდა და დღესდღეობითაც აღემატება დასავლეთ ევოპისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგოინტენსივობის მაჩვენებლებს.

გრაფიკი 1 ნათლად ასახავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ენერგოინტენსივობის ტენდენციებს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის განმავლობაში. სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ენერგოინტენსივობის ყველაზე დიდი ვარდნით გამოირჩევა სომხეთი (78%), შემდეგ აზერბაიჯანი (75%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს საქართველო (57%). სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოინტენსივობის დიდი პროცენტული ვარდნა დაკავშირებულია უკანასკნელ წლებში არასამრეწველო სფეროების განვითარებასთან (Cornillie & Fankhauser, 2002). რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ეკონომიკა ენერგოინტენსიურ წარმოებაზე არაა დაფუძნებული, კავკასიის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ენერგოინტენსივობის მაღალი მაჩვენებელი განპირობებული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის გაზრდის საჭიროებით (UNECE, 2018). 

90-იან წლებში ეკონომიკის ჩამოშლა სულაც არ აღმოჩნდა უკრაინის ენერგომოხმარებისათვის „სავალალო“ და პირიქით ენერგოინტენსივობის დონე თავდაპირველად გაიზარდა კიდევაც. კლების დიდი მასშტაბებით არც მოლოდვა გამოირჩეოდა (45%). როგორც უკრაინაში, ასევე, მოლდოვაში ენერგოინტენსივობის საბოლოო კლების ტენდენციის წარმოქმნა სტრუქტურულმა ცვლილებებმა და ტრანსპორტის განვითარებამ გამოიწვია (Cornillie & Fankhauser, 2002).

როგორც გრაფიკიდან ჩანს, გარდამავალი ქვეყნების ისტორიულად მაღალი ენერგოინტენსივობის მაჩვენებლები სხვა ინდუსტრიულ ეკონომიკებთან შედარებით მკვეთრი ვარდნით ხასიათდება, თუმცა მარტივი აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ საგრძნობლად აღემატება ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებს. ამ დასკვნიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ უახლოეს მომავალში უსაფუძვლო იქნება დონეების შერწყმის (Energy-intensity convergence) მოლოდინი, თუ ჩვენი და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ძალისხმევას არ გააორმაგებენ.

პირველადი ენერგია

საქართველო და ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია ყველაზე მეტად დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, რომელთა რიგითი წარმომადგენელია საქართველო. 

Fig. 1-მა ნათლად ასახა საქართველოს ენერგოინტენსივობის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენცია 2015 წლამდე, თუმცა  ეს პროგრესი 2015 წელს არ დასრულებულა, და შემდეგ წლებშიც, როგორც ენერგო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ასევე, უფრო მდგრად ენერგო სისტემებზე გადასვლის მიმართულებითაც მიაღწია წარმატებებს. ქვეყნის მიმდინარე რეფორმებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ელექტროენერგიის სფეროში კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და ენერგიის მიწოდებაც უფრო შეუფერხებელი გახდეს სეზონურობისდა მიუხედავად, რაც, როგორც ცნობილია, დიდ გავლენას ახდენს ცვალებად განახლებად ენერგიის წყაროებზე (Variable Renewable Energy Sources),  მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებზე.

ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ამ თემის განხილვისას უმნიშვნელოვანესი კითხვაა ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ენერგოინტენსივობის მაჩვენებლის შემცირებას და ყოველი ერთეული პროდუქციისა და მომსახურების შესაქმნელად უფრო და უფრო მცირე რაოდენობის ენერგიის გამოყენებას? ამ კითხვას კი, როგორც ყოველთვის, ნახშირბადის გამოყოფასთან და ზოგადად, ნახშირბადის დონის შემცირებასთან მივყავართ. ქვეყნის CO2-ის დონე დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება და ეკონომიკური განვითარების დონე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, აგრეთვე, ეკონომიკის ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი და ენერგიის მიწოდების ნახშირბად-ინტენსივობა. სამწუხაროდ, საქართველოში ეკონომიკური ზრდის სასურველ შედეგებს ნაწილობრივ აბალანსებს მოსახლეობის ნელი ზრდა და ეკონომიკის ენერგოინტენსივობის ჯერ კიდევ არასახარბიელო დონე. 

გრაფიკი 2  ნათლად ასახავს ენერგოინტენსივობის, პირველადი ენერგიის მოხმარებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების ერთმანეთთან დამოკიდებულებას, რაც ტექნიკურად უკვე ვაჩვენეთ 1-ლი ფორმულის გამოყენებით. 1992 წლიდან 2001 წლამდე ენერგოინტენსივობის დონე ყველაზე დიდი პროცენტით მცირდებოდა, რაც აიხსნება მკვეთრად კლებადი პირველადი ენერგიის მოხმარებით და ზრდადი მთლიანი შიდა პროდუქტით. დაახლოებით 2001 წლის შემდეგ, ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი სტაბილური, თუმცა მცირედი კლებადობის ტემპით ხასიათდებოდა, რაც განპირობებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტის პირველადი ენერგიის მოხმარებასთან შედარებით მაღალი ზრდის ტემპით. შესაბამისად, დასკვნის სახით შეიძლება განვაცხადოთ, რომ ენერგოინტენსივობის კლება ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტადაა განპირობებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით, ვიდრე მთლიანი გამოყენებული ენერგიის შემცირებით.

საქართველოს მშპ

ენერგო ინტენსივობის დონემ საქართველოში კვლავ გაუმჯობესება დაიწყო 2016 წლიდან, თუმცა რთულია იმის თქმა ეს ცვლილებები გამოწვეული იყო ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებით, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით, თუ შედარებით რბილი კლიმატით. დიაგნოზს ისიც ართულებს, რომ შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა ქვეყანაში შედარებით ახალი შემუშავებულია (IEA, 2020b).

რეკომენდაციები:

  • ამ გამამხნევებელი ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობამ უნდა დააჩქაროს სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების პროცესი.
  • იმისათვის, რომ ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი უფრო მეტი სიზუსტით გამოვითვალოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და ქვესექტორისათვის, საჭიროა ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარებისა და ეკონომიკური აქტივობების შესახებ მონაცემები უფრო მეტად დანაწევრებული და ხელმისაწვდომი იყოს.
  • სანდო მონაცემები არის მდგრადი სოციალური პოლიტიკის შემუშავების საფუძველი. მონაცემთა მაქსიმალური კონსოლიდაცია შესაძლებელს გახდის ძირითადი ხარვეზების იდენტიფიცირებას და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას (IEA, 2020a).
  • ენერგოინტენსივობის შემცირების კიდევ რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის, აღსანიშნავია: (1) ენერგიის მოპოვებისა და გარდაქმნის მოწინავე ტექნიკის გამოყენება, (2) მასალების წარმოების ეფექტურობის გაზრდა, ან (3) სხვა ქვეყნებათვის საშუალების მიცემა, აწარმოონ ენერგოინტენსიური პროდუქცია, რომლის იმპორტირებაც შემდგომში საქართველოს მიერ მოხდება (Martinez, Ebenhack , & Wagner, 2019).

სანამ დადებით პრაქტიკებს საფუძველი ჩაეყრება ან უკვე არსებულ პროგრესულ ტენდენციებს საფუძველი გაუმყარდება ჩვენს ქვეყანაში, მანამდე აღსანიშნავია ის იმედის მომცემი პოტენციალი, რაც საქართელოს ენერგეტიკის სფეროში გააჩნია. თუმცაღა, იმისათვის, რომ ამ სფეროში ახალი გამოწვევები ავითვისოთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ძველ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მთლიანი შიდა პროდუქტის ენერგოინტენსივობა შევამციროთ, ენერგოეფექტურობა კი გავზარდოთ ენერგიის მოპოვებისა და მიწოდებისას დანაკარგის შესამცირებლად.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Cornillie, J., & Fankhauser, S. (2002). The energy intensity of transition countries. European Bank for Reconstruction and Development Working Paper No. 7.
  2. EERE. (n.d.). Offices of Energy Efficiency and Renewable Energy: Energy Intensity Indicators. Retrieved from www.energy.gov: https://www.energy.gov/eere/analysis/energy-intensity-indicators
  3. IEA. (2020a). SDG7: Data and Projections, IEA, Paris. Retrieved from www.iea.org: https://www.iea.org/reports/sdg7-data-and-projections
  4. IEA. (2020b). Energy Policy Review: Georgia 2020. International Energy Agency & EU4Energy.
  5. Martinez, D., Ebenhack , B., & Wagner, T. (2019). Energy Efficiency. Elsevier Science.
  6. Ritchie, Roser, Mispy & Ortiz-Ospina. (2018). “Measuring progress towards the Sustainable Development Goals”. Retrieved from SDG-Tracker.org website: https://sdg-tracker.org/energy
  7. UNECE. (2018). Draft National Sustainable Energy Action Plan Georgia. UNECE .
  8. World Bank. (2015). World Bank Development Indicators. Retrieved from https://databank.worldbank.org: https://databank.worldbank.org/source/world-development-indicators?savedlg=1&l=en#

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

ანა ხუნდაძე

ანა ხუნდაძე არის სამი ევროპული უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროექტის კურსდამთავრებული საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. იგი ამჟამად მოხალისეობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც მუშაობენ მდგრადი განვითარების თემებზე. მას გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს თავისი კარიერა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ამავე სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *