კორონავირუსი კლიმატი

კლიმატის ცვლილება და Covid-19

ბოლო 50 წლის განმავლობაში განადგურდა ველური ბუნების 60%, ხოლო ბოლო 60 წლის განმავლობაში ახალი ინფექციური დაავადებების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. შემთხვევითი არ არის ის, რომ ეკოსისტემების განადგურებას უკავშირდება ასეთი ვირუსების ზრდა და კლიმატის ცვლილება. ხისტი კავშირი და ზემოქმედება როგორიცაა: ხეების ჩეხვა, გარეულ  ცხოველებზე ნადირობა, ქარხნების ფუნქციონირება, გარემოს დაბინძურება და ა.შ. ზრდის ადამიანებში დაავადებების გავრცელების რისკს. ვარაუდობენ, რომ Covid 19-ის გავრცელების პირველწყაროსაც უჰანის ეგზოტიკური ცხოველების ბაზრობაზე მივყავართ.

ბუნებრივ და ანთროპოგენულ გარემოზე ფოკუსირება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ საიდან იღებს სათავეს პანდემია, როგორ შეიძლება მოხდეს მისი პრევენცია და რა გავლენას ახდენს იგი მსოფლიო ეკოლოგიაზე.

უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე COVID-19 არის მდგრადობის და უსაფრთხოების კრიზისი. მდგრადობის სამი საყრდენი – გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა  არსებითად განსაზღვრავს „უსაფრთხოებას“.

ჩვენი ყურადღება შევაჩეროთ გარემოსდაცვით სტაბილურობაზე, რადგან  რიგმა შეზღუდვებმა, როგორიცაა: ქარხნების გაჩერება, ავტომობილებით გადაადგილების  აკრძალვა, მოგვცა დადებითი ეფექტი ჰაერის სისუფთავის მხრივ. მიუხედავად ასეთი ეფექტისა, გლობალური პანდემია ნამდვილად არ უნდა იქნას განხილული, როგორც გარემოსდაცვითი ცვლილებების განხორციელების გზა. გლობალური ემისიების რაოდენობა, რომელიც უკვე ატმოსფეროშია გაფანტული ძალიან ბევრია და ეს ხანმოკლე პროცესი მხოლოდ შეანელებს კლიმატის ცვლილებას. ეს უნდა იყოს  ბიძგი, რათა პანდემიის შემდეგ შევინარჩუნოთ იგივე ეკოლოგიური მაჩვენებლები  და მივცეთ მას გრძელვადიანი ხასიათი.

Covid-19-ის გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე

გლობალური ემისიების 24%-ს ტრანსპორტზე მოდის და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ვირუსის მიმართ. ჩინეთში SARS-ის გავრცელების დროს, UCLA-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ SARS-ით დაავადებული პაციენტების 2/3-ს დაავადება უმწვავდებოდა, რადგან ისინი მაღალი დაბინძურების რეგიონიდან იყვნენ. SARS-ი არის ზოონტიკური წარმოშობის ვირუსული რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოჩნდა 2000-იანი წლების დასაწყისში.

თბილისში ჰაერის დაბინძურების ამჟამინდელი შემცირება პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების შემდეგ დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების რაოდენობა ბოლო დროს 45%-ით შემცირდა. იმისათვის, რომ ადვილი აღსაქმელი იყოს განსხვავება, წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 აპრილის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც: მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.5-ჯერ, ქუთაისში 2.1-ჯერ და ბათუმში 1.6-ჯერ. PM (Particulate Matter) არის ჭვარტლის, კვამლის, ლითონის, ნიტრატების, სულფატების, მტვრის, წყლის, რეზინის და სხვა ნივთიერებების კომპლექსური ნარევი. 2020 წლის 17 აპრილის მონაცემებით კი  PM 2.5-ის კონცენტრატები თბილისში შეადგენდა 002-ს. ეს საკმაოდ  კარგი მაჩვენებელია.

ინტერნეტსივრცეში მოქალაქეები აქტიურად ავრცელებენ ფოტო მასალას პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. ერთ-ერთი მაგალითია ეს კოლაჟი, რომელიც ნათელს ხდის ცვლილებას.

Წყარო:ჩემი ქალაქი მკლავს.
ჰაერის დაბინძურება თბილისში: 2018-20 წწ.; თებერვლიდან-მარტამდე;

მსგავსი ტრენდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეინიშნება. იტალიის საკარანტინო პერიოდის განმავლობაში,  სატელიტის მონაცემებმა აჩვენა აზოტის დიოქსიდის ემისიის შემცირება ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში; ვენეციის წყლის გზები უფრო სუფთაა, რადგან ტურისტული გემები მკვეთრად შემცირდა; ინდოეთში დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის დაბინძურების ყველაზე დაბალი  დონე, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა გაზაფხულზე, იტყობინება ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი (CREA).

კორონავირუსის პანდემიამ ცხადყო და უფრო ნათელი გახდა, რომ ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობა ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია.


გამოყენებული წყაროები:
იხილეთ აგრეთვე კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami