პალმის ზეთის სისხლიანი ქრონიკები

რა არის პალმის ზეთი?

პალმის ზეთი არის საჭმელად ვარგისი მცენარეული ზეთი, რომელიც მზადდება ზეთოვანი პალმის ხის ნაყოფის მეზოკარპიუმისგან. ზეთოვანი პალმის ხის ლათინური სახელწოდებაა Elaeis guineensis და დღესდღეისობით ძირითადად იზრდება მალაიზიასა და ინდონეზიაში[1]. თუმცა, ზოგადად ზეთოვანი პალმის ხეები, აგრეთვე, გვხვდება ეკვატორთან ახლოს ტროპიკულ სარტყელში.

აფრიკული ზეთოვანი პალმის ხე Elaeis guineensis L. (წყარო: African oil palm or macaw-fat, Elaeis guineensis. Chromolithograph after a botanical illustration from Hermann Adolph Koehler’s Medicinal Plants, edited by Gustav Pabst, Koehler, Germany, 1887.)

არსებობს რამდენიმე ტიპის პალმის ზეთი[2]:

  • პალმის ზეთი (Palm Oil) – მიიღება ზეთოვანი პალმის ხის ნაყოფისგან, მისი 50% შედგება ნაჯერი ცხიმისგან და აგრეთვე, დიდი რაოდენობით შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს. დაუმუშავებელი პალმის ზეთი შეიცავს E ვიტამინს, კაროტინოიდებს და სხვა ანტიოქისდანტებს, რომლებიც დამუშავებისას საგრძნობლად მცირდება ან ქრება. პალმის ზეთს ბუნებრივად მოწითალო შეფერილობა აქვს ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობის გამო. 
  • პალმის გულის ზეთი (Palm Kernel Oil) – მიიღება ზეთოვანი პალმის  ხის ნაყოფის ცენტრში მდებარე კურკისგან და შემადგენლობით ქოქოსის ზეთთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე პალმის ზეთთან. პალმის გულის ზეთი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს, თუმცა შედგება ბევრად უფრო მეტი უჯერი (80%) და მცირე რაოდენობით მონოუჯერი ცხიმებისგან. პალმის გულის ზეთი საჭიროებს უფრო ძლიერი ქიმიურ დამუშავებას, ვიდრე პალმის ზეთი.
  • ფრაქციონირებული პალმის გულის ზეთი (Fractionated palm kernel oil) – მიიღება პალმის გულის ზეთის უფრო ძლიერი დამუშავებით, რომლის დროსაც ქრება სითხე და რჩება მყარი ზეთოვანი მასა. ხშირად გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, რომელთა მყარ მდგომარეობაში ყოფნა სასურველია.

რისთვის გამოიყენება პალმის ზეთი?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პალმის ზეთი არის თითქმის ყველაფერში. სუპერმარკეტებში არსებული შეფუთული პროდუქტების 50%-ზე მეტი შეიცავს პალმის ზეთს – დაწყებული ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებებით, დამთავრებული საკვები პროდუქტებით. გარდა ამისა, პალმის ზეთი გამოიყენება როგორც ცხოველთა გამოსაკვებად, ისე ბიოსაწვავისთვის[3]. 

პალმის ზეთის მასშტაბური გამოყენება დაკავშირებულია მის უნიკალურ თვისებებთან, რომლებიც გამოარჩევს სხვა ზეთებისგან. კერძოდ, პალმის ზეთს დნობის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი აქვს, ამიტომ ოთახის ტემპერატურაზე ის ნახევრად მყარ მდგომარეობაში იმყოფება, რაც იდეალურს ხდის სპრედების დამზადებისთვის. გარდა ამისა, ოქსიდაციის მიმართ მისი რეზისტენტულობა განაპირობებს პროდუქტების უფრო ხანგრძლივ ვარგისიანობას. პალმის ზეთს არ აქვს არც სუნი და არც ფერი, ამიტომ ის გავლენას არ ახდენს შესაბამისი პროდუქტების შეფერილობასა და გემოვნურ თვისებებზე[4]. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წარმოების ბევრად ნაკლები ხარჯი და მოსავლიანობა – ზეთოვანი პალმის ხე ყოველ ჰექტარზე აწარმოებს 4 ტონა ზეთს, რაც 8-ჯერ და 10-ჯერ აღემატება მზესუმზირისა და სოის მაჩვენებლებს[5].

ზეთოვანი პალმის ხის მოსავლიანობა რაფსის, მზესუმზირისა და სოის მაჩვენებლებთან შედარებით. (წყარო: goldenagriresourcesltd.medium.com, 2018.)

ისტორიული ფონი

ზეთოვანი პალმის ხის სამშობლოდ მიიჩნევა დასავლეთ აფრიკა, სადაც ადამიანები აღნიშნულ მცენარეს საკვები მიზნით ჯერ კიდევ 5,000 წლის წინ იყენებდნენ. 1800-იან წლებში არქეოლოგებმა ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში მდებარე სამარხში აღმოაჩინეს სითხე, რომელიც აღმოჩნდა ძვ.წ. 3000 წლით დათარიღებული პალმის ზეთი. ის ფაქტი, რომ ეგვიპტელები მიცვალებულებს საფლავში აყოლებდნენ პალმის ზეთს, მიუთითებს ამ პროდუქტის მაღალ სოციალურ ღირებულებაზე მაშინდელ საზოგადოებაში. ეგვიპტისა და დასავლეთ აფრიკის საფუძველზე, აგრეთვე, შეიძლება ითქვას, რომ პალმის ზეთი საერთაშორისო სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა[6].

ეგვიპტში ნაპოვნი ერთ-ერთი ფრესკა პალმის ზეთის გამოსახულებით (წყარო: Traces of palm oil were found in burial urns aged 5000 years in Abydos, Egypt [Photograph]. (n.d.). EDUPALM. http://edupalm.org.my)

დროთა განმავლობაში ზეთოვანი პალმის ხის შესახებ მეტი შეიტყვეს ევროპელებმა და ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად პალმის ზეთმაც ნელ-ნელა დაიწყო დამკვიდრება საერთაშორისო ბაზარზე. დაწყებული სანთლებით, დამთავრებული ინდუსტრიული ლუბრიკანტებით – პლამის ზეთი აუცილებელი პროდუქტი გახდა ინდუსტრიული წარმოებისთვის, ხოლო წითელი პალმის ზეთი შეუცვლელ როლს თამაშობდა ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობებისთვის. სწორედ აქედან იწყება პალმის ზეთით ევროპელების ინტერესი, რამაც გამოიწვია ზეთოვანი პალმის ხის შეტანა და გავრცელება ჯერ დასავლეთ აფრიკაში, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში[7]. 

1900-იანი წლებიდან ევროპელებმა დაიწყეს პლანტაციების გაშენება ჯერ ცენტრალურ აფრიკასა და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შესაბამისად, პალმის ზეთის საერთაშორისო ვაჭრობამაც ნელ-ნელა დაიწყო ზრდა – შედეგად, 1930 წლისთვის მან მიაღწია წლიურ 250,000 ტონას[8]. ზოგადად, პალმის ზეთზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლოდ 50 წლის განმავლობაში. კერძოდ, თუ 1970 წელს 2 მილიონი ტონა პალმის ზეთი იწარმოებოდა მსოფლიოში, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2019-2020 წელს 76 მილიონი ტონა შეადგინა[9]. ხოლო 2050 წლისთვის მოსალოდნელია, რომ წარმოება მიაღწევს 240 მილიონ ტონას[10].

როგორ გაიხლართა მსოფლიო პალმის ზეთში

მსოფლიოში პალმის ზეთის დომინირებას განაპირობებს 5 ფაქტორი: 1. დასავლეთის ქვეყნებში მან ჩაანაცვლა საკვებში გამოყენებადი ნაკლებად ჯანსაღი ცხიმი; 2. მწარმოებლებმა შეინარჩუნეს მისი დაბალი ფასი; 3. მან ჩაანაცვლა უფრო ძვირადღირებული ზეთები საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ პროდუქტებში; 4. ძალიან იაფია და აზიურ ქვეყნებში ძირითადად მასზე ამზადებენ საჭმელს; 5. აღნიშნულმა აზიურმა ქვეყნებმა გამდიდრების შემდეგ დაიწყეს ცხიმის მეტი მოხმარება პალმის ზეთის სახით[11]. 

პალმის ზეთის მასობრივი გავრცელება დაიწყო 1960-იანი წლებიდან, როდესაც მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კარაქში უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა იწვევდა გულის დავადებების რისკის ზრდას. ამის გამო საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა, მათ შორის, ბრიტანულ-ჰოლანდიურმა კონგლომერატმა Unilever-მა, დაიწყეს კარაქის მარგარინით ჩანაცვლება. თუმცა, 1990-იან წლებში დადგინდა, რომ ნაწილობრივი ჰიდროჰენიზაცია, რომელიც მარგარინში არსებული ზეთების დამზადებისთვის აუცილებელი პროცესი იყო, ქმნიდა სხვა სახის ცხიმს – ტრანს ცხიმს, რომლიც უჯერ ცხიმზე უფრო არაჯანსაღი იყო. Unilever-ის წარმომადგენლებმა წინასწარ გათვალეს ის სამეცნიერო აჟიოტაჟი, რაც მოგვიანებით მართლაც მოხდა ტრანს ცხიმებთან დაკავშირებით და მალევე დაიწყეს ალტერნატივაზე ფიქრი[12]. 

მისიას დაერქვა „პადდინგტონი“, რომელიც გულისხმობდა ისეთი პროდუქტის პოვნას, რომელიც თან ჩაანაცვლებდა ტრანს ცხიმებს და თან შეინარჩუნებდა მის თვისებებს – იქნებოდა მყარი ოთახის ტემპერატურაზე და იდეალური ნახევარფაბრიკატების დასამზადებლად. ერთადერთი ალტერნატივა რჩებოდა – პალმის ზეთი ან პალმის გულის ზეთი, რომლებიც კარაქთან შედარებით ნაკლებად შეიცავდა უჯერ ცხიმს. შედეგად, იუნილევერის ყველა ქარხანამ 15 ქვეყანაში ერთდროულად დაცალა კონტეინერები ტრანს ცხიმებისგან და შეავსო პალმის ზეთით. რადგან პალმის ზეთი აქამდეც მცირე რაოდენობით გამოიყენებოდა კომპანიის მიერ, მიწოდების ჯაჭვი უკვე არსებობდა, თუმცა გარკვეული ხანი მაინც დასჭირდა ნედლეულის მალიზიიდან ევროპამდე ტრანსპორტირებას. თუმცა, ამ პროცესმა გადატრიალება მოახდინა კვების ინდუსტრიაში, ვინაიდან, იუნილევერის შემდეგ საბაკალეო საქონლის ყველა მწარმოებელმა დაიწყო პალმის ზეთის მასიური გამოყენება. დღეს მსოფლიოში წარმოებული პალმის ზეთის 2/3 გამოიყენება კვების ინდუსტრიაში[13].

“ევრიკა” 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პალმის ზეთის მასობრივად ათვისების ერთ-ერთი მიზეზია მისი პროდუქტიულობა, რომლის აღმოჩენაც საკმაოდ საინტერესო გათვლებს უკავშირდება. ლესლი დევიდსონი, რომელიც 1951 წლიდან მუშაობდა მალაიზიაში იუნილევერის პლანტაციებში, კამერუნში ვიზიტისას მივიდა მნიშვნელოვან დასკვნამდე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ზეთოვანი პალმის ხის მასობრივ გავრცელებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. კამერუნში ყოფნისას ლესლიმ შენიშნა, რომ ზეთოვანი პალმის ხის ნაყოფი ბრინჯის ცხვირგრძელას მსგავსი მწერებით იყო გარშემორტყმული. იმის მიუხედავად, რომ მალაიზიაში ზეთოვანი პალმის ხეების დამტვერვა ხდებოდა ხელით, კამერუნში ბევრად მეტი მოსავალი მოდიოდა. დავიდსონი მიხვდა, რომ ამის მიზეზი სწორედ ეს მწერები და ბუნებრივი დამტვერვა იყო, თუმცა მისი იდეა თავდაპირველად უარყოფილ იქნა.

1974 წელს დავიდსონი გახდა იუნილევერის ვიცე პრეზიდენტი და მალაიზიის მთავრობისგან მიიღო ნებართვა ცხვირგრძელას კონკრეტული სახეობის (Elaeidobius kamerunicus) ქვეყანაში შეყვანის შესახებ. 1981 წლის თებერვალში Elaeidobius kamerunicus-ის 2000 სახეობა იქნა შეყვანილი ჯოჰორში მდებარე იუნილევერის მამორის საწარმოში. მომდევნო წელს მოსავალი 400,000 ტონა პალმის ზეთითა და 300,000 ტონა პალმის გულით გაიზარდა, რის შედეგადაც ცხვირგრძელას აღნიშნული სახეობა მთელ მალაიზიაში გავრცელდა[14].

დამტვერვის ახალმა ტექნიკამ მთლიანად შეცვალა მალიაზიისა და ინდონეზიის მომავალი, ვინაიდან ხელით დამტვერვისთვის საჭირო მომუშავეები გადანაწილდნენ ზეთოვანი პალმის ხის ხილის კრეფაზე და მოსავლის ზრდასთან ერთად დაიწყო პლანტაციებისთვის გამოყოფილი მიწის ფართობების ზრდაც.

გარდა ინვოვაციებისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ზეთოვანი პალმის ხის მასობრივი დამკვიდრება განპირობებული იქნა მალაიზიისა და ინდონეზიის პოლიტიკით. ორივე სახელმწიფოს მთავრობა მხარს უჭერდა პალმის ზეთის, როგორც სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალების განვითარებას. მაგალითად, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მალაიზიამ 1961 წელს დაიწყო სპეციალური პროგრამა, რომელიც მდგომარეობდა პალმის ზეთის ექსპორტის გაზრდაში. იმდროინდელ მალაიზიაში ძირითად საექსპორტო ნედლეულს წარმოადგენდა რეზინა, თუმცა ფასების ვარდნასთან ერთად, მალაიზიის მთავრობამ გადაწყვიტა მისი პალმის ზეთით ჩანაცვლება. 1968 წელს მალაიზიაში შემოღებული იქნა საგადასახადო შეღავათები პალმის ზეთის მწარმოებლებისთვის, დიდი რაოდენობით თანხა ჩაიდო ხილისგან პალმის ზეთის გამოწურვის ტექნოლოგიებში და შედეგად, 1970-იან წლებში განვითარდა ფრაქციონაცია, რამაც საფუძველი ჩაუყარა პალმის ზეთის საკვებ პროდუქტებად და სხვა მიზნებით გამოყენებას[15].

გარდა ინდონეზიის და მალაიზიის მთავრობებისა, 1970-იან წლებში მსოფლიო ბანკმაც შეუწყო ხელი პალმის ზეთის მცირე ფერმერებში დამკვიდრებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პაკეტი გულისხმობდა ბუნებრივი რესურსების კულტივირებით შემოსავლის დაგროვებას და ექსპორტის გადასახადის გაუქმებას დაბალი ფასების შესანარჩუნებლად. აღნიშნულმა ღონისძიებებმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა ზეთოვანი პალმის პლანტაციების მასშტაბი. გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა, კერძო ფინანსურმა სახსრებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებაში – მხოლოდ ჰოლანდიურმა ბანკებმა 12 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გასცეს ინდონეზიურ პალმის ზეთის მწარმოებელ კომპანიებზე 1995-1999 წლებში[16]. 

პალმის ზეთის გლობალური ინდუსტრია

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზეთოვანი პალმის ხე არის ტროპიკული მცენარე. მას სჭირდება ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობა, მზის ადეკვატური გამოსხივება, მაღალი ტენიანობა და აგრეთვე, ის ყველაზე სწრაფად იზრდება და მეტ ნაყოფს ისხამს ისეთ ადგილებში, სადაც მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 30-32°C, ხოლო მინიმალური საშუალო ტემპერატურა – 21-24°C-ს შორის. ფაქტობრივად, ზეთოვანი პალმის ხისთვის იდეალური ადგილი არის ის ტერიტორიები, სადაც დღეს გვხვდება ტროპიკული ტყეები. ამჟამად, ზეთოვანი პალმის ხე იზრდება 43 ქვეყანაში[17], თუმცა მსოფლიოში პალმის ზეთის 84%-ის მწარმოებელი არის ორი ქვეყანა – მალაიზია და ინდონეზია. აქედან, ინდონეზიაზე მოდის დაახლოებით 57% (41 მილიონი ტონა), ხოლო მალაიზიაზე – 27% (20 მილიონი ტონა)[18].

ზეთოვანი პალმის ხის გავრცელების ამჟამინდელი და პოტენციური ტერიტორიები (წყარო: Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). (n.d.). Rainforests and palm oil: competition for land? [Map]. Environment&Transport. www.transportenvironment.org)

პალმის ზეთის ინდუსტრიის ეკოლოგიური მახასიათებლები

პალმის ზეთის ნახშირბადის ნაკვალევი

პალმის ზეთის ნახშირბადის ნაკვალევი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: გაუტყეურებით გამოწვეული სათბურის აირების ემისიები და პალმის ზეთის დამუშავებით გამოწვეული სათბურის აირების ემისიები. ზოგადად, ტროპიკულ რეგიონებში მიწათსარგებლობის ცვლილება გლობალური სათბურის აირების ემისიების 10-20%-ზეა პასუხისმგებელი, რაშიც თავისი წვლილი ზეთოვანი პალმის ხეების პლანტაციებსაც შეაქვთ. გარდა იმისა, რომ ტროპიკული ტყის გაჩეხვისას თავისუფლდება დიდი რაოდენობით ნახშირბადი, რომელიც დასაწყობებული იყო ბიომასასა და ნიადაგში, ტორფიანი ჭაობების დაშრობისას, სადაც ათასწლეულების განმავლობაში გროვდებოდა ორგანული მასალა, ატმოსფეროში თავისფულდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობის CO2-ის ემისიები[19]. ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციები პასუხისმგებელია ინდონეზიისა და მალაიზიის 16.6%-27.9% სათბურის აირების ემისიებზე[20].

გარდა ემისიებისა, პალმის ზეთის ინდუსტრიაზე საუბრისას აღსანიშნავია ტყის ხანძრები, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს ტყის საფარის განადგურებისთვის, განსაკუთრებით მშრალ სეზონებზე. ხანძრების შედეგად გამოწვეული კვამლი არა მარტო მოქმედებს ადამიანის პროდუქტიულობაზე, არამედ დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ სისტემებს. გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა, ხანძრების შედეგად შეჩერებული სოციალური მომსახურებები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას[21].

ხანძარი ტროპიკულ ტყეში, ინდონეზია (წყარო: Sspetiawan, W. (2019, September 18). The global demand for palm oil is driving the fires in Indonesia [Photograph]. Quartz. qz.com)

ასევე, აღსანიშნავია პალმის ზეთის წარმოებისთვის გამოყენებული აგროქიმიკატებისგან წარმოქმნილი დამაბინძურებლები, როგორიცაა პესტიციდები, სასუქები და როდენტიციდები, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებს. გარდა იმისა, რომ პესტიციდები და ჰერბიციდები სახიფათოა გარემოსთვის, აღნიშნული ნივთიერებები, აგრეთვე, მოქმედებს ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებში მომუშავე ადამიანებზე[22].

ინდონეზია და მალაიზია

როგორც უკვე აღინიშნა, პალმის ზეთის წარმოების 80%-ზე მეტი მოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ ქვეყანაზე: ინდონეზიასა და მალაიზიაზე. ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა პალმის ზეთის წარმოება გასულ საუკუნესთან შედარებით, კერძოდ, თუ 1990 წელს 2.6 მილიონი ჰექტარი იყო კულტივირებული, აღიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს 15 მილიონი ჰექტარი შეადგინა (აქედან 10 მილიონი მხოლოდ ინდონეზიაზე მოდის). ფაქტობრივად, აღნიშნულ რეგიონში ტროპიკული გაუტყეურების მთავარ მიზეზად იქცა სწორედ პალმის ზეთის ინდუსტრია[23].

მაგალითად, 2014 წელს ინდონეზიამ აწარმოა 32.5 მილიონი ტონა პალმის გულის ზეთი, რომლის 80% ექსპორტზე გაიტანა და გამოიმუშავა 18.6 მილიარდი აშშ დოლარი. ამჟამად პალმის ზეთი უდიდესი სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაა ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 7.5 მილიონი ინდონეზიელი მოქალაქე და მოსალოდნელია, რომ ის წლიურად 10%-ით გააგრძელებს ზრდას[24].

რაც შეეხება მალაიზიას, თავდაპირველად, ზეთოვანი პალმის ხე როგორც ორნამენტული მცენარე, ისე შეიტანეს 870 წელს. უშუალოდ, იდუსტრიამ ქვეყანაში გაფართოება დაიწყო 1960 წლიდან[25]. ინდონეზიის მსგავსად, მალაიზიაშიც ძირითადად 21-ე საუკუნეში დაიწყო ექსპანსიური კულტივაცია, რის შედეგადად დღეისთვის ქვეყანას კულტივირებული აქვს 4.49 მილიონი ჰექტარი და აწარმოებს 17.73 მილიონ ტონა პალმის ზეთს ყოველწლიურად[26].

ინდონეზიისა და მალაიზიის მიერ წარმოებული პალმის ზეთი (წყარო: The future of oil palm as a major global crop: Opportunities and challenges – Scientific Figure on ResearchGate. Available from: www.researchgate.net [accessed 27 May, 2021])

გაუტყეურება

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) განმარტებით, პალმის ზეთის გავლენა გაუტყეურებასთან დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორ განვმარტავთ ტყეს. მაგალითისთვის, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც 2000-2013 წლებში პალმის ზეთის ინდუსტრია პასუხისმგებელი იყო გლობალური გაუტყეურების მხოლოდ 0.2%-ზე, კერძოდ ნაშრომში გამოიყენებოდა ტერმინი „ხელშეუხებელი ტყის ლანდშაფტი“, რომელიც გარდაიქმნა ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებად. თუმცა, მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის ანგარიშში ნახსენებია, რომ პალმის ზეთის ინდუსტრია პასუხისმგებელია გლობალური გაუტყეურების 2.3%-ზე[27].

მართალია, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი დიდი არ არის გლობალური თვალსაზრისით, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ტროპიკული რეგიონების მაგალითზე, სადაც ხარობს ზეთოვანი პალმის ხე, იგივე მაჩვენებელი სავალალოა. მაგალითად, მალაიზიაში პალმის ზეთის ინდუსტრია 1972 წლიდან 2015 წლამდე პასუხისმგებელია გაუტყეურების 47%-ზე, ხოლო ინდონეზიაში ტყის დაკარგული საფარის 16% პირდაპირ უკავშირდება ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებს. რაც შეეხება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აგრეთვე, დასავლეთ აფრიკის რეგიონს, მონაცემები პალმის ზეთსა და გაუტყეურების კავშირზე არ არის ხელმისაწვდომი[28]. 

ასევე, ძალიან საინტერესოა მცირე მეწარმეების საკითხიც, როდესაც საქმე ეხება მონაცემებს და კავშირებს. ამჟამად, მცირე მეწარმეები ქმნიან გლობალური პალმის ზეთის 40%-ს, თუმცა მათი გავლენა გაუტყეურებაზე საერთოდ არ არის შესწავლილი[29], რაც მეტყველებს კიდეც იმაზე, თუ რატომ აქვს პალმის ზეთის ინდუსტრიას გლობალური გაუტყეურების დაბალი მაჩვენებელი.

ბორნეო

ბორნეო წარმოადგენს პალმის ზეთის მწარმოებელ უდიდეს რეგიონს, სადაც 8.3 მილიონ ჰექტარზე გაშენებულია ზეთოვანი პალმის ხის ინდუსტრიული პლანტაციები. ბორნეოს მალაიზიურ ნაწილში 1973 წლიდან 2015 წლამდე პალმის ზეთის ინდუსტრია პასუხისმგებელია განადგურებული ტროპიკული ტყის 57-60%-ზე. რაც შეეხება ინდონეზიას, აღსანიშნავია, რომ პალმის ზეთის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ინდონეზიური ბორნეოს ტყის საფარის დიდი ნაწილი განადგურებული იქნა ხანძრებისა და შეშის მოპოვების გამო, რის გამოც პალმის ზეთის ინდუსტრიას ცალკე გაუტყეურება თავდაპირველად არ გამოუწვევია[30]. 

ბორნეო 2001-2016 წლებში ყოველწლიურად კარგავდა 350,000 ჰექტარ ტყეს და აღნიშნული გაუტყეურება პირდაპირ უკავშირდებოდა ზეთოვანი პალმის ხის ინდუსტრიულ პლანტაციებს. ამ შემთხვევაშიც სიანტერესოა ის, რომ შესწავლილია მხოლოდ ინდუსტრიული პლანტაციები და არ არსებობს მონაცემები მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით. სრული სურათის სანახავად აუცილებელია კვლევების ჩატარება და მცირე მეწარმეების გავლენის შესწავლა გაუტყეურებაზე[31].

გაუტყეურების დინამიკა ბორნეოში (წყარო: Four decades of forest persistence, clearance and logging on Borneo. Forest (dark green) and non-forest (white) in year 1973, and residual clouds (cyan) in Panel A. Areas of forest loss during 1973-2010 (red) in Panel B. Primary logging roads from 1973-2010 (yellow lines) in Panel C. Remaining intact forest (dark green), remaining logged forest (light green), and industrial oil palm and timber plantations (Black) in year 2010 in Panel D. doi:10.1371/journal.pone.0101654.g003)

ბიომრავალფეროვნების კლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული რეგიონები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს, რაც აღნიშნულ ტერიტორიებს განსაკუთრებულს ხდის ეკოსისტემური სერვისების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული ტყეები დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 2%-ს ფარავენ, მათში დაახლოებით თავმოყრილია 3-დან 50 მილიონამდე სახეობა. ტროპიკული ტყეებით მდიდარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გამოირჩევა ენდემური სახეობებით, როგორიცაა ორანგუტანგი, აზიური სპილო, სუმატრის ვეფხვი, სამოთხის ფრინველისებრნი და მარტორქის სამი სახეობა. მაგალითად, ინდონეზია, რომელიც ხმელეთის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს: მისი ტყეები წარმოდგენს ძუძუმწოვართა სახეობების 12%-ის, რეპტილიების – 16%-ის, ფრინველების – 12%-ის, ამფიბიების 16%-ის ჰაბიტატს.

გარდა ამისა, ინდონეზიის ტროპიკული ტყის სახეობათა 60% ენდემს წარმოადგენს რეგიონისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ტროპიკული ტყეები, რომლებიც ქმნიან აღნიშნულ ბიომრავალფეროვნებას, ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ნადგურდება, ვიდრე სხვა რეგიონებში. თუ ეს ტენდენცია მსგავსი ტემპით გაგრძლდა, მოსალოდნელია, რომ 2100 წლისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეების სამი მეოთხედი და ბიომრავალფეროვნების 42% განადგურდება[32].

კვლევებით დასტურდება, რომ პალმის ზეთის ინდუსტრიის უარყოფითი გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე გამოწვეულია სახეობების ბუნებრივი ჰაბიტატების – ტყეების – გაჩეხვით და აგრეთვე, მინერალური და ტორფიანი ნიადაგების განადგურებით. ასევე, აღსანიშნავია სასუქებისა და პესტიციდების ჩადინება წყალში, რაც საფრთხეს უქმნის მტკნარი წყლის ბიომრავალფეროვნებას. სხვა არაპირდაპირი შედეგები მოიცავს ჩიტებზე, ქვეწარმავლებსა და სხვა ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობას პლანტაციებში. რაც შეეხება ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ბიომრავაფეროვნების თვალსაზრისით გაცილებით დაბალია ტროპიკულ ტყეებთან შედარებით – პლანტაციებში ფიქსირდება 99%-ით ნაკლები ხეებისა და 65-90%-ით ნაკლები ძუძუმწოვრების სახეობები[33].

საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გაუტყეურების მსგავსად, მცირე მეწარმეების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე არ არის საკმარისად შესწავლილი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ინდუსტრიულ პლანტაციებთან შედარებით მცირე მეწარმეების პლანტაციებში ჩიტების ბევრად მეტი სახეობა შეინიშნებოდა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მათი პლანტაციების ლანდშაფტის მეტ ჰეტეროგენურობასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძოვას. მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა ძუძუმწოვრების სახეობებთან მიმართებითაც[34]. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ინდუსტრიულ, ისე მცირე მეწარმეთა პლანტაციებში ბიომრავალფეროვნების მაჩვენებელი სავალალოდ დაბალია ტროპიკულ ტყეებთან შედარებით.

ორანგუტანგები

ორანგუტანგის სამივე სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაში შეფასეულია, როგორც კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი, რაც გამოწვეულია ნადირობითა და ჰაბიტატების განადგურებით. აღსანიშნავია, რომ ორანგუტანგების ერთადერთი პოპულაცია ცხოვრობს მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. კვლევებით დადასტურებულია, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1,500-2,500 ბორნეოს ორანგუტანგი იღუპება[35]. რაც შეეხება უშუალოდ ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ორანგუტანგები თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ ხეზე, მათთვის ტროპიკული ტყეები წარმოადგენს გადარჩენის აუცილებელ პირობას[36], რასაც პირდაპირ აქრობს აღნიშნული პლანტაციები. გარდა ამისა, მათ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პლანტაციებისთვის ადგილის გათავისუფლების მიზნით გაჩენილი ხელოვნური ხანძრები და კონფლიქტები ადამიანებთან, რის დროსაც ორანგუტანგებს პირდაპირ კლავენ ცეცხლსასროლი იარაღით. 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ორანგუტანგი გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბიომრავალფეროვნებისა და პალმის ზეთის ინდუსტრიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების სიმბოლო. საკმაოდ ხშირია დიდი კორპორაციების წინააღმდეგ (მაგალითად, ნესტლე, რომელიც აქტიურად იყენებს პალმის ზეთს) მიმართული სოციალური კამპანიების ორანგუტანგების ირგვლივ წარმართვა.

სოციალური კამპანია ტროპიკული ტყეების გადასარჩენად (წყარო: Green Peace. (2010). Kit Kat Egg Card [Photograph]. Flickr. www.flickr.com)

“მდგრადი“ პალმის ზეთი

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში აქტიურად დაიწყო პალმის ზეთის დამანგრეველ ინდუსტრიაზე საუბარი, დიდი კორპორაციები და სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ შეექმნათ მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა პალმის ზეთის ეთიკურ წარმოებას. ამ მიზნით 2004 წელს შეიქმნა „მდგრადი პალმის ზეთის მრგვალი მაგიდა (Round Table on Sustainable Palm Oil – RSPO)“, რომელიც მოიცავს მსოფლიოს პალმის ზეთის მწარმოებელთა 40%-ს, მათ შორის, ქარხნების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კორპორაციები და ასე შემდეგ.  აღსანიშნავია, რომ RSPO წარმოადგენს მდგრადი პალმის ზეთის წარმოების ყველაზე მეტად აღიარებულ სტანდარტს მსოფლიოში[37]. RSPO მდგრად პალმის ზეთის მდგრადობას აფასებს რვა პრინციპისა და ინდიკატორის მიხედვით, რომელიც ეხება სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შეფასებებს, რის შემდეგადაც კომპანია ხდება სერტიფიცირებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიცაა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მხარს უჭერს RSPO-ს, ბევრი მიიჩნევს, რომ მდგრადი პალმის ზეთი არ არსებობს და აღნიშნული სერტიფიკატი არის კორპორაციებისთვის კარგი შენიღბვის საშუალება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა პურდუის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ, სერტიფიცირებული პლანტაციების საკუთრებაში არსებული ტყის საფარი ბევრად უფრო სწრაფად ნადგურდება, ვიდრე არასერტიფიცირებული ტერიტორია. მაგალითად, 2001 წლიდან 2016 წლამდე ინდონეზიის პალმის ზეთის კონცესიებში ტყის საფარი შემცირდა 34.2%-ით, ხოლო იგივე მაჩვენებელმა სერტიფიცირებულ ზეთოვანი პალმის ხის პლანტაციებში შეადგინა 38.3%. გარდა ამისა, თვითონ სიტყვა „მდგრადი“ პალმის ზეთის ინდუსტრიაში არ არსებობს და არც განსხვავდება სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული კომპანია ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგან. პალმის ზეთის პლანტაციების გასაშენებლად ორივე შემთხვევაში აუცილებელია ტროპიკული ტყის გაჩეხვა. შესაბამისად, კომპანიების მიერ აფიშირებული მდგრადი პალმის ზეთის სერტიფიკატი წარმოადგენს გრინვოშინგის კლასიკურ მაგალითს[38]. 

აღსანიშნავია კვლევა, რომელიც ჩატარდა ქუინსლენდის უნივერსიტეტის და ARC Centre of Excellence for Environmental Decisions (CEED)-ის მკვლევრების მიერ, რომელმაც შეაფასა RSPO-ს ეფექტურობა მისი პრინციპებისა და ინდიკატორების მიხედვით. ამისთვის მათ შეადგინეს რუკა, სადაც მონიშნეს ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილზე არსებული ყველა სერტიფიცირებული ტერიტორია და შეაფასეს 8-დან 6 ინდიკატორის მიხედვით. შედეგებმა აჩვენა, რომ თითქმის არ დაფიქსირებულა განსხვავება სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ პლანტაციებს შორის[39]. 

საკმაოდ საინტერესოა RSPO-ს მიდგომა პლანტაციის მდგრადობასთან დაკავშირებით. მაგალითად, კომპანია, რომელმაც გაანადგურა ტროპიკული ტყე და იქ არსებული ენდემური სახეობები, რამდენიმე წელიწადში შესაძლოა გახდეს მდგრადობის სერტიფიკატის მატარებელი, რაც ფუნდამენტურად არასწორი მიდგომაა და მომხმარებელი შეჰყავს დიდ შეცდომაში.

არსებობს გამოსავალი?

მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთის ინდუსტრიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ გამოსავალი თითქმის არ არსებობს, თანამედროვე ბიოტექნოლოგიური კომპანიები მუშაობენ ალტერნატივაზე, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ ჩაანაცვლოს პალმის ზეთი. საინტერესოა, რომ აღნიშნული ალტერნატივა საერთოდ არ საჭიროებს მიწას.

ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის მიხედვით ამ ეტაპზე პალმის ზეთის ერთადერთი ალტერნატივა მდგომარეობს სინთეზირებაში, რაც არ საჭიროებს არ წვას და არც ტროპიკული ტყეების გაჩეხვას. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი აღნიშნული ინიციატივის მიმართ და შესაბამისად ისეთი კომპანიების მიმართ იზრდება დაფინანსება, რომლებიც მუშაობენ პალმის ზეთის ალტერნატივის სინთეზირებაზე, მაგალითად, კომპანია C16 Biosciences.

სინთეზირების პროცესზე დაკვირვება. (წყარო: https://cen.acs.org/articles/94/i3/s-Best-Way-Make-Green.html, 2018.)

სინთეზირების ძირითად საყრდენი არის ფერმანტაციის პროცესი, რომელიც მოიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მიკრობებს, რომლებიც გარდაქმნიან საკვებ ნარჩენებსა და ინდუსტრიულ გვერდით ნაწარმებს პროდუქტად, რომელიც ძალიან ჰგავს ბუნებრივ პალმის ზეთს. ფაქტობრივად, ეს არის საფუარი, რომელიც შაქრით გამოკვების შედეგად იმდენად იზრდება, რომ გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ზეთს, რომელიც შემდგომ გამოიწურება[40]. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ალტერნატივა რამდენიმე ფრონტზე იბრძვის: ვინაიდან, პალმის ზეთი არის ძალიან იაფი პროდუქტი, ბუნებრივია კომპანიები ამ ეტაპზე უპირატესობას არ მიანიჭებენ შედარებით ძვირ ალტერნატივას. გარდა ამისა, პალმის ზეთის უნიკალურობა მდგომარეობს მის შემადგენლობაში, ტექსტურასა და თვისებებში, რაც უნდა გაიმეოროს სინთეზირებულმა ალტერნატივამ, რათა შესაძლებელი იქნეს მისი გამოყენება როგორც კვების, ისე თავის მოვლის საშუალებებში. როგორც აღნიშნული ალტერნატივის შემქმნელები აცხადებენ, ტექნიკურად ამის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია პალმის ზეთის ინდუსტრიის მზაობა და მიმღებლობა.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი, ანუ მომხმარებლების მეტი ინფორმირებულობა იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ვიყენებთ. დიდი კორპორაციების მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი იქმნება სწორედ ჩვენ მიერ და პასუხისმგებლობაც, შესაბამისად, დიდწილად ჩვენ გვეკისრება. დაიმკვიდრებს თუ არა თავს სინთეზირებული ალტერნატივა დამოკიდებულია სწორედ მომხმარებლებზე და მათ ულტიმატუმებზე, კერძოდ, რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს პალმის ზეთის შემცვლელ პროდუქტებზე და უპირატესობას მიანიჭებს ალტერნატიულ საშუალებებს, მით უფრო მალე დააღწევს თავს მსოფლიო პალმის ზეთის ინდუსტრიის კომპლექსურ მარწუხებს!


გამოყენებული ლიტერატურა

  1.  Palm oil history | What is palm oil? | Palm oil facts. (n.d.). Frymax. Retrieved August 17, 2021, from https://frymax.co.uk/palm-history/
  2. 8 things to know about palm oil. (2020, January 17). WWF. https://www.wwf.org.uk/updates/8-things-know-about-palm-oil 
  3. 8 things to know about palm oil. (2020, January 17). WWF. https://www.wwf.org.uk/updates/8-things-know-about-palm-oil
  4. 8 things to know about palm oil. (2020, January 17). WWF. https://www.wwf.org.uk/updates/8-things-know-about-palm-oil
  5. Palm oil: Growth in Southeast Asia comes with a high price tag. (2016, December 8). Gro Intelligence. Retrieved August 11, 2021, from https://gro-intelligence.com/insights/articles/palm-oil-production-and-demand#:~:text=On%20average%2C%20oil%20palm%20produces,rapeseed%2C%20sunflower%2C%20and%20soybean
  6.  History and origin. (2014, January 1). The Oil Palm. Retrieved August 10, 2021, from http://theoilpalm.org/history-and-origin/
  7.  History and origin. (2014, January 1). The Oil Palm. Retrieved August 10, 2021, from http://theoilpalm.org/history-and-origin/
  8.  Palm oil history | What is palm oil? | Palm oil facts. (n.d.). Frymax. Retrieved August 17, 2021, from https://frymax.co.uk/palm-history/
  9. Ritchie, H., & Roser, M. (2020, December). Palm oil. Our World in Data. Retrieved February 10, 2021, from https://ourworldindata.org/palm-oil#:~:text=Palm%20oil%20production%20has%20increased,is%20shown%20in%20the%20chart
  10. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  11. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  12. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  13. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  14. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  15. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  16. Tullis, P. (2019, February 20). How the world got hooked on palm oil. the Guardian. https://www.theguardian.com/news/2019/feb/19/palm-oil-ingredient-biscuits-shampoo-environmental
  17.  Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 6. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  18. Ritchie, H. (n.d.). Palm oil. Our World in Data. Retrieved May 22, 2021, from https://ourworldindata.org/palm-oil#:~:text=Palm%20oil%20production%20has%20increased,is%20shown%20in%20the%20chart
  19. Petrenko, C., Paltseva, J., & Searle, S. (2016), 1-6. Ecological Impacts of Palm Oil Expansion in Indonesia. The International Council on Clean Transportation. https://theicct.org/publications/ecological-impacts-palm-oil-expansion-indonesia
  20. Sjogersten, S. (2020, January 22). Palm oil: Research shows that new plantations produce double the emissions of mature ones. The Conversation. https://theconversation.com/palm-oil-research-shows-that-new-plantations-produce-double-the-emissions-of-mature-ones-130330
  21. Petrenko, C., Paltseva, J., & Searle, S. (2016), 1-2. Ecological Impacts of Palm Oil Expansion in Indonesia. The International Council on Clean Transportation. https://theicct.org/publications/ecological-impacts-palm-oil-expansion-indonesia
  22. Petrenko, C., Paltseva, J., & Searle, S. (2016), 2. Ecological Impacts of Palm Oil Expansion in Indonesia. The International Council on Clean Transportation. https://theicct.org/publications/ecological-impacts-palm-oil-expansion-indonesia
  23. 3keel, & LMC International. (2018), 47. Study on the environmental impact of palm oil consumption and on existing sustainability standards. European Union. https://ec.europa.eu/environment/forests/pdf/palm_oil_study_kh0218208enn_new.pdf
  24. Petrenko, C., Paltseva, J., & Searle, S. (2016), 1. Ecological Impacts of Palm Oil Expansion in Indonesia. The International Council on Clean Transportation. https://theicct.org/publications/ecological-impacts-palm-oil-expansion-indonesia
  25. Malaysian Palm Oil Board. (n.d.). Malaysian palm oil industryhttps://www.palmoilworld.org/about_malaysian-industry.html
  26. Malaysian Palm Oil Council. (n.d.). The oil palm treehttps://mpoc.org.my/the-oil-palm-tree/
  27. Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 20. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  28. Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 20. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  29. Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 20. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  30. Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 20. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  31. Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 20. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  32. Petrenko, C., Paltseva, J., & Searle, S. (2016), 3. Ecological Impacts of Palm Oil Expansion in Indonesia. The International Council on Clean Transportation. https://theicct.org/publications/ecological-impacts-palm-oil-expansion-indonesia
  33.  Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 24. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  34.  Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 24. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  35.  Meijaard, E., Garcia-Ulloa, J., Sheil, D., Wich, S. A., Carlson, K. M., Juffe-Bignoli, D., & Brooks,, T. M. (2018), 24. Oil palm and biodiversity: A situation analysis by the IUCN oil palm task force. IUCN. https://portals.iucn.org/library/sites/library/files/documents/2018-027-En.pdf
  36.  World Wildlife Fund. (2015). Orangutans and palm oil: Protecting forests to help great apes. WWF. https://www.worldwildlife.org/magazine/issues/summer-2015/articles/orangutans-and-palm-oil-protecting-forests-to-help-great-apes
  37. Green Palm Sustainability. (n.d.). What do we mean by sustainable palm oil? https://greenpalm.org/about-palm-oil/sustainable-palm-oil
  38. Dalton, J. (2018, December 15). Certified sustainable palm oil may kill more wildlife, say scientists. The Independent. https://www.independent.co.uk/climate-change/news/palm-oil-sustainable-certified-plantations-orangutans-indonesia-southeast-asia-greenwashing-purdue-a8674681.html
  39. Jong, H. N. (2018, July 11). RSPO fails to deliver on environmental and social sustainability, study finds. Mongabay Environmental News. https://news.mongabay.com/2018/07/rspo-fails-to-deliver-on-environmental-and-social-sustainability-study-finds/
  40. Saragosa, M. (2020, December 15). A palm oil alternative could help save rainforests. BBC News. Retrieved August 29, 2021, from https://www.bbc.com/news/business-5501645

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: იქნება თუ არა ოდესმე მოდის ინდუსტრია მდგრადი?

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. 2 წელია აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილებისა და ასევე, მდგრადი განვითარების სფეროში. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos Tbilisi Local Chapter of oikos International-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *