იხილეთ ბექა ბაიაშვილის სტატია „ურთიერთმონაცვლე სოფლის მეურნეობის კულტურები.“
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ნაწილი მარცვლეული კულტურების, უფრო კონკრეტულად, სიმინდისა და სოიოს მაღალმოსავლიანობით გამოირჩევა. მაგრამ რა არის ამისი ფასი? ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ის ამ ნაწილში ხვნა-თესვისა და ხელოვნური გასასუქიანების არამდგრადი მეთოდები გამოიყენება. მოსავლიანობის გასაზრდელად გამოყენებული ჭარბი რაოდენობის აზოტი ხვდება წყალში, ჰაერში და წელიწადში აშშ-ის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ზოგადად, ეკოლოგიას დაახლოებით 157 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალს აყენებს.
როგორ უნდა შეინარჩუნოს ფერმერმა პროდუქტიულობა და პარალელურად დაიცვას ნიადაგი და თავიდან აირიდოს გარემოს დაბინძურება? აიოვას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხია სოფლის მეურნეობის მარცვლეული კულტურების ურთიერთმონაცვლეობის ჩამოყალიბებული სისტემა.
2003 წლიდან, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, ამ მეცნიერებმა მარცვლეულ კულტურათა ურთიერთშენაცვლების სამი ძირეული მოდელი შემოგვთავაზეს:
- სიმინდი-სოიოს ყოველ ორ წელიწადში შენაცვლების სისტემა;
- სამწლიანი სისტემა, რომელიც მეურნეობაში გრილი სეზონის მარცვლეულისა და ე.წ. „მწვანე სასუქის“ მცენარეების (როგორიცაა წითელი სამყურა) გამოყენებასაც გულისხმობს;
- ოთხწლიანი სისტემა, რომელიც გარდა ძირითადი კულტურებისა, მოციავს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შვრიას და „მწვანე სასუქ“ იონჯას, რომელიც მეორე წლიდან არა მარტო სასუქად, არამედ მოსავლიან მცენარედაც იქცევა.
ემპირიული მონაცემები და დასკვნები
ემპირიული მონაცემებით დასტურდება, რომ საკვლევ არეალებზე მსგავსმა მოდელებმა რეალური, მდგრადი განვითარებისთვის მისაღები შედეგები მოგვცა. ასეთი სისტემების დანეგვის შემდეგ:
- სიმინდის მოსავლიანობა საშუალოდ 2-დან 4%-მდე გაიზარდა;
- სოიოს მოსავლიანობამ მოიმატა 10-იდან 17%-მდე;
- ჰერბიციდების მოხმარების სიდიდე შემცირდა საშუალოდ 25-51%-ით;
- ჰერბიციდების წყალში გაჟოვნის სიდიდე შემცირდა საშუალოდ 81-96%-ით;
- აზოტოვანი სასუქების გამოყენების რაოდენობა შემცირდა საშუალოდ 43-57%-ით.
კულტურების ურთიერთმონაცვლეობას დადებითი შედეგები აქვს მავნებლებთან და სარეველებთან ბრძოლის მიმართულებითაც. მავნებელთა უმეტესობა განსხვავდება მასპინძელი მარცვლეულის მიხედვით. შესაბამისად, მონაცვლეობის გამო მათი რაოდენობა მცირდება. საპასუხოდ, ფერმერი შეამცირებს პესტიციდების გამოყენებას, თავის მხრივ, ამით გაიზრდება ნიადაგის სასარგებლო ორგანიზმების, როგორებიცაა მიწის სოკოების, სხვადსხვა დამმტვერავების, სარეველა მცენარეთა თესლისმჭამელი მწერებისა და ობობების რაოდენობა. ეს ბუნებრივი პროცესები პესტიციდების გამოყენების აუცილებლობას კიდევ უფრო ამცირებს, რაც როგორც ფერმერის ხარჯების, ისე ეკოლოგიური დანახარჯების შემცირების გამომწვევია.
ამერიკის შეერთებული შტატების ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები აგროკულტურულ მეცნიერებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მოკლედ განვიხილეთ კონკრეტული, მარცვლეული კულტურების ჩამოყალიბებული დაგეგმარების სისტემები, რომელმაც აშკარა და სახარბიელო შედეგები აჩვენა. მიწის ბუნებრივი გასასუქიანების და მავნებლებთან ბრძოლის ასევე ბუნებრივი მიდგომები, როგორც ჩანს შეუცვლელია და მას მხოლოდ ჭკვიანური მენეჯმენტი ესაჭიროება. ღრმა მეცნიერულ კვლევებს შეუძლია ისეთი მეთოდების შემუშავება, რომელიც გაზრდის ეფექტიანობას და არ გადაუხვევს მდგრადი განვითარების პრინციპებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორი მეცნიერული მიდგომები სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებისთვისაც შესაფერის სისტემებს შეიმუშავებს და მათი დანერგვის შემთხვევაში საერთო საზოგოდაოებრივი, ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
წყარო
ucsusa.org. (2017 წლის 3 მაისი). Rotating Crops, Turning Profits. www.ucsusa.org: https://www.ucsusa.org/resources/rotating-crops-turning-profits#ucs-report-downloads-დან.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ ბექა ბაიაშვილის კიდევ ერთი სტატია ვერტიკალური სოფლის მეურნეობა.