ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვლის მსოფლიოს მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება, შესაბამისად, კვების პრობლემა უფრო დიდ გამოწვევად იქცევა. ინდუსტრიული განვითარებისა და ურბანიზაციის გაძლიერებული ტემპის გამო დედამიწა ნაყოფიერი მიწების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. მეცნიერების ვარაუდით, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე დედამიწამ ნაყოფიერი მიწების ერთი მესამედი დაკარგა. რთული სათქმელია, კიდევ რამდენს დავკარგავთ მომავალი 40 წლის განმავლობაში. ბევრი ფიქრობს, რომ ვერტიკალური სოფლის მეურნეობა (იგივე ვერტიკალური მიწათმოქმედება) ამ პრობლემის გადაჭრის გზა და აგროკულტურის მომავალია.
რა არის ვერტიკალური სოფლის მეურნეობა?
ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა გულისხმობს საკვების წარმოებას რამდენიმე სართულიან ზედაპირზე. უფრო კონკრეტულად, იმის ნაცვლად, რომ პროდუქტი შეიქმნას ჩვეულებრივ ერთდონიან მიწაზე ან სათბურში, ვერტიკალური მეურნეობის სისტემაში ის რამდენიმე, ერთმანეთზე შვეულად განლაგებულ ზედაპირზე იქმნება.
ეს თანამედროვე მიდგომა დახურულ სივრცეში სოფლის მეურნეობის უკვე არსებულ მეთოდებს იყენებს. კონტროლდება ტემპერატურა, შუქი, ტენიანობა და მისთ. ამ ყველაფრით ვერტიკალური მეურნეობა შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებული, შედარებით მდგრადი მეთოდი. გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი მზის სინათლის გამოყენება სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია და ის სპეციალური განათებით უნდა შეიცვალოს. ვერტიკალური სოფლის მეურნეობის მთავარი მიზანი შეზღუდულ სივრცეში გამოშვების მნიშვნელოვნად გაზრდაა. გირჩევთ, უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად იხილოთ ეს ვიდეო:
როგორ მუშაობს ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა?
ამ სისტემის ძირითადი მიზნები შეგვიძლია ოთხ დიდ მიმართულებად დავყოთ:
- ფიზიკური მოწყობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემის მთავარი მიზანია შედარებით მცირე სიდიდის ფართობზე დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოება.
- განათება
მსგავს მეურნეობაში ხელოვნური და ბუნებრივი განათების იდეალური კომბინაცია უნდა გამოიყენებოდეს.
- ზრდის წყარო
მიწის ნაცვლად ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაში უმეტესად აერო- და აკვაპონიკური მეთოდები გამოიყენება. ხშირად იყენებენ ტორფსა და ქოქოსის კანს.
- მდგრადი მახასიათებლები
მსგავსი ტიპის მეურნეობა, ენერგიის დანახარჯების შესამცირებლად, ხშირად იყენებს მდგრადი განვითარებს არაერთ მახასიათებელს. მაგალითად, ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით მას 95%-ით ნაკლები წყალი ჭირდება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
პუნქტობრივად ჩამოვაყალიბოთ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი.
დადებითი მხარეები
- ვერტიკალური მეურნეობა მომავალში საკვების გაზრდილი მოთხოვნის; დაკმაყოფილების საშუალება იქნება;
- მისი საშუალებით წარმოება სეზონზე აღარაა დამოკიდებული;
- იყენებს ბევრად ნაკლებ წყალს;
- ამინდი ხელშემშლელი ფაქტორი აღარაა;
- შესაძლებელია მეტი ბიოპროდუქტის წარმოება.
უარყოფითი მხარეები
- მსგავსი მეურნეობის წამოწყება საკმაოდ ძვირია და მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა ბოლომდე შესწავლილი არ არის;
- დაბინძურების პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთული და ძვირია;
- საკმაოდ მაღალია შრომის დანახარჯები;
- მეურნეობა ზედმეტადაა დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ასე რომ მომავალში ენერგიის მიწოდების შემცირების რისკი საკმაოდ მძიმე საკითხია.
შეგვიძლია დასკვნის სახით აღვნიშნოთ, რომ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა იმდენად ახალი ხილია მსოფლიოსათვის, რომ მისი შესწავლისა და დამუშავების შემდეგ, ბევრი ასპექტი გამოიკვეთება. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს სისტემა სოფლის მეურნეობის მომავალია, რადგან მისი სავარაუდო უარყოფითი შედეგები თვალშისაცემია. თუმცა, ის დადებითი მხარეები, რაც ამ სისტემას გააჩნია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრობლემებისთვის ნამდვილად პერსპექტიულ გადაჭრის გზად ისახება.
გამოყენებული წყარო
LeBlanc, R. (2019). What You Should Know About Vertical Farming. დაბრუნებული thebalancesmb.com: https://www.thebalancesmb.com/what-you-should-know-about-vertical-farming-4144786-დან
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ ბექა ბაიაშვილის კიდევ ერთი სტატია, ბიომეურნეობა — აგროწარმოების მომავალი.