ეკონომისტთა აზრით ცხოვრების ხარისხს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა განსაზღვრავს. რეალურად ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მშპ-ს მეტი ზრდა შეიძლება აღარც იყოს საჭირო და პირიქით, თუ ნაკლებს ვიმუშავებთ, ვაწარმოებთ და ვიყიდით, მეტს დავაბანდებთ საზოგადოებრივ სერვისებში, შევძლებთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას.
2018 წლის მიწურულს მსოფლიოს ყურადღება მიიქცია IPCC [1]-მ (მთავრობათაშორისი პანელი კლიმატური ცვლილებების შესახებ), როცა ყოველწლიური მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც აღინიშნა, რომ გლობალური ემისია უნდა გავანახევროთ 2030-სთვის, რათა განულება 2050-ში შევძლოთ. ძალიან რთულია ასეთი სიტუაცია უფრო დრამატულად წარმოაჩინო, ამიტომ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი, როგორც საზოგადოების ცხოვრების ახლანდელი გეზი სრულიად საპირისპიროდ უნდა მივმართოთ. დაფიქრდით: ჩვენ უკვე 250 წელია წიაღისეულ საწვავს მოვარგეთ ჩვენი ცხოვრება, ახლა კი, სულ რაღაც 30 წელი გვაქვს ალტერნატივებით ჩანაცვლებისთვის.
იქიდან გამომდინარე რომ ნახშირორჟანგის ემისიის უდიდესი წილი მაღალშემოსავლიან ერებზე მოდის, მიზანშეზონილია თუ ისინი მოხმარებას სხვებზე სწრაფად შეამცირებენ. სტოკჰოლმის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის, SEI-ის მეცნიერების შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნები, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან და საჭიროა, რომ მათთან 2030 წელს საწვავის მოხმარება უკვე 0-თან იყოს მიახლოებული. IPCC მოხსენებას გალვანის ეფექტი ჰქონდა მოქალაქეების ქცევაზე. მისი გამოცემიდან ერთი თვის თავზე Extinction Rebellion[2]-მა 5 ხიდი გადაკეტა ცენტრალურ ლონდონში და მოითხოვა სწრაფი მოქმედება. მოთხოვნა ასევე გულისხმობდა, რომ მთავრობას სასწრაფოდ გამოეცხადებინა საგანგაშო მდგომარეობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. აშშ-ში კი ალექსანდრია ოკაზიო-კორტეზმა პირდაპირ Green New Deal-ის ბანერზე გამოაქვეყნა ემისიის შემცირების სწრაფი სამოქმედო გეგმა, რაშიც ევროპაც აჰყვა.
უეცრად აღმოვჩნდით სხვა ნიადაგზე და ის ძველი ზღაპარი, რომლის მიხედვითაც თავისუფალი ბაზრის მექანიზმი ან უხილავი ხელი როგორღაც მაგიურად გადაჭრიდა კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებს, უბრალოდ გაქრა. სამაგიეროდ ახალი კონსესუსი ჩამოყალიბდა: საჭიროა მთავრობასთან შეთანხმებული მოქმედება მასიური გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
ეკონომიკური ზრდიდან კეთილდღეობამდე
დიდი ცვლილებები მოჰყვა ადრეულ განხილვასა და დიალოგს კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს. მეცნიერები გვაფრთხილებენ რომ მაღალშემოსავლიანი ერებისთვის შეუძლებელია განახლებად ენერგიებზე იმდენად სწრაფად გადასვლა, რომ დასაშვები ემისიის მოცულობა დარჩეს 1.5-2C დიაპაზონში, თუ ისინი ეკონომიკურ ზრდას ძველებური ტემპით გააგრძელებენ. რატომ? იმიტომ რომ, ზრდა ენერგიის მოხმარებისადმი მოთხოვნასაც ზრდის, გაზრდილი მოთხოვნა უფრო მეტად ართულებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას. კანადელი მეცნიერების თქმით, თუ ჩვენ იგივე ტემპით გავაგრძელებთ ენერგიის მოხმარების ზრდას დეკარბონიზაცია ბევრად გასცდება იმ საზღვარს, რომელიცაც დღესდღეობით მიღწევადია.
სიმართლე რომ ვთქვათ, სწორედ ეს გვიშლის ხელს კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პროგრესში. ბოლო 20 წელიწადში, მსოფლიომ მოახერხა და გამოიმუშავა 8 მილიარდი მეგავატ საათი (MWh) სუფთა ენერგია, რაც ბევრია, თუმცა დაახლოებით იმავე პერიოდში ენერგიაზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა და ეს სუფთა ენერგია ამ რაოდენობის მოთხოვნამ საერთოდ გადაფარა, შესაბამისად ნახშირორჟანგის ემისია ყოველ წელს მზარდია.
თუ გვსურს რომ მყარ კლიმატურ სტაბულურობას მივაღწიოთ, მაღალშემოსავლიანმა ერებმა უნდა შეცვალონ ეკონომიკური პრინციპები და შეამცირონ მოხმარება. ეს ყველაფერი წლების წინ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, თუმცა ახლა ყალიბდება ე.წ. კონსენსუსი. 2018 წელს ევროკომისიაზე მიწვეული 238 მეცნიერი ერთხმად აცხადებდა, რომ საჭირო იყო ეკონომიკური ზრდის, როგორც მთავარი მიზნის დავიწყება და პოსტ-ინდუსტრიული მომავლის უკეთ შესწავლა . 2019 წელს კი 150-ზე მეტი ქვეყნის 11 000-მა მეცნერმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საჭიროა შევცვალოთ გეზი, მოვეშვათ მშპ-ს მაჩვენებლების დევნას და დავუახლოვდეთ მდგრად ეკოსისტემას და გავაუმჯობესოთ კეთილდღეობა“. მსოფლიოს ბევრმა განსწავლულმა თქვა იგივე შინაარსის ფრაზები, მათ შორისაა ბილ გეითსი და ვაცლავ სმილი.
ზემოთქმულმა, ენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკაშიც გაიჟღერა. იასინდა ანდერნმა, ახალი ზელანდიის პრემიერ მინსიტრმა 2019 წელს განაცხადა, რომ ის აღარ მიიჩნევდა მშპ-ს ზრდას ეკონომიკის წამყვან მაჩვენებლად კეთილდღეობის სანაცვლოდ. შოტლანდიის და ისლანდიის ლიდერებმაც იგივე მიდგომა მიიჩნიეს პრიორიტეტად, რასაც სოციალურ მედიაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან, ეს კი იმაზე მიუთითებს რომ მსოფლიოს მოქალაქეები მზად არიან ცვლილებებისთვის.
სამართლიანობა ზრდის ანტიდოტია
ბევრი ეკონომისტი ასკვნის, რომ მშპ-ს ზრდა ცხოვრების ხარისხის გაუჯობესებასაც განსაზღვრავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არ არსებობს ზემოთქმულის დამამტკიცებელი ემპირიული არგუმენტი. პირიქით, მაღალშემოსავლიანი ერების პრაქტიკამ ამ ორს შორის კავშირი კიდევ უფრო დააშორა.
მაგალითად სიცოცხლის ხანგრძლივობა რომ ავიღოთ, აშშ-ს მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის 60 000$, რაც მსოფლიოში მას ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად აქცევს, ამასთან აშშ-ს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 78.5 წელია, მაშინ როცა სამხრეთ კორეას 50%-ით ნაკლები მშპ აქვს ამერიკასთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 82,6 წელია. პორტუგალიაში მშპ აშშ-ს მშპ-სთან შედარებით 65%-ით ნაკლებია, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობაა საშუალოდ 81.1 წელი.
განათლების მიმართულებაც რომ განვიხილოთ, დაახლოებით იმავე შედეგზე გავალთ. მაგალითად, ფინეთში 23%-ით ნაკლებია მშპ ერთ სულ მოსახლეზე ვიდრე აშშ-ში, თუმცა, ქვეყანა განათლების სისტემით ლიდერია მსოფლიოში. განათლების ესტონური მოდელიც ლიდერობს, თუმცა მშპ ერთ სულზე 66%-ით ნაკლებია ვიდრე აშშ-ში. პოლონეთიც ჩამორჩება აშშ-ს 77%-ით.
რა ხსნის ამ შედეგებს? მარტივად, ყველა ჩამოთვლილმა ქვეყანამ ინვესტირება განახორციელა მაღალხარისხიან უნივერსალურ ჯანდაცვასა და განათლებაში, რადგან როცა ქვეყანას პრეტენზია აქვს საკუთარი მოსახლეობის ხანგრძლივ, ჯანსაღ და ბედნიერ ცხოვრებაზე მხოლოდ ზემოთქმული ითვლება და არა მშპ-ს ზრდის ტემპი. კარგი ამბავი ის არის რომ ხარისხიანი ჯანდაცვა არც თუ ძვირი ჯდება, პირიქით, უნივერსალური საჯარო სერვისები საკვირველად ნაკლებხარჯიანია, ვიდრე მისი კერძო ანალოგები. მაგალითად, ესპანეთი 2 300 $-ს ხარჯავს ერთი ადამიანის ჯანდაცვაში, ეს კი მას მსოფლიო ლიდერად აქცევს სიცოცხლის ხანგრძლივობით, რაც საშუალოდ 83,3 წელია. აშშ ჯანდაცვაში 4-ჯერ მეტს ხარჯავს, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობით საკმაოდ ჩამორჩება ლიდერს.
მიზეზი იმისა, თუ მშპ-ს ზრდა რატომ არ გვაძლევს იმ შედეგებს, რასაც ველოდებით არის ის, რომ შემოსავლების უმრავლესობა მიდის მდიდარი საზოგადოების ჯიბეში. აშშ-ში უმდიდრესი ადამიანების 1%-ს 1970 წელთან შედარებით გასამმაგებული შემოსავალი აქვთ, მაშინ როცა ჩვეულებრივი მოსახლეობის რეალური ხელფასი შემცირებულია 1970 წელთან შედარებით და სიღარიბის მაჩვენებლებიც მაღალია. მოკლედ რომ ვთქვათ, ზემოთქმული იმაზე მეტია ვიდრე იდეოლოგია. მოგვიწოდებენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ პლანეტისთვის მომაკვდინებელი ხერხებით, რაც მდიდარ ელიტას უფრო მეტად ამდიდრებს.
სიმართლე ისაა, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არ კმარა. ჩვენ შეგვიძლია წარმატებით მივაღწიოთ სოციალურ მიზნებს ეკონომიკური ზრდის გარეშეც თუ სამართლიანად გავანაწილებთ, დავაბანდებთ მდგრად, საზოგადოებისთვის მომგებიან პროექტებში და შევასუსტებთ კლიმატურ კრიზისს.
სქოლიო
[1] Intergovernmental Panel on Climate Change – მთავრობათაშორისი პანელი კლიმატური ცვლილებების შესახებ
[2] გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს თავი აარიდოს კლიმატურ სისტემაზე მოქმედ ფაქტორებს არაძალადობრივი მეთოდებით
წყარო:
Hickel, J. (2020, March 19). Outgrowing growth: Why quality of life, not GDP, should be our measure of success. The Correspondent. ბმული: https://thecorrespondent.com/357/outgrowing-growth-why-quality-of-life-not-gdp-should-be-our-measure-of-success/47262945114-5a66455a?fbclid=IwAR2ZSU5jdtkPqmCmrzDmyLhgO3lVbKt_LHZBGTBHMPXbIDpaoGdl-8cYWB4
How well GDP measures the well-being of society (article). (n.d.). Khan Academy. ბმული: https://www.khanacademy.org/economics-finance-domain/macroeconomics/macro-economic-indicators-and-the-business-cycle/macro-limitations-of-gdp/a/how-well-gdp-measures-the-well-being-of-society-cnx
იხილეთ დიანა ბაბლიაშვილის სხვა სტატიები შემდეგ ბმულზე.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.