ფოიერვერკი ბათუმში

სადღესასწაულო ფოირვერკის ზემოქმედება გარემოზე

ფოიერვერკი უაღრესად მომწამვლელ აირებსა და დამაბინძურებლებს გამოყოფს, რომლებიც წამლავენ ჰაერს, წყალსა და ნიადაგს, რაც მათ ფრინველებისთვის, ველური ბუნებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, პირუტყვისთვის და ადამიანებისთვის საშიშს ხდის, მაგრამ არსებობს ეკომეგობრული ალტერნატივებიც.

ადამიანებმა, მთელი მსოფლიოს გარშემო, გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო გზა მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღსანიშნავად საჯარო ფოიერვერკის შოუა. მსგავსი ღონისძიებით, ნივთების აფეთქებით, აღინიშნება ახალი წელი, დამოუკიდებლობის დღე, სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და სხვა. მოსახლეობის უმეტესობამ იცის რომ ფოიერვერკი საშიშია, რადგან ძალიან ხშირია ფატალურად დასრულებული დღესასწაულები, კერძოდ, საახალწლოდ დაშავებული ადამიანები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ოთახში აღმოჩნდნენ, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა, არ ფლობს ინფორმაციას ფოიერვერკებით გამოწვეული დიდი ეკოლოგიური ზიანის შესახებ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ფოიერვერკი პატარა პიროტექნიკური რაკეტაა, რომელიც ფეთქდება სპეციფიკურად, ხმაურიანად და კაშკაშებს. მაგრამ სწორედ ეს ბრწყინვალე ფერის აფეთქებაა დიდი პრობლემების საწყისი.

ფოიერვერკის მომწამვლელი ელემენტები

ფოიერვერკის ფერები ქიმიისა და ფიზიკის ფიზიკური ურთიერთქმედების შედეგია. კონკრეტულად, ფოიერვერკების ფერები დამოკიდებულია მყარი ლითონის მარილებზე და ქიმიურ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე (ქიმიის ნაწილი), რაც ქმნის ფერთა მრავალფეროვნებას სხვადასხვა ტემპერატურაზე გაცხელების პირობებში (ფიზიკის ნაწილი).

სხვადასხვა ლითონის ნაერთები იძლევა განსხვავებულ ფერებს. მაგალითად, ლითიუმის (Li) მარილები წარმოქმნიან ვარდისფერს, ნატრიუმის (Na) მარილები ყვითელ ან ნარინჯისფერს, სპილენძის (Cu) და ბარიუმის (Ba) მარილები წარმოქმნიან მწვანესა და ლურჯს, ხოლო კალციუმი (Ca) ან სტრონციუმი (Sr) იძლევა წითელს.

მიუხედავად იმისა, რომ ფოიერვერკებში მძიმე მეტალები განიცდიან დროებით ფიზიკურ ცვლილებას, ფოიერვერკის შემადგენლობაში მყოფი ლითონის მარილები და ფეთქებადი ნივთიერებები გადიან ქიმიურ ცვლილებებს ჟანგბადთან შერწყმისას (წვა). ეს ქიმიური რეაქცია ათავისუფლებს კვმალსა და აირებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირბადის მონოოქსიდი და აზოტი, სწორედ ესენია ძირითადი სათბურის აირები, რომლებიც იწვევს კლიმატის ცვლილებას.

აფეთქებისას ეს ლითონის მარილები არ იწვის, ისინი ჯერ კიდევ ლითონის ატომებია და ბევრი მათგანი აეროზოლად იქცევა, რაც წამლავს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს. ჩასუნთქვისას ან გადაყლაპვისას ამ ლითონებს შეუძლიათ გამოიწვიონ მოკლე ან გრძელვადიანი რეაქციები, დაწყებული გულის რევიდან, დიარეიდან ან ასთმის შეტევებიდან, თირკმლის დაავადებამდე, კარდიოტოქსიურ ეფექტებამდე და სხვადასხვა სახის სიმსივნემდე.

ფოიერვერკი ქმნის წვრილი ნაწილაკების, მომწამვლელი აეროზოლებისა და მძიმე ლითონების ნისლს

ფოიერვერკების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ჰაერის დაბინძურებაა. მაგრამ რამდენად დაბინძურებულია ჰაერი? ჰაერის ხარისხის ინდექსი (American Lung Association, 2020) შექმნილია ჰაერის დამაბინძურებლების, როგორიცაა წვრილი ნაწილაკები, აეროზოლები და სხვა დამაბინძურებლების, ყოველდღიური კონცენტრაციის გასაზომად (საქართველოში შეგიძლიათ გაეცნოთ ჰაერის ხარისხის ინდექსს რეალურ დროში, რათა ნახოთ როგორი ჰაერია თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე). ჰაერის ხარისხის ინდექსის მნიშვნელობები მერყეობს 0-დან 500-მდე, 401-ზე მეტი კლასიფიცირებულია, როგორც „საშიში“, რამაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჯანმრთელ ადამიანებზე და ასევე მათზე, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადებები აქვს.

ფოიერვერკი გარემო
ფიგურა 2; ჰაერის ხარისხის ინდექსი (წყარო: ამერიკული ფილტვების ასოციაცია/ საჯარო ინფორმაცია) ნათარგმნია ავტორის მიერ

2019 წლის დივალის სინათლის ფესტივალის დროს, ჰაერის დამაბინძურებლების კონცენტრაცია ნორმაზე უფრო მაღალი იყო უკვე ძლიერ დაბინძურებულ დელიში. ეს ფესტივალი ხასიათდება უამრავი ფოიერვერკით, მის დასასრულს კი გამონაბოლქვის შედეგად ქალაქის გარკვეულ ნაწილებში ჰაერის ხარისხის ინდექსმა 500-იან ნიშნულს მიაღწია.

მაგრამ გარდა დიდი რაოდენობით წვრილი ნაწილაკების დამატებისა ჰაერში, ფოიერვერკი ასევე ატმოსფეროში ათავისუფლებს საშიშ აირებსა და აეროზოლებს. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფოიერვერკი „აფეთქებს“ ოზონს (არუნ კ. ატტრი, 2001), რაც უკიდურესად რეაქტიული სათბურის აირის მოლეკულაა, რომელსაც შუძლია თავდასხმა და ფილტვების გაღიზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, მზის შუქზე არსებული ულტრაიისფერი სინათლითაა შექმნილი, კვლევამ აჩვენა, რომ ოზონი იქმნებოდა ღამის ულტრაიისფერი სინათლით, რომელსაც ნაპერწკლები იწვევდნენ.

ინდოეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განიცდის ჰაერით გადატანადი მყარი ნაწილაკების, აირადი დამაბინძურებლებისა და მეტალის გამონაბოლქვის საშიშ ზრდას. სამკვირიანმა კვლევამ ლონდონში, რომელიც მოიცავდა ორ მთავარ ფოიერვერკით აღნიშვნად დღესასწაულს, აღმოაჩინა აზოტის ოქსიდის და გოგირდის დიოქსიდის გაზრდილი დონე ჰაერში, რომლებსაც ძირითადი წვლილი შეაქვთ მჟავა წვიმების წარმოქმნაში, ისევე როგორც მნიშვნელოვანი კლიმატშემცვლელი აირები, რომლებიც აღიზიანებენ ფილტვებსა და ყელს. კვლევამ ასევე აღმოაჩინა ნორმალურზე მეტი რაოდენობის წვრილი ნაწილაკების მასობრივი კონცენტრაცია და მძიმე მეტალების, კონკრეტულად, სტრონციუმის(Sr), მაგნიუმის(Mg), კალიუმის(K), ბარიუმისა(Ba) და ტყვიის(Pb) კონცენტრაციის კვალი (Krystal J. Godri, 2010).

მაგრამ რა რაოდენობის მძიმე მეტალი ემატება ატმოსფეროს ერთი ფოიერვერკის შოუსგან? კვლევამ აჩვენა რომ, ფოიერვერკის ერთსაათიანი შოუს შემდეგ, ჰაერში სტრონციუმის დონე გაიზარდა 120-ჯერ, მაგნიუმის 22-ჯერ, ბარიუმის12-ჯერ, კალიუმისა 11-ჯერ და სპილენძის 6-ჯერ (რობერტა ვეჩი, 2008).

ფოიერვერკით გამოთავისუფლებული დამაბინძურებლები ზომიერ ამინდში ქარის მიმართულებით გადაადგილდებიან. აქ ჩამოთვლილია მძიმე ლითონები, რომელთა კვალიც ფოიერვერკის შოუს ადგილიდან 100 კმ-ში აღმოაჩინეს: სტრონციუმი (Sr), ვანადიუმი (V), კალიუმი (K), ტიტანი (Ti), ბარიუმი(Ba), სპილენძი(Cu), ტყვია(Pb), მაგნიუმი(Mg), ალუმინი (Al) და თუთია (Zn) (პერი, 2011). ზემოთხსენებული ნივთიერებები აბინძურებენ  როგორც ჰაერს, ასევე ნალექის შედეგად გამოირეცხება ჰაერიდან და დაგროვილი აბინძურებს ადგილობრივი მდინარის აუზებს.

მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ არეალებში ფოიერვერკის შოუები წლის განმავლობაში სულ 2-3 ღამის განმავლობაში იმართება, თემატური პარკები (როგორიცაა დისნეილენდი) ყოველწლიურად საშუალოდ 230, 15 წუთიან შოუს დგამენ, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოიერვერკების ყველაზე დიდი მომხმარებლად ითვლებიან.

ფოიერვერკის ხანმოკლე ბუნების მიუხედავად, მომწამვლელი ნივთიერებები რომლებსაც გარემოში ათავისუფლებენ მუდმივია და ყოველწლიურად იზრდება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს გარემოს დაბინძურების სხვა წყაროებიც და ყველა ამ მომწამვლელი ქიმიური ნაერთების დაგროვება შემაშფოთებელია.

პიროტექნიკური დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე

დღესდღეისობით, ბევრი გამოქვეყნებული კვლევა არსებობს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ფოიერვერკების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაზე, ფოიერვერკის ეფექტის შესაქმნელად კი იყენებენ მუდმივ, ბიოაკუმულაციურ და მომწამლავ ქიმიკატებს. მსგავსი ნივთიერებები გარემოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება და მდგრადია დეგრადაციის მიმართ, ამასთანავე, მარტივად ერწყმიან და სწრაფად გროვდებიან კვებით ჯაჭვში.

2010 წლის კვლევამ გამოიყენა ეპიდემიოლოგიური მონაცემები ფოიერვერკების დაბინძურების შესაძლო ზემოქმედების შესაფასებლად და დაადგინა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის ფარდობითი რისკი გაიზარდა 125.11%-მდე და გულ-სისხლძარღვთა ავადობის შედარებითი რისკი გაიზარდა 175.16%-ით ზამთრის ნორმალურ დღესთან შედარებით (ბ. ტაკური, 2010) გარდა ამისა, ასთმისა და სხვა სასუნთქი დაავადებების მქონეთა საავადმყოფოსთან მიმართვიანობა პიკს აღწევს ფოიერვერკის შოუს შემდეგ.

პიროტექნიკური დაბინძურების გავლენა გარემოზე

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვების წყალობით, სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყალი სულ უფრო ძვირფასი და იშვიათი ხდება. ამის მიუხედავად, მრავალი ურბანული ფოიერვერკის შოუ ტარდება წყლის ობიექტზე ან მიმდებარედ, რათა ხანძრის ალბათობა შემცირდეს. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის წყალში დამაბინძურებლების რაოდენობას. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პერქლორატის (არაორგანული ქიმიკატი, გამოიყენება ფოიერვერკებსა და სხვა ასაფეთქებელ ნივთიერებებში) კონცენტრაციამ მუნიციპალური ტბის ზედაპირულ წყალში ფოიერვერკების შოუდან 14 საათის შემდეგ პიკს მიაღწია, რადგან ის ფოიერვერკების შოუს სიახლოვეს მდებარეობს. მაჩვენებელი 24-1028-ჯერ აღემატებოდა საშუალო საწყის მაჩვენებელს და საწყის ნიშნულს 20-80 დღეში დაუბრუნდა (სიჯმოლი & მოჰანი, 2014). სხვა კვლევამ პერქლორატი აღმოაჩინა მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში, განსაკუთრებით ფოიერვერკების წარმოებისა და აფეთქების ადგილებში (სიჯმოლი & მოჰანი, 2014).

მიუხედავად იმისა, რომ პერქლორატის დაბინძურებაზე საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული, მისი  გავლენა ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიური ზემოქმედება სრულად არ არის შეფასებული. თუმცა, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ პერქლორატის დამაბინძურებლები ძლიერ ზემოქმედებენ ფარისებრ ჯირკვალზე, ასევე აქვთ გრძელვადიანი ეკოლოგიური ზემოქმედება (სიჯმოლი & მოჰანი, 2014).

ასევე საგულისხმოა, მძიმე ლითონით დაბინძურების ზემოქმედება უკვე დაბინძურებულ ქალაქებში. 2016 წლის კვლევამ, ესპანეთში, აჩვენა მძიმე მეტალების რაოდენობის მკვეთრი მატება ქალაქის ცენტრში მდებარე პარკში, სადაც ფოიერვერკის შოუ მოეწყო. დაბინძურება აღინიშნა პარკს გარეთაც, რადგან მტვრისა და მძიმე მეტალების მომწამვლელმა ღრუბელმა გადაინაცვლა ქალაქის ცენტრშიც (ტერეზა მორენო ხ. კ., 2010). გარდა ამისა, კვლევაში აღინიშნა, რომ ზოგიერთი ლითონის დონე ფონურზე მაღალი რჩებოდა მოვლენიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან ლითონის შემცველი მტვრის რეზერვუარი არსებობდა ქალაქის არეალში, სადაც მისი ჩასუნთქვა ადვილად იყო შესაძლებელი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხშირად უგულვებელყოფილია, არის უეცარი აფეთქებების ხმა, რომელიც ფოიერვერკის შოუს მოჰყვება, ისიც საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამ ხმაურს ვერ გავექცევით და ფოიერვერკის ხმამ შიძლება დააზიანოს სმენა (ტანდონი, 2003), გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათთვის ვისაც აწუხებს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) (გლედი, 2016), ასევე იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებს შინაური ცხოველებისთვის, პირუტყვისთვის, ველური ბუნებისა და ფრინველებისთვის (ფრინველების მასობრივი გადაფრენა ფოიერვერკისგან, 2015).

ალტერნატიული გზები მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად

თითოეული ფოიერვერკის შეძენა წარმოადგენს ბევრად უფრო მეტს ვიდრე კაშკაშა განათებასა და დიდ აფეთქებას. ფოიერვერკი დამაბინძურებელი პროდუქტია შექმნიდან დაწყებული მისი ბუნდოვანი გაქრობით დასრულებული, რომელიც შორეულ სმოგურ მომავალს გვიქადის.

დღესასწაულების აღსანიშნავად, შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს დრონები და ლაზერ შოუები (რა თქმა უნდა, ლაზერშოუ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ არ აბინძურებს გარემოს).

ასევე, შეგიძლიათ დაესწროთ სადღესასწაულო მსვლელობებს, მოაწყოთ წვეულება, წახვიდეთ ლაშქრობაში ან მოხალისეობრივად დაეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომელიც არც კი ითვალისწინებს ფოიერვერკების უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებს, გავრცელებული მომწამლავი ნარჩენების დასუფთავებას, უსაფრთხოების ხარჯებს, ხანძრების რისკის ზრდას – გეკითხებით: ღირს თუ არა ფოიერვერკის შოუ ამდენ ზარალად? მართლა ასე გვინდა ჩვენი ფულისა და დროის ხარჯვა?

ნათარგმნი სტატია: Festive Fireworks Create Harmful Pall Of Pollution

გამოყენებული ლიტერატურა

  1. American Lung Association. (2020). Air Quality Index. მოპოვებული Lung.org: https://www.lung.org/clean-air/outdoors/air-quality-index-დან
  2. Krystal J. Godri, D. C. (2010 წლის 1 ოქტომბერი). ფოიერვერკის აქტივობასთან დაკავშირებული ნაწილაკების ოქსიდაციური ტვირთი. გვ. 8295–8301. მოპოვებული https://pubs.acs.org/doi/10.1021/es1016284-დან
  3. არუნ კ. ატტრი, უ. კ. (2001 წლის 28 ივნისი). ოზონის ფორმირება ფოიერვერკით. Nature.com.
  4. ბ. ტაკური, ს. ჩ. (2010 წლის 30 ივლისი). ფოიერვერკით ჰაერის დაბინძურება სინათლის ფესტივალის დროს ჰორაჰში, ინდოეთი – სიტუაციის ანალიზი. SciELO. მოპოვებული http://www.scielo.org.mx/scielo.php?pid=S0187-62362010000400004&script=sci_arttext&tlng=en-დან
  5. გლედი, კ. ა. (2016 წლის 6 მაისი). პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ტრავმის შეხსენებების ზემოქმედება ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ჟურნალი ტრავმა და დისოციაცია, გვ. 435-447.
  6. პერი, კ. დ. (2011 წლის 27 დეკემბერი). გარე პიროტექნიკური ჩვენების ეფექტი დასავლეთ ვაშინგტონის შტატის რეგიონულ ჰაერის ხარისხზე. Journal of the Air & Waste Management Association, გვ. 146-155.
  7. რობერტა ვეჩი, ვ. ბ. (2008 წლის თებერვალი). ფოიერვერკის გავლენა ჰაერის ნაწილაკებზე. ატმოსფერული გარემო, გვ. 1121-1132. მოპოვებული https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S1352231007009685?via%3Dihub-დან
  8. სიჯმოლი, მ., & მოჰანი, მ. (2014 წლის 10 ივლისი). პერქლორატის გარემოზე ზემოქმედება, განსაკუთრებით ფოიერვერკთან კავშირში – მიმოხილვა. SpringerLink. მოპოვებული https://link.springer.com/article/10.1007%2Fs10661-014-3921-4-დან
  9. ტანდონი, ნ. (2003 წლის 1 მაისი). ცეცხლსასროლის ხმაური. SAGE journals. მოპოვებული https://journals.sagepub.com/doi/10.1260/09574560360698156-დან
  10. ტერეზა მორენო, ხ. კ. (2007 წლის თებერვალი). რეკრეაციული ატმოსფერული დაბინძურების ეპიზოდები: ფოიერვერკებში ჩასუნთქვადი მეტალის ნაწილაკების ჩვენები. Atmospheric Environment – ScienceDirect, გვ. 913-922. მოპოვებული https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S1352231006009745?via%3Dihub-დან
  11. ტერეზა მორენო, ხ. კ. (2010 წლის 15 ნოემბერი). ფოიერვერკის ეფექტი მეტალის აეროზოლის კონცენტრაციაზე ქალაქში: ღირს თუ არა კოქტეილი შოუდ? Journal of Hazardous Materials, გვ. 945-949.
  12. ფრინველების მასობრივი გადაფრენა ფოიერვერკისგან. (2015 წლის 31 დეკემბერი). ფორბსი. მოპოვებული https://www.forbes.com/sites/grrlscientist/2015/12/31/birds-flee-en-mass-from-new-years-eve-fireworks/?sh=7f5ff6e37850-დან

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ფოთლების დაწვის მავნებელი პრაქტიკა

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *