ბიზნესის მდგრადი განვითარება

ბიზნეს მდგრადობის კონცეფციის ისტორიული განვითარება

ხშირად საუბრობენ ბიზნესის მდგრადობასა და პასუხისმგებლობაზე, მაგრამ როგორ განვითარდა ბიზნესის მდგრადობის კონცეფცია? სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ ხვალ?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას ვინ შეიძლება გაგვახსენდეს, თუ არა პროფესორი ტომას დილიკი. წილად მხვდა ბედნიერება, მასთან ერთად მემუშავა oikos-ში. მან 2018 წლის 13 ნოემბერს 44 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა სანკტ გალენის უნივერსიტეტში, შვეიცარიაში და გაიმართა მისი საჯარო ლექციაც, რომელსაც მეც ვესწრებოდი. აღნიშნულ ლექციაზე პროფესორი დილიკი მრავალ საინტერესო საკითხს შეეხო, თუმცა ამ სტატიაში გაგიზიარებთ ბიზნეს მდგრადობის კონცეფციის ისტორიული განვითარების შესახებ მოკლე ინფორმაციას.

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა ბიზნეს მდგრადობის კონცეფცია დროთა განმავლობაში, ის ისტორიულ ჭრილში უნდა მიმოვიხილოთ.

სიმდიდრის თუ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა?!

დიდი ხნით ადრე, ვიდრე მდგრადი განვითარების საკითხი წამოიჭრებოდა, პიტერ დრუკერმა ქველმოქმედების კონცეფცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისგან განაცალკევა. მან ეს გააკეთა მე-19 საუკუნის ორი ამერიკელი მეწარმის შედარებით. ერთ-ერთი მათგანი იყო რკინის მაგნატი, ენდრიუ კარნეგი, უმდიდრესი ამერიკელი, რომელმაც თავისი ქონების დიდი ნაწილი მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში ქველმოქმედებაში ჩადო. მის სახელს უკავშირდება ამერიკაში 3000-ამდე საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის დაარსება, ასევე, 7000-მდე ეკლესიის, ნიუ იორკში კარნეგის ჰოლის და პიტსბურგში კარნეგის მელონის უნივერსიტეტის მშენებნლობა. დრუკერი კარნეგის ამ მოქმედებას აღწერს როგორც: „to do well, in order to do good“ (უნდა იღვაწო კეთილდღეობისთვის, რაც შემდეგ მოგცემს საშუალებას სასარგებლო საქმეც აკეთო) ფილოსოფიით. ეს გულისხმობს, რომ იმისთვის, რათა კარგი საქმე გააკეთო, ჯერ უნდა გქონდეს ამის საშუალება.

მეორე წარმატებული მეწარმე ჯულიუს როსენვარდია. მან შეძლო  Sears Roebuck-ი ექცია ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელად, როგორც აშშ-ში ასევე, მსოფლიოში. მისი მიზანი იყო ამერიკელი ფერმერების უნარ-ჩვევების განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, რაც შემდგომ გახდა არაპირდაპირი გზით Sears-ის ეკონომიკური წარმატების საფუძველი. დრუკერისთვის ეს არის განსხვავებული ფილოსოფია და მას უწოდებს: “to do good, in order to do well”. ამ ფილოსოფიის მიხედვით, უნდა აკეთო სასარგებლო საქმე, რაც ასევე შემდეგ მოგიტანს კეთილდღეობას. დრუკერისთვის კარნეგის ვერსია არის: სიმდიდრის სოციალური პასუხისმგებლობა, ხოლო როსენვალდის ვერსია კი, ბიზნესის ნამდვილი სოციალური პასუხისმგებლობა .

კარნეგისეული ვერსია ჩამოყალიბდა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან ჩაანაცვლა მილტონ ფრიდმანის გაგება ბიზნესის როლის შესახებ (იხილეთ სტატია). დრუკერი განმარტავს, რომ მწვავე სოციალური გამოწვევების ეფექტურად გასამკლავებლად საჭიროა როსენვალდისეული ვერსიის გაგება. მხოლოდ მთავრობასა და საზოგადოებას არ შესწევს ძალა ეს მარტომ გააკეთოს. აქ მნიშვნელოვანია ბიზნესის რესურსი, ცოდნა და გამოცდილება. თუმცა, მნიშვნელოვანია ისეთი ჩარჩო პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ეკონომიკური წარმატების კომბინაციას. ამით ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ მდგრადი მენეჯმენის განვითარებაზე.

ბიზნეს აზროვნების დამკვიდრება

მდგრადი მენეჯმენტის გაგების საწყის ფაზაში ბიზნესს ჰქონდა სურვილი, გამკლავებოდა მის წინაშე არსებულ სოციალური და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, ბიზნესი იყო ისევ ეკონომიკურ წარმატებაზე ორიენტირებული. უმეტეს შემთხვევაში ეს იწყებოდა კომპანიის გააზრებით, რომ მდგრადი მენეჯმენტი ამცირებდა ხარჯებს, რისკებს ფინანსურ ბაზრებზე, ან ზრდიდა მათ რეპუტაციას სამუშაო ბაზარზე და პროდუქციის ბაზარზე მათ განსხვავებულობებს წარმოაჩენდა, თუ რა თქმა უნდა, მდგრადი განვითარების საკითხები აქტიურად და წარმატებით იყო მიწოდებული. მდგრადი მენეჯმენტის გაგება აქ ითვალისწინებდა მოგების მაქსიმიზაციას, თუმცა, ეკონომიკური, ეკოლოგიური და საზოგადოებრივი შესაძლებლობებისა და რისკების მართვით.

ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალი ემპირიული კვლევა ადასტურებს, რომ არის დადებითი კორელაციური კავშირი კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის. ამას ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ: “Business Sustainability 1.0” (ბიზნესის მდგრადობა 1.0) ან ასევე, დახვეწილი გზა მოგების მაქსიმიზაციისთვის (“refined shareholder value management”). კომპანიის უმეტესი ნაწილი (სამწუხაროდ) სწორედ, ამ სახის მდგრადი განვითარების მენეჯმენს ახორციელებს. ძირითადად სოციალური პასუხისმეგბელობა (CSR) ხორციელდება კონკრეტული დეპარტამენტის ან მარკეტინგის დეპარტამენის მიერ. ისინი კონცენტრაციას აკეთებენ ეკო-ეფექტურობაზე ან სოციო-ეფექტურობაზე, უმეტეს შემთხვევაში ყველა “მოგებულ” სიტუაციაში რჩება.

Triple Bottom Line-ის აღზევება

განსხვავებით წინა მოდელისგან, რომელშიც  მოგების მაქსიმიზაცია იყო ამოსავალი წერტილი, მეორე ფაზაში ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მიზნები ერთდროულად გახდა მნიშვნელოვანი. ეს უკავშირდება three-dimensional value creation” ან the “triple bottom line”-ს (ანუ, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთმნიშვნელოვნების აღიარებას). აღნიშნული მიდგომა 25 წლის წინ ჯონ ელკინტონმა შემოგვთავაზა. 

ამ მიზნის მისაღწევად ბიზნესმა განახორციელა მდგრადი განვითარების სხვადასხვა სტრატეგია და გეგმა. ამავე დროს, შეინიშნება ამ მოდელის  ბიზნეს პროცესებში ინტეგრირების მზარდი ტენდენცია. ამ ფაზაში უკვე აღარაა კონკრეტული პოზიცია ან სამსახური, რომელიც მდგრად განვითარებაზე მუშაობს, არამედ, ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება სწორედ, მასზეა დაფუძნებული და ყოველი სამსახური თუ დეპარტამენტი მდგრადი განვითარების ინტეგრირებას ახორციელებს მათ მიზნებში. ამ გაგებას ჩვენ დავარქვათ: “Business Sustainability 2.0” or “managing for the triple bottom-line”. თუმცა აქაც ერთი რამ რჩება უცვლელი, აზროვნება: შიგნიდან-გარეთ ისევ რჩება დომინანტი. კომპანიის აქტივობა, რომელიც მიმართულია სოციალური საკითხებისკენ, განპირობებულია ეკონომიკური აქტივობის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გარე ეფექტების შესამცირებით. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანი არის კომპანიის ეკოლოგიური და სოციალური „უარყოფითი ნაკვალევის“ შემცირება. არც თუ ისე ბევრი კომპანიაა მდგრადი მენეჯმენტის თუნდაც ამ დონეზე.

არსებული მოდელის ლიმიტი

დღეს სულ უფრო მეტ კომპანიას აქვს პრეტენზია, რომ მდგრადი მენეჯმენტი გახდა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა, გლობალურ დონეზე განსხვავება იმისა, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რას ვაკეთებთ, რეალურად მუდმივად იზრდება.

მაგალითად: კლიმატის ცვლილება გვიჩვენებს, რომ მდგრადი განვითარების ჩვენებურ ფორმას რაღაც დიდი პრობლემა აქვს. ცხადია, ეს გადამეტებული ეკონომიკური წარმატების და ზრდის გამოა, რამაც მოიტანა დიდი აღმავლობა და მრავალი პერსპექტივა გაუხსნა ბევრ ადამიანს. ამავე დროს, ეს მკაფიოდ გვიჩვენებს ჩვენი რესურს-მომხმარებლური ეკონომიკური მოდელის ლიმიტაციას. რესურსების გამოყენების მიხედვით, ეს მოდელ ისევ მარტივ, სწორხაზოვან აზროვნებას ეფუძნება: „აიღე, გააკეთე, გადაყარე“. ხდება ნედლი მასალის მოპოვება, დამუშავება, მოხმარება და შემდეგ გადაყრა. ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დასაწყისი მხოლოდ რამდენიმე საკითხში შეინიშნება. ამავე დროს, განახლებად ენერგიებზე გადასვლა ნელ-ნელა იკრებს ფეხს, და აქვს დიდი პოტენციალი.

გლობალურად ჩვენ გვინდა თითქმის ორი პლანეტა იმისათვის, რათა ყოველწლიურად ყველა ადამიანის მოთხოვნა  დავაკმაყოფილოთ მდგრად დონეზე. თუ ყველა ისე იცხოვრებს, როგორც შვეიცარიაში მცხოვრები მოსახლეობა, მაშინ ჩვენ გვინდა 3 პლანეტა. ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მოდელი, ახალი პერსპექტივა არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ დონეზე, არამედ ბიზნეს დონეზე. ტომას დილიკი აღნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა რეალური ბიზნეს მდგრადობა ან დავარქვათ: “Business Sustainability 3.0”. ამ საკითხზე ჩვენ შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ.

ბიზნესის მდგრადობის კონცეფცია
წყარო: https://www.truebusinesssustainability.org/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami