კლიმატის კრიზისი ჩვენ არ გველოდება!
ის ჩვენი კეთილდღეობის გაუარესებას ამ წამსაც აგრძელებს — ზრდის ბუნებრივ კატაკლიზმებს, ზღვის დონეს და გვართმევს საკვებს.
ბევრს ეს პრობლემა გადამეტებულად აფიშირებული ჰგონია. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დაგანახოთ რეალური სურათი იმისა, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო და როგორ შეგვძლია ვიმოქმედოთ.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სამ საკვანძო ფაქტს კლიმატის ცვლილების შესახებ 2021 წლის მდგომარეობით.
1. კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კრიზისია
ეს საკამათო საკითხი არ არის. შესაძლოა, თქვენმა შორეულმა ნათესავმა ოჯახურ ვახშამზე საწინააღმდეგო გიმტკიცოთ, მაგრამ მსოფლიოს კლიმატის ექსპერტთა 97%-ზე მეტი თანხმდება: კლიმატის ცვლილება რეალურია და მას ადამიანის საქმიანობა იწვევს.
ჩვენი კლიმატის ცვლილების მიზეზი ატმოსფერული სათბურის აირების, უმთავრესად ნახშირორჟანგის, ზრდაა.
საიდან ვიცით ეს?
ჩვენ ვიცით, რომ წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი) წვა გამოყოფს დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგს. ასევე, ვიცით, რომნახშირორჟანგი სათბურის აირია და ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ატმოსფეროში ისეთივე ეფექტს იწვევს, როგორსაც შუშები სათბურში — „ისრუტავს“ სითბოს და აღარ აბრუნებს მას უკან.
საყურადღებოა ისიც, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში დრამატულად გაიზარდა. გამოთვლებით დადგინდა, რომ მისმა დონემ უკანასკნელი 800 000 წლის რეკორდი მოხსნა!
ვინ ყოფილა ამ ყველაფერში დამნაშავე? რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ – ადამიანთა მოდგმა.
2. ტემპერატურა კიდევ გაიზრდება, მაგრამ რამდენად?
ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
1880 წლიდან დედამიწის საშუალო ტემპერატურა 1℃-ზეოდნავ მეტით გაიზარდა, საიდანაც ზრდის ორი მესამედი 1975-2021 წლებზე მოდის. ერთი შეხედვით, ერთი ან ორი გრადუსი შეიძლება ბევრი არ ჩანდეს. მაგრამ:
- ყოველ მომატებულ ერთ გრადუს ცელსიუსზე ატმოსფეროს 7%-ით მეტი წყლის ორთქლის შეკავება შეუძლია. შედეგი: იზრდება შტორმებისა და წყალდიდობების რიცხვი, დამანგრეველი წვიმები რეცხავს ნაყოფიერ ნიადაგს, უფრო და უფრო მეტი წყალდიდობა ხდება ისეთი, რომელსაც აქამდე „ათასწლეულის წყალდიდობას“ უწოდებდნენ.
- ყოველ მომატებულ ერთ გრადუს ცელსიუსზე მეხის დაცემის ალბათობა 10-12%-ით იზრდება. შედეგი: ჩნდება მეტი ხანძარი, რომელიც მწვანე საფარს და არა მხოლოდ მას ანადგურებს.
ეს მხოლოდ ორი მცირე მიზეზია იმისა, თუ რატომ გახდა დედამიწის ტემპერატურის 1.5 გრადუს ცელსიუსით მატება წითელი ხაზი უამრავი ექსპერტისთვის. 1.5℃-ით მატებასა და 2℃-ით მატებას შორის მხოლოდ 0.5 გრადუსია, თუმცა 2℃-ით მატებას შოკისმომგვრელი შედეგების მოტანა შეუძლია:
- 2℃-ით დედამიწის დათბობით ურბანულ რეგიონებში 61 მილიონით მეტი ადამიანი დაზარალდება გვალვით, ვიდრე ეს 1.5℃-ის შემთხვევაში იქნება;
- 2050 წლისთვის, იგივე, 1.5℃-ით შეზღუდვის პირობით 184-იდან 270 მილიონამდე ადამიანით ნაკლები დაზარალდება წყლის სიმცირით;
- ტემპერატურის ზრდის შეჩერება 1.5℃-მდე თავიდან აგვარიდებს 1.5-2.5 მილიონი კვადრატული კილომეტრის მუდმივად მზრალი ნიადაგის ლღობას, რომელიც ნახშირბადის და მეთანის გამოყოფის მნიშვნელოვანი წყაროა (ლღობა იწვევს ამ აირების გამოყოფის ზრდას);
- დაახლოებით 10 მილიონით ნაკლები ადამიანი აღმოჩნდება ზღვის დონის ზრდით გამოწვეული პრობლემების რისკის მსხვერპლი.
- ტემპერატურის 1.5℃-ით ზრდის შემთხვევაში, არის შანსი, რომ მარჯნის რიფების მხოლოდ 70-90% განადგურდეს, 2℃-ით მატების შემთხვევაში კი ისინი სრულიად გაქრება.
და თუ ჩვენ გავაგრძელებთ წიაღისეული საწვავის იმდაგვარად გამოყენებას, რომ არ დავაბალანსებთ მისით გამოწვეულ ემისიებს, საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის ტემპერატურა 4℃-ით მოიმატებს!
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, კლიმატის კრიზისი არ დაიწყება ზემოთ ნახსენები 1.5℃-ის გადალახვის შემთხვევაში – ის უკვე აქაა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, თუ გადარჩენა გვსურს.
3. ჩვენ ამ კრიზისის დაძლევა შეგვიძლია – უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ.
თვალებში უნდა ჩავხედოთ იმ სიმართლეს, რომ ახლა დედამიწაზე ნახშირორჟანგის ემისიების სრული შეჩერებაც კი პრობლემას მარტივად ვერ მოაგვარებს. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ჩვენივე შექმნილი პრობლემის შედეგების მომკას. უკვე გამოყოფილი სათბურის აირები ატმოსფეროში ათი და ასწლეულების განმავლობაში დარჩება.
ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ყველაფერი გავაკეთოთ უარესის თავიდან ასარიდებლად. კარგი ისაა, რომ უკვე არსებობს სუფთა ენერგიისა და მდგრადი პოლიტიკის გატარების პრაქტიკული მცდელობები.
სანამ გვიან არ არის, საჭიროა:
- ინკლუზიურ და კლიმატის მხრივ მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა, რომელიც მილიონობით კარგად ანაზღაურებად და უსაფრთხო სამუშაო ადგილს შექმნის, იმის პარალელურად, რომ გაიზრდება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
- ძირეული ცვლილებები სატრანსპორტო სექტორში, მაგალითად, ელექტროფიკაცია.
- დამბინძურებელ ობიექტებთან მცხოვრებმა მოსახლეობამ პირველმა უნდა იგრძნოს გამონაბოლქვზე და წყლის ხარისხზე გაფართოებული რეგულაციების შედეგი.
- კლიმატის ცვლილების კუთხით ჭკვიანი, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი სამყაროს უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და გრძელვადიან გადარჩენას.
- დავიწყოთ მოქმედება დღესვე!
გამოყენებული ლიტერატურა
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.