ეკო-მეგობრული ბიზნესი

ეკო-მეგობრული კომპანიები, რომელთა მიზნებიც მოგების მაქსიმიზაციას სცილდება

ეკო-მეგობრული

რამდენად საჭიროა კომპანიების წვლილი დედამიწის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ზრუნვაში? ფინანსური მდგრადობის საკითხების მოგვარებასთან ერთად, უნდა ფიქრობდნენ თუ არა ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები რესურსების ამოწურვადობასა და დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე? რამდენად აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გათვალისწინებით მოქმედება იმისთვის, რომ მოგების მაქსიმიზაცია მომავალი თაობებისთვის საჭირო რესურსების ამოწურვის გარეშე მოვახერხოთ?  ამ შეკითხვებზე თითოეულ კომპანიას საკუთარი მოსაზრება და შეხედულება გააჩნია. აღნიშნულ სტატიაში კი ცივილურად მოაზროვნე კომპანიების ისტორიებს იხილავთ, რომელთა მიზანიც დაბინძურებული გარემოსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად და ადაპტაციისთვის მეტი ინოვაციური და კრეატიული პროდუქტისა და მომსახურების შექმნაა.

რატომ არის აუცილებელი მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნესში დანერგვა?

ცხადია, რომ სარგებელი, რომელსაც ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები მდგრადი განვითარების მიზნების გამოყენების შედეგად იღებენ, რეალურად ზრდის მათ შესაძლებლობებს გრძელვადიანი გეგმების განხორციელების საქმეში. კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ბიზნესში დანერგვა ხელს უწყობს:

  • თანხის დაზოგვას: ეკო-მეგობრული ტექნოლოგია, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.
  • ინვესტორების მოზიდვას: ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო პროდუქცია. ხშირად ზოგიერთი კომპანია ზუსტად ამ მიზნით “იწებებს” მწვანე კომპანიის სახელს და რეალურად მინიმუმსაც კი არ აკეთებს გარემოს დაბინძურების საქმეში საკუთარი “წვლილის” შესამცირებლად. სწორედ ამ პროცესს აღწერს ტერმინი “გრინვოშინგი”. 
  • დასაქმებულთა შენარჩუნებას: კომპანია, სადაც მეგობრული გარემო და ხელსაყრელი პირობებია შექმნილი და ამასთანავე ვითარდება მდგრადად, რა თქმა უნდა, ბევრ კვალიფიციურ კადრს იზიდავს და თანამშრომელთა დენადობაც ნაკლებია. 
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნას: მდგრად მიზნებზე ორიენტირებულ კომპანიებს ესაჭიროებათ ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, როგორიცაა: CVO (Customer Value Officer), ქარისა და მზის ენერგიის მოწყობილობების ინჟინერი და ა.შ.
ეკო-მეგობრული კომპანია

„დღეს ბიზნესი ერთადერთი მექანიზმია პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა, აგრეთვე, გლობალური გარემოს და სოციალური დეგრადაციის შეჩერება და შემობრუნება,“ – პოლ ჰაუკენი, ამერიკელი გარემოსდამცველი და მეწარმე. სწორედ ეს სიტყვები უნდა იქცეს, ჩემი აზრით, ყველა მეწარმის ძირითად მაპროვოცირებელ ფრაზად ჩვენ გარშემო არსებული ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. მწვანე მეწარმეები არიან ის ადამიანები, რომლებიც იაზრებენ მათ შესაძლებლობებს  სოციალური სიკეთის შექმნისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგების შესარბილებლად. ისინი იყენებენ ე.წ. 3P (ადამიანი, პლანეტა და მოგება) მოდელს და აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ფინანსურ სარგებელთან ერთად საჭიროა ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა და გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა. ამგვარად მოაზროვნე კომპანიების მფლობელთა უმრავლესობა ნარჩენების გადამუშავების მეთოდის გამოყენებით ახერხებს გაყიდვადი პროდუქციის წარმოებასა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას.

ეკო-მეგობრული ბიზნეს მოდელები

ეკო-მეგობრული

ავეჯის კომპანია IKEA (შვედური ავეჯის, სამზარეულოსა და სახლის სხვადასხვა აქსესუარის მულტინაციონალური კომპანია და ლიდერი ავეჯით ვაჭრობის ბაზარზე 2008 წლიდან), რომელიც ცნობილია გზავნილით – „ნულოვანი ნარჩენები ნაგავსაყრელში“ – თვლის, რომ ფინანსური ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელია ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვითა და გამოყენებით. აღნიშნული მოდელი ზრდის კომპანიის კომერციულ შესაძლებლობას და რაც მთავარია მდგრადს ხდის მას. IKEA ავეჯის დასამზადებლად საჭირო ხის თითქმის 50%-ს მდგრადი ტყეებიდან მოიპოვებს, ამასთანავე, მათ მიერ მოხმარებული ბამბის 100% წარმოებულია ისეთ ფერმებში, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ წყალს, ენერგიას და ქიმიურ პესტიციდებს. შვედური კომპანია 700 000-ზე მეტ მზის პანელს ფლობს, რომლებიც მათ მაღაზიებს ენერგიით ამარაგებს. 2012 წელს IKEA-მ მიიღო სტრატეგია სახელწოდებით: People&Planet Positive, რომლის მიზანიც არის ერთობლივი ძალებით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის დანერგვით. აღნიშნული კომპანია აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ გრძელვადიანი მიზნების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პლანეტის მდგომარეობა ამის საშუალებას არ მოგვცემს. IKEA შთააგონებს მომხმარებლებს იცხოვრონ მდგრადად და ხელს უწყობს მათ ამ პროცესში. Better life for the people and communities- 2012 წელს მიღებული სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება. თუმცა, ფაქტია, რომ ეს მცირედი ნაბიჯები ისეთი გიგანტური კორპორაციისთვის, როგორიც არის IKEA საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას, განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად.

Xylem – სამრეწველო ტექნოლოგიების კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახორციელოს საკუთარი ბიზნესი უსაფრთხოების ხარისხის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებისა და  გარემოზე ზემოქმედების შემცირების ინტეგრირებით. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ წყლის გლობალური მენეჯმენტის ოპტიმიზაციაზე, წყლის დაბინძურების პრევენციაზე და ნარჩენების შემცირებაზე. მათ მიერ მიღწეული მიზნებიდან არსანიშნავია საკუთარი წყლის მოხმარების 16%-იანი შემცირება და სათბურის აირების ემისიების 18%-იანი კლება. Xylem-ის მდგრადი ანალიზის ქულა (sustainable analytics score) 2019 წლის მონაცემებით 78 იყო.

Ben & Jerry’s – ნაყინისა და იოგურტის მწარმოებელ ბრენდს აქვს ბიზნესის განვითარებისა და გარემოს დაცვისთვის ბრძოლის დიდი ისტორია. 2002 წლიდან მათ დაიწყეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, საკუთარი ნახშირბადის ნაკვალევის შესამცირებლად გახდნენ ეფექტიან წარმოებაზე ორიენტირებულნი. მათი ყველა პროდუქცია დამზადებულია არაგენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისგან. Ben & Jerry’s აქტიურად ცდილობს ფერმებში მეთანის ემისიის შემცირებას. 2013 წელს ბრენდმა მიიღო “Good Dairy Award” პროგრამისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო ფერმერებს ისეთი მდგრადი პრაქტიკის მიღებაში, რომელიც გულისხმობს საქონლის გაზრდას ჰორმონების გარეშე. მათი ფონდი მხარს უჭერს თემებს გარემოსდაცვითი სამართლიანობის შენარჩუნების შესახებ.

 Panasonic – ტექნიკის მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ენერგიის ეფექტიან მოხმარებასა და ასევე, მის აღდგენაზე. ამასთანავე, ისინი ფოკუსირებული არიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადებაზე. მათ საკუთარი ოფისის ადგილმდებარეობაც კი შეცვალეს და LEED-სერტიფიცირებულ (Leadership in Energy and Environmental Design) შენობაში გადავიდნენ, რათა ნაკლებად გამოეყენებინათ ავტომობილები და შეემცირებინათ გამონაბოლქვის გავლენა გარემოზე.

სათამაშოების კონსტრუქტორების მწარმოებელმა კომპანიამ ლეგო ჯგუფმა (LEGO), რომელიც თანამშრომლობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (World Wide Fund for Nature – WWF), ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის საწარმოებში სრულიად გამოიყენებს განახლებად ენერგიას, ის, ასევე, მოქმედებს ცირკულარული ეკონომიკის მოდელით და 2025 წლისთვის გეგმავს ყველა მათი შეფუთვა დამზადებული იქნეს აღდგენადი ან მარტივად გადასამუშავებელი მასალისგან.

და მაინც, არის თუ არა საკმარისი ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად? Რა თქმა უნდა, კომპანიების სურვილი, რომლებიც ცოტათი მაინც ცდილობენ მცირედი გარდატეხა მოახდინონ, ეკონომისტთა მენტალობაში დიდი ხნის მანძილზე მტკიცედ ჩაჭედილი მოსაზრების(მოგების მაქსიმიზაციაზე ზრუნვა) ფორმირებაში დასაფასებელია, მაგრამ არასაკმარისი. სურვილს ყოველთვის თან უნდა სდევდეს ქმედება. ასე რომ, საჭირო და აუცილებელია რაც შეიძლება მეტმა ბიზნესმოდელმა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ გრინვოშინგით შესაძლოა მოიზიდონ მომხმარებლები და ინვესტორები, მაგრამ საკუთარი ხელით გამოაქვთ განაჩენი პლანეტისთვის, რომლითაც საზრდოობენ.

2020 წლის 3 ყველაზე მდგრადი კომპანია

3. Neste Oyj

მსოფლიოს მდგრად კომპანიებს შორის მესამე ადგილს იკავებს ნავთობგადამამუშავებელი ფინური კომპანია  Neste Oyj. მისი შემოსავლების 25% ბიოსაწვავის ბიზნესიდან მოდის და კომპანია განახლებადი რეაქტიული საწვავის უმთავრესი მომწოდებელია ევროპაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანიის მმართველი საბჭოს შემადგენლობის 38% ქალია.

2. Chr.Hansen

მეორე ადგილზეა დანიური ბიომეცნიერული კომპანია Chr.Hansen, რომელიც კვების, სასმელის, ფარმაცევტულ და აგრარულ ინდუსტრიებში ნატურალური მეთოდებით წარმოებას ავითარებს – იყენებს „კარგ“ ბაქტერიას პესტიციდების ნაცვლად,რათა საკვებმა პროდუქტმა შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ასევე, იყენებს ანტიბიოტიკების ალტერნატივებს ცხოველებისთვის. სწორედ ამ გზით წარმოებული პროდუქტების რეალიზაციისგან იღებს კომპანია შემოსავლების 80%-ს.

1. Ørsted

2020 Global 100-ის სათავეშია დანიური ენერგოკომპანია Ørsted. მას შემდეგ, რაც კომპანიამ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვა და დაიწყო ქარის ელექტროსადგურების აგება, მის მიერ ნახშირბადის გამოყოფა 83%-ით შემცირდა. გარდა ამისა, კომპანიის მდგრადობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა შემოსავლებმა, რომელსაც გამოიმუშავებს გარემოსა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფით (იხილეთ: The 100mostsustainablecompanies).

ამრიგად, გარემოს დაცვაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ კომპანიები ხშირ შემთხვევაში სურვილსა და ვალდებულებას შორის სურვილს ირჩევენ, ანუ ამჯობინებენ ეკონომიკურ მოგებაზე იზრუნონ და სხვა ყველაფერი უკან მოიტოვონ. მწვანე ეკონომიკის მიმდევარი მწვანე მეწარმეები კი ქმნიან ბიზნეს მოდელებს არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, არამედ სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულებების დასანერგად. დღეს სწორედ ამგვარი პრინციპით მოქმედი მრავალი მწვანე მეწარმე გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მდგრადობა გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნით და პირიქით. მარკეტინგის გურუს ფილიპ კოტლერის განცხადებით: „მდგრადობა მალე ყველა ბიზნესის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება, ვინაიდან მომხმარებლებს სურთ, კომპანიებმა იზრუნონ არა მარტო მოგების მიღებაზე, არამედ მომხმარებლებსა და პლანეტაზე.“

გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.marketer.ge/socialuri-da-mcvane-biznesebi-mdgradi-ganvitarebistvis/ (ბოლო წვდომა 06.01.2021)
  2. https://www.lego.com/en-us/aboutus/sustainability/environment/ (ბოლო წვდომა 07.01.2021)
  3. https://www.corporateknights.com/reports/2020-global-100/2020-global-100-ranking-15795648/ (ბოლო წვდომა 06.01.2021)
  4. https://www.ikea.com/ms/en_JP/pdf/people_planet_positive/People_planet_positive.pdf 
  5. https://learn.g2.com/sustainability-in-business (ბოლო წვდომა 12.01.2021)

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ეკო-მეგობრული შეფუთვა.


ანა კაპანაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. ანა 2020 წლიდან არის „oikos Tbilisi-ს“ წევრი. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო „oikos CEE Meeting-ში“.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami