ქვიშა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ განიავებული ქანების მარცვლები. გვხვდება უდაბნოებში, პლიაჟებზე, უფრო მეტიც, იგი მსოფლიოში მეორე ყველაზე მოხმარებადი ბუნებრივი რესურსია.
ზოგიერთ ქვეყანაში (სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა) XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დაფასებული ფართო მოხმარების რესურსის: ჩვეულებრივი ქვიშის გამო, ფიქსირდება მზარდი ძალადობრივი ტალღა და შეიარაღებული დაპირისპირებები.
რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ქვიშა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ესაა პირველადი ნედლეული, რომლისგანაც აშენებულია თანამედროვე ქალაქები. ბეტონი, რომელიც გამოიყენება სავაჭრო ცენტრების, ოფისებისა და ბინების ასაშენებლად, ასფალტთან ერთად, რომელსაც ვიყენებთ ამ ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების დასაგებად, ძირითადად მხოლოდ ქვიშისა და ხრეშის წებოვანი ნარევისგან მზადდება.
ყველა ფანჯარა, საქარე მინა და სმარტფონის ეკრანი დამდნარი ქვიშისგანაა დამზადებული. ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებული სილიკონის ჩიპებიც კი, სახლის ყველა სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, მზადდება ქვიშისგან.
მაგრამ საინტერესოა რაშია პრობლემა? ჩვენი პლანეტა ხომ ქვიშითაა დაფარული. უზარმაზარ უდაბნოებში საჰარიდან არიზონამდე აზვირთებული დიუნებია. მთელი მსოფლიოს სანაპირო ზოლებიც (პლიაჟები) სწორედ ქვიშითაა ფორმირებული.
შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიო ქვიშის დეფიციტს განიცდის. როგორ შეიძლება განვიცდიდეთ ისეთი რესურსის ნაკლებობას, რომელიც დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანაში მოიპოვება და არსებითად ამოუწურავი ჩანს?
თუმცა, ქვიშა პლანეტაზე რიგით მეორე ყველაზე მოხმარებადი რესურსია, წყლის შემდეგ. ადამიანები ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდ ტონა „აგრეგატს” (ინდუსტრიული ტერმინი ქვიშისა და ხრეშისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ერთად გვხვდება) მოიხმარენ. ეს რაოდენობა საკმარისზე მეტია მთელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის დასაფარად.
პრობლემა მდგომარეობს გამოყენებადი ქვიშის ტიპში. ინდუსტრიული მიზნებისთვის მოპოვებული ქვიშის დიდი ნაწილი ბეტონის დამზადებას ხმარდება, უდაბნოს ქვიშა კი ამისთვის არ გამოდგება მარცვლების განსხვავებული ფორმის გამო. წყლის ნაცვლად, ქარისგან ეროზირებული მარცვლები ზედმეტად გლუვი და მომრგვალებულია ერთად შესაკრავად და სტაბილური ბეტონის მისაღებად.
ქვიშა, რომელიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო წახნაგოვანი ფორმისაა და მოიპოვება მდინარეთა კალაპოტებში, სანაპიროებსა და ჭალებში, ასევე, ტბებისა და ზღვის სანაპიროზე. ამ მასალაზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ მთელ მსოფლიოში მდინარეების კალაპოტები და პლიაჟები შიშვლდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყეები ნადგურდება ძვირფასი ქვიშის მოსაპოვებლად.
რიგ ქვეყნებში უკვე კრიმინალური დაჯგუფებები ჩაერთვნენ ვაჭრობაში და ქვიშის შავი ბაზარიც შეიქმნა.
ქვიშის დეფიციტი
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მკვლევარი პასკალ პედუცი აღნიშნავს რომ ქვიშის დეფიციტის საკითხი ბევრისთვის მოულოდნელია, მაგრამ ყოველწლიურად 50 მილიარდი ტონა ნებისმიერი რესურსის მოპოვება დედამიწიდან ადამიანის სიცოცხლეზე მასიური ზემოქმედების გარეშე წარმოუდგენელია.
ამ კრიზისის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახიფათო ურბანიზაციაა. ყოველწლიურად იზრდება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა, ასევე, მზარდია სოფლიდან ქალაქში მიგრირებულთა რიცხვი, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. საგულისხმოა, რომ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, ქალაქები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტემპითა და მასშტაბით ფართოვდებიან.
1950 წლიდან დღემდე, ქალაქებში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში მათ კიდევ 2,5 მილიარდი ადამიანი დაემატება.
მოსახლეობის დასაბინავებლად აუცილებელი შენობების აგება მოითხოვს საოცრად დიდი რაოდენობით ქვიშას. ინდოეთში ყოველწლიურად გამოყენებული სამშენებლო ქვიშის რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2000 წლიდან და კვლავ სწრაფად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ბოლო ათწლეულში უფრო მეტი ქვიშა გამოიყენა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა XX საუკუნეში. გარკვეული ტიპის სამშენებლო ქვიშაზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ დუბაის, რომელიც უზარმაზარ უდაბნოსთან მდებარეობს, ქვიშა ავსტრალიიდან შემოაქვს.
საგულისხმოა, რომ ქვიშა არ გამოიყენება მხოლოდ მშენებლობისა და ინფრასტრუქტურისთვის. მას იყენებენ ხელოვნური მიწის შესაქმნელადაც. კალიფორნიიდან ჰონგ-კონგამდე გამწმენდი გემები ყოველწლიურად ზღვის ფსკერიდან მილიონობით ტონა ქვიშას იღებენ, რომელიც შემდგომში მიწის ფორმირებისთვის გამოიყენება. დუბაის პალმის ხის ფორმის კუნძულები ხელოვნური მიწის ერთ-ერთ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს.
ჩინეთმა, რომელიც დედამიწაზე სიდიდით მეოთხე ქვეყანაა, მდიდრული კურორტების სამასპინძლოდ თავის სანაპირო ზოლს ასობით მილი ხელოვნური მიწა დაამატა.
ქვიშის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საფრთხეები
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის უძრავი ქონება ძვირად ფასობს, ის ხშირად დიდ გარემოსდაცვით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ოკეანის გათხრა ანადგურებს საზღვაო ჰაბიტატს და ამღვრევს წყალს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს წყლის ბიომრავალფეროვნებაზე. ზემოთ აღნიშნულის შედეგად კენიაში, სპარსეთის ყურესა და ფლორიდაში დაზიანდა მარჯნის რიფები. ჩინეთში კი მიწის მელიორაციამ გაანადგურა სანაპირო ჭარბტენიანი ადგილები, თევზისა და სანაპიროზე მობინადრე ფრინველების ჰაბიტატი და გაზარდა წყლის დაბინძურება.
მდინარეებიდან ქვიშის მოპოვებამ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას. განაში მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გორაკებზე არსებული შენობა-ნაგებობები და გაიზარდა მათი ჩამონგრევის რისკი. ხოლო ტაივანსა და პორტუგალიაში ზემოთ აღნიშულმა პროცესებმა ხიდების ჩამონგრევა გამოიწვია.
ქვიშაზე კონკურენცია იმდენად გამძაფრდა, რომ ბევრგან კრიმინალური დაჯგუფებები იწყებენ ვაჭრობას და თხრიან მეგატონობით ქვიშას შავ ბაზარზე გასაყიდად. ლათინური ამერიკისა და აფრიკის ნაწილებში, უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებების თანახმად, ბავშვებს აიძულებენ მონებად იმუშაონ ქვიშის მაღაროებში. ისინი ამ ყველაფერს ისე ართმევენ თავს, როგორც ორგანიზებულ დანაშაულს – კორუმპირებული პოლიციელებისა და სამთავრობო მოხელეების მოსყიდვით. როცა საჭიროდ ჩათვლიან, თავს ესხმიან და კლავენ კიდეც მას, ვინც ხელს შეუშლით.
ქვიშის მოპოვებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერება დღითიდღე იზრდება. არაერთი მეცნიერი მუშაობს ბეტონში ქვიშის ალტერნატიული მასალებით ჩანაცვლების გზებზე; მათ შორისაა, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ დარჩენილი ნაცარი (fly ash) და გახეხილი პლასტმასი; ასევე დაქუცმაცებული ზეთოვანი პალმის ნაჭუჭები და ბრინჯის ჩენჩოები. სხვები მუშაობენ ბეტონზე, რომელიც ნაკლებ ქვიშას მოითხოვს. მკვლევრები, ასევე, ეძებენ ბეტონის დაფქვისა და გადამუშავების უფრო ეფექტურ გზებს.
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მდინარიდან ქვიშის მოპოვება დიდწილად შემცირებულია. თუმცა რთულია მსგავსი ტენდენციის შენარჩუნება მთელ მსოფლიოში. „მდინარეებზე პოტენციური ზიანის პრევენცია ან შემცირება მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიისგან მდინარის აგრეგატის მოცილებას“, – ნათქვამია WWF-ის მიერ გლობალური ქვიშის ინდუსტრიის შესახებ ბოლო მოხსენებაში.
მეტე ბენდიქსენი, კოლორადოს უნივერსიტეტის სანაპირო ზონის გეოგრაფი, გაეროს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ქვიშის მოპოვებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. „ჩვენ უნდა გვქონდეს მონიტორინგის პროგრამა“, ამბობს ბენდიქსენი. „უკეთესი მენეჯმენტია საჭირო, რადგან ეს სფერო ახლა საერთოდ არ იმართება“.
დღესდღეობით არავინ იცის, ზუსტად რა რაოდენობის ქვიშა ამოაქვთ დედამიწის წიაღიდან, არც ის ვიცით სად და რა პირობებში მიმდინარეობს ეს პროცესი. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია. ბენდიქსენის თქმით: „ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ რაც მეტია მოსახლეობა, მით მეტი ქვიშა გვჭირდება.“
სტატია ნათარგმნია: Why the world is running out of sand
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: რატომ არიან ფუტკრები სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი არსებები?