მშვიდობის პარკი

მშვიდობის პარკი – სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების მოგვარების მდგრადი გზა

„მე არ მსმენია არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის, ფილოსოფიისა და იდეოლოგიის შესახებ, რომელიც არ ეთანხმება მშვიდობის პარკების ცნებას… 

მსოფლიოში, რომელიც გადატვირთულია კონფლიქტებითა და დავებით, მშვიდობა არის მომავლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. მშვიდობის პარკები კი სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენენ ამ პროცესში არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ, პოტენციურად, მთელ მსოფლიოში.“

– ნელსონ მანდელა

ბუნებრივი გარემო ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახელმწიფოთაშორისი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნაში. ფაქტორივად, თითქმის ყველა ფართმასშტაბიანი დაპირისპირება უკავშირდება ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლას, ტერიტორიის ექსპანსიას და ინტერესთა სხვა სახის წინააღმდეგობებს, რის გამოც, საერთაშორისო ურთიერთობებში გარემოს, ძირითადად, კონფლიქტის გამომწვევი სტატუსი ჩამოუყალიბდა. 

მეორე მხრივ, მდგრადი განვითარება ბუნებრივ გარემოს უდიდეს დიპლომატიურ-მედიატორულ პოტენციალს ანიჭებს. მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, რომელიც გულისხმობს მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის კონცეფციაზე როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ დონეზე (https://www.sustainability.ge/sdg16/). მე-16 მიზანი, ერთგვარად, საყრდენია მე-17 მიზნისთვის, რომელიც კონცენტრირებულია, აგრეთვე, საერთო მიზნებისთვის თანამშრომლობაზე (https://www.sustainability.ge/sdg17/). თანამშრომლობა, როგორც საერთო ინტერესებისთვის ერთობლივი ქმედება, მდგრადი განვითარებისა და მდგრადი მშვიდობის საწინდარია. შესაბამისად, სახელმწიფოთა სწრაფვას მდგრადი განვითარებისკენ (რაც, აგრეთვე, გამოიხატება ბუნებრივი გარემოსა და ბიომრავალაფეროვნების დაცვაში) თუ მივაკუთვნებთ საერთო ინტერესებს, დასტურდება, რომ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის მოგვარების გზა სწორედ მდგრად განვითარებაზე გადის. მშვიდობის პარკები კი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს მწვავე შეირაღებული დაპირისპირებები ისე, რომ თავიდან ავირიდოთ მსხვერპლი, ვუზრუნველყოთ ბუნებრივი გარემოს დაცვა და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას.

რა არის მშვიდობის პარკი?

საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (https://www.iucn.org/)“ მშვიდობის პარკს განსაზღვრავს, როგორც „ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიას, რომელიც ფორმალურად იქმნება ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი და მასთან დაკავშირებული კულტურული რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, მშვიდობის ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის“ (Sandwith, Shine, Hamilton & Sheppard, 2001, გვ. 3).

ისტორია

მართალია,  ოფიციალურად, პირველი მშვიდობის პარკი მე–19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი იდეა ბევრად უფრო ადრე ჩაისახა. 1780 წელს საფრანგეთის მეფესა და ბასელის პრინცს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებას, სხვა პროცესებთან ერთად, ასევე, მოიცავდა დაცული ტერიტორიების გაერთიანებასა და ერთობლივ მართვას (Ormel, 2016, გვ. 20). მე–19 საუკუნიდან გააქტიურდნენ კონსერვაციონისტები, რომლებმაც დაცულ ტერიტორიებს ახალი ფუნქცია შესძინეს, რაც ეკოლოგიის გარდა, პოლიტიკურ განზომილებასაც მოიცავდა. ამ პერიოდში, სხვადასხვა სახელმწიფოს საზღვარზე დაარსდა არაერთი დაცული ტერიტორია, რომელთაც ეკოსისტემა მსგავსი ჰქონდათ, თუმცა მართვის სისტემა – განსხვავებული, რაც მათ ფუნქციონირებას აფერხებდა და კონსერვაციის პროცესზეც ცუდად მოქმედებდა. სწორედ ამ პრიოდიდან ჩაისახა მშვიდობის პარკების იდეა, რაც გულისხმობდა მოსაზღვრე დაცული ტერიტორიების ერთობლივ მართვას სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით (Ostrowski, 2010, გვ. 1-2).

მიუხედავად გაზრდილი ინტერესისა, პირველ მსოფლიო ომამდე მშვიდობის პარკები არ ჩამოყალიბებულა. მხოლოდ 1925 წელს პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების მიზნით ითვალისწინებდა პიენინის მთებში მშვიდობის პარკის ჩამოყალიბებას. თუმცა, აღნიშნულმა ქვეყნებმა ამის განხორციელება 1936 წლამდე ვერ მოახერხეს, ამიტომაც პირველ მშვიდობის პარკად ითვლება 1932 წელს შექმნილი „ვატერტონ–გლასიერის მშვიდობის პარკი“ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (Ostrowski, 2010, გვ. 6-8).

ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის პარკი
ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის პარკი

როგორ შეუძლია მშვიდობის პარკს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის მოგვარება?

ზოგადად, მშვიდობის პარკის ჩამოყალიბებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს სამი კრიტერიუმი: პირველი, დაცული ტერიტორია უნდა მდებარეობდეს საზღვრის მახლობლად იმ არეალში, რომელიც საჭიროებს ბუნების კონსერვაციას; მეორე, სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური მზაობა და სურვილი, რომ ითანამშრომლონ საზიარო ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის; მესამე, აუცილებელია საგარეო დახმარების არსებობა: საერთაშორისო სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ ელემენტებს წარმოადგენენ მშვიდობის პარკების ჩამოყალიბების პროცესში: ძირითადად, ისინი ეხმარებიან ქვეყნებს ფინანსურად და ტექნიკურ საკითხებში. გარდა აღნიშნული აქტორებისა,  მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოებების ჩართულობაც, ხოლო ისინი, ვინც უშუალოდ ცხოვრობენ ამ დაცულ ტერიტორიებზე ან მიმდებარე არეალში, პირდაპირ უნდა მონაწილეობდნენ მშვიდობის პარკების მართვაში (Gabioud, 2012, გვ. 13).

მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები შეთანხმდებიან მშვიდობის პარკის ჩამოყალიბებაზე, შემდეგი ნაბიჯია იმ ლეგალური და მმართველობითი ჩარჩოს გათვალისწინება, რომელიც განსაზღვრავს მათი ჩამოყალიბების მიზნებს, მართვასა და პასუხისმგებელ ორგანოებს. მშვიდობის პარკის დიზაინი შესაძლებელია ფორმალიზებული იქნეს ტრანსსასაზღვრო ლეგალური შეთანხმებებით, რომლებიც აყალიბებს მრავალმხრივ ინსტიტუციურ სტრუქტურებს, უზრუნველყოფს მანდატებს და განსაზღვრავს ამ ტიპის დაცული ტერიტორიების მიზნებს მათი განხორციელების მექანიზმებთან ერთად. ეს შეთანხმებები ასევე განსაზღვრავს თანამშრომლობის დონეებს (მაგალითად, ადგილობრივი თუ ეროვნული დონე), რაც, ასევე, წარმოაჩენს მონაწილე მხარეებს (მაგალითად, ადგილობრივ დონეზე მონაწილე მხარე შეიძლება იყოს უშუალოდ ამ ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობა, ხოლო ეროვნულ დონეზე – სამინისტროები). ურთიერთგაგების მემორანდუმი (Memorandum of Understanding – MoU) წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ლეგალურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც, მხარეები გამოხატავენ ერთად მუშაობაზე მზადყოფნას, ასევე, ზეეროვნულ და რეგიონულ ორგანოებთან თანამშომლობას საზიარო ეკოსისტემების მართვის საკითხებში. ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მონაწილე მხარეების მიერ იწყება გარემოს დაცვის, კონსერვაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროექტების ინიცირება (Gabioud, 2012, გვ. 13-14).  

აქედან გამომდინარე, კონსერვაციის ეფექტურობის ზრდით,  თანამშრომლობის პრეცენდენტის ჩამოყალიბებით, ბუფერული ზონების ფორმალიზებითა და საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ პოლიტიკის ჰარმონიზაციით, მშვიდობის პარკები ამცირებს დავებს და ამგვარად, აუმჯობესებს სახელმწიფოთა შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს (Ostrowski, 2010, გვ.11).

ეკვადორ-პერუს კონფლიქტის „მწვანე“ დასასრული

კორდილერა დელ კონდორი
კორდილერა დელ კონდორი

კორდილერა დელ კონდორის მთიანი სისტემის ირგვლივ არსებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ეკვადორისა და პერუს საერთო საზღვარზე, წარმოადგენს მშვიდობის პარკის წარმატებულ მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ ბიომრავალფეროვნებით მდიდარი რეგიონი დავის საგანი, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნეში გახდა, მრავალწლიანი დაპირისპირებების შემდეგ, მხოლოდ 1995 წელს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ საზღვრის გატარებაზე, ალტერნატივის სახით, მათ აღნიშნული ტერიტორია ბუნების კონსერვაციის ზონად გამოაცხადეს, სადაც როგორც ეკვადორის, ასევე, პერუს მიერ ჩამოყალიბდა მშვიდობის პარკები. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით კი მათ შეძლეს საერთო ეკოლოგიური მართვის სისტემის შექმნა (Ali, 2010). დაწყებული თანამშრომლობა 2004 წელს აისახა კონსერვაცის კორიდორის დაარსებაში, რამაც კონფლიქტის გარემოსდაცვითი მდგრადი მეთოდებით მოგვარებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გაამყარა სახელმწიფოთაშორისი კეთილმეზობლური ურთიერთობები (Alcalde, Ponce, & Curonisy, 2005, გვ. 5).


სქოლიო

  • Sandwith T., Shine C., Hamilton L. & Sheppard D., 2001: Transboundary Protected Areas for Peace and Co-operation. IUCN, Gland/Cambridge. Retrieved from https://portals.iucn.org/library/efiles/documents/PAG-007.pdf
  • Ormel, E. (2011). A Marine Peace Park contribution to paving the road towards comprehensive neighbourly relations between Jordan and Israel (Master’s thesis, University of Amsterdam, Amsterdam, The Netherlands). Retrieved from http://www.scriptiesonline.uba.uva.nl/document/352815
  • Ostrowski, S. (2010). Cooperation, Contestation, and Conservation: An Analysis of Peace Parks (Master’s thesis, Amherst College). Retrieved from https://www.amherst.edu/media/view/199643/original/Samantha_Ostrowski_2010.pdf
  • Gabioud, M. V. (2012). Improving inter-state relations through transboundary peace parks (Master’s thesis). Retrieved from https://bradscholars.brad.ac.uk/handle/10454/5865
  • Ali, S. H. (2010, June 28). Ecological diplomacy – can we use environmental conservation to build peace? [pdf document]. Retrieved from http://www2.jiia.or.jp/en/pdf/kouenkai/2010/100628e-ali.pdf Alcalde, M., Ponce, C. F., & Curonisy, Y. (2005). Peace Parks in the Cordillera del Cóndor Mountain Range and Biodiversity Conservation Corridor ((11): 63-64.). Retrieved from Wilson center website: https://www.wilsoncenter.org/sites/default/files/ponce.pdf

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. 2 წელია აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილებისა და ასევე, მდგრადი განვითარების სფეროში. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos Tbilisi Local Chapter of oikos International-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *