მდგრადი განვითარება

COVID-19 და მდგრადი განვითარების მიზნები

რა კავშირშია COVID-19 და მდგრადი განვითარების მიზნები? გაეცანით, რა საფრთხეს შეუქმნის პანდემია SDG-ს.


დღეს, მსოფლიოში, მდგრადი განვითარების მიზნებიდან უმთავრესად  ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იქცა. მაშინ, როცა მსოფლიოს რესურსების დიდი ნაწილი პანდემიის დამარცხებისკენაა მიმართული, თავიდან ვერ ავირიდებთ მდგრადი განვითარების 17 მიზანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით გავლენას.  

„მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გავაფართოვოთ დაუყოვნებლივი საპასუხო ნაბიჯები COVID-19-ის დასამარცხებლად, პანდემიის შედეგები შეუძლებელია არ აღმოჩნდეს კავშირში მდგრადი განვითარების მიზნებთან“ — წერს ნორვეგიის პრემიერ მინისტრი ერნა სოლბერგი და განას პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო.

პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიამ მდგრადი განვითარების მესამე მიზანს, ჯანმრთელობა და კეთილდღეობას შეუქმნა საფრთხე. მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა კრიზისის პირასაა და ამის გათვალისწინებით, 2030 წლისათვის ამ მიზნის სრულად შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გარდა მესამე მიზნისა, საფრთხე ემუქრება მდგრადი განვითარების კიდევ რამდენიმე მიზანს.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, კრიზისის გამო დედამიწის ღარიბ მოსახლეობას 11 მილიონი ადამიანი დაემატება. გარდა ამისა, UNESCO-ს მონაცემებით, 1,25 მილიარდი მოსწავლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა საფუძვლიანი განათლების მიღების პროცესში; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით კი 25 მილიონი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ პრობლემებისა, რის წინაშეც დღეს აღმოვჩნდით.

კრიზისი გვაჩვენებს, რომ მსოფლიო ნამდვილად არ აღმოჩნდა მზად მდგრადი განვითარების მიზნებისკენ განუხრელი სწრაფვისათვის. „არა სიღარიბეს!“; „არა შიმშილს!“; „ხარისხიანი განათლება“; „დასაქმება და ეკონომიკური ზრდა“; „მშვიდობა, სამართალი, ძლიერი ინსტიტუტები“ — ეს იმ მიზნების ჩამონათვალია, რომელიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად დაზარალდება.

ეჭვქვეშ დგება „გლობალური თანამშრომლობის“ მიზანიც, რადგან ქვეყნების უმრავლესობა „საკუთარი ტყავის“ გადარჩენას ცდილობს და გლობალიზაციასთან დაკავშირებული იდეებიც უკანა პლანზე გადადის.

პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, მსოფლიოში დაგროვილია ცოდნის საკმაოდ დიდი მარაგი, რომლის თავმოყრითაც შესაძლებელი იქნება კრიზისის დამარცხება და მდგრადი განვითარების რელსებზე დაბრუნება. ამისთვის აუცილებელია სახელმწიფოების, ბიზნეს და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობა და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მდგრადი განვითარების 2030 წლისათვის მისაღწევი მიზნების შესრულების პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდება.


იხილეთ აგრეთვე

ძირითადი ლიტერატურა

Why we cannot lose sight of the Sustainable Development Goals during coronavirus. (2020, 04 23). Retrieved 04 23, 2020, from www.weforum.org: https://www.weforum.org/agenda/2020/04/coronavirus-pandemic-effect-sdg-un-progress/


სტატიაში „COVID-19 და მდგრადი განვითარების მიზნები“ ძირითადი სტატისტიკური მონაცემების და ციტატების გარდა, ინფორმაცია ავტორის პირადი მოსაზრებაა.


სტატიაში მოყვანილი შეხედულელები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს Sustainability.ge-ს პოზიციას.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami