მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობამ 2019 წლისთვის 7,674 მილიარდი შეადგინა (World Bank Data, 2019). ამავე წელს, მოსახლეობის ზრდის წლიური მაჩვენებელი 1.075%-ია, რომელიც წინა წლების მაჩვენებლებს რამდენიმე მეათედი ერთეულით ჩამორჩება. ამის მიუხედავად, 2030 წლისთვის ნავარაუდებია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 8.9 მილიარდი იქნება, ხოლო, 2050 წელს 9.8 მილიარდს მიაღწევს. განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ურბანიზაცია და შემოსავლის მატება მეცხოველეობის პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდის მთავარი მამოძრავებელია (UN, 2017).
მეცხოველეობის სექტორის განვითარება მოითხოვს მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებსა და პასუხისმგებელია მთლიანი ანთროპოგენური სათბური აირების გამოყოფის დაახლოებით 14,5%-ზე. ამ სექტორში ემისიების შემცირებისკენ მიმართული შერბილების სტრატეგიები საჭიროა როგორც ეკოლოგიური ნაკვალევის შესამცირებლად, ისე მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის საკმარისი საკვებით უზრუნველსაყოფად.
ფიგურა 1 (FAO, 2017) შექმნილია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, რომელიც გადმოსცემს პირუტყვის გლობალური გარემოსდაცვითი შეფასების მოდელს (GLEAM). დიაგრამაზე ნახშირორჟანგის ეკვივალენტებშია ნაჩვენები სათბურის აირების მოქმედების სფეროები, რომლებიც ნაწლავური ფერმენტაციისა და ნაკელის შენახვისას გამომუშავდება მსოფლიოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთავარ სახეობებში.
ნაწლავური დუღილისა და ნაკელის შენახვის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების გარდა, მეცხოველეობისთვის საკვების წარმოება მნიშვნელოვანი უარყოფითი ასპექტია მოცემული სექტორისთვის, რომელიც დაკავშირებულია ნიადაგიდან ნახშირორჟანგისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყოფასთან. ნიადაგიდან ნახშირორჟანგის გამოყოფა გამოწვეულია ნიადაგის ნახშირბადის შემცველობის ცვლილებით (მაგ. აღებული მოსავლიდან დარჩენილი მცენარეული ნარჩენის დაშლა, ნიადაგში არსებული ორგანული ნივთიერებების მინერალიზაცია, მიწათსარგებლობის ტიპის ცვლილება და ა.შ.), სინთეზური სასუქებისა და პესტიციდების წარმოებითა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში წიაღისეული საწვავის გამოყენებით. აზოტის ქვეჟანგი კი გამოიყოფა ნიადაგში ორგანული და არაორგანული სასუქების მოხვედრით.
როგორც ფიგურა 2 -ზეა ნაჩვენები, მეცხოველეობის სექტორისთვის საკვების წარმოება და დამუშავება მთელი სექტორის 45%-ს შეადგენს (3,2 გიგატონს ნახშირორჟანგის ეკვივალენტში). მეორე, ემისიების უდიდესი წყაროა ნაწლავური ფერმენტაცია – 39%, რაც 2,8 გიგატონ ნახშირორჟანგს ათავისუფლებს ატმოსფეროში. ნაკელის მარაგი კი 0,71 გიგატონ ნახშირორჟანგს, რაც 10%-ს გულისხმობს, ხოლო დარჩენილი 6% მიეკუთვნება ცხოველური პროდუქტების გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას (0,42 გიგატონა ნახშირბადის ეკვივალენტში) (Gerber, 2013).
ასევე საგულისხმოა, რომ საკვების წარმოება (ფიგურა 2) მოიცავს სათბური აირების გამოყოფის ყველა ფაქტორს, როგორიცაა: ა) მიწათსარგებლობის ცვლილება, ბ) სასუქებისა და პესტიციდების წარმოება-გამოყენება, გ) სასუქად ნაკელის გამოყენება, დ) სასოფლო-სამეურნეო ოპერაციები, ე) საკვების დამუშავება და ვ) საკვების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები, დიდწილად, ზემოქმედებენ პირუტყვთა მიწოდების ჯაჭვზე, ამ სტატიაში ძირითადად ყურადღებას ვამახვილებთ პირუტყვის პირდაპირ ემისიებზე ნაწლავური დუღილის, ნაკელის შენახვისა და ნიადაგის გასანაყოფიერებლად გამოყენებული ნაკელის სახით.
ნაწლავური ფერმენტაცია
ნაწლავური ფერმენტაცია მცოხნელი ცხოველების (ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა) საჭმლის მონელების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ცხოველის წინა კუჭში (ფაშვში) მოთავსებულია ბაქტერიები, უმარტივესები და სოკოები, რომლებიც დუღილის გზით შლიან ცხოველის მიღებულ მცენარეულ ბიომასას. ფაშვში არსებული მცენარეული ბიომასა გარდაიქმნება აქროლად ცხიმოვან მჟავებად, რომლებიც ფაშვის კედლის გავლით გადადიან ღვიძლში, სისხლის მიმოქცევის სისტემის დახმარებით. ეს პროცესი უზრუნველყოფს ცხოველის ენერგეტიკული მოთხოვნილებების ძირითად ნაწილს და ეფექტურად გარდაქმნის ცელულოზასა და ნახევრად ცელულოზას, რაც ასევე დამახასიათებელია მცოხნელებისთვის. ნაწლავური დუღილის აირისებრი ნარჩენები, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი, ფაშვიდან გამოიყოფა ამოქარვების (დაბოყინების) გზით. მეთანის გამოყოფა ევოლუციური ადაპტაციაა, რაც საშუალებას აძლევს ფაშვის ეკოსისტემას გაანადგუროს წყალბადი, რომელიც სხვაგვარად დაგროვდება და შეაფერხებს ნახშირწყლების ფერმენტაციასა და ბოჭკოს დაშლას (McAllister, 2008). ნაწლავური მეთანის გამოყოფის მაჩვენებელი მერყეობს საკვების მიღებისა და მონელების მიხედვით.
ნაკელის მარაგი
ნაკელი მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყოფის წყაროა, ხოლო გამოყოფილი რაოდენობა დამოკიდებულია გარემო პირობებთან, მენეჯმენტის ტიპთან და ნაკელის შემადგენლობასთან. ორგანული ნივთიერებებისა და ნიტროგენის შემცველობა ნაკელში არის ძირითადი მახასიათებლი, რომელიც ზემოქმედებს მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყოფაზე. ანაერობულ პირობებში, ორგანული ნივთიერებები ნაწილობრივ იშლება ბაქტერიებით, რომლებიც წარმოქმნიან მეთანსა და ნახშირორჟანგს. დამარაგება ან თხევადი ნაკელის ავზში განთავსება ხელს უწყობს ანაერობული გარემოს შექმნას, რაც იწვევს მეთანის წარმოების ზრდას. შენახვის ხანგრძლივობას და თბილ და სველ პირობებს შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს ემისიები ( EPA (U.S. Environmental Protection Agency), 2010). მეორე მხრივ, აზოტის ქვეჟანგის გამოყოფას აერობული და ანაერობული პირობების კომბინაცია სჭირდება. ამიტომ, როდესაც ნაკელი მყარი სახით ან სასუქის სახით დამუშავებული საძოვრებზე დეპონირდება, აზოტის ქვეჟანგის გამომუშავება იზრდება, ხოლო მეთანი ცოტა ან საერთოდ არ გამოიყოფა. აზოტის ქვეჟანგის წარმოქმნა ნაკელში შემავალი აზოტის, როგორც ნიტრიფიკაციის, ასევე დენიტრიფიკაციის პროცესის შედეგად ხდება, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ორგანული სახით (მაგ. ცილები) და არაორგანული სახით ამონიუმისა და ამიაკის სახით. ნიტრიფიკაცია ხდება აერობული გზით და გარდაქმნის ამონიუმსა და ამიაკს ნიტრიტებად, ამის შემდეგ ნიტრატებად, ხოლო დენიტრიფიკაცია ხდება ანაერობულად, ნიტრატების გარდაქმნა აზოტის ქვეჟანგად და აზოტის გაზად (Saggar, 2010). ამონიუმსა და ამიაკს შორის ბალანსზე მოქმედებს pH, ამიაკი იზრდება pH-ის მატებასთან ერთად.
საკვების წარმოება
მსოფლიოს ბიომასის თითქმის 60% ჩართულია მესაქონლეობის ქვესისტემაში, როგორც საკვები ან განთავსების მასალა (Krausmann, 2008). საკვების წარმოებიდან სათბური აირების გამოყოფის 60-80% მოდის კვერცხის, ქათმისა და ღორის ფერმათა ემისიებზე, ხოლო 35-45% მერძევეობისა და მესაქონლეობის (საქონლის ხორცის მიღების) სექტორებზე (Sonesson, 2009). როგორც ფიგურა 2-ზეა ნაჩვენები, საკვების წარმოებიდან ემისიები მეცხოველეობის სექტორის დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ნაკელის, როგორც სასუქის გამოყენება საკვები კულტურებისთვის და ნაკელის საძოვრებზე დეპონირება მნიშვნელოვნად ზრდის აზოტის ქვეჟანგის გამოყოფას, რაც წარმოადგენს ამ ემისიების დაახლოებით ნახევარს (Gerber, 2013). მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვის საკვების წარმოება ხშირად გულისხმობს აზოტის დიდი რაოდენობით გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებზე, ნაკელის კარგ მართვას შეუძლია შეამციროს წარმოებული სასუქის საჭიროება.
დასკვნა
ზოგადად, სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მეცხოველეობა აჩქარებს გლობალურ დათბობას მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყოფით. მოსახლეობის მზარდი რაოდენობის სამომავლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კი ცხოველთა პროდუქტიულობა უნდა გაიზარდოს, ამასთანავე, სათბური აირების გამოყოფის ინტენსივობა პროდუქტის ერთეულზე უნდა შემცირდეს. ამ გარემოსდაცვითი სტანდარტის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზა ეფექტიანი შემარბილებელი სტრატეგიების მიღებაა. ამ სტრატეგიების ეფექტიანობის გასაზრდელად, მეცხოველეობის წარმოების სისტემების კომპონენტებს შორის კომპლექსური ურთიერთქმედების გათვალისწინებაა აუცილებელი, რათა თავიდან ავიცილოთ გარემოსდაცვითი ბალანსის დარღვევა. სამწუხაროდ, არ არსებობს სტანდარტული პროცედურა, რომელიც მეცხოველეობის სფეროდან მომწამვლელი ნივთიერებების გამოყოფას შეამცირებს. ამასთანავე, შემარბილებელი პრაქტიკა არ უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, არამედ როგორც მთელი მეცხოველეობის წარმოების სისტემის კომპონენტი. სტრატეგიათა უმრავლესობა მიზნად ისახავს პროდუქტიულობის გაზრდას (პროდუქტის ერთეული ცხოველზე), რომელიც უმეტეს შემთხვევაში ვერ მიიღწევა ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კარგი სტანდარტების გარეშე. ცხოველთა პროდუქტიულობის ოპტიმიზაციას აქვს ძლიერი შემარბილებელი ეფექტი როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში; თუმცა, ეფექტიანობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ცხოველის გენეტიკური პოტენციალი და მართვის ტექნოლოგიების ათვისება.
სტატიის მთავარ წყაროდ გამოყენებულია: ჯიამპიერო გროსის, პიეტრო გოგლიოს, ანდრეა ვიტალისა და ადრიან ვილიამსის ნაშრომი – მეცხოველეობა და კლიმატის ცვლილება: პირუტყვის გავლენა კლიმატზე და შემარბილებელი სტრატეგიები (https://academic.oup.com/af/article/9/1/69/5173494).
გამოყენებული ლიტერატურა
- EPA (U.S. Environmental Protection Agency). (2010). Environmental Protection Agency 2010. Inventory of U.S. greenhouse gas emissions and sinks: 1990–2008. Washington (DC). Retrieved from https://www.epa.gov/sites/production/files/2015-12/documents/508_complete_ghg_1990_2008.pdf
- Gerber, P. J. (2013). Tackling climate change through livestock: a global assessment of emissions and mitigation opportunities. Rome: FAO. Retrieved from https://www.fao.org/3/i3437e/i3437e.pdf
- Krausmann, F. K. (2008). Global patterns of socioeconomic biomass flows in the year 2000: a comprehensive assessment of supply, consumption and constraints.
- McAllister, T. A. (2008). Redirecting rumen methane to reduce methanogenesis.
- Saggar, S. (2010). Estimation of nitrous oxide emissions from ecosystems and its mitigation technologies. Agri. Ecosyst. Environ.
- Sonesson, U. C. (2009). Greenhouse gas emissions in milk production. Decision support for climate certification.
- UN, U. N. (2017). World Population Prospects The 2017 Revision. New York.
- World Bank Data. (2019). Total Population. Retrieved from The World Bank Group: https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.