- განსაზღვრულია, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 70% იცხოვრებს ქალაქებში.
- გაეროს მდგრადი განვითარების მე-11 მიზანი-მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება – ხაზს უსვამს ამ ქალაქების უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების აუცილებლობის საჭიროებას.
- კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად გლობალური მასშტაბით ვითარდება ქალაქები.
- მდგრადი განვითარების პროექტები მოიცავს პატარა ურბანულ ტყეებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, ე.წ. ღრუბელი (Sponge) ქალაქების შექმნას (ახალი ურბანული მშენებლობის მოდელი, რომელიც მიზანმიმართულია წყალდიდობის მართვის, ეკოლოგიური ინფრასტრუქტურისა და სადრენაჟე სისტემების გასაძლიერებლად), ვერტიკალური ტყეების შექმნას.
მზარდი მსოფლიო მოსახლეობისა და ურბანიზაციის პირობებში უსაფრთხო, გაუმჯობესებული და მდგრადი ქალაქების შექმნა მწვანე დღის წესრიგის სათავეშია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს მისია შეიტანა მდგრადი განვითარების 17 მიზანს შორის, რომლებიც ერთად ქმნის საერთო გეგმას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ერთიანად გამკლავების მიზნით.
მიზანი 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები – მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირებას, მოსახლეობისთვის მწვანე ადგილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ქალაქების გარემოზე ზემოქმედებაზე ყურადღების გამახვილებას.
სტატიაში აღწერილია ის ინოვაციური გზები, რომლებსაც ქალაქები იყენებენ, რათა გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს.
1. ე.წ. ღრუბელი (Sponge) ქალაქები
მეცნიერები ფიქრობენ, რომ გლობალური დათბობა ზრდის ექსტრემალური ამინდის ალბათობას, რომელიც მოიცავს, აგრეთვე, წყალდიდობებს. თუმცა ზოგი ქალაქი იყენებს თავად ბუნების ძალას არსებული რისკების შესამსუბუქებლად. მაგალითად, ჩინეთში ბეტონის უბნები ერთმანეთს უკავშირდება მწვანე სივრცეებით, რომლებსაც შეუძლია წყლის ბუნებრივად შეკავება და გაფილტვრა. მსგავსი კონცეფცია გამოიყენება სინგაპურში, რომელსაც სიმწვანის სიმრავლის გამო „ბაღის ქალაქი“ უწოდეს.
2. ვერტიკალური ტყეები
ურბანიზაციის დაჩქარებისა და მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, შეინიშნება თავისუფალი ტერიტორიების სიმცირე. იმისათვის, რომ ურბანული არეალები დაკავშირებული ყოფილიყო ბუნებრივ გარემოსთან, მილანში, იტალიაში, არქიტექტორებმა შექმნეს „ვერტიკალური ტყე“ ორი საცხოვრებელი ბლოკის აივნებზე. „ვერტიკალური ტყე“ მოიცავდა 800 ხეს, 4500 ბუჩქსა და 15000 მცენარეს, რომლებიც მიწაზე დარგვის შემთხვევაში სამ-ნახევარი საფეხბურთო მოედნის ზედაპირს დაფარავდა. „ვერტიკალური ტყის“ პროექტები გვხვდება შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ჩინეთის ქალაქებში
ფოტოს წყარო: Stefano Boeri Architetti
3. The 20-minute Neighbourhood – 20-წუთიანი არეალი
წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რაც გჭირდებათ ბედნიერი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, შეგიძლიათ იპოვოთ სახლიდან 20-წუთიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნების დროს. ზოგი ქალაქი გეგმავს 20-წუთიანი არეალის კონცეფციის რეალობაში განხორციელებას, რომელთა შორისაა მელბურნი. ქალაქის მიზანია ისეთი საცხოვრებელი არეალების შექმნა, სადაც მკვიდრ მაცხოვრებლებს სწრაფად და მარტივად ექნებათ წვდომა მაღაზიებთან ბიზნეს მომსახურებასთან, განათლებასა და რეკრეაციულ ზონებთან.
4. … და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ!
პარიზში ქალაქის მერი იყენებს Rue de Rivoli-ს (პარიზის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, სადაც აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება და გზები დაეთმო ველოსიპედისტებსა და ფეხით მოსიარულეებს; გადაწყვეტილება ავტომობილების აკრძალვის შესახებ – COVID-19- ის შეკავებამდე – მიიღო პარიზის მერმა ანა ჰიდალგომ 2020 წლის 30 აპრილს), როგორც პროტოტიპს მომავლის დედაქალაქისთვის, სადაც არცერთ პარიზელს არ უნდა დასჭირდეს 15 წუთზე მეტი ფეხით ან ველოსიპედით სიარულისას სამუშაოდ, საყიდლებისთვის ან სამთავრობო სააგენტოებთან ურთიერთობისთვის.
5. მინიატურული ურბანული ტყეები
მსოფლიოს სხვადასხვა ურბანულ არეალში ქმნიან მინიატურულ ურბანულ ტყეებს და ეს მეთოდი შთაგონებულია იაპონური ტაძრებით. ტაძრებისა და სასაფლაოების ირგვლივ არსებული დაცული ტერიტორიები მოიცავს მრავალფეროვან ადგილობრივ მცენარეულობას, რომლებიც ერთობლივად ქმნიან გაუმჯობესებულ და ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ეკოსისტემას. აღნიშნულ მინიატურულ ტყეებს შეუძლიათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.
6. მწვანე მატარებლის ლიანდაგი
მდგრადი ქალაქების შექმნის ინიციატივების სათავეში დგას რეგენერაციის პროექტები, რომელთაგან ერთი გვხვდება ბანგკოგში, სადაც დღის წესრიგში დგას მწვანე საფრის შემცირება. ბანგკოკში ძველი შემაღლებული სარკინიგზო ხაზი გადაკეთდა ქალაქის პარკად. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთმა კონსულტანტმა კი განაცხადა, რომ პროექტს „ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კატალიზატორს ურბანული რეგენერაციისთვის და შეუძლია შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება საზოგადოებრივი სივრცეების მიმართ“.
7. Smarter Commuting (ჭკვიანი მგზავრობა)
ისრაელში შექმნილია ახალი აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, სუფთა და კომფორტულ მგზავრობას. მომხმარებლები აპლიკაციაში უთითებენ თავიანთ მდებარეობასა და დანიშნულების ადგილს, ალგორითმი კი გამოითვლის ყველაზე ეფექტიან მარშრუტს, რომლის შესაბამისადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილება. აღნიშნული სისტემა დაინერგა covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დასახმარებლად, გარდა ამისა, თუ ამ აპლიკაციას მუდმივად გამოიყენებს მოსახლეობა, მოსალოდნელია, რომ წელიწადში 25 000 000 $ დაიზოგება.
მდგრადი განვითარების მე-11 მიზნის მიხედვით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების უზრუნველყოფა, რათა ხელი შევუწყოთ ეკო-მეგობრული ურბანული დასახლებების შექმნასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. სტატიაში აღწერილი 7 ინოვაციური პროექტი მხოლოდ ნაწილია მდგრადი ურბანიზაციისა, ამიტომ საჭიროა უფრო მეტი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აღნიშნული მიზნის მისაღწევად. აუცილებელია, მსოფლიო მოსახლეობამ შექმნას უფრო მდგრადი, ეკო-მეგობრული და კომფორტული საცხოვრებელი არეალები, რათა არ გაწყდეს კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის.
გამოყენებული წყაროები:
- www.weforum.org/agenda/2020/09/cities-sustainability-innovation-global-goals/
- theconversation.com/people-love-the-idea-of-20-minute-neighbourhoods-so-why-isnt-it-top-of-the-agenda-131193
- www.forbes.com/sites/carltonreid/2020/04/30/au-revoir-les-automobiles-paris-to-close-major-boulevard-to-cars/?sh=3785c3879b0c
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: მდგრადი არქიტექტურა და იქნება თუ არა ოდესმე მოდის ინდუსტრია მდგრადი?