მდგრადი ზრდისა და მოხმარების მათემატიკური მოდელი
მსოფლიო მოსახლეობა ერთხმად თანხმდება დაბინძურების შემცირებისა და ნულოვანი ემისიების მიღწევის მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოადგენს პარიზის შეთანხმებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში ასახულ ამბიციას.
მიუხედავად გამოკვეთილი მნიშვნელობისა, ბევრი ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ დაბინძურების მიერ გამოწვეული შედეგების გამოსწორებამ და გამწმენდ სამეწარმეო პროცესებში ინვესტირებამ შესაძლოა დააზარალოს ქვეყნის ეკონომიკა. „ეს მოსაზრება არ უნდა ჩაითვალოს მართებულად“ – აცხადებს იაპონელი მკვლევარი ჰიდეო ნოდა Journal of Cleaner Production-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. „ამ კვლევის მთავარი შეტყობინება არის იმის დამტკიცება, რომ ნულოვანი ემისიები და მდგრადი ეკონომიკური ზრდა თეორიულად თავსებადია“ – აცხადებს მკვლევართა გუნდის წევრი ჰიდეო ნოდა, რომელიც ტოკიოს მეცნიერების უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი გახლავთ.
დღესდღეობით, კავშირი ნულოვან ემისიებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის არც ისე მარტივად გასაგებია. შესაბამისად, ნოდამ და მისმა თანამოაზრემ შგერუ კანომ შეიმუშავეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ახლებურად ჰფენს შუქს აღნიშნულ თემას.
მოდელი ასახავს, თუ როგორ ირხევიან ეკონომიკები რეალურ მსოფლიოში ორ ფაზას შორის: პირველი, რომელშიც ბიზნესებს შემოაქვთ ინოვაციები სწრაფი ტემპით, ხოლო მეორე, როდესაც ბიზნესები აგროვებენ კაპიტალს და არ ზრუნავენ ინოვაციების დანერგვაზე.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის ძველი მოდელები და გარემოსდაცვითი მიმართულება არ ითვალისიწინებდა ინოვაციებს. ინოვაციები წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში. ასევე, კვლევებში გათვალისწინებული იქნა ეკონომიკის ციკლური რყევები.
მოდელი გვიჩვენებს, რომ ნულოვანი ემისიებისაკენ სწრაფვა თავსებადია მუდმივ ეკონომიკურ ზრდასთან. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი პირობა: პირველი, ეს ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი შედარებით მაღალია. მეორე, ქვეყნები არ უნდა მოელოდნენ მთლიანი შიდა პროდუქტიდან მუდმივი პროცენტული მაჩვენებლის გამოყოფას დაბინძურების აღმოსაფხვრელად. თუ ასე მოიქცევიან, მათ, შესაძლოა, მიაღწიონ ნულოვან ემისიებს, თუმცა არა მდგრად ეკონომიკურ ზრდას. გამოყოფილი წილი უნდა იყოს მოქნილი და საჭიროების მიხედვით იცვლებოდეს.
მოდელი გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მცირდება მშპ-ს პროცენტული რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნულოვანი ემისიების მისაღწევად. კარგი ამბავი ისაა, რომ ეკონომიკის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია დაბინძურების აღმოსაფხვრელად, დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს.
უფრო მეტიც, ეკონომიკის არაინოვაციურ ფაზაში, მშპ-ს ზრდა უფრო მაღალია და მშპ-ს ნაწილი, რომელიც გამოიყოფა დაბინძურებასთან ბრძოლაში, სწრაფად იკლებს.
ეკონომიკის ინოვაციურობის ფაზაში მშპ-ს ზრდა არის ნელი და მისი ნაწილი, რომელიც საჭიროა ნულოვანი ემისიების მისაღწევად მცირდება უფრო ნელ ტემპში.
გამოწვევა: თუ ეკონომიკური ზრდა მცირდება და მოსალოდნელია, რომ მშპ შემცირდება, ქვეყნებმა უნდა გაზარდონ მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული წილი, რომელიც განკუთვნილი იქნება დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რათა არ გადავუხვიოთ ნულოვანი ემისიებისაკენ მიმავალი გზიდან.
მოდელი არ ასახავს ყველა ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებს. მაგალითად, იგი მიიჩნევს, რომ წარმოქმნილი დაბინძურება აღმოიფხვრება იმავე ქვეყნის ფარგლებში. „მულტირეგიონული მოდელის შემუშავება, რომელიც ითვალისიწინებს ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას, კვლავ პრობლემად რჩება“- აცხადებს ჰიდეო.
მიუხედავად ამისა, მოდელი წარმოადგენს თეორიულ საფუძველს შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად, რადგანაც ამჟამად, კავშირი ნულოვან ემისიებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. „ჩვენმა მოდელმა უნდა დაარწმუნოს მსოფლიოს ქვეყნის ლიდერები იმაში, რომ შესაძლებელია გამონაბოლქვის შემცირება ეკონომიკის დაზარალების გარეშე.”- აცხადებენ ნოდა და მისი თანამოაზრეები.
მოდელს უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0959652621009112
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) კვლევა
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (World Resources Institute – WRI) არის კლიმატის კვლევითი ცენტრი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში. ინსტიტუტის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელმა ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ ზრდას ემისიების შემცირების პარალელურად. კვლევის პროცესში გამოიყენეს 67 ქვეყნის ემისიების სტატისტიკური მაჩვენებელი და მსოფლიო ბანკის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები ქვეყნების მიხედვით. 67 ქვეყნიდან 21 ქვეყანაში დაფიქსირდა სასურველი შედეგი. აღნიშნულ ქვეყნებში 2000 წლიდან 2014 წლამდე ემისიების შემცირება მიმდინარეობდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე.
მკვლევარი ნეით ადენი აცხადებს, რომ 14-წლიან პერიოდზე კონცენტრირდა, რათა დარწმუნებულიყო შედეგების მდგრადობაში. კვლევის თანახმად, აშშ-მა მიაღწია ნახშირორჟანგის ემისიების რეკორდულ შემცირებას, თუმცა ეს გარკვეულწილად იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ქვეყანა ემისიების მიმართულებითაც ერთ-ერთი ლიდერია. ნიდერლანდები აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც მიაღწია ემისიების უდიდეს შემცირებას თავდაპირველ ემისიებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, ემისიები 2000 წელთან შედარებით 30%-თ შემცირდა.
Carbon Brief-მა WRI-ს კვლევა გააფართოვა და ყველა ქვეყანა მოიცვა. გამოყენებულ იქნა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკური მონაცემები და ემისიების მონაცემები ნახშირორჟანგის ინფორმაციული ანალიზის ცენტრიდან (Carbon Dioxide Information Analysis Center-CDIAC).
მონაცემების მიხედვით, 45-მა ქვეყანამ შეამცირა ემისიები 2000-2014 წლებში. მხოლოდ 35-მა ქვეყანამ შეძლო ამავდროულად შეენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა. იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი ცხრილში.
საკმარისია თუ არა მიმდინარე ქმედებები?
- თუ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, სათბურის აირების გლობალური ემისიები გაიზრდება დაახლოებით 70%-მდე 2050 წლისათვის, ხოლო ტემპერატურა მოიმატებს 4-6 გრადუსი ცელსიუსით 2100 წლისათვის.
- განვითარებული ქვეყნების მიზანი, რომელიც გულისხმობდა ემისიების 18%-თ შემცირებას 2020 წლისათვის 1990 წლის დონესთან შედარებით, ჩამორჩება კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭოს (IPCC) რეკომენდაციებს, შემცირებულიყო ემისიები 25-40%-თ.
როგორ შეგვიძლია შევამციროთ სათბურის აირების ემისიები ეკონომიკური ზრდის პარალელურად?
- უნდა განხორციელდეს ეკონომიკურად ეფექტიანი, ნახშირბადის გადასახადებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც გამოყენებული იქნება ემისიების ყველა წყაროსთან მიმართებით.Cap-and-trade და ნახშირბადის გადასახადები უნდა წარმოადგენდეს გლობალური პოლიტიკის ძირითად ელემენტებს, რომელთაც შეავსებს სხვადასხვა რეგულაცია და სტანდარტი (მაგ. ენერგოეფექტურობის მიმართულებით). უნდა გაიზარდოს ინვესტიცია კვლევებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
- სათბურის აირების კონცენტრაციების უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას 2012 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიო საშუალო მშპ-ს ზრდის მხოლოდ 1/10 დასჭირდება. ეს შეადგენს მსოფლიო მშპ-ს დაახლოებით 4%-ს 2050 წლისათვის (იხილეთ სურათი). ეს საკმაოდ მცირეა, თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ, სავარაუდოდ, მშპ 250 წლისათვის 250%-ით გადააჭარბებს მიმდინარეს.
- მთავარი კონტრიბუცია ემისიების შემცირებისათვის იქნება მხარდაჭერის შეჩერება გარემოსათვის საზიანო ენერგიისა და პროდუქციის მწარმოებლებისათვის. სუბისიდიები ენერგიის მიმართულებით მაღალია რუსეთში, ვიდრე სხვა ევროკავშირის არაწევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რიგ განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, ინდოეთსა და ჩინეთში. რა თქმა უნდა, ემისიის ზღვრების დადგენა განვითარებული ქვეყნებისათვის აუცილებელია, მაგრამ წიაღისეული საწვავზე სუბსიდიების მოხსნამ განვითარებად ეკონომიკებში შესაძლოა მიგვიყვანოს მსოფლიო ემისიების 10%-ით შემცირებამდე 2050 წლისათვის და ზოგ ქვეყანაში შესაძლოა 30%-იანი შედეგიც მივიღოთ (იხილეთ სურათი).
ენერგიის სუბსიდირების შეჩერებამ ინდოეთსა და ჩინეთში შესაძლოა გაზარდოს შინამეურნეობების რეალური შემოსავალი შესაბამისად 2.5 % და 0.7%-სა.
როგორ უნდა იქნას მოძიებული ფინანსები?
- როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციებმა დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებსა და პროექტებში ამ მიმართულებით უნდა მიიღოს მასშტაბური ხასიათი, განსაკუთრებით განვითრებად ქვეყნებში. ამისთვის მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნების მზაობა, რათა აღმოუჩინონ ფინანსური დახმარება განვითარებად ქვეყნებს.
- ფინანსური რესურსის კიდევ ერთი წყარო შეიძლება იყოს ინდუსტრიული ქვეყნების მიერ დაწესებული ნახშირბადის გადასახადებიდან მიღებული რესურსები. მაშინაც კი, თუ ამ დამატებითი შემოსავლებიდან მხოლოდ 1/10-ს გამოვყოფთ განვითარებადი ქვეყნების კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად, ეს შეიძლება შეადგენდეს 50 მილიარდ აშშ დოლარს ყოველწლიურად.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Environmental economic modeling of sustainable growth and consumption in a zero-emission society. (n.d.). ScienceDirect.com
- The 35 countries cutting the link between economic growth and emissions. (2016, April 5). Carbon Brief. https://www.carbonbrief.org/the-35-countries-cutting-the-link-between-economic-growth-and-emissions
- OECD (2009), Economics of Climate Change Mitigation: Policies and Options for Global Action beyond 2010
- The price is right: Modeling economic growth in a zero-emission society: Researchers analyze whether it is possible to simultaneously grow the economy while not producing more pollution. (2021, 17). ScienceDaily. https://www.sciencedaily.com/releases/2021/05/210531120929.htm
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: ნახშირბადის კომპენსაცია