გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწია.
რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მორიგი სტატია კლიმატის ცვლილების შესახებ იწყება თქვენთვის, ალბათ, მრავალმხრივ გაცვეთილი ფრაზით: კლიმატის ცვლილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. თუმცა, ეს „ბანალური“ შესავალი წარმოშობს საკმაოდ ლოგიკურ კითხვას: რატომ? და სტატიის სათაურიდან გამომდინარე, რა კავშირში შეიძლება იყოს უთანასწორობა მასთან?
მოდით, ცოტა ხნით დავივიწყოთ ზემოხსენებული და წარმოვიდგინოთ, რომ ვართ კოსმოსში და ჩვენ წინ ცისფრად ლივლივებს ლამაზი სფერო. რას გრძნობთ? დიდი ალბათობით, ელით, როდის აგიწევთ ხელს უცხოპლანეტელი და პრალელურად, ნოსტალგიანარევი სიყვარულით უმზერთ თქვენს სახლს, დიდ და მრგვალ პლანეტას, რომელიც, გარკვეულწილად, თანასწორობასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება.
კოსმოსში ნებივრობის შემდეგ, გთხოვთ, დავბრუნდეთ მოცემულ რეალობაში და დავფიქრდეთ, არის თუ არა ჩვენი სახლი ნამდვილად თანასწორობის სიმბოლო? მოცემული სტატია ემსახურება სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას: რატომ არის კლიმატის ცვლილება უდიდესი გამოწვევა და რა კავშირშია ის თანასწორობის ცნებასთან.
კლიმატის ცვლილების ტენდენცია
მსოფლიოში კლიმატის ცვლილების ტენდენციები მნიშვნელოვნად გამოვლინდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიო ტემპერატურა 0.75 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა (Fulco & others, 2007, p.2). კერძოდ, ადამიანთა საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა სათბურის აირების ემისიებმა უარყოფითად იმოქმედეს როგორც გარემოზე, ასევე, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებზე .
როგორც ყველა კომპლექსურ მოვლენას, კლიმატის ცვლილებასაც მრავალგანზომილებიანი გამოხატულება აქვს, იქნება ეს მკაცრი ზამთარი, სითბური ტალღები თუ ექსტრემალური ამინდი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარებას და იწვევს ისეთი ელემენტარული საჭიროებების დეფიციტს, როგორიცაა წყალი და საკვები. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერისა და წყლის ხარისხს, ადამიანებს აიძულებს მიგრაციას და კიდევ უფრო მეტად აღვივებს სიღარიბეს.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ დაკარგა სახნავ-სათესი მიწების თითქმის მეოთხედი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ვერ იღებს საკმარის მოსავალს. გარდა ამისა, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ხალხის რიცხვი გაორმაგდა და თუ ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 102 მილიონ ადამიანს, 2016 წელს 204 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნულმა კატაკლიზმებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური დანაკარგები 49%-ით გაზარდა (“How climate change affects people living in poverty,” 2019).
კლიმატის ცვლილება, ასევე, იწვევს ისეთ გრძელვადიან პროცესებს, როგორიცაა ტემპერატურის ზრდა და ატმოსფერული ნალექების შემცირება. მაგალითისთვის, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გვალვამ 1 მილიარდ ადამიანზე მეტი დააზარალა (“How climate change affects people living in poverty,” 2019), განსაკუთრებით, ეს ეხება სოფლის მეურნეობის სექტორს, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა განვითარებად სამყაროში.
ვინ გამოიწვია კლიმატის ცვლილება?
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ადამიანებმა 450 მილიარდი ტონა ნახშირბადი გააფრქვიეს ატმოსფეროში (“developing world’s contribution to global warming and the resulting consequences of climate change in these regions: A Nigerian case study,” 2019). გარდა ამისა, აგრო-ეკონომიკაზე, წიაღისეულ საწვავსა და ინდუსტრიულ საქმიანობაზე დამოკიდებულებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სათბურის აირების ემისიების მოცულობა, რაც აისახა გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებაში. 1850 წლიდან 2011 წლამდე ინდუსტრიისა და სიმდიდრის განაწილების მიხედვით განვითარებული ქვეყნები ნახშირბადის ისტორიული ემისიების 79%-ზე არიან პასუხისმგებელნი (“Developed countries are responsible for 79 percent of historical carbon emissions,” n.d.).
რატომ დაეწია გაჭირვებულ(ებ)ს ქვა აღმართში?
დიაგრამაზე მოცემულია სახელმწიფოების მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ. საინტერესოა, რატომ ჭარბობს მკვეთრი ფერები განვითარებადი ქვეყნების კონტურებზე, მაშინ, როდესაც კლიმატის ცვლილებაში მათ ყველაზე ნაკლები წვლილი შეიტანეს?
ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ ბევრ ასპექტს მოიცავს:
ერთ-ერთი ახალი კვლევის მიხედვით, უახლოეს მომავალში ღარიბი ქვეყნები გარდა ტემპერატურის მატებისა, კლიმატის ცვლილების სხვა შედეგების წინაშეც აღმოჩნდებიან. კერძოდ, ტემპერატურის მატება ეკვატორის მიმდებარე ტერიტორიებზე გამოიწვევს ნიადაგის გამოშრობასა და გამოფიტვას, რაც ფაქტობრივად მოსპობს ნიადაგის უნარს, გაუმკლავდეს ტემპერატურის ცვლილებას. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება ამაზონის ჯუნგლებში. აქედან გამომდინარე, მდიდარი სახელმწიფოები, რომლებიც, ძირითადად, მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნაკლებად დადგებიან ნიადაგის ტენიანობის შემცირების წინაშე. უფრო მეტიც, ეკვატორისგან მოშორებით, ისინი ყველაზე ნაკლებად იგრძნობენ ტემპერატურულ რყევებს სხვა ქვეყნებთან შედარებით (“Climate change will affect developing countries more than rich ones,” 2018). პარადოქსია, რომ კლიმატის ცვლილებაზე ისტორიულად პასუხისმგებელი სახელმწიფოები ყველაზე ნაკლებად მოიმკიან თავიანთი საქმიანობის შედეგებს.
ეკონომიკური საქმიანობა
ღარიბი მოსახლეობა სასიცოხლოდ არის დამოკიდებული მოწყვლად ეკონომიკურ სექტორებზე: სუბ-საჰარის აფრიკის სამუშაო ძალის 65% და სამხრეთ აზიის 60% კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მგრძნობიარეა ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების ცვლილების მიმართ (Falco & others, 2007, p.8). მსოფლიოს საშუალო ტემპერატურის მატებამ, რამაც გამოიწვია მყინვარების ქრობა და შესაბამისად, მდინარეთა მოცულობის შემცირება, უდიდესი პრობლემები შეუქმნა საირიგაციო სისტემებს და მთლიანად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას.
მაგალითად, სამხრეთ აზია, რომელიც ბრინჯის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, მოწყვლადია ზღვის დონის ზრდის მიმართ. ასევე, აფრიკის მთელი კონტინენტი, სადაც სოფლის მეურნეობა უმსხვილესი ეკონომიკური სექტორია და კონტინენტის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს (100 მლრდ დოლარზე მეტი) შეადგენს (Kangethe, 2016), უდიდეს ეკონომიკურ ზარალს განიცდის ყოველი გვალვის შემდეგ.
აღსანიშნავია „მარჯნის სამკუთხედი“, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ინდონეზიის ჩათვლით. ეს არეალი, ფაქტობრივად, მოიცავს მსოფლიოს თევზის მარაგის 50%-ს, გარდა ამისა, მოსაზღვრე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%-დან 6.8%-მდე იკავებს მეთევზეობა, სადაც დაახლოებით 4.6 მილიონი ადამიანია დასაქმებული (Asian Development Bank, 2014, p.12-13) კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილმა შტორმებმა და „მარჯნის გათეთრებამ“ კი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა ამ რეგიონის ეკონომიკა.
ჯანმრთელობის პრობლემები
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მოქმედებს კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობაზე, არის ჯანმრთელობის პრობლემები. რესურსების უკმარისობის გამო, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა ქოლერა, დიარეა და მალარია, ღარიბი მოსახლეობა ნაკლები მდგრადობით გამოირჩევა. გარდა ორგანიზმის მზაობისა, მათ ნაკლები წვდომა აქვთ ჯანდაცვის სერვისებზეც. კლიმატის ცვლილების შედეგად დაავადებები ვრცელდება ისეთ ადგილებში, სადაც წარსულში არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო არეალში მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც, ძირითადად, ტრადიციულ მედიცინას იყენებს, არ არის მზად ახალი დაავადებებისთვის (Fulco & others, 2007, p.7-8).
გარდა დაავადებისა, კლიმატის ცვლილების უდიდესი გავლენა, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობას, არის კვებისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. 2017 წელს არასრულფასოვანი კვების მქონე ადამიანთა რიცხვმა მიაღწია 821 მილიონს, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 11%-ს. მათი უმრავლესობა წარმოდგენილია განვითარებად ქვეყნებში. 2017 წელს აღმოსავლეთ აფრიკის მოსახლეობის 30% შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, კლიმატის კრიზისით გამოწვეულმა საკვების დეფიციტმა აფრიკაში დამატებით 29 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა (“facts: How climate change affects people living in poverty,” 2019).
რესურსების დეფიციტი
ახალი ეფექტური მეთოდების დანერგვა, სამწუხაროდ, მხოლოდ განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობას არ უკავშირდება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, ან როგორც მინიმუმ, ამ პრობლემებთან ბრძოლა, მოითხოვს ძლიერ სტრატეგიებსა და კამპანიებს, დიდ ფინანსურ რესურსსა და ინფრასტრუქტურას. მაგალითად, მოსალოდნელი წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შემცირების მიზნით მაიამის მერია ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს ქუჩების დონის ამაღლებასა და სპეციალური ტუმბოების დამონტაჟებაში, მაშინ როდესაც რამდენიმე კილომეტრში მდებარე პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი, რესურსების არქონის გამო ვერ ახორციელებს მსგავს პროექტებს (Los Angeles Times, 2019). მაშინ, როდესაც ნიუ-იორკი წელიწადში დაახლოებით 193.38 დოლარს ხარჯავს მის თითოეულ მცხოვრებზე კლიმატის ცვლილების შედეგებთან საბრძოლველად, ადის აბებაში იგივე მაჩვენებელი 4.71 დოლარს უტოლდება (Carbon Brief, 2016).
დასაქმება და მიგრაცია
კლიმატის ცვლილებასა და უთანასწორობაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებისა და მიგრაციის საკითხი. 2008 წლის სექტემბერში „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამამ“, „ვაჭრობის საერთაშორისო გაერთიანების კონფედერაციამ“ და „დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაციამ“ გამოუშვეს ანგარიში: „Green Jobs: Towards Decent work in a Sustainable, LowCarbon World“. მოცემული დოკუმენტის ფარგლებში სიღრმისეულადაა გაანალიზებული, რა პრობლემებს იწვევს საშუალო წლიური ტემპერატურის მატება მომუშავეებისთვის და როგორ აისახება ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებზე (Olsen, 2009, p. 3).
ტემპერატურის მატება თითქმის შეუძლებელს ხდის მუშაობას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აფრიკისა და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები. ამ ყველაფერს თან ერთვის მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, პროდუქტიულობის დაქვეითება, ხშირი შესვენებები მუშაობის დროს და გაუთვალისწინებელი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაზიანებები.
მეორე მხრივ, ტემპერატურის მატებას ნამდვილად არ აქვს იგივე გავლენა განვითარებული ქვეყნების შრომის ბაზარზე. დავიწყოთ იმით, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში არ არსებობს სამუშაო ადგილებზე თერმული პრობლემები, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ისეთი ელემენტარული პირობები, როგორიცაა: გრილ გარემოსთან წვდომის შესაძლებლობა, ჩრდილი, წყალი, დამცავი ტანსაცმელი და შესვენებისთვის საკმარისი დრო, დაკმაყოფილებულია (Uni Global Union, 2016). შესაბამისად, გლობალური დათბობის შედეგები აისახება იმ ბანგლადეშელ, ვიეტნამელ ან ინდოელ მუშაზე, რომელიც ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის ქარხანაში მუშაობს 35°C-ზე მაღალ ტემპერატურაში.
დასაქმების პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული მიგრაციასთან, რაც, ასევე, უდიდეს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის. მიგრაცია ხშირადაა პასუხი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე, რომლებიც უკვე დამახასიათებელი გახდა მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენს ეკონომიკის წამყვან დარგს. ამ ძალიან ცუდი შედეგების მომტანია გარე მიგრაციები, რასაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის გასვლა და „ტვინების გადინების“ პროცესი უძღვის თან. გარდა ამისა, ეს პროცესი იწვევს ტრადიციული სოფლის მეურნეობის დარგების მოშლას, პროდუქტიოულობისა და კვალიფიცირებული სამუშაო ძალის დაკარგვას.(Waldinger & Fankhauser, 2015, p. 7-10).
გამოსავალი?
სტატიის დასაწყისში ცისფერ სფეროს თანასწორობისა და სამართლიანობის სიმბოლოდ აღვიქვამდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მის შიგნით მიმდინარე პროცესები ერთმანეთს ებმის და საბოლოოდ ვიღებთ უდიდეს ქსელს, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს სისტემის ელემენტებზე. ჩვენი სისტემა არის სწორედ დედამიწა, ხოლო სისტემის ერთ-ერთი პროცესია კლიმატის ცვლილება, რომელმაც პრობლემათა უდიდესი ქსელი შექმნა და სხვადასხვა მასშტაბით ჩაითრია განვითარებადი და განვითარებული სამყარო, მდიდარი და ღარიბი ადამიანები. საბოლოოდ კი მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო მეტად აღვივებს უთანასწორობას: ღარიბი ღარიბდება, მდიდარი კი ისევ მდიდრდება.
სისტემაში მიმდინარე პროცესების აღმოფხვრას, ასევე, სისტემური მიდგომა სჭირდება, რასაც ქადაგებს კიდეც მდგრადი განვითარების მე-10 მიზანი: შემცირებული უთანასწორობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მდიდარმა ქვეყნებმა მათ მიერ გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად რაც შეიძლება მეტი რესურსი მიმართონ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ქმედებებისკენ, დახმარება გაუწიონ განვითარებად ქვეყნებს და საფუძველი ჩაუყარონ თანასწორ გლობალურ საზოგადოებას!
გამოყენებული წყაროები
Center for Global Development. (2015, August 18). The historical concentration of industry and wealth in developed countries means that they are responsible for 79 percent of the emissions from 1850 to 2011. Source:CO2 emissions excluding LUCF, 1850–2011 (CAIT v2.0) [Graph]. www.cgdev.org. https://www.cgdev.org/media/who-caused-climate-change-historically
Climate change will affect developing countries more than rich ones. (2018, May 9). The Economist. https://www.economist.com/graphic-detail/2018/05/09/climate-change-will-affect-developing-countries-more-than-rich-ones
Developed countries are responsible for 79 percent of historical carbon emissions. (n.d.). Center For Global Development. https://www.cgdev.org/media/who-caused-climate-change-historically
The developing world’s contribution to global warming and the resulting consequences of climate change in these regions: A Nigerian case study. (2019, December 13). IntechOpen – Open Science Open Minds | IntechOpen. https://www.intechopen.com/online-first/the-developing-world-s-contribution-to-global-warming-and-the-resulting-consequences-of-climate-chan
The facts: How climate change affects people living in poverty. (2019, November 15). Mercy Corps. https://www.mercycorps.org/blog/climate-change-poverty
Los Angeles Times. (2019, September 15). Editorial: Wealthy countries are responsible for climate change, but it’s the poor who will suffer most. https://www.latimes.com/opinion/editorials/la-ed-climate-change-global-warming-part-2-story.html
Schroders. (2015, July 26). Climate change and the global economy: regional effects [Map]. www.schroders.com. https://www.schroders.com/en/us/insights/economic-views/climate-change-and-the-global-economy-regional-effects/
Asian Development Bank. (2014). Economics of Fisheries and Aquaculture in the Coral Triangle (RPT146479-3). https://www.adb.org/sites/default/files/publication/42411/economics-fisheries-aquaculture-coral-triangle.pdf
Olsen, L. (2009). The employment effects of climate change and climate change responses: a role for International Labour Standards (12). Retrieved from International Labour Office website: https://www.uncclearn.org/sites/default/files/inventory/wcms_122181.pdf
Carbon Brief. (2016, May 5). Huge divide in spending on climate change adaptation across world’s megacities. https://www.carbonbrief.org/huge-divide-in-spending-on-climate-change-adaptation-across-worlds-megaticities
Uni Global Union. (2016, April 28). Climate change is causing major impacts on labour productivity and health. https://www.uniglobalunion.org/news/climate-change-causing-major-impacts-labour-productivity-and-health-0
Waldinger, M., & Fankhauser, S. (2015). Climate change and migration in developing countries: evidence and implications for PRISE countries. Retrieved from ESRC Centre for Climate Change Economics and Policy website: http://eprints.lse.ac.uk/64526/1/Climate-change-and-migration-in-developing-countries_final.pdf
Ludwig, Fulco & Terwisscha van Scheltinga, Catharien & Verhagen, Jan & Kruijt, Bart & van Ierland, Ekko & Dellink, Rob & de Bruin, Henk & Kabat, Pavel. (2007). Climate change impacts on Developing Countries – EU Accountability.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს SUSTAINABILITY.GE-ს შეხედულებებს.