ნახშირბადნეიტრალიტეტი

რა არის ნახშირბადნეიტრალიტეტი და როგორ შეიძლება მისი მიღწევა 2050 წლისთვის?

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ანა უნგიაძემ.

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. ექსტრემალური ამინდის პირობები, როგორიცაა გვალვა, თბური ტალღები, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი გახშირდა, მათ შორის ევროპაშიც. სწრაფად ცვალებადი კლიმატის ალტერნატიული შედეგები მოიცავს ზღვის დონის აწევას, ოკეანის მჟავიანობის ზრდას და ბიომრავალფეროვნების კარგვას. იმისათვის, რომ გლობალური დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსს არ ასცდეს, აუცილებელია ნახშირბადნეიტრალიტეტი 21-ე საუკუნის შუა ხანებისთვის იქნას მიღწეული. ეს მიზანი ასევე გათვალისწინებულია პარიზის შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოაწერა 195 ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც.

2019 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარმოადგინა ევროპის მწვანე შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი გეგმაც მიზნად ისახავს ევროპა გახადოს  კლიმატნეიტრალური 2050 წლისთვის. ეს მიზანი მიიღწევა ევროპული კლიმატის კანონის მეშვეობით, რომელიც კლიმატის ნეიტრალიტეტს ასახავს ევროკავშირის სავალდებულო კანონმდებლობაში.

რა არის ნახშირბადნეიტრალიტეტი?

ნახშირბადნეიტრალიტეტი ნიშნავს ბალანსის არსებობას ნახშირბადის გამოყოფასა და ატმოსფეროდან ნახშირბადის შთანთქმის პროცესს შორის. ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან ამოღება და შემდეგ მისი შენახვა ცნობილია როგორც ნახშირბადის სეკვესტრირება. წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, მთელ მსოფლიოში სათბურის აირების (GHG) ემისიები ნახშირბადის სეკვესტრირებით უნდა იყოს დაბალანსებული.

ნახშირბადის რეზერვუარი წარმოადგენს ნებისმიერ სისტემას, რომელიც შთანთქავს იმაზე მეტ ნახშირბადს, ვიდრე გამოყოფს. ძირითადი ბუნებრივი ნახშირბადის რეზერვუარებია ნიადაგი, ტყეები და ოკეანეები. შეფასებით, ბუნებრივი რეზერვუარები წელიწადში 9,5-დან 11 გიგატონამდე CO2-ს შთანთქავენ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ CO2-ის წლიურმა გლობალურმა ემისიებმა 2021 წელს 37,8 გიგატონას მიაღწია.

დღემდე, არცერთ ხელოვნურ ნახშირბადის რეზერვუარს არ შეუძლია ატმოსფეროდან ნახშირბადის საკმარისი რაოდენობით ამოღება გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის.

ბუნებრივ რეზერვუარებში შენახული ნახშირბადი ატმოსფეროში გამოიყოფა ტყის ხანძრის, მიწის გამოყენების ცვლილების ან ხე-ტყის ჭრის შედეგად. ამიტომაც ნახშირბადის ემისიების შემცირება აუცილებელია კლიმატნეიტრალიტეტის მისაღწევად.

ნახშირბადის კომპენსაცია

ემისიების შემცირებისა და ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევის ერთ-ერთი გზა არის ერთ სექტორში წარმოებული ემისიების კომპენსირება სხვაგან წარმოქმნილი ემისიების შემცირებით. ეს შეიძლება განხორციელდეს განახლებად ენერგიაში, ენერგოეფექტურობაში ან სხვა სუფთა, დაბალი ემისიის მქონე ტექნოლოგიებში ინვესტირებით. ნახშირბადის კომპენსაციის სისტემის მაგალითს წარმოადგენს ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS).

ემისიების შემცირების კიდევ ერთი მაგალითია ევროკავშირის ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმი, რომელიც  ნახშირბადის ფასებს კლიმატური კუთხით ნაკლებად ამბიციური ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე აწესებს. ამან მოტივაცია უნდა დაუკარგოს კომპანიებს, ევროკავშირიდან წარმოება გადაიტანონ ისეთ ადგილას, სადაც სათბურ აირებზე ნაკლებად მკაცრი შეზღუდვები იქნება დაწესებული.

ევროკავშირის მიზნები

ევროკავშირი ერთგულია ამბიციური კლიმატის პოლიტიკის მიმართ. მწვანე შეთანხმების თანახმად, ის მიზნად ისახავს ევროპა გახდეს პირველი კონტინენტი, რომელიც ამოიღებს CO2-ის იმდენ ემისიას, რამდენსაც გამოიმუშავებს 2050 წლისთვის. ეს მიზანი იურიდიულად სავალდებულო გახდა, როდესაც ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2021 წელს კლიმატის კანონი მიიღეს. ევროკავშირის ემისიების შემცირების დროებითი მიზანი 2030 წელი იყო.

ევროკავშირი ამჟამად ახდენს ძველი კანონმდებლობის გადასინჯვას და ადგენს ახალ კანონებს, რომლებიც დაეხმარება 2030 წლის მიზნის მიღწევას ემისიების 55%-ით შემცირებისთვის. კანონმდებლობის პაკეტი ცნობილია როგორც „Fit for 55“ და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ემისიებით ვაჭრობის წესები, ემისიების შემცირების ეროვნულ მიზნები, ნახშირბადის ამოღება მიწათსარგებლობის სექტორიდან და ტრანსპორტის ემისიები.

სტატია ნათარგმნია: What is carbon neutrality and how can it be achieved by 2050?


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: რატომ იწურება მსოფლიოში ქვიშა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *