ფუტკრები

რატომ არიან ფუტკრები სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი არსებები?

ფუტკარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არსებაა ჯანსაღი გარემოსა და ეკონომიკისთვის. ისინი, აგრეთვე, ერთი შეხედვით, უბრალო და მომხიბლავი პატარა მწერები არიან. მაგრამ რა ხდის მათ ასე განსაკუთრებულს ?

რისთვის გვჭირდება ფუტკარი

ფუტკრებსა და სხვა დამმტვერავ მწერებს, როგორებიც არიან პეპლები და ჩუხჩუხელასებრნი, შეიძლება სათანადოდ არ ვაფასებდეთ, მაგრამ ისინი სასიცოცხლო მნიშვნელობისანი არიან ჩვენთვის საჭირო, სტაბილური, ჯანსაღი საკვების მარაგისა და მრავალფეროვანი ნოყიერი კვებისთვის.

ფუტკრები შესანიშნავად არიან დამტვერვისთვის ადაპტირებულნი, ასევე, ეხმარებიან მცენარეებს ზრდაში, გამრავლებასა და საკვების წარმოებაში. ისინი ამას აკეთებენ ყვავილოვან მცენარეებს შორის მტვრის გადატანით და შესაბამისად, სასიცოცხლო ციკლის შენარჩუნებით.

ჩვენ მიერ საკვებად გამოყენებადი მცენარეების უმეტესი ნაწილი დამტვერვაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, ფუტკრების მიერ დამტვერვაზე. სწორედ ისინი მტვერავენ ევროპის ველური ყვავილების 80%-ს, რომელთა გარეშეც სასოფლო დასახლებები  ნაკლებად საინტერესო და ლამაზი იქნებოდა. 

მაგრამ დღეისათვის ფუტკრები საფრთხის ქვეშ არიან. მთელ მსოფლიოში იზრდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესი ფუტკრების შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კლება გამოწვეულია სხვადასხვა სტრესითა (ჰაბიტატისა და საკვების წყაროების დაკარგვით, ასევე პესტიციდების ზემოქმედებით) და  კლიმატის ცვლილებით.

ფუტკრის ტიპები

მსოფლიოში ფუტკრის 20 000-ზე მეტი ცნობილი სახეობაა. დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება ფუტკრის დაახლოებით 270 სახეობა. აქედან, მხოლოდ ერთი არის ცნობილი, როგორც მეთაფლია ფუტკარი.

მეთაფლია ფუტკრების უმრავლესობა მეფუტკრეების მიერ განთავსებულია რეგულირებული სკების კოლონიებში. დანარჩენი ფუტკრები ველურები არიან, მათ შორის,  ბაზების 25 სახეობა და 220-ზე მეტი სახეობის მარტოხელა ფუტკარი.

როგორც მეთაფლია ფუტკრები, ნაცნობი ბაზებიც სოციალურ კოლონიებში ცხოვრობენ- როგორც წესი, მიწაში არსებულ ხვრელებში ან ხეების ღრუებში.

მარტოხელა ფუტკარი, როგორც სახელიდანაც ჩანს, თავისთვის ბუდობს. თითოეული მდედრი აშენებს და ამარაგებს საკუთარ ბუდეს საკვებით. მარტოხელა ფუტკრებში ერთიანდება მეშახტე ფუტკარიც, რომელიც მიწაში იკეთებს საბუდარს. ასევე, კალატოზი და ფოთოლმჭრელი ფუტკრები, რომლებიც მკვდარი ხის ფუღუროებსა და კედლების ნახვრეტებში ბინადრობენ.

კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica-Georgia) გრძელი ხორთუმით, დაბალი ტემპერატურის გამძლეობითა და თვინიერებით ხასიათდება. მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობა 1961 წლის, ქალაქ ერფურტის, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე გახდა ცნობილი. Ქართულ ფუტკარს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სამჯერ (1961, 1965, 1971) აქვს მოპოვებული ოქროს მედალი საერთაშორისო გამოფენებზე. ისტორიული მასალები კი ცხადყოფს რომ ქართველები თაფლს 7 000 წლის წინაც მოიხმარდნენ და კოლხეთის სამეფოში ძვ.წ. IV საუკუნეში მეფუტკრეობა განვითარებული იყო (ფიფია).

ფუტკრის სახეობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ფუტკრის იდენტიფიკაციის სახელმძღვანელო (ინგ.)

ფუტკარი – საუკეთესო დამმტვერავი

სწორედ ფუტკრების დამსახურებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ მრავალფერვანი საკვები, ვაშლითა და მსხალით დაწყებული, ყავითა და ვანილით დამთავრებული. ასევე, თუ თქვენ ატარებთ ბამბის ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს, ეს იმიტომ რომ ბამბის მცენარე, რომლისგანაც ძაფი დაახვიეს, თავის დროზე დაიმტვერა. მსოფლიოს წამყვანი მარცვლეული კულტურების 90%-ზე მეტს სტუმრობს ფუტკარი (სამთავრობათაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ (ipbes), 2016).

ფუტკრები აგროვებენ ყვავილის მტვერს თავიანთი თავშესაფრის მოსაწყობად, რომელიც შემდეგ პატარების საკვებად გამოიყენება. ისინი სპეციალური მახასიათებლებით არიან აღჭურვილნი მტვრის შესაგროვებლად, კერძოდ, გატოტვილი ჯაგრები, იგივე სკოპა, რომელსაც უკანა ფეხზე მტვრის კალათებს ეძახიან. როდესაც ფუტკარი მცენარეს სტუმრობს ნექტრის მოსაპოვებლად, მტვერი მის სხეულს ეკრობა და ასე ვრცელდება მცენარეებს შორის, ანაყოფიერებს მათ – სწორედ ესაა დამტვერვა.

ფუტკრები არ არიან მსოფლიოს ერთადერთი დამმტვერავი მწერები. კერძოდ, პეპლები, ბუზები, კრაზანები, ჩრჩილები, ხოჭოები, ზოგიერთი ფრინველი, ღამურები და ხვლიკებიც დამმტვერავები არიან, მაგრამ ისინი ყვავილებს მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაკვებად სტუმრობენ. ვინაიდან, ფუტკრები თავიანთი თავშესაფრის ასაშენებლად საჭირო მტვრის შესაგროვებლად ბევრ ყვავილს სტუმრობენ და მათ შორის მეტ მტვერს გადააადგილებენ, ყველაზე ეფექტურ დამმტვერავებად მიიჩნევიან.

ფუტკრის ზოგიერთი სახეობა სპეციალურად განვითარებულია ცალკეული მცენარეების დასამტვერად, რომელთა გარეშეც ეს უკანასკნელნი  ვერ განაყოფიერდებოდნენ..

ფუტკარი და ფერმერები

ბევრ ფუტკარს გარკვეული მცენარეების დამტვერვისთვის მორგებული განსხვავებული მახასიათებელი აქვს. მაგალითად, ადრეული მეთაფლია ფუტკრის მცირე ზომა და სიმარჯვე საშუალებას აძლევს მას შეაღწიოს ჩამოკიდულ ყვავილებში, როგორიცაა ლაშქარა. ბაღის ბაზები უკეთესად ამტვრიანებენ ცხრატყავასა და ფუტკარას ღრმა ყვავილებს სხვა სახეობასთან შედარებით, რადგან მათ გრძელი ხორთუმით ყვავილში ღრმად შეღწევა შეუძლიათ.

ბევრი ფერმერი, ფაქტობრივად, დამოკიდებულია ფუტკრების მრავალფეროვნებაზე  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამტვერვის პროცესში. დამტკიცებულია, რომ სწორი სახეობის ფუტკრის მიერ შესრულებული ბუნებრივი დამტვერვა აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს – მისი კვებითი ღირებულებიდან შენახვის ვადამდე.

საგულისხმოა, რომ ფუტკრის ზოგიერთ სახეობას ცალკეული მცენარეების მიმართ მიდრეკილება ახასიათებს, რის გამოც მათ განსაკუთრებული ბუნებრივი ჰაბიტატი სჭირდებათ და მათი პოპულაციის გამრავლებისთვის ამ გარემოს შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფუტკრის მნიშვნელობა (გარდა თაფლის წარმოებისა)

ფუტკრების გარეშე სამყარო არ დაიღუპება, მაგრამ ჩვენი არსებობა ბევრად არასაიმედო იქნება, ხოლო კვების რაციონი მოსაწყენი, ღარიბი და ნაკლებად ნოყიერი. Ზოგიერთი პირუტყვის გამოსაკვებად მოყვანილი მცენარე, როგორიცაა სამყურა და იონჯა, ნაწილობრივ დამოკიდებულია ფუტკრის დამტვერვაზე. დამმტვერავი მწერების განადგურებამ, შეიძლება გამოიწვიოს მარცვლოვანი და ველურ მცენარეთა სახეობების დაბალი ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კვებითი რეჟიმის აუცილებელი მიკროელემენტებით მომარაგებას, გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და კვების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე, პოტენციურად ზრდის ვიტამინ A-თი, რკინითა და ფოლიუმის უკმარისობით დაავადებული ადამიანების რიცხვს.

მთავრობები და საკვების მწარმოებლები ბევრს საუბრობენ სასურსათო უსაფრთხოებაზე, მაგრამ ფუტკრების გარეშე ჩვენი საკვების მიწოდების ჯაჭვი დაუცველი იქნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიხედვით დამმტვერავები – განსაკუთრებით, ფუტკრები – ერთ-ერთი საუკეთესო მდგრადი საშუალებაა სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებისა და მდგრადი მეურნეობის მხარდასაჭერად.

2019 წელს, საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ფუტკრის სიკვდილთან დაკავშირებული ხუთი ნეონიკოტინოიდური პესტიციდი აკრძალა. ეს ნაბიჯი მოჰყვა მანამდე ევროკავშირის მიერ მარცვლეულის მინდვრებისთვის სამი ყველაზე მავნე პესტიციდის აკრძალვას. საფრანგეთმა აკრძალა ამ ნივთიერებების გამოყენება არა მარტო ღია სივრცეში, არამედ სათბურებშიც. კვლევვებმა აჩვენა, რომ ნეონიკოტინოიდები ამცირებს ფუტკრის სპერმის რაოდენობას და არღვევს მათ მეხსიერებას, რაც აქვეითებს სახლში დაბრუნების უნარს. უახლესი კვლევებით ნავარაუდებია, რომ ფუტკრებს შეიძლება ინსექტიციდების მიმართ გაუჩნდეთ საშიში დამოკიდებულება, დაახლოებით იმავე სახის, როგორიც მწეველებს გააჩნიათ ნიკოტინისადმი (სარა ბუროუ, 2019).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გასულ წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამმტვერავების 40%, კერძოდ ფუტკრები და პეპლები, გლობალური გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან, ამიტომ მათ განსაკუთრებული მოფრთხილება და დაცვა ესაჭიროება. 

Ნათარგმნი სტატია: რისთვის გვჭირდება ფუტკარი? ავტორი: დედამიწის მეგობრები

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სარა ბუროუ. “საფრანგეთი პირველი ქვეყანაა სადაც ფუტკრის სიკვდილთან დაკავშირებული ხუთი პესტიციდი აიკრძალა.” Returntonow.net, 24 იანვარი 2019, https://returntonow.net/2019/01/24/france-becomes-the-first-country-to-ban-all-five-pesticides-linked-to-bee-deaths/?fbclid=IwAR2RSk1OMbjnJUaFljhrTCR6DRkRV6XxBPJITV6cUTtVoHDYti24J_S6_mI.
  2. დედამიწის მეგობრები. “რისთვის გვჭირდება ფუტკარი?” დედამიწის მეგობრები, 25 ივლისი 2017, https://friendsoftheearth.uk/nature/why-do-we-need-bees.
  3. ფიფია, ირაკლი. “ქართული ფუტკრის ამბავი.” National Geographic საქართველო, https://nationalgeographic.ge/qartuli-futkris-ambavi/.
  4. სამთავრობათაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ (ipbes). დამმტვერავების, დამტვერვისა და საკვების წარმოების შეფასების ანგარიში. შეჯამება პოლიტიკოსებისთვის. 2016, https://ipbes.net/sites/default/files/spm_deliverable_3a_pollination_20170222.pdf.
  5. https://www.actionnews5.com/2021/05/19/breakdown-why-bees-are-important-environment/
  6. https://www.intelligentliving.co/bees-declared-most-important-species-on-earth/

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *