გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში

ეკონომიკური ზრდა საკმარისი არაა სიღარიბის შემცირებისთვის, თუ იგი არაინკლუზიურია და არ მოიცავს მდგრადი განვითარების შემდეგ სამ განზომილებას: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

დღევანდელი გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში არის შედეგი ორსაუკუნოვანი არათანაბარი პროგრესისა. ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა, ხოლო სხვა ქვეყნებში — პირიქით. დღევანდელ დღეზე და ჩვენზეა  დამოკიდებული, რომ, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისათვის. ადამიანის უფლებების  პატივისცემა ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისა და საზოგადოებისათვის, რომელშიც მას უწევს ცხოვრება.

უთანასწორობის ზრდა დიდ  გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და აქვს დემოკრატიის შელახვის პოტენციალი. შესაბამისად, საჭიროა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ისეთ საკითხში, როგორიცაა უთანასწორობა და გავაანალიზოთ მისი გამომწვევი მიზეზები. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არაა სიღარიბის შემცირებისთვის, თუ იგი არაინკლუზიურია და არ მოიცავს მდგრადი განვითარების შემდეგ სამ განზომილებას: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ამჟამინდელი მონაცემებით, 94 ქვეყნიდან 60 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავალი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მთლიანი ეროვნული საშუალო. ამასთანავე, მიღწეული იქნა პროგრესი განვითარებადი ქვეყნებიდან ექსპორტის ხელშესაწყობად.

უძველესი დროიდან ვიცით, რომ საზოგადოება იყოფოდა უმაღლესი ან ქვედა კლასების წარმომადგენლებად. თანამედროვე მსოფლიოში  მათი მსგავსი დაჯგუფების მიზეზი შეიძლება იყოს შემოსავლების გადანაწილება. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომისტები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკური უთანასწორობა გარდაუვალია. ძირითადი მიზეზი არის ვარაუდი, რომ უთანასწორობის გარკვეული დონე, ფაქტობრივად, ყველაზე სასურველია, რადგან ის სტიმულს აძლევს მეწარმეებს, რომლებიც თავიანთი კაპიტალის და ცოდნის ინვესტირებას ახდენენ ბიზნესში. შედეგად, ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებსა და სიმდიდრეს საზოგადოების ყველა წევრისთვის.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა  შემოსავლის უთანასწრობის მაღალი დონე წარმოადგენს საშიშროებას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მასშტაბის გარეთ. უთანასწორობას უკავშირდება რამდენიმე გამოწვევა, როგორიცაა: გარემოს დეგრადაცია, სიღარიბე, მუდმივი უმუშევრობა, კონფლიქტები, ძალადობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.

ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ მდიდარი და წარმატებული საზოგადოებისგან განცალკევებით. საზოგადოება პროგრესირებს, რაც შემდეგში განაპირობებს ცალკეული ინდივიდების კეთილდღეობას. პროცესი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ადამიანებს აძლევს შანსს უკეთესი მომავლისათვის. სწორედ ამაშია ეკონომიკური ზრდის აზრი: გარდაქმნას საზოგადოებრივი კეთილდღეობა ისე, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს უმრავლესობისათვის.

ეკონომიკური უთანასწორობის შესაფასებლად ხშირად იყენებენ შემდეგ ინდექსებს და კოეფიციენტებს: ჯინის კოეფიციენტი, თანაფარდობის კოეფიციენტი და პალმას ინდექსი .

ჯინის კოეფიციენტი

                                    
ჯინის კოეფიციენტი აფასებს უთანასწორობას  საზოგადოებაში. თუ ყველა შემოსავალს მიიღებს  ერთი პირი (მაქსიმალური უთანასწორობა) და სხვები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, მაშინ ჯინის კოეფიციენტი გაუტოლდება 1-ს. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი თანაბრად გაზიარდება ადამიანებს შორის მაშინ ჯინი 0-ის  ტოლი იქნება. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა საზოგადოებაში შემოსავლები გადანაწილებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობის ჯინის კოეფიციენტი დაბალია. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება  დანიაში – 0,25.  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: ლესოთო-0,632, სამხრეთ აფრიკა-0,625, ჰაიტი-0,608.

საქართველოში ჯინის კოეფიციენტმა 2019 წელს შეადგინა 0,37. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ციფრი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს და შემოსავლების დიდ ნაწილს მხოლოდ მდიდრების ფენა იღებს.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“  2020 წლისათვის მიზნად ისახავს შემდეგი საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევას:

IMG_4528.jpg
ფოტოს წყარო: napr.gov.ge

თანაფარდობის კოეფიციენტი: მაგალითად, 20:20 კოეფიციენტი ადარებს იმას, თუ რამდენად მდიდარია უმდიდრესი ადამიანების  20%,  უღარიბეს  20% -თან შედარებით.                                     

პალმას ინდექსი: პალმას თანაფარდობა არის მაღალი  შემოსავლის მქონე საზოგადოების 10%-ის  თანაფარდობა  ქვედა 40%-თან.  თანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა იქნება ერთი ან ერთზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპ 10% არ იღებს ეროვნული შემოსავლის უფრო მეტ წილს, ვიდრე საზოგადოების დაბალშემოსავლიანი  40%. ძალიან არათანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა შეიძლება იყოს 7-ის ტოლი.                                                             

შემოსავალი

თუ საშუალო შემოსავალის მიხედვით ავიღებთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას – ყატარს, რომლის  მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 117,000 აშშ დოლარია  და შევადარებთ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანას – ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 661 დოლარია – მაშინ ნათლად დავინახავთ  კოლოსალურ განსხვავებას მათ შორის.  ყატარის მაჩვენებელი 177-ჯერ აღემატება ცენტრალური აფრიკის მაჩვენებელს.

თავის მხრივ ადამიანებს შორის  ეკონომიკური უთანასწორობის სახეებია:
შემოსავლის, გადასახადების და სიმდიდრის მხირვ უთანასწორობა.

ამასთან, უთანასწორობა შენარჩუნებულია და დიდი განსხვავებები რჩება ჯანდაცვის და განათლების სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.                                                      

     ჯანდაცვა

ისეთ ქვეყნებში დაბადებული ბავშვები, სადაც ჯანდაცვის სისტემა არაა მაღალ დონეზე განვითარებული, დგანან  60-ჯერ მეტი რისკის წინაშე,  ვიდრე ბავშვები, რომლებიც  დაიბადნენ საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე  ქვეყნებში. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ  აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ყოველდღიურად დაბადებული  ათიდან ერთზე მეტი ბავშვი 5 წლის ასაკამდე ვერ აღწევს. მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში – 250 ბავშვიდან 5 წლამდე ასაკში მხოლოდ 1 გარდაიცვლება .                                                    

             განათლება

ასევე გთავაზობთ შემაძრწუნებელ სტატისტიკას განათლების სფეროში. 99 ქვეყნიდან 39–ში, ყველაზე ღარიბი ბავშვების 50% –ზე ნაკლებმა დაასრულა დაწყებითი სკოლა. 75 ქვეყნიდან 35-ში, ყველაზე ღარიბი ახალგაზრდა ქალების მინიმუმ 25%-ს არ მიუღია განათლება.

უთანასწორობა და ბიზნეს სექტორი

განვიხილოთ თემა ბიზნესის ჭრილში, რადგან ბიზნეს სექტორს შესწევს ძალა, რომ საზოგადოებაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა დადებითად ან უარყოფითად შეცვალოს. აქ მოცემულია რამდენიმე გზა, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს გამორჩეული და აქტიური წვლილი შეიტანონ  მდგრადი განვითარების მე-10 მიზნის შესრულებაში:

  • სამუშაოს პირობების ხარისხის გაუმჯობესება – მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია, არანაკლებ საყურადღებოა ის სარგებელი და კომფორტი, რომელსაც ადამიანი სამუშაოს შესრულებისას იღებს. ხელფასების გაანალიზება მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს დაქირავებულ კადრებს  ჰქონდეთ უკეთესი საარსებო პირობები და უზრუნველყონ ისეთი აუცილებელი საჭიროებები, როგორებიცაა: ჯანმრთელობა, განათლება და საცხოვრებელი პირობები.
  • უზრუნველყოს კადრების განვითარების შესაძლებლობები – კომპანიებმა პრაქტიულად უნდა შესთავაზონ თავიანთ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგები, რათა მათ გაიფართოვონ თვალსაწიერი კარიერული ზრდისათვის. გადამზადების   საშუალება უნდა მიეცეს ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულ  ქვედანაყოფში მომუშავე კადრსაც კი.
  • ინკლუზიური პოლიტიკა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად – მნიშვნელოვანია იმ ბარიერების კვლევა, რომლებიც კორპორაციულ დონეზე იწვევენ უთანასწორობას.  უმცირესობათა ჯგუფები, ქალები  და სხვა სოციალურად დაუცველი პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები სამუშაო ადგილზე მიღებისას ან უშუალოდ მუშაობისას. კომპანიამ ასევე უნდა იფიქროს ამ ბარიერების აღმოფხვრაზე.

გლობალური უთანასწორობის შემცირების რვა გზა

1.ფულის უკანონო გადინების შეჩერება.

 განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვაში, განათლებაში, სანიტარულ სფეროში და მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფში ინვესტირებისათვის რესურსების მოძიებისა და განაწილების არაადეკვატური პრაქტიკა იწვევს უთანასწორობას. ამის ერთ–ერთი მიზეზი გადასახადებისთვის თავის არიდება და სხვა სახის ფულის უკანონო გადინებაა. „Global Financial Integrity-ის“ მიხედვით, განვითარებადმა ქვეყნებმა 2003 წლიდან 2012 წლამდე 6.6 ტრილიონი დოლარი დაკარგეს უკანონო ფინანსური გადინებების შედეგად. ამ პერიოდის მანძილზე, უკანონო ფინანსური გადინებები ყოველწლიურად საშუალოდ 9.4 პროცენტით იზრდებოდა. ამ 6.6 ტრილიონი აშშ დოლარის ადამიანურ კაპიტალში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება.

2.პროგრესული საშემოსავლო გადასახადი

XX საუკუნის უმეტეს პერიოდში, მდიდარ ქვეყნებში უთანასწორობა ძირითადად მცირდებოდა, დღეს კი ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება. უმდიდრესი 1% იხვეჭს ეროვნული შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ამასთან ერთად კი მცირდება საგადასახადო განაკვეთები ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის. რა მასშტაბის საგადასახადო განაკვეთი უნდა დაწესდეს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის? ეჭვგარეშეა, ეს ის საკითხია, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ეკონომისტი, ტონი ედისონი, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის 65%–იან საგადასახადო განაკვეთს გვთავაზობს.

3.სიმდიდრის გლობალური გადასახადი?

წიგნში „კაპიტალი XXI საუკუნეში“ თომას პიკეტი საერთაშორისო შეთანხმებას გვთავაზობს, რომელიც სიმდიდრის გადასახადს დააწესებს. მისი გეგმის მიხედვით, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ნებისმიერი სახის პერსონალური ქონების განსაზღვრული ოდენობით დაბეგვრის შესახებ. სკეპტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ამ გეგმის პრაქტიკულად განხორციელება წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს იდეა. სიმდიდრეს თაობებს შორის დაგროვება ახასიათებს. შესაბამისად, სამართლიანმა და კარგად ორგანიზებულმა სიმდიდრის გადასახადმა გრძელი გზა უნდა გაიაროს უკიდურესი უთანასწორობის დამარცხებამდე.

4.ღირსეული ანაზღაურების დაწესება

ამავდროულად, კორპორაციებისათვის პრიორიტეტი უნდა გახდეს  ღირსეული ანაზღაურება დასაქმებულთათვის – მიმწოდებლებთან,  მყიდველებთან და ყველა იმ სხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ. დაბალი და საცხოვრებლად არასაკმარისი ხელფასი მშრომელთა დასუსტებისა და მცირე ჯგუფის ხელში სიმდიდრის კონცენტრირების ნიშანია, რაც უთანასწორო საზოგადოების ერთ–ერთ განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს. ყველა მშრომელს უნდა შეეძლოს საკუთარი და მისი ოჯახისთვის საჭირო საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. მთავრობები და კორპორაციები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ღირსეული ანაზღაურების უფლების დაცვაზე.  კორპორაციები ვალდებულნი უნდა იყვნენ იმგვარად იმოქმედონ, რომ ყველა დასაქმებულის მიმართ ღირსეული მოპყრობის პრაქტიკამ იარსებოს.

5.მშრომელთა ორგანიზების უფლება

მშრომელთა ორგანიზების უფლება ყოველთვის იყო უფრო მეტად თანასწორი საზოგადოების ერთ–ერთი საფუძველი. ეს უფლება პრიორიტეტული და დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც კი ამ ბაზისური უფლების ხელყოფა ხორციელდება.  ამავე დროს, მშრომელთა ორგანიზებისა და კოლექტიური ბრძოლის უფლება უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობებისთვის ადამიანის უფლებების პრიორიტეტს წარმოადგენს გლობალურ დონეზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის სახით არსებული ჩანაწერის მიუხედავად, რომელიც მშრომელთა ორგანიზების უფლებას, როგორც ადამიანის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებად აცხადებს, მშრომელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ–ში, პრობლემები ექმნებათ კოლექტიური ორგანიზების მცდელობისას. იქ, სადაც ძლიერი პროფკავშირები არსებობს, მაღალია ხელფასები, ხოლო უთანასწორობის დონე – დაბალია.

6.შეწყდეს სხვა სახის შრომითი შევიწროებები

 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ერთ დროს სტაბილურ და მუდმივი დასაქმების სტრუქტურას კომპანიები დროებითი და პირობითი (contingent) შრომით ანაცვლებენ. მშრომელები, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან, როგორც „პირობითი“  და „მერყევი“ მშრომელები, ასრულებენ მუდმივ სამუშაოს, ამავდროულად კი მათ არ აქვთ დასაქმებულის სტატუსი. აშშ–ში ეს პროცესი მცდარი კლასიფიკაციის (misclassification) სახელით არის ცნობილი, როცა დამსაქმებლები მშრომელების არასწორ კლასიფიკაციას „დამოუკიდებელი კონტრაქტორების“ სახით ადგენენ, როდესაც სინამდვილეში, ისინი დასაქმებულები არიან. პირობითი შრომა ასევე ხორციელდება აუთსორსინგის, სუბკონტრაქტირებისა და დასაქმების სააგენტოების გამოყენებით.

7. ღია და დემოკრატიული სავაჭრო პოლიტიკა

საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები, რომლებშიც წარმოდგენილნი მხოლოდ ბიუროკრატები და კორპორატიული ლობისტები არიან, უნდა დასრულდეს. ეს ძველი სტილის სავაჭრო შეთანხმებები ფუნდამენტურად არადემოკრატიულია, ისინი კორპორატიულ ინტერესს მშრომელების, გარემოს, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ინტერესზე მაღლა აყენებენ.  ჩვენ გვჭირდება ახალი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.

8.ახალი ეკონომიკები?

ხშირად, ეკონომისტებს აღიქვამენ, როგორც დახშული ხედვის მქონე მეცნიერებს, რომლებიც ცოტასთვის გასაგებ ეკონომიკურ თეორიებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე ჰუმანურ ღირებულებებს. დარგობრივ, ვიწრო თეორიებზე ჩაბღაუჭებამ წარმოშვა სწორედ ისეთი “გამარჯვებულები”, როგორიცაა ვაშინგტონის კონსენსუსის სისტემა და გლობალური ფინანსური სისტემა, რომელმაც 2008 წელს კრახი განიცადა. საბედნიეროდ, ეკონომიკის თანამედროვე კურსდამთავრებულებსა და მოქმედ მეცნიერებს შორის შეიმჩნევა მოძრაობა, რომელიც დისციპლინის ახლებურ გააზრებას ემხრობა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ცხოვრების ყველასთვის გაუმჯობესებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ისედაც კარგ პირობებში.

მაგალითად, რა შეიძლება იყოს უფრო რადიკალური, ვიდრე ბუდისტური ეკონომიკა? ეს არის გზა, რომელსაც მხარს უჭერს ეკონომისტი და როდსის სტიპენდიანტი ე.ფ. შუმახერი. ის ამბობს, რომ კაცობრიობას სჭირდება ეკონომიკა, რომელიც შექმნის სიმდიდრეს ყველასთვის და არა ეკონომიკა, რომელიც ქმნის ფულს პრივილეგირებული ხალხისთვის და კორპორაციებისთვის. ეკონომისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეთიკა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, მათი მტკიცებები კი ყოველთვის არ უნდა მივიღოთ, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება.

გამოყენებული წყაროები:

იხილეთ აგრეთვე : https://www.sustainability.ge/sdg10/;

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami