ნარჩენების გადამუშავების
(ფოტო: Buzz, W. (n.d.). The future of recycling in America. WAXIE WAXIE Sanitary Supply. https://info.waxie.com/blog/the-future-of-recycling-in-america)

„ნარჩენმენეჯერი“ ქვეყნების წარმატებული ათეული

მიუხედავად იმისა, რომ აშშ მრავალი მაჩვენებლით ლიდერობს, ის საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებლით, რომელიც ნარჩენების 34%-ს შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობის მხოლოდ 1/3-ს გადაამუშავებს, რითაც ყოველწლიურად საკმაო ზიანს აყენებს პლანეტას.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: რომელი ქვეყნები აღწევენ წარმატებას ნარჩენების გადამუშავებაში?

ავსტრია ნაგავსაყრელის ნარჩენების გადამუშავების განაკვეთით ლიდერობს 63%-იანი  მაჩვენებლით. გადამუშავების პროგრამების განვითარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის სტაბილურობას ამ მიმართულებით და უფრო მეტიც, ევროპის გარემოსდაცვითი სააგნეტოს მიხედვით (EEA1) ავსტრია გადამუშავების თვალსაზრისით უმაღლეს დონეს ინარჩუნებს ბოლო ათწლეულია.

ავსტრიაში განაცალკევებენ სხვადასხვა სახის ნარჩენს, რომელთა შორისაა ქაღალდი. ნარჩენი ქაღალდისგან ამზადებენ ყუთებს, გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, კატალოგებს და ა.შ. შუშა ფერის მიხედვით ცალკევდება და მზადდება ბოთლები, ქილები… აღსანიშნავია, რომ ის შუშის ნივთები, რომელთა ხელახლა გამოყენება შესაძლებელია, გადამუშავების ნაცვლად, მეორეულად გამოიყენება.

ავსტრიაში განაცალკევებენ როგორც მავნე ნივთიერებებს, ისე ორგანულ ნარჩენებს. მავნე ნივთიერებებში შედის ბატარეები, ენერგოდამზოგველი ნათურები, წამლები, საღებავები, პესტიციდები და სხვა. ეს ნარჩენები ისევ იქ ბრუნდება სადაც აწარმოეს, რათა მათ შეძლონ ხელახლა გამოყენება. რაც შეეხება ორგანულ ნარჩენებს, ისინი გამოიყენება სასუქად.

„იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიაში გადამუშავების სიტემა დიდი ხანია არსებობს, ის გამორჩეულია ნაგავსაყრელებიდან გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობით და ადგილობრივი მყარი ნარჩენის (MSW2) უმეტესობა გადამუშავდება ან ნადგურდება“- ნათქვამია EEA-ს მოხსენებაში MSW-ს შესახებ.

ავსტრიული კონსტიტუციის თანახმად, პასუხისმგებლობას ნარჩენების მენეჯმენტის შესახებ ინაწილებენ როგორც ფედერაციული, ისე პროვინციების სამმართველო ორგანოები. დამატებით, ავსტრიისთვის ნარჩენების მენეჯმენტისთვის საყრდენია 2002 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი „იმოქმედე ნარჩენების წინააღმდეგ“.

ავსტრია ნარჩენები
(ფოტო: https://recyclinginternational.com/plastics/mba-polymers-austria-now-fully-owned-by-mgg/2566/)

Planet Aid3-ის მოხსენების თანახმად გერმანიაც არ ჩამორჩება ავსტრიას ნარჩენების გადამუშავებაში და 62%-იანი მაჩვენებლით ათეულში იკავებს ადგილს. გერმანიამ უკვე 20 წელზე მეტია შეიმუშავა ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკა, რაშიც მთავრობა, მწარმოებლები თუ უბრალო მოქალაქეები მაქსიმალურად არიან ჩართულები და აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოებს, რათა  გაზარდონ ნარჩენების გადამუშავება. დღესდღეობით გერმანიის ნედლეულის 14% აღდგენილი ნარჩენებია.

ტაივანიც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ნარჩენების გადამუშავების 60%-იანი განაკვეთით. ერთ დროს „ნაგვის კუნძულად“ წოდებული რეგიონი ჩვენს დროში უპრეცედენტო წარმატებას აღწევს ნარჩენების მენეჯმენტში. Plastics Technology-ს მონაცემებზე დაყრდნობით 2015 წელს 1 600-ზე მეტი კომპანია ჩაერთო ტაივანის ნარჩენების გადამუშავებაში, რამაც რეგიონს 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების პროცესი კი მოსახლეობისთვის ერთგვარ რიტუალად იქცა. ისინი კლასიკური მუსიკის თანხლებით (იხილეთ ვიდეო) აგროვებენ და აცალკევებენ ნარჩენებს.

ალტერნატიული მეთოდებით ებრძვის ნარჩენებს ზაბალინის ხალხი (Zabbaleen people4) კაიროში, ეგვიპტე.

როგორც 2010 წლის დოკუმენტურ ფილმში „Garbage Dreams“ არის ნათქვამი,  ადამიანები ურბანულ ნარჩენებს ყიდიან, განაცალკევებენ და ხელახლა იყენებენ, გადაამუშავებენ. ასეთი სისტემა მათთან ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ზაბალინის ხალხი მაინც ახერხებს იმ ნარჩენების 85%-ის გადამუშავებას, რომელსაც წლის განმავლობაში მთელი კაირო გამოყოფს.

„ზაბალინის ხალხმა (Zabbaleen people) შექმნა ნარჩენებისგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტიანი გზა მსოფლიოში… ისინი გადაარჩენენ დედამიწას. იმ ნარჩენების დახმარებით, რომელსაც ხალხი ნაგავს ეძახის, მათ შეძლეს და სიღატაკეს დააღწიეს თავი, უფრო მეტიც, მსოფლიოს შესთავაზეს ნარჩენებისგან გათავისუფლების საუკეთესო გამოსავალი“- ამბობს ფილმის „Garbage Dreams“ რეჟისორი მაი ისკანდერი.

ბრაზილია ყველა დროის რეკორდსმენია ალუმინის გადამუშავებაში. 2014 წელს ქვეყანამ პროდუქტის შეფუთვების 98.4% გადაამუშავა და იმავე მიმართულებით 2001 წელსაც ლიდერი იყო. 2014 წელს კი გადამუშავების მაღალმა  პროცენტულმა მაჩვენებლებმა მოგვცა 289 500 ტონა ალუმინი 294 200 ტონა ალუმინის ქილის გადამუშავების შედეგად.

ქვეყნის ეს წარმატება, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ კრიზისს და ენერგიის გაძვირებას უკავშირდება, ალუმინის გადამუშავება კი ნაკლებ ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს ვიდრე ახლის წარმოება.

ნარჩენების გადამუშავებით ერთ-ერთი ლიდერია სინგაპურიც 59%-იანი მაჩვენებლით: 2019 წელს 7.23 მილიონი ტონა მყარი ნარჩენი გენერირდა და საბოლოოდ გადამუშავდა 4.25 მილიონი ტონა. ნაბიჯ-ნაბიჯ ნარჩენების გამოყოფის შემცირებით და მათი გადამუშავებით სინგაპური აპირებს, გახდეს ქვეყანა ნულოვანი ნარჩენით (Zero Waste Nation).

ამ ქვეყანაში სამშენებლო მასალებისა და მეტალების 99%, ხის 66% და ქაღალდის 44% გადამუშავდება, თუმცა ტექსტილისა და ტყავის გადამუშავება აქაც, როგორც ზოგადად მსოფლიოში, გამოწვევად რჩება და გადამუშავდება მხოლოდ 4%.

სამხრეთ კორეა 49%-იანი მაჩვენებლით ხვდება „ნარჩენმენეჯერების“ ათეულში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთმა „National Sword Policy”-თ რამდენიმე სახის ნარჩენის იმპორტი აკრძალა სამხრეთ კორეას ნარჩენების გადამუშავების, ძირითადად პლასტმასისა და ქაღალდის, დიდი პრობლემა შეექმნა. მიუხედავად ზემოთქმულისა, სამხრეთ კორეამ 2015 წელს მოახერა 6.9 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენის შეგროვება და მისი 60%-ის გადამუშავება, 230 000 ტონა კი ექსპორტზე გაიტანა. ქვეყნის მთავრობის მსგავსი მოქმედებები 2030 წლამდე პლასტმასის ნარჩენების დაგროვებას გაანახევრებს.

გაერთიანებული სამეფოც ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა ნარჩენების გადამუშავებით. 2020 წლის მონაცემებით ის ნარჩენების მთლიანი რაოდენობის 50%-ს გადაამუშავებს. გაერთიანებულ სამეფოში ნარჩენებს გადაამუშავებენ, წვავენ ან ანაერობულად, ანუ უჟანგბადო ბიოდეგრადირების მეთოდით ამუშავებენ. ეს მეთოდები ქვეყანას ნარჩენების დიდი რაოდენობისგან ათავისუფლებენ, რაც დაახლოებით 111 მილიონი ტონაა.

იტალია ნარჩენები
(ფოტო: Recycling in Italy. (2019, March 8). Our Big Italian Adventure. https://ourbigitalianadventure.com/recycling-in-italy/)

იტალია ნარჩენების 36%-ს გადაამუშავებს. ნარჩენების მენეჯმენტზე ამერიკელი წყვილი თავისი ბლოგით „Starry-Eyed Americans Moving to Italy” წერს: „ამერიკაში მარტივია, ნარჩენებს ერთ კონტეინერში ათავსებ და თვითონ განაცალკევებენ, იტალიაში კი დოქტორის ხარისხი გჭირდება ნარჩენების დახარისხებისთვის“. ქვეყანაში ნარჩენების დიფერენცირებისთვის 5 სხვადასხვა კონტეინერი არსებობს: პლასტმასა და მეტალი, ქაღალდი, შუშა, ორგანული ნარჩენები და სხვა დანარჩენი, რასაც მოსახლეობა თვითონ განაცალკევებს.

შვეიცარიაში მყარი ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი 50%-ია, ხოლო ჯამში ყველა სახის ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი კი – 54%. ეს უკანასკნელი გაორმაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და შვეიცარია ისევ არ წყვეტს ამ მიმართულებით განვითარებას. შვეიცარიაში ნარჩენების მენეჯმენტი ეფუძნება „Polluter Pays” პრინციპს, ანუ იხდის ის ვინც აბინძურებს და თითიეული ნაგვის კონტეინერი იბეგრება. 2019 წლის მონაცემებით შვეიცარიამ 2.8 მილიონი ტონა ნარჩენი გადაამუშავა, ხოლო 2.6 მილიონი ტონა კი — დაწვა.

დამატებით: ზემოთ მოყვანილ ათეულში არ ვახსენეთ შვედეთი, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ნარჩენების გადამუშავების განაკვეთი 100%-ს უახლოვდება. შვედეთი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 460 კილოგრამ ნარჩენს გამოყოფს , რაც ჯამში 4.4 მილიონი ტონაა ყოველ წელს. 1%-ზე ნაკლები ხვდება ნაგავსაყრელებზე, ხოლო დანარჩენი თანაბრად ან აღდგება ან გადამუშავდება.

შვედური ნარჩენმენეჯმენტის გასაღები ცხოვრების სიმარტივეა, ისინი ყიდულობენ და იყენებენ მხოლოდ იმ ნივთებსა თუ მასალებს, რომლებიც აუცილებელია, ეს კი ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაა ნარჩენების დიდი რაოდენობით გამომუშავების თავიდან ასაცილებლად. შვედი ხალხი მაქსიმალურად გამოიყენებს შეძენილ ნივთებს, რასაც ხშირად ნივთებისთვის დანიშნულების შეცვლითაც კი ახერხებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, შვედები მართლაც ეფექტიანად იყენებენ ყველა იმ კეთილდღეობასა თუ რესურსს, რასაც დედამიწაზე ვხვდებით.


ბიბილიოგრაფია

Waste statistics and overall recycling. (n.d.). The National Environment Agency. https://www.nea.gov.sg/our-services/waste-management/waste-statistics-and-overall-recycling

Taking a peek of the Zabbaleen: The garbage people of Cairo, Egypt – Waste4Change. (2019, August 14). Waste4Change. https://waste4change.com/taking-a-peek-of-the-zabbaleen-the-garbage-people-of-cairo-egypt/

How Taiwan has achieved one of the highest recycling rates in the world. (2019, January 3). Smithsonian Magazine. https://www.smithsonianmag.com/innovation/how-taiwan-has-achieved-one-highest-recycling-rates-world-180971150/

The biggest waste producers worldwide: Sensonseo global waste index 2019. (2020, March 25). Sensoneo. https://sensoneo.com/sensoneo-global-waste-index-2019/

Kinematics, G. (2017, May 10). Top 10 recycling countries from around the world. General Kinematics. https://www.generalkinematics.com/blog/top-10-recycling-countries-around-world/

Sweden recycling rate nears remarkable 100%. (2019, November 26). Harmony. https://harmony1.com/sweden-recycling-rate/


სქოლიო

1. EEA – European Environment Agency (ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო)
2. MSW – Municipal Solid Waste (ადგილობრივი მყარი ნარჩენი)
3. Planet Aid – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ტანსაცმლის და სხვა ნარჩენების გადამუშავება-გადაყიდვით
4. Zabbaleen people – ეგვიპტურად ნიშნავს ნაგვის ხალხს (Garbage People)

იხილეთ დიანას სხვა სტატიები ამ ბმულზე.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

დიანა ბაბლიაშვილი

დიანა ბაბლიაშვილი

დიანა ბაბლიაშვილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის, oikos Tbilisi-ს, სტუდენტური პრეზიდენტი. დაინტერესებულია ფინანსური ბაზრებით და აქტიურად არის ჩართული მდგრადი განვითარების სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *