მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ISSB), რომელიც კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციაზე (COP26) შეიქმნა, კაპიტალის ბაზრებისათვის მდგრადობის სტანდარტების გასაჯაროების გლობალური საფუძვლის განვითარების მიზნით გამოაცხადა კონსულტაციები მის მიერ შემოთავაზებულ ორ სტანდარტზე. პირველი ასახავს მდგრადობასთან დაკავშირებულ ანგარიშგების ზოგად მოთხოვნებს, ხოლო მეორე კლიმატთანაა დაკავშირებული.
გამოქვეყნებული მონახაზები ეფუძნება კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური გამჟღავნების სამუშაო ჯგუფისა (TCFD) და ინდუსტრიაზე დაფუძნებულ ანგარიშგების მოთხოვნებს, რომლებიც SASB-სგან გამომდინარეობს.
იხილეთ ემანუელ ფაბერის, ISSB-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ სტანდარტების წარდგენის ვიდეო ჩანაწერი.
ISSB-ის მიერ საბოლოო სტანდარტების გამოქვეყნებისას, ისინი ჩამოაყალიბებენ მდგრადობის გასაჯაროების ყოვლისმომცველ გლობალურ ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორების საინფორმაციო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და საწარმოს ღირებულების შეფასებას. ISSB მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იურისდიქციებთან, რათა მხარი დაუჭიროს გლობალური ბაზის იურისდიქციული მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ISSB-ი გამოქვეყნებულ სტანდარტებთან დაკავშირებით უკუკავშირს ელოდება, საკონსულტაციო პერიოდი 120 დღეს შეადგენს და 2022 წლის 29 ივლისს დასრულდება. საბჭო განიხილავს უკუკავშირის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას 2022 წლის მეორე ნახევარის განმავლობაში და მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების გამოცემას წლის ბოლომდე.
სტანდარტები შეიქმნა G20-ის ლიდერებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მოთხოვნის საპასუხოდ, რათა კომპანიებმა, მდგრადობასთან დაკავშირებით, რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინონ. სტანდარტები ადგენს მოთხოვნებს კომპანიის მდგრადობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც აუცილებელია ინვესტორების მხრიდან კომპანიის საწარმოო ღირებულების შესაფასებლად.
მიმდინარე წლის ბოლოს, ISSB აპირებს კონსულტაციების გავლას სტანდარტების დადგენის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს კონსულტაცია მოიცავს უკუკავშირის მოსმენას ინვესტორების მხრიდან მდგრადობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო საჭიროებებზე, რათა სწორად შეფასდეს მათი მხრიდან საწარმოს ღირებულება და ინდუსტრიაზე დაფუძნებული მოთხოვნების შემდგომი განვითარება, რომელიც SASB-ის სტანდარტების საფუძველზე ხორციელდება. ასევე, ISSB-მ შეიმუშავა სამუშაო გეგმა, თუ როგორ დაეფუძნება მისი საქმიანობა SASB სტანდარტებსა და ინდუსტრიაზე დაფუძნებულ სტანდარტების დადგენის პროცესებს.
ემანუელ ფაბერმა, ISSB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:
იშვიათია, როდესაც სახელმწიფო, პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოები და კერძო სექტორი საერთო საქმისთვის ერთიანდება. მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება მაღალი ხარისხისა და გლობალურად შედარებითი მდგრადობის ინფორმაციის მნიშვნელობაზე კაპიტალის ბაზრებისათვის. მონახაზები განსაზღვრავს თუ რა ინფორმაცია უნდა დაექვემდებაროს გასაჯაროებას, სად და როგორ უნდა მოხდეს ანგარიშგება. ახლა დროა, რომ ჩაერთოთ და დატოვოთ თქვენი კომენტარები მონახაზებთან დაკავშირებით.
ეშლი ალდერმა, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:
„IOSCO მიესალმება ISSB-ის მიერ გამოცემულ ორ მონახაზს. ჩვენ განვიხილავთ მათ, ჩვენი წევრი იურისდიქციების მიერ მათი გამოყენების მიზნით. IOSCO-ის მხარდაჭერას შეუძლია გზა გაუკვალოს სტანდარტების მიღებას მსოფლიო მასშტაბით, მდგრადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის თანმიმდევრულად და შედარებითად მიწოდებას კაპიტალის ბაზრებისათვის“
მარი შაპირომ, TCFD-ის საბჭოს ხელმძღვანელმა, განაცხადა:
„TCFD-ის ჩარჩოზე დაყრდნობით, ISSB-ის კლიმატის წინადადებები უზრუნველყოფს შემდგომ თანმიმდევრულობას, შედარებითობას და სანდოობას კლიმატის გასაჯაროებაში, რათა ინვესტორებმა მიიღონ უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები. მე მივესალმები და მხარს ვუჭერ ISSB-ის მუშაობას, რომელიც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას ფინანსებზე.“
ISSB-ის მიერ მონახაზების მომზადება ეფუძნება კლიმატის გასაჯაროების სტანდარტების საბჭოს, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს, ღირებულების ანგარიშგების ფონდის (რომელიც შეიცავს ინტეგრირებული ანგარიშგების და SASB სტანდარტებს), TCFD-სა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობას.
ტაქსონომია
თავდაპირველი მონახაზები IFRS-ის მდგრადი ანგარიშგების ტაქსონომიისათვის, რომლებიც კომპანიის მდგრადობის გამჟღავნების სტრუქტურირებული ელექტრონული მონიშვნის საშუალებას მოგვცემს, მალე გამოქვეყნდება.
ვებინარები
მონახაზები განიხილება 2 ვებინარზე 28 აპრილს, 9:00 საათზე და 17:00 საათზე. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
წვდომა მასალაზე:
- (მონახაზი) IFRS S1 ზოგადი მოთხოვნები მდგრადობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებისათვის
- (მონახაზი) IFRS S2 კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისათვის
- IFRS S1-სა და IFRS S2-ის შედარება ტექნიკური მზადყოფნის სამუშაო ჯგუფის (TRWG) პროტოტიპებთან
- (მონახაზის) IFRS S2- ის შედარება ტექნიკური მზადყოფნის სამუშაო ჯგუფის (TRWG) რეკომენდაციებთან
- Exposure Draft—Snapshot
გამოყენებული წყარო: ISSB delivers proposals that create comprehensive global baseline of sustainability disclosures
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: IFRS ფონდი GRI-სთან შეთანხმებას ხელს აწერს