უფრო მდგრადი განვითარება
წყარო: https://growensemble.com/sustainable-living/

როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო მდგრადი?

გაინტერესებთ, როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო მდგრადი?

მიზანი 1 – ვიკვებოთ ჯანსაღად ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მცენარეული დიეტა/კვება მნიშვნელოვანია პლანეტის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის იმიტომ, რომ საკვების უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ანადგურებს გარემოს. საჭიროა მივიღოთ უფრო მეტი მცენარეული საკვები და თავიდან ავიცილოთ პლასტმასას შეფუთვა. თუ მსოფლიო მოსახლეობა გადაეწყობა მცენარეულ დიეტა/კვებაზე, მსოფლიოს სამეურნეო-სავარგულების 75% გათავისუფლდება, ველური ბუნება აღიდგენს ჰაბიტატს და სანახევროდ შემცირდება ემისიები კვების სისტემებიდან. ხორცი და რძის პროდუქტები შეადგენს ჩვენ მიერ მოხმარებული საკვები კალორიების 18%-ს, თუმცა მათი რეალიზაციისთვის გამოიყენება სამეურნეო-სავარგულების 83%. შინაურ საქონელზე მოდის სოფლის მეურნეობის სექტორში  ნახშირბადის ემისიების 60%. იმისათვის, რომ დავიცვათ ველური გარემო, ხორცისა და რძის პროდუქტის ნაკლები მოხმარება ჩვენი წილი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებისთვის ყველაზე ეფექტიანი არჩევანი იქნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბუნებას გაცილებით მეტი თავისუფალი მიწა უნდა დავუთმოთ, მეურნეობა/მიწათმოქმედება უნდა ვაქციოთ უფრო მეტად ეკო-მეგობრულად, გამოვიყენოთ ნაკლები ქიმიკატი, თავიდან ავიცილოთ ის სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც იწვევს ნიადაგის დეგრადაციას (Broom, 2020).

უფრო მდგრადი საკვები
წყარო: https://www.healthline.com/nutrition/50-super-healthy-foods

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი კვების სტილი უფრო მდგრადი:

1. მიიღეთ მეტი მცენარეული საკვები 

 ცხოველების საკვებად გამოყენება იწვევს სათბური აირების გლობალური ემისიის 14.5%-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემით). ბოლო 50 წლის განმავლობაში ხორცის წარმოება სამჯერ გაიზარდა. ინდუსტრიული ხორცის მრეწველობა ძირითადი მიზეზია ტყეების გაჩეხვის, სანაოსნო არხების დაბინძურებისა და სათბურის აირების ემისიების. თუ შევამცირებთ ხორცის რაოდენობას კვების რაციონში, მივიღებთ „ორშაბათებს ხორცის გარეშე“ ან ვიფიქრებთ ვეგეტარიანულ კვებაზე. მცენარეული საკვების მიღება ხელს შეუწყობს გარემოს დაბალანსებას. 

2. იკვებეთ უფრო მრავალფეროვნად

თეორიულად, 120 მცენარეული სახეობა შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვებად მაშინ, როდესაც მსოფლიოს საკვები მომარაგების სამი-მეოთხედი მხოლოდ 12 მცენარეულ სახეობასა და 5 ცხოველს უკავშირდება.

3. გაიგეთ მეტი ჭარბი თევზჭერის შესახებ

მეთევზე
წყარო: Wikimedia: Joe Laurence

გადაჭარბებული თევზჭერა საფრთხეს წარმოადგენს იმ საკვებისთვის, რომელზეც სამი მილიარდი ადამიანის კვების რაციონია დამოკიდებული. თაღლითობა ან თევზის გამიზნულად არასწორი მარკირება გამოიყენება გადაშენების პირას მყოფი სახეობების გაყიდვის შენიღბვის მიზნით. დნმ-ის ტესტებით დადგინდა, რომ 2019 წელს აშშ-ში გაყიდვაში არსებული თევზის მეხუთედს ყალბი ეტიკეტი ჰქონდა.

4. შეამცირეთ ნარჩენები – იყიდეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ

საკვების გაზიარების საქველმოქმედო ქსელი Olio აცხადებს, რომ 1 ტრილიონი დოლარია დახარჯული გადაყრილ საკვებზე, რომლებსაც ადამიანები არ მოიხმარენ. WWF (ბუნების მსოფლიო ფონდი) აღნიშნავს, რომ სურსათის ნარჩენები ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა მესამე უდიდესი სათბურის აირების წყარო ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ. იყიდეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ.

5. მოიყვანეთ საკუთარი საკვები 

სახლში მოყვანილი საკვები ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა. მას აქვს ნაკლები ნახშირბადის ნაკვალევი, ვიდრე სუპერმარკეტიდან ნაყიდს.

6. ჩაანაცვლეთ პლასტმასა

იშოპინგეთ მრავალჯერადი ჩანთებით და მოერიდეთ პროდუქტებს ზედმეტი პლასტმასას შეფუთვით. ურჩიეთ საცალო მოვაჭრეებს, რომ გამოიყენონ ნაკლები პლასტმასა. გლობალური მასშტაბით პლასტმასას შეფუთვის 10%-ზე ნაკლებია გადამუშავებული. სავარაუდოა, რომ 2050 წლისთვის შეიძლება უფრო მეტი პლასტმასა იყოს ზღვაში, ვიდრე თევზი.

7. იკვებეთ სეზონური საკვებით

 WWF ამბობს, რომ სეზონური საკვების მიღება არა მხოლოდ მდგრადი ნაბიჯია, ის ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს. ამავდროულად, ვიღებთ ჯანსაღ საკვებს განსხვავებით არასეზონური პროდუქტებისგან, რომელთა დამზადება ქიმიური ნაერთების გამოყენებასთან და ისეთი პირობების შექმნასთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა სათბურები. მდიდარი ქვეყნებიდან საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება, შეფუთვა და დამუშავება სათბური აირების ემისიის 6%-ს შეადგენს. ასე რომ, სეზონური კვება მდგრადი და ჯანსაღი არჩევანი იქნება ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის. (Broom, 2020); (www.52climateactions.com, თ. გ.)

მიზანი 2 – მოვიხმაროთ ნაკლები

შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება – ყოველივე ეს ხელს უწყობს იმ ნარჩენების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც ვყრით. იზოგება ბუნებრივი რესურსები, ნაგავსაყრელის სივრცეები და ენერგია.

შემცირება: ნარჩენების მართვის საუკეთესო გზაა თუ ვიშოპინგებთ ფრთხილად და გავითვალისწინებთ ქვემოთ აღნიშნულ მითითებებს:

  • თავი შეიკავეთ ისეთი პროდუქტების შეძენისგან, რომლებიც ზედმეტად/არაზომიერად არის შეფუთული. განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომელთა შეფუთვაშიც გვხვდება რამდენიმე მასალა, როგორებიცაა ფოლგა, არაგადამუშავებადი ქაღალდი, პლასტმასა. მათი გადამუშავება რთულია. გარდა ამისა, უფრო მეტს იხდით ასეთი მასალებით შეფუთულ პროდუქტში .
  • მოიხმარეთ ნაკლები რაოდენობით ერთჯერადი ნივთები და შეიძინეთ გრძელვადიანი მოხმარების ნივთები, რომელთაც აქვთ გარანტია. ამით დაზოგავთ რესურსებს, შეამცირებთ ნარჩენებსა და დანახარჯებს  გრძელვადიან პერიოდში.
  • გამოიყენეთ ქსოვილის ხელსახოცები ქაღალდის ხელსახოცების ნაცვლად.

ხელახლა გამოყენება: ეს ნაბიჯი ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც გვიბიძგებს კრეატიული უნარების განვითარება-გამოყენებაზე.

  • დაზოგე ქაღალდი და ცელოფნის ჩანთები, შეაკეთე საყოფაცხოვრებო ნივთები.
  • გაყიდეთ ძველი ან შეიძინეთ მეორეული ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები ან გადაეცით საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
  • ჩაანაცვლეთ პლასტმასას შეფუთვა ხელახლა გამოყენებადი კონტეინერებით.
  • გამოიყენეთ კერამიკული ყავის ჭიქა ქაღალდის ჭიქების ნაცვლად.
  • ხელახლა გამოიყენეთ სასურსათო ჩანთები ან თან წაიღეთ საკუთარი ქსოვილის ჩანთა მაღაზიაში.

გადამუშავება: მდგრადი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც სარგებლობს გამოყენებული მასალით, ამუშავებს, აწარმოებს თავიდან და ყიდის, როგორც ახალ პროდუქტს. დაიწყეთ გადამუშავება სახლსა და სამსახურში:

  • შეიძინეთ გადამუშავებული მასალისგან დამზადებული პროდუქტები. მოიძიეთ გადამუშავების სიმბოლო, რომელიც გულისხმობს, რომ პროდუქტი ან დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან, ან თავად შეიძლება გადამუშავდეს. მაგალითად, ბევრ პლასტმასას კონტეინერს აქვს გადამუშავების სიმბოლო დანომრილი კოდით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პლასტმასას შემცველობით მზადდება იგი. თუმცა, მხოლოდ ის, რომ კონტეინერს აქვს ეს კოდი, არ ნიშნავს, რომ მისი ადგილობრივი გადამუშავება მარტივად შესაძლებელია.
  • ურჩიეთ მაღაზიის მენეჯერებს ის პროდუქტები და შეფუთვა, რომლებიც ამცირებს ნარჩენებს. მაგალითად, გადამუშავებული პროდუქტები და ის პროდუქტები, რომლებიც არაა არაზომიერად შეფუთული.
  • შეიძინეთ პროდუქტი, რომელიც დამზადებულია თქვენს საზოგადოებაში გადამუშავების მიზნით შეგროვებული მასალისგან.
  • გამოიყენეთ გადამუშავებული ქაღალდი (SustainableSA.com, n.d.).

მიზანი 3 – მეტი ზრუნვა და განათლება საკუთარ თავს

უფრო მდგრადი განათლება
წყარო: https://www.pearsoned.com/the-importance-of-sustainability/

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იწყება ჩვენი ცხოვრების სტილში პატარა ცვლილებების შეტანით. იზრუნეთ საკუთარი თავის ფიზიკურ გაჯანსაღებასა და მენტალურ განვითარებაზე, დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს, რელაქსაციას, იკითხეთ სტატიები თქვენთვის საინტერესო თემებზე, ინფორმირდით და გაიგეთ მეტი მდგრადი განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება მეგობრებს.

სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრების სტილი იქნება მდგრადი, შევქმნით უფრო მდგრად საზოგადოებას მდგრადი მომავლისთვის.

გამოყენებული წყაროები:


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ მარიამ დადუნაძის კიდევ ერთი სტატია: 7 ინოვაციური პროექტი, რომლებიც ქალაქებს უფრო მდგრადს ხდის.

მარიამ დადუნაძე

მარიამ დადუნაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. დაამთავრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლა. 2019 წელს „Junior Achievement Georgia-მ“ სამ კომპანიას შორის აირჩია მარიამის გუნდი „VISION”, რომელიც გაემგზავრა ესტონეთში და „Junior Achievement Estonia-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენა - გაყიდვაზე წარადგინა საქართველო. მარიამი არის „oikos Tbilisi-ს“ წევრი და დაინტერესებულია მდგრადი განვითარების საკითხებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *