კორონა ვირუსი ამხელს

კორონა ვირუსი ამხელს გლობალურ უთანასწორობას

რომის პაპმა ამჟამინდელი პანდემია მიამსგავსა „უკანასკნელ ხანძრებსა და წყალდიდობებს“, რომლებიც ბუნების უკუკავშირი იყო კლიმატის ცვლილებაზე. მან აღნიშნა, რომ „ესპანურ ენაში არსებობს ასეთი გამოთქმა: ‘ღმერთი ყოველთვის პატიობს, ჩვენ ხანდახან ვპატიობთ, მაგრამ ბუნება არასდროს გვპატიობს“.

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ჯანდაცვის კრიზისის ფონზე – მსგავსი პანდემია 100 წელზე მეტია არ განუცდია მსოფლიოს. ესპანურმა გრიპმა 1918 წელს მსოფლიოს გარშემო, დაახლოებით, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა იმ პერიოდში, როდესაც სამყარო თითქოს ცდილობდა მსოფლიო ომით მიღებული ზარალისგან თავის დაღწევას. პირველმა მსოფლიო ომმა საფუძველი ჩაუყარა დასაწყისშივე განწირულ ერთა ლიგის ჩამოყალიბებას და შედეგად, 20 წლის განმავლობაში მსოფლიომ იხილა მორიგი გლობალური კონფლიქტი – მეორე მსოფლიო ომი. ერთა ლიგის ნანგრევების ადგილას კი მალევე აღმოცენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), რათა ბოლო მოეღო ყველა ომისა და გენოციდისთვის. მართალია, გაერომ თავიდან აირიდა ომები, თუმცა ვერ შეძლო გენოციდების შეჩერება. გარდა ამისა, ის წარუმატებელი აღმოჩნდა არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანსწორობის შემცირებაში, რაც დღემდე წამლავს მსოფლიოს.

კორონა

ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა (The British Medical Journal – BMJ) შემოიტანა ტერმინი „კოვიდის ფენომენი“, რაც წარმოადგენს ნებისმიერ „მოვლენას“, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს „ადამიანის არსებობისა და განვითარების ყველა ასპექტზე“. დაახლოებით, ეს იგივეა, რაც ფრანგი ანთროპოლოგისტის მარსელ მოსის მიერ განმარტებული „მთლიანი სოციალური ფაქტი“. გარდა ამისა, სხვა თანამედროვე სამედიცინო ანთროპოლოგისტებმა პანდემიისადმი მიმართული ჩვენი პასუხები დააკავშირეს „კულტურულ მოდელებთან“, რომლებმაც ფეხი გაიდგა მთელ საზოგადოებაში.

კორონავირუსის სტატისტიკა

განსხვავებით ყველაფრისგან, რაც გაეროს არსებობის 75-წლიან ისტორიაში ვიხილეთ, კოვიდ ფენომენმა, ფაქტობრივად, ნიღაბი ჩამოაგლიჯა ცივი ომის შემდგომ დამკვიდრებულ ნეო-ლიბერალურ რეჟიმს. ამ პანდემიამ გამოამჟღავნა ადამიანური, ეკონომიკური და სოციალური ტანჯვის სიღრმე, ჩვენი გლობალური ხანის სისუსტე და ცვალებადი იდენტობების ფარული ბუნება. გლობალურ კაპიტალიზმზე, მეტროპოლიტენებზე, გლობალური ბაზრების მჭიდროდ ათვისებულ ჰაბებზე, ტექნოლოგიაზე, ვაჭრობაზე, სხვადასხვა სამუშაო ძალაზე თავდასხმით, პანდემიამ, ფაქტობრივად, გასაქანი მისცა დედამიწის ბიოსფეროს.

მდგრადი განვითარების ინდექსი

მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც წარმოადგენს პროგრესული აზროვნების ჩარჩოს, გვთავაზობს ჩამონათვალს/სიას. თუმცა, ძალიან დიდი გზა დაგვრჩა გასავლელი 2030 წლისთვის გლობალური მიზნების შესასრულებლად.

მდგრადი განვითარების მიზანი 1სიღარიბის აღმოფხვრა: ღარიბი საზოგადოება, რომელსაც არ აქვს წვდომა რესურსებზე, რათა დარჩეს სახლში უსაფრთხოდ და აგრეთვე, არ აქვს დამცავი ნიღბების შეძენის შესაძლებლობა, ყველაზე მეტად მოწყვლადია კორონა ვირუსის მიმართ. გლობალური პანდემიის შედეგად შესაძლოა ნახევარ მილიარდზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

მდგრადი განვითარების მიზანი 2 – არა შიმშილს:  შიმშილის მაჩვენებელი ყველაზე დიდი იქნება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც რესურსების ნაკლებობის გამო მოსახლეობას არ აქვს წვდომა ჯანსაღ საკვებზე, არ არის საკურიერო მომსახურება და საჭმლის დეფიციტია. ზოგადად, პანდემიამდელ პირობებში მარგინალიზებულ საზოგადოებას წვდომა არ ჰქონდა ჯანსაღ საკვებზე და განიცდიდა კვების უკმარისობას. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო გამძაფრდება პანდემიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანური მომსახურებები შეზღუდულია კარანტინის გამო.

მდგრადი განვითარების მიზანი 3 – ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ჯადაცვის სისტემა მოწინავე ფრონტზე დგას გლობალური პანდემიის დროს. რომ არაფერი ვთქვათ ღარიბ ქვეყნებზე, განვითარებულ ქვეყნებშიც კი გარეუბნებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები და სხვა მოწყვალდი ჯგუფები სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებლით ხასიათდებიან. განვითარებად სამყაროში ეს მაჩვენებელი უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს. 

დგრადი განვითარების მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება: ღარიბი საზოგადოება, აგრეთვე, ბევრად უფრო მეტად დაზარალდა განათლების მიმართულებითაც. სკოლების დახურვისა და ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო რესურსების არქონის შედეგად, ფაქტობრივად, ეს წელი სრულიად დაიკარგა.

მდგრადი განვითარების მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა: მეტროპოლიტენის ღარიბ ნაწილებში მამაკაცები პანდემიის ფრონტზე იმყოფებიან. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მამაკაცები უფრო რეზისტენტულები იყვნენ ვირუსის სიმპტომების მიმართ და არ მოხდეს მათი დროული შემოწმება ვირუსზე, რამაც შესაძლობა გამოიწვიოს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. მამაკაცების გარდა, ქალებიც, აგრეთვე, იმყოფებიან ფრონტზე, როგორც ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის მუშაკები.  

მდგრადი განვითარები მიზანი 6 – სუფთა წყალი და სანიტარია: წყალი აუცილებელია ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. ღარიბ საზოგადოებას, რომელსაც დასალევ წყალზეც კი შეზღუდული წვდომა აქვს, ძალიან გაუჭირდება ვირუსთან ბრძოლა წყლის არქონის პირობებში. „გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა წყლის მნიშვნელობა… გარდა მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების და სოციალური დისტანციის მოწოდებისა, ექიმები ყველაზე მნიშვნელოვან როლს აკუთვნებენ ხელების ხშირად დაბანას.“ 

მდგრადი განვითარების მიზანი 7 – ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია: განვითარებული სამყაროს ღარიბი მოსახლოება, რომელიც დღემდე იყენებს „ბინძურ“ საწვავს, განსაკუთრებით დაზარალდება პანდემიის შედეგად. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ჰაერის ოდნავი დაბინძურებაც კი უფრო მეტად აძლიერებს კორონა ვირუსს.
„მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის მოსახლოება, რომელიც ცხოვრობდა აშშ-ის იმ ნაწილში, რომელიც გამორჩეოდა წვრილი ნაწილაკის ე.წ. PM 2.5-ის მომატებული დონით, უფრო მეტად იყო მოწყვლადი ვირუსით სიკვდილიანობის მიმართ.

მდგრადი განვითარების მიზანი 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი პანდემიის გამო, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი მუშა-ხელი მომსახურების ეკონომიკაში. გლობალური ეკონომიკის დაღმასვლის გამო გლობალური შემოსავლის თითქმის 1% დავკარგეთ. თუ უკანასკნელი შეზღუდვები არ დაბალანსდება ფისკალური სტიმულირებით, ხელი არ შეეწყობა შემოსავალს და სამომხმარებლო ხარჯებს, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UNDESA) მიხედვით, შედეგად მივიღებთ გლობალურ რეცესიას.

მდგრადი განვითარების მიზანი 9 – მრეწველობა, ინვოაცია და ინფრასტრუქტურა: სუსტი ინფრასტრუქტურის მქონდე ქვეყნები, განსაკუთრებით, სუსტი ჯანდაცვის სისტემითა და საკურიერო მომსახურებებით გამორჩეული საზოგადოებები, უფრო მეტად დაზარალდებიან პანდემიის შედეგად. ის სახელმწიფოები, რომელთაც აქვთ ინოვაციური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური სექტორები, მარტივად დაუბრუნდებიან საწყის მდგომარეობას შესაბამისი ტესტებით, მკურნალობის მეთოდებითა და ვაქცინით.  

მდგრადი განვითარების მიზანი 10 – შემცირებული უთანასწორობა: ქვეყნები, რომლებიც ხასიათდებიან დიდიე კონომიკური, სოციალური და კულტურული უთანასწორობით, რომელთაც ჰყავთ მდიდარი ელიტა და აგრეთვე, უღარიბესი ფენა, ვერ შეძლებენ მათი და სამუშაო ძალის დაცვას: ემიგრანტები, მუშები, სეზონური მომუშავეები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ ძირითად რესურსებს, რაც იცავს საზოგადოებას კრიზისისგან, წინა ფრონტზე აღმოჩნდებიან პანდემიის ფონზე. მაგალითად, ქალაქში მცხოვრებმა ინდოელმა ემიგრანტმა მუშა-ხელმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების არარსებობის პირობებში, დაიწყო დაბრუნება თავიანთ მშობლიურ სოფლებში.

მდგრადი განვითარების მიზანი 11 – ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება: მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვითა და  ღია ბაზრებით გამორჩეული ურბანული არეალი, ძალიან დიდხანს მოიმკის პანდემიის შედეგებს. გარდა ქალაქის ცენტრების მონიტორინგისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატიული სახეებიც იჩენს თავს. უფრო მეტიც, პირადი მონაცემების ნაწილიც გაზიარებული იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაკონტროლების მიზნით.     

მდგრადი განვითარების მიზანი 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება: იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად დაზარალდა, ჩვენ როგორც გამყიდველები და მყიდველები, უფრო მეტად პასუხისმგებელნი ვიქნებით სამომხმარებლო პროდუქტებსა და საქონელზე. ფიზიკურად ინტერაქტიული მომხმარება გადაინაცვლებს ფიზიკურად უკონტაქტო წარმოებისა და მოხმარების სახეებზე, რაც, ალბათ, უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო იქნება პლანეტისთვის. 

მდგრადი განვითარების მიზანი 13 – კლიმატის მდგრადობის მიღწევა: კარანტინი დადებითი შედეგების მომტანი ადგილობრივი გეოგრაფიისთვის: მცირდება ნახშირორჟანგის ემისიები და სხვა სახის გარემოს დამაბინძურებლები. საჰაერო მგზავრობის შეზღუდვა და ნაკლები სახმელეთო გადაადგილება კარგად მოქმედებს ჰაერის ხარისხზე.

მდგრადი განვითარების მიზანი 14 – წყალქვეშა რესურსები: მსოფლიო ოკეანეები დროებით ისვენებენ საკრუიზო გემებისგან, რომლებიც დაბინძურებისა და ვირუსის გადამტან წყაროს წარმოადგენდნენ წლების განვმავლობაში. კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებს დადებითი გავლენა ექნება წყლის სამყაროსა და „ლურჯ ეკონომიკაზე“. თუმცა, შეძლებს ის პლასტმასის საწრუპებისა და სხვა ნარჩენების გაქრობას ზღვის ცხოველთა სხეულებში? ალბათ, არა.

მდგრადი განვითარების მიზანი 15 – დედამიწის ეკოსისტემები: როგორც იქნა, დედამიწას გავიდა დამსახურებულ შვებულებაში. პანდემიის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს დადებითი გავლენა ექნება გარემოზე.

მდგრადი განვითარების მიზანი 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები: ნაკლები დანაშაული, ნაკლები სამხედრო ინტევენციები – მშვიდობა და სამართლიანობა თითქოს დასტაბილურდა, თუმცა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში.

მდგრადი განვითარების მიზანი 17 – თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის: პანდემია ყველას გვეხება. კოვიდ ფენომენი არის „მთლიანი სოციალური ფაქტი“, რომელიც გამოწვეულია უთანასწორობითა და პლანეტის გაზრდილი ურთიერთკავშირით. აქედან გამომდინარე, ყველა ინტერნვენცია უნდა წარმოადგენდეს მთავრობების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინდივიდების გლობალური თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგს.


წყარო სატიისთვის „კორონა ვირუსი ამხელს გლობალურ უთანასწორობას“: https://www.psychologytoday.com/us/blog/leaders-in-the-making/202004/coronavirus-unmasks-global-inequalities

ავტორი: დინეშ შარმა

თარგმანი: მარიამ კვარაცხელია


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. 2 წელია აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილებისა და ასევე, მდგრადი განვითარების სფეროში. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos Tbilisi Local Chapter of oikos International-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *