ეკონომიკური გლობალიზაცია

ეკონომიკური გლობალიზაცია და მდგრადი განვითარება

საერთაშორისო ბიზნესი  სხვადასხვა ქვეყნის  სტრუქტურულ ერთეულებს შორის  ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე  დაკავშირებულია საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საკუთრების, კაპიტალის, ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსების ტრანსსასაზღვრო  გაცვლასთან, რომელიც მომხმარებლის  მოთხოვნის დაკმაყოფილებითა  და მაქსიმალური მოგების მიზნით ხორციელდება. მაქსიმალური მოგების მიღება და ეკონომიკური გლობალიზაცია ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტების გაუთვალისწინებლობა არის ერთ-ერთი დიდი შეცდომა კომპანიების საქმიანობაში, რადგან ისინი გრძელვადიან სიკეთეს ვერც თვითონ მიიღებენ და ვერც საზოგადოებას მოუტანენ  დადებით შედეგებს. 

 ეკონომიკური გლობალიზაციის  პირობებში  ტრანსნაციონალური  კორპორაციები  განსაკუთრებული აქტიურობით  და დინამიზმით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა დიდ კორპორაციულ ბიზნესს, ვინაიდან  საერთაშორისო ბიზნესის ოპერაციების 70-80% ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობით სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ გიგანტმა კომპანიებმა  მოახდინონ მათი კორპორაციული სტრატეგიის ჩამოყალიბება მდგრადი განვითრების  მიზნების გათვალისწინებით. ისეთი კომპანიებიც კი, როგორიცაა Coca Cola and Bayer  არიან იმ კომპანიათა სიაში, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ მდგრადი განვითარების თავიანთ ანგარიშს, ზომავენ მათი კომპანიის სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ნაკვალევს და მდგრადი მიზნების ინტეგრირებას ახდენენ მათ სტრატეგიაში.( Sustainability.Ge, 2020)

მდგრადი ეკონომიკური გლობალიზაცია მოითხოვს, საზოგადოებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ხალხს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, რომელიც იქნება ეკონომიკის მასტიმულირებელი და ამასთანავე, ზიანს არ მიაყენებს გარემოს. სამუშაო ადგილების შექმნა საჭიროა ყველა ასაკის ადამიანისათვის. ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოხდეს შემოსავლების სათანადოდ მართვა, აქტივების დაგროვება და პროდუქტიული ინვესტიციების განხორციელება (Economic growth. UN Sustainable Development).

სამრეწველო კომპანიები

სამრეწველო კომპანიების მიერ საქმიანობისას ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის გაზები  სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ცნობილია, რომ აშშ ლიდერობს  სათბურის გაზების ემისიების მხრივ და არ ანხორციელებს ეფექტურ პოლიტიკას სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლისათვის. ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისა, რომ კორპორაციები ხშირად მხოლოდ მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებულები. სპიკერმა სოლომონის კუნძულებიდან მალტაში გამართულ კონფერენციაზე აღწერა საერთაშორისო სამთო კორპორაციის მიერ განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. ამ კორპორაციას სამთო მრეწველობის  უფლება ქონდა ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე. კორპორაცია ადგილობრივებს  კარგ ანაზღაურებას და მრავალ სიკეთეს დაპირდა. რამდენიმე წლის შემდეგ ხეები გაჩეხილ იქნა და გარემო დაბინძურდა მომწამვლელი ქიმიკატებით. კორპორაციამ  განადგურებული კუნძული მალევე დატოვა. ასე ხდება ძალიან ბევრგან, კომპანიები იყენებენ  ბუნებრივ რესურსებს, ხოლო გარემოზე და ადგილობრივებზე ზრუნვას თავს არიდებენ. 

საქართველოს გლობალიზაციის დონე

ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

2014 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის მონაცემების მიხედვით საქართველო  მე-19 ადგილზე იმყოფებოდა  (81 ქულა), ხოლო 2019 წელს საქართველომ ეკონომიკური გლობალიზაციის  მაჩვენებლით (82,02 ქულა)  მსოფლიოში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიოში გლობალიზაციის ინდექსით ლიდერობს სინგაპური, რომლის მაჩვენებელიც 94 ქულას შეადგენს.(Duffin, 2019)

2014 წლის მონაცემებით საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,700 აშშ დოლარი იყო. აღნიშნულ ინდექსში მე-19 (საქართველოს) ადგილამდე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალი მავრიკის რესპუბლიკას ჰქონდა – 10,500 აშშ დოლარი. საქართველოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნები 50-ე ადგილის ქვემოთ იყვნენ განაწილებული. (ნამჩავაძე, 2015)

საქართველომ გლობალიზაციის ინდექსში სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო,რაც 2004-2007 წლებში გატარებული რეფორმების შედეგი იყო. აღნიშნულ წლებში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ ბიზნეს გარემოს, რომელმაც გაუძლო ომს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებს და, ფაქტობრივად, უწყვეტ რუსულ აგრესიას.  საქართველოს 22-ე ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის.  (ნამჩავაძე, 2015)

ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსი დიდი ეკონომიკის ქვეყნებში

ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები  არ არიან მაღალ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია. მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. საერთაშორისო ვაჭრობა, უცხოური კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების განვითარების აუცილებელ პირობად. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალია, თუმცა ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით  მაღალი პოზიცია უჭირავთ. 

მდგრადი მომავალი

როგორ უნდა შეცვალოს  ეკონომიკურმა გლობალიზაციამ განვითარებადი ქვეყნების რეალობა უკეთესობისკენ ისე, რომ  ხელი არ შეუშალოს  მათ მდგრად განვითარებას?  ამ კითხვაზე ფიქრი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გლობალიზაციის პიკის პერიოდში განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია.  მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია დიდ როლს თამაშობს ქვეყნების განვითარებაში, მაინც არის დარჩენილი მოუგვარებელი საკითხები. ფაქტია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10% მოიხმარს მსოფლიოს წარმოების დაახლოებით 80%-ს, ხოლო მოსახლეობის  20% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. გარდა ამისა,  უზარმაზარი კორპორაციები არამდგრადად  მოიხმარენ  რესურსებს   და  ხელმძღვანელობენ არასწორი კორპორაციული სტრატეგიით.  იმ შემთხვევაში თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, გამოწვევების წინაშე დადგებიან არა მარტო განვითარებადი ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო. 

პოლ ჰოკენი, ყოფილი მრეწველი, ძალზე ნათლად და გასაოცრად აღწერს ვითარებას „სავაჭრო ეკოლოგიაში“. მან განაცხადა: „მდგრადი საზოგადოების შესაქმნელად ჩვენ გვჭირდება სავაჭრო და წარმოების სისტემა, სადაც თითოეული მოქმედება თავისთავად მდგრადი და აღმდგენია. კომერციის მდგრადი მეთოდის შესაქმნელად ბიზნესს ეკონომიკური, ბიოლოგიური და ადამიანური სისტემების ინტეგრირება დასჭირდება“.

მდგრადი განვითარების მისაღწევად, ბატონი ჰოკენი გვთავაზობს რამდენიმე მკვეთრ ცვლილებას. პირველი, ის გთავაზობთ ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების აბსოლუტური მოხმარების 80 პროცენტით და  ნარჩენების 50 პროცენტით შემცირებას. შეიძლება არარეალურად ჟღერდეს, თუმცა ჩვენ ამის რესურსი გავქვს ალტერნატიული ენერგიის წყაროების და სხვა მდგრადი საშუალებების დამსახურებით. მისტერ ჰოკენის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება კორპორაციების მიერ ადამიანების უსაფრთხო და  სტაბილურ  დასაქმებას. (Hermannsson, 2002)


გამოყენებული ლიტერატურა

Duffin, E. (2019). Index of economic globalization 2019. statista.com.

Hermannsson, S. (2002). Economic globalization and sustainable development. Universal Peace Federation.

Economic growth. (n.d.). United Nations Sustainable Development.

CSR-ის დრო დასრულდა! მდგრადობა... (2020, May 19). Sustainability.Ge. https://www.sustainability.ge/csr-is-dead-2/

ნამჩავაძე, ბ. (2015). საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია: შანსი საფრთხის ქვეშ. Forbes Georgia.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: მდგრადი არქიტექტურა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *