ქვეყნები მდგრადი
წყარო:‌ ‌ https://stock.adobe.com/166475286?as_campaign=TinEye&as_content=tineye_match&epi1=16‌ 6475286&tduid=a9d6846990c719254f335cac48b926ac&as_channel=affiliate&as_campclass=r‌ edirect&as_source=arvato‌ ‌

რას აკეთებენ ქვეყნები მდგრადი მომავლის შესაქმნელად?

რას აკეთებენ ქვეყნები მდგრადი მომავლის შესაქმნელად?

დედამიწის მოსახლეობას, უფრო და უფრო, მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ შეცვალოს კურსი, ანუ  ყველასთვის სახიფათო ქმედებებიდან გადაერთოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე მიმართულ აქტივობებზე, რათა სამყარო სადაც ვცხოვრობთ, ამოუცნობ ობიექტად არ იქცეს და ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი „ცოცხალი“ პლანეტა ოაზისის გარეშე დარჩენილ უსიცოცხლო და გამოუსადეგარ  უდაბნოს არ დაემსგავსოს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ბევრი რამ:

  • აფრიკაში, კილიმანჯაროს მთა შესაძლოა ვეღარ იცნოთ, რადგან მისი ყინულის საფარის 80% გამქრალია.
  • მცირდება ჰიმალაის მთების თოვლის მუდმივი საფარი და მყარი ნალექის მასა, რომელიც წყლის წრებრუნვაში  სასიცოცხლო როლს თამაშობს.
  • დიდ ქალაქებში უფრო და უფრო მეტი ხანძრები ჩნდება,  ეს პროცესი კი გლობალურ დათბობას კიდევ უფრო ამწვავებს.
  • ციმბირის მრავალწლიანი მზრალი გრუნტი გადნობის საფრთხის წინაშეა და თუ  ეს მოხდა, მის სიღრმეში არსებული მეთანისა და ნახშირორჟანგის ემისიების გამოთავისუფლება თავის წვლილს შეიტანს გლობალურ დათბობაში.
  • ყინულის ქუდი(Ice Cap) 40%-ით თხელია, ვიდრე 40 წლის წინ იყო.
  • ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 13 მლნ. ჰექტარი ტყე ქრება.
  • სახეობები ბუნებრივ ტემპთან შედარებით 1000-ჯერ სწრაფად იღუპებიან.
  • 1 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა სანიტარიაზე და სუფთა წყალზე.
  • 2050 წლისთვის შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო გადაადგილებულ ლტოლვილთა რაოდენობა 200 მილიონს გაუტოლდეს.

და რას ვაკეთებთ ამ პროცესების საპირისპიროდ? ვცდილობთ თუ არა ვიბრძოლოთ არსებობისთვის და შევუნარჩუნოთ დედამიწას შემორჩენილი სახე (პირვანდელი სახის დაბრუნებას, რომ ვერ შევძლებთ ფაქტია)? ვიბრძვით თუ არა ღარიბი ადამიანების კეთილდღეობის გაზრდისთვის? ვცდილობთ თუ არა ერთი ადამიანის ბედნიერება მეორეს უბედურებაზე არ ავაგოთ? მდგრადი განვითარების მიზნები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს. მდგრადი განვითარების მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია გულისხმობს ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას. მდგრადი განვითარების მიზანი 13: კლიმატის მდგრადობის მიღწევა უზრუნველყოფს კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სტიქიური უბედურებების მიმართ მდგრადობის გაძლიერებას ყველა ქვეყანაში. მდგრადი განვითარების პირველი მიზანი კი გულისხმობს სიღარიბის აღმოფხვრას. სწორედ ეს მიზნები პასუხობს ჩემ დასმულ კითხვებს და ემსახურება იმ საფრთხის შემცირებას, რომელიც ჩვენს პლანეტას ემუქრება.  ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია კი დაგვარწმუნებს იმაში, რომ ბევრმა ადამიანმა დიდი ხნის წინ გააცნობიერა საკუთარი გავლენა გარემოზე და დაიწყო  სწორი ნაბიჯების გადადგმა  ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მცირედი წვლილიც კი მნიშვნელოვნად გაზრდის დედამიწის გადარჩენის შანსს.

„გრამინ ბანკი (Grameen Bank)“ ბანგლადეშში

მეტად საინტერესო და უცნაური შემთხვევაა არსებობდეს ბანკი, რომელიც ღარიბებს აძლევს სესხს, თანაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც ბანგლადეშია. „გრამინ ბანკი“ მუჰამედ იუნუსის მიერ დაარსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც მცირე ზომის სესხებს (მიკროკრედიტი) გასცემს უკიდურესად ხელმოკლე მოსახლეობისთვის. 2006 წელს მუჰამედ იუნუსმა ნობელის პრემია დაიმსახურა მშვიდობის დარგში. გრამინის მოდელი, რომელიც იუნუსმა შეიმუშავა 1976 წელს, ემყარება ხუთი სავარაუდო მსესხებლის ჯგუფს, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან გრამინ ბანკის მენეჯერებს. როგორც წესი, ხუთი სავარაუდო მსესხებლიდან ორს ეძლევა სესხი და თუ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ პირველი ორი მსესხებელი დააკმაყოფილებს დაფარვის პირობებს, მაშინ სესხი გაიცემა ჯგუფის დანარჩენ წევრებზეც. გრამინი დამოუკიდებელი ბანკი გახდა 1983 წელს, მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ბანგლადეშში, დაკაში. მას 2200-ზე მეტი ფილიალი აქვს ქვეყანაში. გრამინის მოდელი სიმბოლურად ასახავს ღარიბი მოსახლეობის დახმარების ეფექტიან საშუალებას. საინტერესოა, რომ გრამინის სესხის მიმღების 97%-ზე მეტი ქალი იყო. ამ ყველაფრის გვერდით საჭიროა ისიც აღვნიშნოთ, რომ „კაპიტალზე წვდომა“, რაც თითქოს მდიდარს განასხვავებს ღარიბისგან, არ არის საკმარისი სიღარიბის დასაძლევად, სწორედ ამიტომ, მიკროფინანსების ოპონენტები მიკროკრედიტს „სასიკვდილო მახესაც“ კი უწოდებდნენ. ამგვარმა შეფასებამ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა მიკროსაფინანსო ინდუსტრიას და მას თვითკრიტიკულობის, სიფრთხილისა და პასუხისმგებლიანობისკენ უბიძგა. დღეს კი მიკროფინანსებს, რომელიც მუჰამედ იუნუსის სახელს უკავშირდება, შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს მოწყვლადი სოციალური ფენის ფინანსური ინტეგრაციისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირების საქმეში.

1-ლი დეკემბერი – კოსტა რიკაში არმიის გაუქმების დღე

არმია განიხილება, როგორც ორგანიზებული სამხედრო ძალა, რომელიც აღჭურვილია ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი არმია ან სამხედრო ძალა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ 4 მიზეზი, თუ რატომ არ ჰყავს კოსტა რიკას ჯარი:

  • სიმშვიდე ყველასთვის – კოსტა რიკის სამხედრო ძალების გაუქმების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კონსტიტუციაში 1949 წელს შევიდა. როგორც კოსტა რიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ამბობს: „კონფლიქტების სამხედრო გადაწყვეტა უნდა იყოს უკანასკნელი, უკანასკნელი საშუალება… აქ (კოსტა-რიკაში) კონფლიქტები წყდება მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
  • ისტორიული სამხედრო მდგომარეობა — მე-19 საუკუნემდე კოსტა რიკაში მშვიდობა სუფევდა. დაახლოებით 1840 და 1860 წლებში კოსტა რიკა გრძელვადიან და სისხლიან სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. ამის შემდეგ მან საბოლოოდ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
  • დიდი გადაწყვეტილება, უდიდესი ცვლილება — კოსტა-რიკამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო თითქმის 75 წლის წინ, როდესაც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ხოსე ფიგერეს ფერერმა გადაწყვიტა სამხედრო არმიის გაუქმება.
  • მეტი განათლება და უკეთესი სოციალური დაცვა — არმიის არსებობის პერიოდში ქვეყანა ხარჯავდა ფულს იარაღსა და საჭირო სამხედრო მარაგებზე, ახლა კი ეს რესურსები მიმართულია განათლებისა და კულტურის განვითარებისკენ. კოსტა-რიკაში 1-ელ დეკემბერს აღნიშნავენ არმიის გაუქმების დღეს.

ტყის მნიშვნელობა გაბონში

გაბონი მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ეკოლოგიურ პოლიტიკას თავისი ხალხის სასარგებლოდ. ქვეყნის სატყეო კანონები მიმართულია ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირებისკენ (ხის ჭრის პარალელურად მის აღსადგენად საჭირო დროის გამოყოფისკენ). 1996 წელს გატარებული ტყის პირველი  პოლიტიკით გაბონი შეეცადა გაეზარდა ტყის სექტორის წვლილი ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს ბუნებრივი გარემოს, როგორც სახელმწიფოს ძირითადი პრინციპის დაცვას. იგი ადგენს საბაზისო წესებს, რომლებიც ეხება საზოგადოებრივი საქონლის მართვას, მიწათსარგებლობას, სატყეო მეურნეობას, მაღაროებსა და ჰაბიტატებს. 2001 წელს მიღებული ტყის კოდექსის ძირითადი მიზნებია: ტყეების მდგრადი განვითარება, გაბონის ხის სექტორის ინდუსტრიალიზაცია, ბუნებრივი რესურსების მდგრადი შენარჩუნება და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების უფრო მეტად ჩართულობა გაბონის ბუნებრივი რესურსების მართვაში.

ისლანდია და გეოთერმული ენერგია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ისლანდია იყო ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, მისი ხალხი იყენებდა იმპორტირებული ნახშირისა და ადგილობრივი ტორფის საშიშ და დამაბინძურებელ ნაზავს ელექტროენერგიის მისაღებად. თუმცა, მოგვიანებით, კუნძულოვანმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა გეოთერმული ენერგიის წყალობით. დღეს ისლანდიის ელექტროენერგიის თითქმის 100% განახლებადი წყაროებიდან გამომუშავდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისლანდია მუშაობს გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) ერთად, რათა აღმოსავლეთ აფრიკაში მსგავსი ენერგეტიკული რევოლუცია მოახდინოს. ისლანდიაში 200-ზე მეტი ვულკანი და დიდი რაოდენობით ცხელი წყლებია, სწორედ ეს აძლევს ქვეყანას საშუალებას აქტიურად გარდაქმნას არსებული რესურსი საჭირო ენერგიად. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავს რესურსებიან ქვეყნებს შორის სათავეებთან იმყოფებიან. დადგენილია, რომ თუ აღმოსავლეთ აფრიკა შეძლებს გამოიყენოს გეოთერმული ენერგია, ის გამოიმუშავებს 20 გიგავატ ელექტროენერგიას, აღნიშნული გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს მოსახლეობის 25 პროცენტიდან 89 პროცენტს არ ჰქონდა წვდომა ელექტროენერგიასთან, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს აფრიკის ამ ნაწილში. 2010 წელს ისლანდიის წამოწყება, დაეხმაროს აღმოსავლეთ აფრიკას, მიზნად ისახავს ინვესტიციების განხორციელებას ერიტრეაში, ეთიოპიაში, კენიაში, რუანდაში, ტანზანიასა და უგანდაში.  ისლანდიაში, ასევე, ხორციელდება გაეროს უნივერსიტეტის გეოთერმული სასწავლო პროგრამა (UNU-GTP). 1979-2016 წლებში პროგრამაში ჩართულ მსმენელთა დაახლოებით 39% აფრიკის 17 ქვეყნიდან მოდის. ეს მიუთითებს  UNU-GTP-ის მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონის შესაძლებლობების გაზრდაში.

ფრეიბურგი (Freiburg) – მომავლის ქალაქი

გერმანიაში არსებობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, პროგრესული და მდგრადი ქალაქი ფრეიბურგი, რომლის ამგვარ ქალაქად გადაქცევასაც საპროტესტო აქციამ შეუწყო ხელი. ქალაქის მოსახლეობის აქტივობამ შეაჩერა ქალაქში მიმდინარე მშენებლობები და ფრეიბურგი ალტერნატიული აზროვნების ცენტრად აქცია.

  • 1994 წელი – ფრეიბურგში შენდება Heliotrope: მსოფლიოში პირველი energy-plus სახლი.
  • 2002 წელი – მოიგო “Dubai International Best Practices” ჯილდო მდგრადი განვითარებისთვის.
  • 2010 წელი – მოიგო ეროვნული ჯილდო გარემოს დაცვის მცდელობებისთვის.
  • 2012 წელი – მიიღო გერმანიის მდგრადი განვითარების ჯილდო.
  • 2017 წელი – New Town Hall ხდება მსოფლიოს პირველი საზოგადოებრივი შენობა, რომელიც წარმოქმნის იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე მოიხმარს (net- surplus- energy).

ფრეიბურგში ჩასული ტურისტებისა და იქ მცხოვრებთა თქმით: „400-კილომეტრიანი ველო ბილიკი ქალაქს ველოსიპედისტების სამოთხედ აქცევს და ცხოვრობდე ფრაიბურგის ნებისმიერ ნაწილში ნიშნავს ხედავდე მთებს ტყესთან ერთად“. ფრაიბურგში შეხვდებით გერმანიის პირველ მზის ენერგიაზე მომუშავე საფეხბურთო სტადიონს – Schwarzwald Stadion, რომელმაც 1993 წელს მზის პანელების ტრიბუნის სახურავებზე დამონტაჟების შემდეგ წელიწდში 250 000 კილოვატ საათი ენერგია გამოიმუშავა. ფრეიბურგში მომხმარებელთათვის შეთავაზებული პროდუქციის დიდი ნაწილი ორგანულია იმიტომ, რომ ქალაქი გაწევრიანებულია გერმანიის Bio-Städte  კოლექტივში, რომელიც ხელს უწყობს ორგანულ მეურნეობას. ეს და მრავალი საინტერესო ფაქტი აქცევს ფრეიბურგს მომავლის ქალაქად. 

ფრეინბურგი ქალაქები მდგრადი
ფრეინბურგი, წყარო:bluejayphoto/Getty Images

კალუნდბორგის ინდუსტრიული სიმბიოზი – Kalundborg Symbiosis

დანიაში,  კალუნდბორგის ინდუსტრიული სიმბიოზის (პროცესი, როდესაც პროდუქტის ნარჩენები ერთ ინდუსტრიაში გადაიქცევა რესურსად, რომელიც გამოიყენება ერთ ან რამდენიმე სხვა ინდუსტრიაში) პროექტმა, რომელიც ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ზრდის მრეწველობის პროცესში ნარჩენების მაქსიმალურ ათვისებას და გამოყენებას, საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით ევროკავშირის საზოგადოების მხრიდან და გადაეცა რამდენიმე პრიზი გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის. აღნიშნული სიმბიოზი აერთიანებს ოთხ სამრეწველო ობიექტს (ელექტროსადგურს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, თაბაშირის მუყაოს საწარმოს და ბიოტექნოლოგიის საწარმოს) და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ინდუსტრიული სიმბიოზის თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ასეთია:

  • გარემოზე ზემოქმედება შემცირდა გოგირდის დიოქსიდის (SO2) და ნახშირორჟნგის (CO2)-ის ემისიების შემცირებით და ჩამდინარე წყლის ხარისხის გაუმჯობესებით;
  • ნარჩენები, როგორიცაა ნაცარი, გოგირდი, ბიოლოგიური შლამი და თაბაშირი, გადაკეთდა წარმოების ნედლეულად;
  • მნიშვნელოვნად შემცირდა ენერგიის, ქვანახშირის, ნავთობისა და წყლის მოხმარება.
კალუნდბორგი ქალაქები მდგრადი
კალუნდბორგი, წყარო: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/af/View_from_Asnaes_power_station_Kalundborg_Denmark.jpg

არ არსებობს განვითარებისკენ გადადგმული სრულყოფილად მდგრადი ნაბიჯი, რომელსაც მცირედი უარყოფითი გავლენა მაინც არ ექნება გარემოზე, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ჩვენი საცხოვრებელი უკეთესობისკენ შევცვალოთ და „გადაშენებას“ გადავარჩინოთ, გვიბიძგებს მოქმედებისკენ, რომელსაც აუცილებლად ექნება დადებითი მხარე. ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს, მნიშვნელოვნად შეუძლია რეალური შედეგის მოტანა, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის. დღევანდელი ჩვენი მისიაც ხომ ესაა, ვიმოქმედოთ უკეთესი მომავლისთვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. Grameen bank. Britannica https://www.britannica.com/topic/Grameen-Bank (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  2. 5 Important Reasons Why Costa Rica Has No Army (2019, December 2). Spanish Puravida https://www.spanishpuravida.com/why-costa-rica-has-no-army/ (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  3. https://forestlegality.org/risk-tool/country/gabon (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  4. Freiburg: Germany’s futuristic city set in a forest.BBC http://www.bbc.com/travel/story/20200715-freiburg-germanys-futuristic-city-set-in-a-forest (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  5. What can we learn from the Green city of Freiburg?. https://www.greenhousepr.co.uk/green-city-freiburg/#:~:text=As%20winner%20of%20the%20German,birthplaces%20of%20the%20environmental%20movement. (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  6. The Industrial Symbiosis in Kalunburg, Denmark http://www.iisbe.org/iisbe/gbpn/documents/policies/instruments/UNEP-green-ind-zones/UNEP-GIZ-ppt-kalundborg%20case.pdf (ბოლო წვდომა 19.03.2021)
  7. Iceland, a world leader in clean energy supports Africa’s push for geothermal power(2020, 24 June). UN environment programme, https://www.unenvironment.org/news-and-stories/story/iceland-world-leader-clean-energy-supports-africas-push-geothermal-power (ბოლო წვდომა 19.03.2021)

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ეკო-მეგობრული კომპანიები, რომელთა მიზნებიც მოგების მაქსიმიზაციას სცილდება.

ანა კაპანაძე

ანა კაპანაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. ანა 2020 წლიდან არის „oikos Tbilisi-ს“ წევრი. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო „oikos CEE Meeting-ში“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *