იხილეთ დავით ადეიშვილის სტატია „პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები“.
როგორი იქნება COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისის შემდგომი პერიოდი? – ამ კითხვაზე მრავალგვარი, მრავალასპექტიანი პასუხები არსებობს: როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში; როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე; როგორც ანალიტიკოსების, ისე პოლიტიკოსების. მაგალითად, ვკითხულობთ, რომ „პესიმისტური პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება“ და ა.შ.
პრინციპულად მიმაჩნია (რა თქმა უნდა, გამონაკლისი არა ვარ), რომ კრიზისის შემდეგ ჩვენც – როგორც ქვეყანას, და მთელ მსოფლიოსაც უბრალოდ „რესტარტი“ კი არ სჭირდება, არამედ „რესეტი“. რომც შეგვეძლოს, ჩვენ აღარ უნდა მივუბრუნდეთ „ეკონომიკური ზრდის“, „სოციალური უზრუნველყოფის“ და „გარემოს დაცვის“ ძველ ინერციას (პოლიტიკებს). ახლა კარგი მომენტია, დავადგეთ განვითარების ახალ გეზს, ახალ სტრატეგიას.
ამოსავალი შეკითხვა ასე ჟღერს: როგორი განვითარება გვინდა?
პირველ რიგში, ქვეყნის და საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმად და პოლიტიკურ მიზნად აღარ უდა გვქონდეს ისეთი მოძველებული და არაადეკვატური მაჩვენებელი, როგორიც არის მთლიანი შიგა პროდუქტი (GDP). ის ყველანაირი ეკონომიკური აქტივობის, წამოებისა და მოხმარების ხარჯების ფულად-რაოდენობრივ ინდიკატორს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მთლიანად საზოგადოების კეთლდღეობის მდგომარეობის თუ პროგრესის განზოგადებულ განმსაზღვრელს.
დიდი ხანია, მსოფლიოში აანალიზებენ, მსჯელობენ, თავაზობენ, ანგარიშობენ და ადგენენ ალტერნატიულ რაოდენობრივ ან კომპოზიტურ თვისებრივ მაჩვენებლებს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ადეკვატურად ასახვისათვის.
მაგალითად, მშპ-ს ალტერნატიულია შესწორებული ეროვნული პროდუქტის (ANP), დაკონკრეტებული ვერსია – მდგრადი სოციალური ეროვნული წმინდა პროდუქტი (SSNP), რომელიც შემდეგი ფორმულით გამოითვლება:
SSNP=NNP-DE-DNC
სადაც NNP არის წმინდა ეროვნული პროდუქტი – მთლიან ეროვნულ პროდუქტს გამოკლებული ფიქსირებული კაპიტალის ცვეთა; DE- ე.წ. დაცვითი ხარჯებია,რომელიც მოიცავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ხარჯებს (პრევენცია, ინვესტიციები, R&D,კომპენსაციები და სხვ.), არამედ ურბანიზაციით გამოწვეულ (მაგ. გაზრდილი ტრანსპორტირება, საგზაო შემთხვევები, გაზრდილი კრიმინალი და ა.შ.), ტექნიკური უსაფრთხოების და არაჯანსაღი მოხმარებით (კვება, მოწევა, ალკოჰოლი) გამოწვეულ ხარჯებსაც; DNC-ბუნებრივი კაპიტალის შემცირებაა.
მოკლედ, მდგრადი სოციალური ეროვნული წმინდა პროდუქტის მაჩვენებლის შემოღება არის მცდელობა, გაიზომოს ეკოლოგიურად და სოციალურად ჯანსაღი ეკონომიკური განვითარება. თუმცა, ეს მაჩვენებელი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ არის პროდუქტები განაწილებული საზოგადოებაში, როგორია კმაყოფილების ხარისხი და სხვ.
ამიტომ საჭიროა, საზოგადოების კარგად ყოფნის (Well Being) ხარისხი ისეთი ინდიკატორებით შეფასდეს, რომლებიც ასახავს ადამიანისთვის დამახასიათებელ, ისეთ არსებით მიმართებებს, როგორიცაა ყოფნა, კეთება, ქონა, ურთიერთობა, გადარჩენა/უსაფრთხოება. 1
მაგალითად, ყოფნის ხარისხს კარგად განსაზღვრავს ჯანმრთელობა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, არის ადამიანების ფიზიკური, მენტალური და სოციალური კარგად ყოფნა. ჯანმრთელობაზე დაყრდნობილი ისეთი ინდიკატორები, როგორებიც არის ბავშვთა სიკვდილიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელად ყოფნის ხანგრძლივობა და სხვ.ეკონომიკური პროგრესის ირიბი მაჩვენებლებიცაა (Health is wealth). კეთება განისაზღვრება დასაქმების, უმუშევრობის და სხვ. ინდიკატორებით, ქონა- შემოსავლის, ქონების, სიღარიბის მაჩვენებლებით და ა.შ. საინტერესოა, რომ ახალმა ზელანდიამ 2019 წელს პირველმა დაამტკიცა „კარგად ყოფნის“ ბიუჯეტი.
ჩვენი საზოგადოება არასაკმარისად იცნობს როგორც მდგრადი განვითარების კონცეფციას, ისე გაეროს მიერ 2015 წელს შეთანხმებულ მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG 17, 2030) და მითუმეტეს, ამ მიზნების მიღწევის პროგრესის ამსახველ ინფორმაციას.
2019 წელს გამოქვეყნდა მდგრადი განვითარების ბოლო ანგარიში, რომელიც მომზადებულია გაეროს მდგრადი განვითარების გადაწვეტის ქსელის (SDSN, ჯეფრი საქსი) კოორდინაციით. ანგარიში ეყრდნობა 162 ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმდინარე წარმატებების და ტენდენციების არაოფიციალურ მონიტორინგს. ანგარიში მოიცავს მონიტორინგის ორ მთავარ იარაღს – მდგრადი განვითარების მიზნების ინდექსს და პანელს (dashboard). 17 მიზნის მიღწევის ჯამური ინდექსი ფასდება 0-დან 100 ქულამდე, ხოლო პანელზე – ქვეყნების მიხედვით – ასახულია თითოეული მიზნის მიღწევის გზაზე არსებული სურათი (მაგ. მიღწეულია, სტაგნაციაა, კარგად მიდის და ა.შ.).
ამ ანგარიშის მიხედვით, მდგრაგი განვითარების მიზნებთან (მიზნები შეთანხმებულია თავად ქვეყნების წარდგენით) ყველაზე ახლოს არის დანია, რომლის ჯამურმა ინდექმა შეადგინა 85,5 %, ანუ მიზნების მიღწევამდე დარჩენილი აქვს 14,5% და დრო 2030 წლამდე. ინდექსის მიხედვით ქვეყნების რანჟირებაში საქართველოს 73-ე ადგილი უჭირავს 68,9 %-ით. ჩვენი მეზობლები კი ასე განაწილდნენ- რუსეთი 55-ე ადგილზე 70,9 %-ით, აზერბაიჯანი- 59 (70,5%), სომხეთი-75 (68,8%); თურქეთი-79 (68,5%), უკრაინა- 41 (72,8 %). ცხადია, რომ დაბალი ინდექსები აქვთ და შესაბამისად მიზნებიდან შორს არიან მცირეშემოსავლიანი ქვეყნები, რომლებთანაც ჯერკიდევ არ არის აღმოფხვრილი უკიდურესი სიღარიბე, განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური ზრდა და დასაქმება არასაკმარისია და ა.შ. (მიზნები-1 9).
სულ უფრო პოპულარული ხდება გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელის (SDSN) მიერ შედგენილი მსოფლიო ბედნიერების (World Happiness Report) ყოველწლიური ანგარიშები (გელაპის გამოკითხვებზე დაყრდნობით). ქვეყნების ბედნიერების ინდექსი ფასდება მაქიმუმ 8 ქულითა და ექვსი მთავარი ინდიკატორის შეჯამებით. ეს კრიტერიუმებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე; სოციალური დახმარება; ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობა; არჩევანის თავისუფლება; სულგრძელობა; კორუფციის აღქმა…
2017-19 წლების მონაცემებით სულ 150 ქვეყანა შეფასდა. ბედნიერების ინდექსით რანჟირებაში საქართველომ 117-ე ადგილი დაიკავა 4,673 ქულით. პირველ ადგილზე კი ფინეთი გავიდა ( 7,8 ). ჩვენი უშუალო მეზობლების მაჩვენებლები ასეთია: რუსეთი – 73-ე ადგილზეა (5,5 ქულა), აზერბაიჯანი-89-ზე(5,1), სომხეთი-116-ზე (4,677), უკრაინა-123-ზე (4,5).
ვფიქრობთ, ზემოთ აღნიშნული კომპოზიტური მაჩვენებლების დახვეწა, ახსნა და პოლიტიკურ დისკურსში გამოყენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთან „გაპიარებული“ ბიზნესის კეთების (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების – შეზღუდული დანიშნულების, არასაბოლოო შედეგებზე ორიენტირებული, ცოტასმთქმელი ინდექსები.
დღეს ყველაზე თვალშისაცემი ტენდენციაა მსოფლიო ღირებულებათა ჯაჭვის რღვევა, რის გამოც ანალიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პოსტკრიზისული მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი მახასიათებელი იქნება დეგლობალიზაცია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ (WTO)კეთდება პროგნოზი 2020-ში საერთაშორისო ვაჭრობის 13-32 % ფარგლებში შემცირებისაც კი (იხ. ფაილი ).
ასეთი მდგომარეობა გვიბიძგებს – და სასურველიცაა წავიდეთ – ეკონომიკის ავტარქიულობის, თვითუზრუნველყოფა–თვითდაყრდნობადობისაკენ, როგორც ქვეყნ(ებ)ის, ისე რეგიონების, ქალაქების და სოფლების დონეზეც კი. ეს გამოიწვევს ლოკალური ეკონომიკების აღორძინება-განვითარებას ახალი ცოდნებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე (small is beautiful).
უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია თანამედროვე, მწვანე ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების საფუძველზე. მაგალითად, სასურველია და შესაძლებელიც, მიიღწეს ქვეყნის „სურსათ-ავტონომიურობა“-საკვებით არსებითი თვითუზრუნველყოფა. პრიორიტეტული უნდა იყოს აგრეთვე ადგილობრივ რესურსების მდგრად გამოყენებაზე დაფუძნებული წარმოებების შექმნა და ა.შ.
საერთაშორისო ვაჭრობა უფრო შერჩევითი, სამართლიანი და სიმეტრიული (არადამოკიდებული) უნდა გახდეს, მათ შორის პროტექციონისტური პოლიტიკითაც და ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას და რაციონალურ მოხმარებას. ადგილობრივ მეურნეობაზე აქცენტირება კი ეკონომიკას გახდის სოციალურად და ეკოლოგიურად უფრო პასუხისმგებლიანს-მდგრადს და უფრო ჩართულს (ინკლუზიურს).
პანდემიით გამოწვეულმა ჯანმრთელობის და ეკონომიკურმა კრიზისებმა არ უნდა გადაფაროს არანაკლები საფრთხის მქონე კლიმატისა და ზოგადად ეკოლოგიური კრიზისი. უფრო მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის შემდგომი აღორძინების გული სწორედ ევროპული მწვანე შეთანხმება (European Green Deal, EDG) უნდა იყოს.
იმავე შინაარსის წერილს მოაწერეს ხელი ახლახან ევროპის 17 ქვეყნის კლიმატის და გარემოსდაცვის მინისტრმა.
ამ განცხადებების შინაარსი ის არის, რომ კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი არის შანსი, მიღწეულ იქნას ორმაგი ეფექტი-ასტიმულიროს ეკონომიკები-შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამავე დროს დააჩქაროს მწვანე ტრანზიცია (გარდაქმნა) – ახალ დიზაინზე აიწყოს და გაცოცხლდეს მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკა და ინდუსტრია, შენარჩუნდეს საციცოცხლოდ აუცილებელი ბიომრავალფეროვნების სისტემები და მოგვარდეს კლიმატური ცვლილების საკითხი (სათბურის აირების 50-55%-ით შემცირება 1990 წელთან შედარებით 2030-თვის).
ევროპის მწვანე შეთანხმების საინვესტიციო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიც არის: მდგრადი მობილურობა, განახლებადი ენერგეტიკა, შენობათა განახლება, კვლევები და ინოვაციები, ბიომრავალფეროვნების აღდგენა, წრიული (ცირკულარული) ეკონომიკა. „მწვანე შეთანხმება“ არის გზამკვლევი სწორი გადაწყვეტილებებისათვის ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ და ევროპის მდგრად და კლიმატნეიტრალურ ეკონომიკად გადასაქცევად; უნდა გავუძლოთ მოკლევადიანი გადაწყვეტების ცდუნებას აწმყოში, რადგანაც ცდუნება შეიცავს დიდ რისკს, რომ ევროკავშირი მომავალ ათწლეულებშიც ჩარჩეს ე.წ. „ნამარხი საწვავის ეკონომიკაში“-ნათქვამია მინისტრთა ზემოაღნიშნულ წერილში.
პოლიტიკურ განცხადებებს და დოკუმენტებს ზურგს უმაგრებს ევროკავშირის განახლებული 1 ტრილიონ ევროიანი 7-წლიანი ბიუჯეტი და 750 მილიარდიანი აღორძინების ბიუჯეტი, რომლებიც პირობადადებულია (25%) მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციებით.
საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და პოსტკრიზისული განვითარების გეგმებში არ შეიძლება მოხდეს მწვანე შეთანხმების პოლიტიკის იგნორირება. არ შეიძლება, დავკმაყოფილდეთ დღევადელი კვერცხით – გავაგრძელოთ „ბიზნესი, როგორც ასეთი“ (Business as Usual) და ხელიდან გავუშვათ ჩვენი და მომავალი თაობების მდგრადი მომავლის საფუძვლების შექმნის ისტორიული შანსი.
მდგრადი განვითარების სოცილური ასპექტის განხილვისას უმნიშვნელოვანესია პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტუალურებული დასაქმების და შრომის ხასიათის და შეფასების რეკონცეპტუალიზაციის საკითხი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს „სრული დასაქმების“ მოლოდინი. ეს ეპოქა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.
შრომის ხასიათის გაგებაში დაგვეხმარება დღევანდელი ეკონომიკური საქმიანობების ერთ-ერთი კლასიფიკაცია:
- კაპიტალინტენსიური დიდი ზომის წარმოება;
- დიდი მომსახურე – სერვის კომპანიები;
- ადგილობრივი მცირე საწარმოები და სერვისები;
- შინამეურნოებები და სამეზობლო სექტორი („საციცოცხლო ეკონომიკა“, გვ.89).
დიდ საწარმოებში და სერვის კომპანიებში სპეციალიზებულ-კვალიფიციურ, ფორმალიზებულ, დაქირავებით ანაზღაურებად შრომას ვეღარ ექნება დასაქმების დომინანტური ფორმა. ეს იქიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში თვითდასაქმებულთა წილმა 2019 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულთა 50%-ს გადააჭარბა, ხოლო არასასოფლოსამეურნეო სფეროში დასასაქმებულთა მესამედზე მეტი არაფორმალურად იყო დასაქმებული. სხვათაშორის, მნიშვნელოვანია არა ამხოლოდ არაფორმალური ანაზღაურებადი შრომის აღრიცხვა, არამედ ფულით აუნაზღაურებადი შრომის სათანადოდ აღრიცხვისა და შეფასება-დაფასების საკითხიც.
ინფექციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შრომა სახლიდან გაუსვლელად და დისტანციურად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის პრაქტიკა ადრეც არსებობდა და ახლა კიდევ უფრო გააქტუალურდა, განსაკუთრებით განათლების, გარკვეული მიმართულების კვლევების და მართვის სფეროებში.
ეგრეთწოდებულმა გიგ–ეკონომიკამ (gig economy, gigwork), მასში სულ უფრო მეტი მონაწილის ჩართულობით, მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტი. მართალია, ჩვენთან არ ხდება აღრიცხვა -კვლევები ამ მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიაშია გასაყვანი.
გიგ-სამუშაო (ეტიმოლოგია-ერთცხენიანი ორთვალა ურიკა, სლენგს ხმარობდნენ უმთავრესად მუსიკოსებთან დაკავშირებით, რომლებსაც განსაკუთრებით გაუჭირდათ პანდემიის პირობებში) გულისხმობს როგორც შემთხვევით, გაუთვალისწინებელ, ერთჯერად, მოკლევადიან, შედარებით დაბალანაზღაურებად სამუშაოს, ისე მაღალპროფესიულ, მაღალანაზღაურებად (აშშ-ში წლიურად 100000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს გიგ- დასაქმებულთა 20%) დამოუკიდებელ კონტრაქტორებს ე.წ. ფრილანსერები (freelancers). გიგ-დასაქმებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება, აშშ-ში კი ნავარაუდები იყო მათი რაოდენობის სამუშაო ძალის 40%-ის გადაჭარბება 2020 წლისათვის.
მიუხედავად გიგ-სამუშაოს ბევრი დადებითი მახასიათებლისა, როგორიცაა თავისუფალი რეჟიმი, მოქნილობა, სამუშაოთი კმაყოფილება/ინტერესი და სხვ. (გამოკითხულთა 75% არ გაცვლიდა ასეთ სამუშაოს სრული დროით სამუშაოზე), მას ახასიათებს ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა სამუშაოს ნაკლები გარანტირებულობა (ციფრული პლატფორმების ფართოდ გამოყენების მიუხედავად), დაბალი ანაზღაურება და ბენეფიტები, სოციალური დაზღვევის არარსებობა და ა.შ- აუცილებელს ხდის ამ მიმართულებით სტატისტიკური აღრიცხვის შექმნას, საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას და სხვ.
კრიზისის პერიოდში სოციალური მდგრადობის შენარჩუნების საკითხმა ბუბებრივად განაახლა კამათი სოციალური უსაფრთხოების ბადის ისეთი მექანიზმის გამოყენებაზე, როგორიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი (UBI, უსშ), რაც არსებითად გულისხმობს თითეული მოქალაქის გარანტირებული საბაზისო შემოსავლით უზრუნველყოფას, ანაზღაურებადი სამუშაოს არსებობის მიუხედავად. თეორიულ მსჯელობასთან ერთად ცნობილია, რომ ამ ინსტრუმენტის ასამუშავებლად ექსპერიმენტალური ცდებიც კი მიმდინარეობს, მაგალითად კენიაში, 2 ექსპერიმენტი ჩატარდა ფინეთში საკმაოდ საინტერესო დადებითი შედეგებით – 650 ევრო თვეში დანერგილია ალიასკაზე, ირანში, კანადაში და სხვ. შვეიცარიაში კი რეფერენდუმი ჩატარდა შემოღების თაობაზე 2016 წელს, რაც უარყოფილი იქნა ხმათა უმრავლესობით. ახლახან ევროპის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ საბაზისო შემოსავლის შემოღებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 71%.
შეიძლება მოკლედ განვიხილოთ საბაზისო შემოსავლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები პანდემიის კონტექსტში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უსშ უნდა გახდეს კრიზისის დასაძლევად შემუშავებული სტიმულირების პაკეტების მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ გეგმებს გახდის უფრო სტრატეგიულს და მდგრადს. უფრო მეტიც, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კრიზისიდან უნდა აღმოცენდეს ახალი სოციალური კონტრაქტი, რომელიც დააბალანსებს ღრმა უთანასწორობას, უზრუნველყოფს სოციალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ამისათვის კი საჭირო გახდება უსშ-ს მორგება არსებულ სოციალური უზრუნველყოფის სისტემასთან (ის ვერ გააუმჯობესებს საჯარო სერვისების ხარიხს, პირიქით შექმნის „ნეოლიბერალური სამოთხის“ ნიადაგს), სამართლიანი დაბეგვრის სისტემის ამოქმედება და ა.შ.
მოწინააღმდეგეთა მტკიცება, რომ უსშ ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას და გამოიწვევს ქრონიკულ საბიუჯეტო დეფიციტს, ბათილდება იმით, რომ განუზომელია შოკების დროს სოციალური სტაბილურობით შექმნილი დადებითი ეფექტი. ასევე ვერ გამოდგება არგუმენტად შრომის სტიმულის დაკარვის შიში, თუ უსშ სქემა გონივრულადაა აწყობილი. სხვათა შორის ასეთი შედეგი აჩვენა ზემოთხსენებულმა ფინეთის ექსპერიმენტმაც. ამასთან აღნიშნავენ, რომ უსშ ასტიმულირებს დამსაქმებლებსაც, შექნან უკეთესი სამუშაო ადგილები მუშახელის მისაზიდად. უსშ-ს ოპონენტები მიუთითებენ არა მხოლოდ შრომის ეთიკის, შრომის, – როგორც თავისთავად ღირებულის – გაუფასურებაზე, არამედ შრომის დანაწილების თანამედროვე სექსისტური ხასიათის შენარჩუნების-ლეგიტიმაციის საშიშროებაზეც, მიგრაციის სტიმულირების პრობლემაზე და სხვ. ამასთან დაკავშირებით დებატები ეხება ისეთ თემებსაც კი, როგორიცაა “degrowth vs greengrowth”, არის უსშ-ს ალტერნატიული სისტემების მხარდაჭერაც, მაგალითად ატკინსონის (1996) მონაწილეობის შემოსავლის (participation income) სახით კეთილდღეობის სახელმწიფოში, Job Guarantee Programme (JGP), scheme და ა.შ.).
საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში უნივერსალურ საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებით არის საგანგებო, შეიძლება ითქვას რადიკალური წინადადებებიც. მაგალითად, მოთხოვნის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად მოხდეს ფულის ინიექცია ეკონომიკაში პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლებისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე, ევროზონის ყველა სრულწლოვანი (18 წლის ზემოთ) მოქალაქისთვის 3-6 თვის განმავლობაში 350 ევროს დარიგება, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს და რამდენს გამიმუშავებს (350 ლარი საქართველოს ბიუჯეტს სამი თვით 12%-მდე დაუჯდებოდა). ამ ფულზე (helicopter money) პასუხისმგებელი უნდა იყოს ევროპის ცენტრალუrი ბანკი. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი უპირობო უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღება (UUBI) იქნებოდა ეფექტური საშუალება არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, არამედ – ისტორიული მომენტი და საკითხი ევროპელი მოქალაქეების სოციალური თანადგომის და სოლიდარობის ისტორიაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა საქართველოსთვის სწორედაც დროულია, გაიმართოს დისკუსია და დებატები უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღებაზე (თემა განსაკუთრებით პოპულარული გახდა პროპონენტების- მარკ ცუკერბერგისა და ელონ მასკის გამოც), რადგან იგი თავისთავად გამოიწვევს ისეთი თემების განხილვის აუცილებლობასაც, როგორებიც არის: სამართლიანი საგადასახადო სისტემა, უთანაბრობა, პროგრესული გადასახადი, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობა, სიღატაკის აღმოფხვრა, კეთილდღეობის სახელმწიფო და სხვა სისტემური საკითხები.
თომას ჰობსის (მე-17-ე საუკუნე) მიხედვით, სახელმწიფოსთან დადებული სოციალური კონტრაქტის მთავარი მიზანი ადამიანთა (კონტრაქტის მეორე მხარის) სიცოცხლის შენარჩუნება იყო. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ეპიდემიით გამოწვეული დახურვის (lockdown) პირობებში მკვეთრად იზრდება სახელმწიფოს როლი, ძალაუფლების ხარისხი და – შესაბამისად – იქმნება პირობები და ჩნდება შანსი შედარებით სწრაფი და იოლი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისათვის, ანუ ყოველივე ზემოთ თქმულის განსახორციელებლად. მთავარია, არსებობდეს სწორი ხედვები, მათ შორის საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მიერ გაცნობიერებული სახელმწიფოს მისია, რაც სრულიად დაკნინებული იყო ბოლო 50 (ჩვენთან 30) წლის მანძილზე.
უმრავლეს ქვეყნებში, გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად არც კი უნდა მართოს (laissez-faire: „მიუშვი ბაზრის“ მონაწილენი). პოლიტიკოსებს და ბიზნეს ლიდერებს მათი მენეჯერული კრედო კარნახობდა -ზედმეტად დაყრდნობოდნენ ეფექტიანობის სტატიკურ კრიტერიუმებს, რათა გაემართლებიათ ხარჯების შემცირება, პრივატიზაცია და აუთსორსინგი.
ფაქტია, რომ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა (ვიეტნამი, კორეა, ახალი ზელანდია) პანდემიის დროს შედარებით კარგად გაართვეს თავი პრობლემებს, რადგან მათ მეტი მზაობა აღმოაჩნდათ შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა, კერძო სექტორთან თანამშრომლობისა (საჯარო სექტორისათვის), ინსტიტუციური და ადმინისტრირების ტრადიციისა.
თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაგალითად ევროკავშირმა ოპრეატიულად უპასუხა პანდემიის სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევას. წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, სხვადასხვა სექტორების გადასარჩენად და კომპანიების ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად გამოყონ სახსრები, საჯარო ფინანსური სქემებისა და გადავადებული გადასახადების სახით, რაც ევროკავშირის მშპ-ს 16%-ის ტოლფასია.
როგორც პოპულარული ბესტსელერის „დონატის ეკონომიკა“, ავტორი ქეით როუორთი აღნიშნავს – ოცდამეერთე საუკუნის ეკონომიკურ ნარატივში სახელმწიფოს როლი უნდა გადავიაზროთ… სახელმწიფო თანაბრად უწყობს ხელს, როგორც შინამეურნეობებს – ოჯახებსა და მათ წევრებს, ისე საჯარო ფასეულობებს (commons) და ბაზრებს. აქ ბევრი რამ იგულისხმება: საჯარო სიკეთეების მიწოდება -განათლება, ჯანდაცვა, სკოლამდელი აღზრდა, დედათა და მოხუცთა დახმარება, საერთო სიკეთეებზე, უპირველესად გარემოზე ზრუნვა ინსტიტუციებითა და რეგულაციებით, ინფრასტრუქტურის შექმნა, მუშათა უფლებების დაცვა და ა.შ.
ასევე სახელმწიფო თავის თავზე იღებს ისეთ სამეწარმეო რისკს, სადაც ბაზარი არ მუშაობს 2. აქ როუორთს მოჰყავს ზემოხსენიებული მთავრობის მართული ინოვაციების ეკონომისტის მარიანა მაცუკატოს მიერ გაანალიზებული ქეისები, რომლებიც არსებითად აშშ-ის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული: სმარტფონი, GPS, მიკროჩიპები, თაჩსქრინი და თვით ინტერნეტი 3. არ შეიძლება არ დაეთანხმო როუვორთის დასკვნას: „ავტორიტარული სახელმწიფოს მიღების საფრთხე რეალურია, მაგრამ ასევე საშიშია საბაზრო ფუნდამენტალიზმი“ (გვ. 86).
ბოლოს, სასიამოვნოა აღვნიშნოთ, რომ სულ ახლახანს საქართველოს მთავრობამ, რომელიც, წინამორბედების მსგავსად, პრაქტიკულად ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა, კორონაკრიზისის ფონზე რჩევებისათვის ოფიციალურად მიმართა დიველოპმენტალისტი ეკონომისტების ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრიცაა აღიარებული ექსპერტი ჰა -ჯუუნ-ჩანგი, რომლის მრავლისმეტყველი ფრაზაა: „თუ ჩვენ დავბრმავდებით თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიით, ჩვენ უგულებელვყოფთ საჯარო ლიდერშიპისა და საჯარო-კერძო (public-private) ძალისხმევის უდიდეს შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისათვის“ 4
ვნახოთ, როგორ შედეგს გამოიღებს ჩვენი ლიდერშიპისა და უმაღლესი კლასის პროფესიონალ-ეკონომისტთა თანამშრომლობა.
სქოლიო
1.„საციცოცხლო ეკონომიკა“; The Living Economy. A New Economics in the Making. Edited by Paul Ekins. First published 1986 by Routlege and Kegan Paul.
2. Raworth, K. Doughnut Economics. Seven ways to Think Like a 21st-Century Economist. Random House Buisness books in 2018
3. Mazzucato, M. (2013) The entrepeneurial state. London: Anthem Press
4. Chang, H.J. 2010. 23 Things they don’t tell you about capitalism.London: Allen Lane, p.136)
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.