2015 წლის 25 სექტემბერს მდგრადი განვითარების სამიტზე გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ახალი დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ, რომელიც, ასევე ცნობილია, როგორც გლობალური მიზნები სიღარიბის დაძლევის, პლანეტის დაცვისა და 2030 წლისთვის ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გაეროს მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10% შიმშილობს: 2019 წლის მონაცემების მიხედვით 690 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებება, დაახლოებით 10 მილიონით მეტი 2018 წელთან შედარებით.2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით მწვავე შიმშილს მსოფლიოში 151 მილიონი ადამიანი განიცდის, რისკის ქვეშაა 31 მილიონი ადამიანი. (Khorsandi, 2021). 2015 წლიდან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არასაკმარისად იკვებებიან. კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური კრიზისი, ომები, პანდემია და ა.შ. ის გამომწვევი მიზეზებია, რომლებიც ამცირებენ მსყიდველობითუნარიანობას, საკვების წარმოებისა და განაწილების შესაძლებლობას, რაც გავლენას ახდენს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაზე. გარდა იმისა, რომ Covid-19 პანდემია აძლიერებს გლობალური კვების სისტემის დაუცველობას, მდგრადი განვითარების მეორე მიზნის განვითარება, რაც გულისხმობს ნულოვანი შიმშილის მიღწევას,სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მრავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა განსაკუთრებით 2019 და 2020 წლებში, აღმოსავლეთ აფრიკაში კალიების გავრცელებისა და COVID-19 პანდემიის გამო. (Londero Brandli , Leal Filho, Lange Salvia , Rayman-Bacchus, & Platje, 2020)
COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, რასაც მოჰყვა საზღვრების დაკეტვა, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა, მოსავლის აღებისთვის საჭირო მუშახელის დეფიციტი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) გათვლებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკმარისი საკვები არ აქვთ, 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ასევე პანდემია გამოიწვევდა განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, პროდუქტებზე ფასების გაზრდას, რაც საკვებს კიდევ უფრო მიუწვდომელს გახდიდა ღარიბი მოსახლეობისთვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის მაქსიმ ტორეროს განცხადებით, COVID-19-მა პროტექციონიზმი გააძლიერა, შესაბამისად, სასურსათო ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა სურსათის მარაგების დეფიციტს გამოიწვევს იმ ქვეყნებში, რომლებიც სურსათის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. (აბლოთია, 2020) WFP ცდილობს შეამციროს COVID-19-იის გავლენა სასურსათო დახმარებაზე მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანების მხარდაჭერით,. რაც გულისხმობს სურსათის უვნებლობის მონიტორინგის გაფართოებას რამდენიმე ქვეყანაში, რათა შეფასდეს მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირება და შინამეურნეობების სამედიცინო მომსახურება. (Anthem, 2020)
დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, მოსახლეობას გადარჩენისთვის ყოველდღიური ხელფასი და სოციალური უსაფრთხოების ქსელი სჭირდება. აფრიკაის ქვეყნების მოსახლეობიდან 736 მილიონი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი 1,90$-ზე ნაკლებია. საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში, სადაც 413 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკა განსაკუთრებით მყიფეა. პანდემიის ზარალისა და დაინფიცირებულთა ზრდის გამო აფრიკის ბევრი ქვეყანა იღებს გადაუდებელ ზომებს ეკონომიკისა და ადამიანების დასაცავად. მაგალითად ეთიოპიაში, სადაც დაახლოებით 8,5 მილიონი ადამიანი იმყოფება ე.წ. IPC AFI (IPC Acute Food Insecurity) მესამე – კრიზისის – ფაზაში (reliefweb, 2020), მთავრობამ შეამსუბუქა ფულადი გზავნილების წესები.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ან ლტოლვილთა ურბანულ არაფორმალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანები დამოკიდებულნი არიან ბაზრებზე, რომლებიც მილიონობით ადამიანის შემოსავლის წყაროა. პანდემიის დროს ბაზრების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უმრავლესობას საკვების შეძენა აღარ შეუძლია (concern). სწორედ ამის გამო არიან ისინი მგრძნობიარეები ფასების რყევებისა და საკვებზე შესაძლო ხელმისაწვდომობის მიმართ.
მსოფლიოში საკვებზე ფასების სტაბილურობის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა განიცდის საცალო ვაჭრობაზე ინფლაციას, რაც გამოწვეულია პანდემიით, ვალუტის დევალვაციით, სხვა ფაქტორებით და იწვევს სურსათის მიწოდების შემცირებას. სურსათის ფასების ზრდას უფრო დიდი გავლენა აქვს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე, ვინაიდან ამ ქვეყნებში შემოსავლის ძირითადი ნაწილი იხარჯება საკვებზე, განსხვავებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისგან. საცალო ვაჭრობის გაზრდილი ფასები ნიშნავს, რომ უფრო მეტ ოჯახს უწევს საკვების მოხმარების რაოდენობისა და ხარისხის შემცირება. შიმშილის პირას მყოფ ადამიანთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის იმ ქვეყნებში, სადაც WFP მუშაობს. კალორიების შემცირებული რაოდენობით მიღება და საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება საფრთხეს უქმნის სიღარიბის შემცირებასა და ჯანმრთელობას, ამას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი გავლენა მცირეწლოვანთა გონებრივ განვითარებაზე. (WFP, 2020)
WFP-ის შიმშილის რუკა 2020 ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლეობაში არასაკმარისი კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში, თუ ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არიან შიმშილის პირას ან აქვთ არასაკმარისი საკვები, 2030 წლისთვის მიაღწევს 840 მილიონს (wfp). როგორც აღნიშნული რუკიდან ჩანს საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც მოსახლეობის 5-14,9% იკვებება არასაკმარისად.
მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ხელმიუწვდომლობა მთლიანად არ არის გამოწვეული საკვების დეფიციტით, მიწოდების შეფერხებებმა და ინფლაციამ იმოქმედა სოფლის მეურნეობის საკვანძო მასალებზე, როგორიცაა სასუქები და თესლი. გარდა ამისა, შრომის ხანგრძლივმა დეფიციტმა შეიძლება შეამციროს მომავალი სეზონის მოსავალი. თუ ფერმერები ძლიერ შიმშილს განიცდიან, მაშინ შესაძლოა თესლი მოიხმარონ საკვებად, რაც მომავალში საკვების დეფიციტის საშიშროებას გამოიწვევს. (worldbank, 2020)
პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად მსოფლიო ბანკი აწარმოებს მოკლე და გრძელვადიან პროექტებს. მაგალითად:
- ავღანეთში პანდემიის გამო დაზარალდნენ ფერმერები, საკვებზე გაიზარდა ფასები და პროდუქტის მიწოდება უფრო დეფიციტური გახდა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 100 მილიონი დოლარის გრანტი მოხმარდება ავღანეთში საკვების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, სოფლის მეურნეობაში მუშახელის დასაქმებას და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ადგილობრივი საკვების წარმოების გაზრდით.
- ანგოლაში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კომერციული სოფლის მეურნეობის პროექტი ეხმარება ფერმერებს, აგრეთვე, მცირე და საშუალო სოფლის მეურნეობის საწარმოებს, გაფართოვდნენ და გააუმჯობესონ საქმიანობა პანდემიის დროს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
- ბუტანში, მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს სურსათის განაწილებას მოკლევადიან პერსპექტივაში და სურსათის წარმოების გაუმჯობესებას საშუალოვადიან პერიოდში, წყალმომარაგების მიწოდების, მორწყვის გზით და ა.შ. (worldbank, 2020)
COVID-19 პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად აჩვენა მსოფლიოში არსებული უთანასწორობა. საჭიროა მეტი დაფინანსება, რომ გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარებები. პანდემიის გამო უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაოს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით ბავშვებს, შედეგად, 2020 წელს 10 მილიონამდე ბავშვი შიმშილობდა (concern). მიწოდების ჯაჭვებზე გამოწვეული ნეგატური შედეგებით შეზღუდვებმა საქონლის გადაადგილებაზეც.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორზე კორონა ვირუსის პანდემიის გავლენის გათვალისწინებით საჭიროა სწრაფი მოქმედება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სურსათის მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს ღარიბ და დაუცველ მოსახლეობაზე. პანდემიის პირობებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ჰუმანიტარული დახმარებების მიღება, რასაც გადაადგილების შეზღუდვებმა ხელი არ უნდა შეუშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება შიმშილის ზღვარზე მყოფთა სიაში. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერება, სურსათით გლობალური ვაჭრობის გაგრძელება და მცირე მეწარმეთა დახმარება სურსათის წარმოების გაზრდის მიზნით.
გამოყენებული ლიტერატურა
- Anthem, p. (2020 წლის 16. 04). Risk of hunger pandemic as coronavirus set to almost double acute hunger by end of 2020. მოპოვებული https://www.wfp.org: https://www.wfp.org/stories/risk-hunger-pandemic-coronavirus-set-almost-double-acute-hunger-end-2020-დან
- Londero Brandli , L., Leal Filho, W., Lange Salvia , A., Rayman-Bacchus, L., & Platje, J. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.
- აბლოთია, თ. (2020 წლის 24 04). Neue Zürcher Zeitung: კორონავირუსის შემდეგ კაცობრიობას შიმშილის პანდემია ელის. მოპოვებული https://commersant.ge: https://commersant.ge/ge/post/neue-zrcher-zeitung-koronavirusis-shemdeg-kacobriobas-shimshilis-pandemia-elis-დან
- Brandli, L. L. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.
- concern.net. (თ. გ.). Extremely Poor People Will Go Hungry As Covid-19.
- Filho, W. L. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.
- Khorsandi, P. (2021 წლის 7 01). Interview: WFP emergencies chief calls for funds to avert famine. მოპოვებული https://www.wfp.org/: https://www.wfp.org/stories/hunger-hotspots-2021-world-food-programme-united-nations-famine-food-aid-დან
- reliefweb. (2020 წლის 09 09). Ethiopia IPC Acute Food Insecurity Analysis July 2020 – June 2021 (Issued September 2020). მოპოვებული https://reliefweb.int/: https://reliefweb.int/report/ethiopia/ethiopia-ipc-acute-food-insecurity-analysis-july-2020-june-2021-issued-september#:~:text=Food%20security%20analysis%20for%20ru-დან
- WFP. (2020). HOW WFP RESPONDED TO COVID-19.
- worldbank. (2020 წლის 14 12). Food Security and COVID-19. მოპოვებული https://www.worldbank.org: https://www.worldbank.org/en/topic/agriculture/brief/food-security-and-covid-19-დან
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: მდგრადი განვითარების მიზანი 2: არა შიმშილს