ცირკი
პატარა სპილოს წვრთნა ცირკის ნომრისთვის (2010 წელი).

ცირკი – ცხოველთა ჯოჯოხეთი

ის, რაც ადამიანისთვის გასართობია, ზოგჯერ სხვა არსების ტანჯვის ტოლფასია. ყოველწლიურად არაერთი ცირკი ათასობით კილომეტრს გადის და უამრავ მნახველს საოცარი ტრიუკებით აოცებს, რომელთა მონაწილეც, ხშირად, ცხოველები არიან.

ცხოველებისთვის დიდი მანძილის დაფარვა, მშობლიურ გარემოს მოწყვეტა და გამუდმებული მგზავრობა ძალიან დიდი სტრესია, მაგრამ ეს არფერია იმ ტანჯვასთან შედარებით, რომლის გამოვლაც მათ წვრთნის პროცესში უწევთ.

წვრთნის პროცესი, როგორც წესი გასაიდუმლოებულია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სადისტური მეთოდები სააშკარაოზე გამოსულა. მათრახი, ხრახნით ცხოველზე მიმაგრებული ხელჯოხი, რკინის ქაცვებით მიკრული აქსესუარები და ელექტრო შოკი ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც წვრთნისა და უშუალოდ ნომრის შესრულების მომენტში დაუფიქსირებიათ.

2009 წელს Animal Defenders International-ის ფარულმა კამერამ ცირკის სპილოების ერთი დღე დააფიქსირა. კადრებზე ასახული არაადამიანური მოპყრობა მხოლოდ და მხოლოდ ფულისა და სანახაობისთვისაა. აღნიშნული კადრები, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თავად იხილოთ.

წამების ამბებს ყვებიან ცირკის ყოფილი თანამშრომლებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი პატარა ყავისფერ ბელზე გვიყვება:

ის იყო პატარა, ტკბილი, უდანაშაულო ყავისფერი დათვი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა… მაგრამ ზოგჯერ სიმაღლეზე გაჭიმულ თოკზე ბალანსს ვერ ინარჩუნებდა. ამის გამო მას ყვირილამდე და სისხლდენამდე გრძელი, რკინის ჯოხით სცემდნენ. ის [დათვი] იმდენად ნერვიული გახდა, რომ საკუთარი პატარა გალიის გისოსებს ურტყამდა თავს. საბოლოოდ მან სიცოცხლე დაასრულა…

ამ ყველაფრის შემდეგ, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ცირკში ცხოველების გამოყენება აკრძალა. აშშ-ს 40-მდე შტატში, ევროპის 30-ზე მეტ სახელმწიფოში და მსოფლიოს კიდევ არაერთ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციები უკვე მიღებულია, ან დისკუსია მიმდინარეობს. ამ ქვეყნების სრული სია შეგიძლიათ აქ იხილოთ.

თუმცა, სანამ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ყოყმანობს შემზღუდველი კანონების მიღებაზე, უდანაშაულო ცხოველები საკუთარ სიცოცხლეს ისევ ტანჯვაში ატარებენ.

გამოყენებული წყარო

Animal circuses, animal suffering


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ცხოველთა ტესტირება – ლაბორატორიაში გატარებული სიცოცხლე

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *