ცხოველთა ტესტირება ბაჭია
წყარო: Shutterstock

ცხოველთა ტესტირება – ლაბორატორიაში გატარებული სიცოცხლე

ცხოველთა ტესტირება არის პროცედურა, რომელიც ნიშნავს ცოცხალ ცხოველებზე  ჩატარებულ ქმედებებს  დაავადებათა კვლევის,  სამკურნალო, სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების უსაფრთხოების შესამოწმებლად, მაგალითად, როგორიცაა კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები. ტესტირებაში გამოყენებული ცხოველების უმრავლესობა ლაბორატორიებში იბადება და იქ უწევს მთელი სიცოცხლის გატარება, თითოეულ პროცედურას, როგორი „მსუბუქიც“ არ უნდა იყოს, უდიდესი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს ცხოველებისთვის.  მათ ორგანიზმში სხვადასხვა პრეპარატი შეჰყავთ, უკეთებენ ოპერაციებს, აკვირდებიან და შემდეგ ხოცავენ. მაგალათად კვლევის დაწყების წინ არ იყენებენ არანაირ გამაყუჩებელს, რადგან ამან შეიძლება გარკვეულად იმოქმედოს  ექსპერიმენტის საბოლოო შედეგზე.  პროცედურის დასრულებისას  მათ უმეტესობას კლავენ ან იყენებენ შემდგომ ექსპერიმენტში.

დღესდღეობით ბევრ კომპანიას ტესტირება აღარ ესაჭიროება პროდუქტის შესამოწმებლად, რადგან ისინი იყენებენ ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა ფორმულები კლასიფიცირებულია როგორც „ზოგადად უსაფრთხოდ აღიარებული“, თუმცა ისინი განაგრძობენ ცდებს, რათა ჰქონდეთ სამართლებრივი მტკიცებულება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ავნებს მომხმარებელს.

ტესტირებების გაგრძელების  მიზეზი ხშირად სამეცნიერო სულაც არაა, ამის მიზეზი შეიძლება სამეცნიერო დაწესებულების კონსერვატიზმისაკენ მიდრეკილება იყოს, რადგან უფრო მარტივია გააკეთო ის, რასაც ყოველთვის აკეთებდი და ახალი შედეგები ძველს შეადარო.

ნავარაუდებია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 115 მილიონზე მეტი ცხოველი გამოიყენება ექსპერიმენტებში, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგან მონაცემებს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილი აგროვებს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი ცხოველი გამოიყენება ლაბორატორიული ცდებისთვის. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო შედიან ტოპ სამ ქვეყანაში ცხოველთა მიმართ სისასტიკის მხრივ.

ექსპერიმენტები ტარდება ცხოველების სხვადასხვა სახეობაზე, მაგრამ, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია: კურდღლები, თაგვები, ვირთხები, თევზები, ძაღლები, კატები და მაიმუნები.

ცხოველთა უფლლებები თანამედროვე სამყაროში

1997 წელს The Universal Declaration on Animal Welfare (UDAW) მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველს აქვს სიცოცხლისა და პატივისცემით მოპყრობის უფლება, თუმცა უამრავი ადამიანი დღემდე უგულებელყოფს კანონს და ხშირად დაუსჯელებიც რჩებიან, ასეთი უმეტესად სილამაზისა და მოდის ისეთი ბრენდებია, რომლებიც ბაზარზე მყარ პოზიციებს იკავებენ  და მილიონობით მომხმარებელზე სერიოზული გავლენა აქვთ. ეს დეკლარაციის სისუსტეზე მიუთითებს, რადგან სავალდებულო ხასიათი არ აქვს და ქვეყნებიც მარტივად უგულებელყოფენ.

ცხოველთა წამების წინააღმდეგ ბრძოლა ბრიტანეთში, სილამაზის ბრენდ „The body shop“-იდან იწყება. კომპანიამ სისასტიკის აკრძალვისთვის 8 მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა. მათმა ცდამ შედეგი გამოიღო და 1998 წელს ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა კოსმეტიკური პროდუქტებისთვის ცხოველთა ტესტირება. 2013 წელს ცდები ცხოველებზე აკრძალა ევროკავშირმაც.

არის თუ არა ცხოველებზე ტესტირება  სანდო?!

ცხოველებში მსგავსი ტესტების ჩატარების ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან რეაქციები და სიმპტომები, რომელიც კვლევის ობიექტებში გამოიხატება, ხშირად არ შეესაბამება ადამიანისას, ამიტომ, წამლებმა, რომლებიც ცდაში მონაწილე ყოველი 10  კანდიდატიდან 9 შემთხვევაში ეფექტიანი და სანდო აღმოჩნდა, ადამიანებში შედეგი არ გამოიღო. ასევე, ინსულტის საწინააღმდეგო/სამკურნალო ათასი პოტენციური პრეპარატი ტესტირებულია ცხოველებზე, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ეფექტიანი პაციენტებში. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ შედეგების სანდოობას და სულ უფრო აქტიურად იწყებენ ფიქრს ალტერნატივებზე.

ალტერნატივა

იქიდან გამომდინარე, რომ საუკუნეების განმავლობაში ცხოველებზე ტესტირებები მიმდინარეობდა და ამ პერიოდში მიიღწა სამედიცინო პროგრესიც, თვლიან, რომ ლაბორატორიული კვლევები უნდა გაგრძელდეს ცხოველებზე. თუმცა, დღესდღეობით,  უამრავი მაგალითი გვაქვს, თუ როგორ ჩაანაცვლა ახალმა, უფრო წარმატებულმა ტექნოლოგიამ ძველი, ერთი შეხედვით, შეუცვლელი მეთოდებიცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები სამედიცინო ისტორიის ნაწილია, თუმცა დროა, მივაკუთვნოთ ისინი წარსულს და დავიწყოთ ახალი თავი – XXI საუკუნის მეცნიერება.

ცხოველების ტესტირების ჩანაცვლება არ ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ დადგება ადამიანი ან სამედიცინო პროგრესი.

  •  უჯრედის კულტურები

ლაბორატორიაში შესაძლებელია გაიზარდოს ადამიანისა და ცხოველის თითქმის ყველა ტიპის უჯრედი, გადააქციონ ისინი 3D სტრუქტურებად, მაგალითად ადამიანის ორგანოები, რომლებიც ტესტირების უფრო რეალისტურ გზას გაივლიან. უჯრედების კულტურები დღესდღეობით უკვე დიდ როლს თამაშობს ისეთი დაავადებების მართვაში, როგორიცაა: კიბო, სეფსისი, შიდსი და თირკმელების დაავადება, ისინი გამოიყენება ქიმიური უსაფრთხოების ტესტირების, ვაქცინების წარმოებისა და მედიკამენტების შექმნისას. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურია ცხოველების ხელოვნურად შექმნილი უჯრედებით ჩანაცვლება.

კურდღლებზე ჩატარებული კანის გაღიზიანებადობის განმსაზღვრელი ტესტი ადამიანის კანის მგრძნობელობის მხოლოდ 60%-იან სიზუსტეს აჩვენებს. 3D ეპიდერმიული ქსოვილი კი იძლევა 86%-იან სიზუსტეს!

  •  ადამიანის ქსოვილები

მოხალისეების მიერ გაჩუქებულ ჯანმრთელ და დაავადებულ ქსოვილებს უფრო ზუსტი შედეგის მოცემა შეუძლიათ, ვიდრე ტესტირებას ცხოველებზე. მაგალითად, შექმნილია ადამიანისა და სხვა ქსოვილების რეკონსტრუირებული კანისა და თვალის მოდელები, რომლებიც გამოიყენება კურდღლებზე სასტიკი ცდების ჩასანაცვლებლად. კომპანიები, როგორიცაა „Episkin“, „Mattek“ და „CellSystems GmbH“, ტესტირების ამ მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ კომპანიებმა თავიანთი კოსმეტიკური და სხვა ნივთიერებების შესამოწმებლად ასეთი ტექნოლოგია გამოიყენონ.

  •   კომპიუტერული მოდელები

კომპიუტერისა და ტექნიკის მზარდი შესაძლებლობებით, სულ უფრო რეალური ხდება ადამიანის სხეულის ნაწილების მოდელირება და ტირაჟირება. კომპიუტერული მოდელების საშუალებით შესაძლებელი გახდება ვირტუალური ცდების ჩატარება არსებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით.

  • ე.წ. Quantitative structure-activity relationships (QSARs) 

დაფუძნებულია კომპიუტერულ ტექნიკებზე, რომლებიც საზღვრავს კონკრეტული ნივთიერების ნეგატიურ ეფექტებს მსგავს ნივთიერებათა მახასიათებლების შედარებით, ან ადამიანის შესახებ არსებული ბიოლოგიური მონაცემებით. ბევრი კომპანია და მთავრობა მხარს უჭერს ამ პრაქტიკას ცხოველთა ჩასანაცვლებლად.

კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების  შეფუთვებზე გამოსახულია ლოგო, რომელიც გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ბრენდები პროდუქციის შექმნისას არ იყენებენ ცხოველებზე ტესტირების მეთოდს. თუ თქვენ ამ ლოგოებს ნახავთ შეფუთვაზე, ნიშნავს, რომ პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე და შეგიძლიათ ენდოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ კოსმეტიკის შეძენისას, როგორც ეთიკურმა მომხმარებელმა?

  • ჩაატარეთ კვლევა იმ კომპანიასა თუ პროდუქციაზე, რომლის შეძენასაც აპირებთ. გარდა ამისა, კარგად გაეცანით იმ კომპანიების სიას, რომლებიც ტესტირებისთვის იყენებენ ცხოველებს
  • იყავით კრიტიკულები – არ ენდოთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „vegan“, „bio“, „organic“… ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა, დააკვირდით ლოგოებს და გადაამოწმეთ მონაცემთა ბაზაში

მდგრადი განვითარების მე-12 მიზანია მდგრადი მოხმარება და წარმოება, მომხმარებელს მნიშვნელოვნად შეუძლია კომპანიის პოლიტიკის შეცვლა, თუ საზოგადოება არ შეიძენს პროდუქტს, რომელიც ცხოველეზე იტესტება, კომპანიას მოუწევს უფრო აქტიურად იფიქროს და დანერგოს ალტერნატივები. საჭიროა გავიაზროთ თითოეული ჩვენგანის როლი და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ცხოველების სიცოცხლეს.

ცხოველთა ტესტირება
ბრენდები და კომპანიები, რომლებიც პროდუქტს ცხოველებზე არ ტესტავენ

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bartel, S. K., & joonghwa, l. (2014). What’s Cruel About Cruelty Free. University of illinois press.
  2. crueltyfreeinternational.org. (2020). Alternatives to animal testing. მოპოვებული crueltyfreeinternational.org: https://www.crueltyfreeinternational.org/why-we-do-it/alternatives-animal-testing-დან
  3. Humane Society International . (2012 წლის 21 10). About Animal Testing. მოპოვებული Humane Society International .-დან
  4. Humanesociety.org. (2020). Cosmetics testing FAQ. მოპოვებული Humanesociety.org: https://www.humanesociety.org/resources/cosmetics-testing-faq#alternatives-დან
  5. peta.org. (2020). Animals Used for Experimentation. მოპოვებული peta.org: https://www.peta.org/issues/animals-used-for-experimentation/-დან
  6. Rose, S. (2020). list of officially cruelty. მოპოვებული crueltyfreekitty.com: https://www.crueltyfreekitty.com/list-of-cruelty-free-brands/-დან
  7. მესხია, ე. (2020). ცხოველთა უფლებები თანამედროვე სამყაროში. მოპოვებული mag.buyers.ge: http://mag.buyers.ge/the-modern-world-and-animal-rights/-დან

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: გარემოსდაცვითი გადასახადები.

ნინუცა გუგულაშვილი

ნინუცა გუგულაშვილი

ნინუცა გუგულაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *