საქართველოს განათლება და მდგრადი განვითარება
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთგული, მკითხველი კარგად სცნობს მდგრადი განვითარების არსს, რომელიც გულისხმობს დედამიწის შეზღუდული რესურსების იმგვარ გამოყენებას, რომ მომავალმა თაობებმაც შეუზღუდავად ისარგებლონ ამ რესურსებით და პარალელურად, არ უნდა დაზარალდეს არც ეკონომიკა, არც გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და არც საზოგადოება. რომ მკითხოთ, თუ რა არის საჭირო ამისთვის, ზუსტად ერთი სიტყვით გიპასუხებთ: შეგნება!
როგორ უნდა მივაღწიოთ შეგნების საჭირო დონეს? აქაც ერთსიტყვიანი პასუხი მექნება: განათლებით!
საქართველო, ადამიანური განვითარების ინდექსში, განათლების მიმართულებით რანჟირებულ სიაში არც ისე სახარბიელო, 61-ე ადგილის იკავებს (UN, 2020). ეს შედეგი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემას ძირეული ცვლილება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ გამოიმუშავებს იმ საჭირო კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ უნარებს, რომელიც სახელმწიფოს მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
რას გულისხმობს „სწავლება მდგრადი განვითარებისთვის“?
დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა აღარაა განათლების სისტემაში ტრადიციული, პირად და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა. დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც საჭიროა ძირეულად შეიცვალოს განათლების სისტემა ისე, რომ ის მოერგოს მდგრადი განვითარების პრინციპებს.
ტრადიციული განათლების სისტემისგან განსხვავებით, მდგრადი განვითარებისთვის სწავლება გულისხმობს ჰოლისტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად ისახავს დედამიწის ნებისმიერი ცოცხალი არსების ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნას. ადამიანებს ღრმა ბავშვობიდანვე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა, უნარები, შეხედულებები და ღირებულებები, რომლებიც მდგრადი მომავლის შექმნისთვისაა აუცილებელი (Nayar, 2013).
მდგრადი განვითარებისთვის სწავლება გულისხმობს ძირითადი გარემოსდაცვითი, ეკონომიკური ან სოციალური გამოწვევების (მაგალითად, კლიმატის ცვლილება) ინტეგრირებას ისეთ ძირითად საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, ხელოვნება და მისთ., მოიცავს რა აღზრდა-სწავლების მრავლისმომცველ და თანამედროვე მიდგომებს. მოსწავლეებს ინფორმაცია იმგვარად უნდა მიეწოდოთ, რომ მათ მარტივად შეძლონ თეორიულად მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში დანერგვა და მათი ძირითადი ხედვის მდგრადი განვითარებისკენ მომართვა.
რა ნაბიჯებია საჭირო საქართველოში?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ისევე, როგორც სტატიის დასაწყისში, პასუხად ისევ ერთი სიტყვის თქმა შემიძლია: გამბედაობა! დიახ, დღევანდელი ქართული განათლების სისტემას ესაჭიროება გამბედავი ნაბიჯები იმისათვის, რომ საფუძვლიან ცვლილებებს მივაღწიოთ. ცვლილებები არ გულისხმობს რაღაც ერთი, ან ორი საგნის შექმნას, რომელსაც მოსწავლეები სკოლებში თუ უნივერსიტეტებში ერთი-ორი წლის მანძილზე ისწავლიან და ამით დასრულდება ყველაფერი. საჭირო ცვლილებები განათლების თითოეულ კომპონენტში, თითოეულ საგანსა თუ აქტივობაში, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ჩატარებულ ღონისძიებებში მდგრადი განვითარების სწორი გაგებით ინტეგრირებას და ჩართვას გულისხმობს. ამას კი, დამეთანხმებით, დიდი გამბედაობა და გრძელვადიანი ხედვის არსებობა სჭირდება.
უფრო კონკრეტულად რომ ჩავშალოთ, საქართველოში სწავლება მდგრადი განვითარებისთვის მოითხოვს:
- მდგრადი განვითარების საკითხები ჩაშენდეს სწავლების ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) ინტერდისციპლინარული და ჰოლისტიკური მიდგომით;
- გათვლილი უნდა იყოს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებაზე, რათა შეძლონ მათ წინაშე წამოჭრილი ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოჩენა, გადაჭრის გზების ძიება და მოქმედება;
- დებატების, კონფერენციების, ხელოვნების, ლიტერატურისა და მისთანანის ინტეგრირებით გამრავალფეროვნდეს სწავლების პროცესი;
- თითოეული მოსწავლე-სტუდენტი აქტიურად ჩაერთოს, თვალი ადევნოს და გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ, ადგიობრივ თუ რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვანი საერთო გადაწყვეტილების მიღებაში;
- მორგებული იყოს ადგილობრივ ინტერესებს და ითვალისწინებდეს ზოგადსაკაცობრიო ხედვებს;
- რაც მთავარია, უნდა ორიენტირდეს გრძელვადიან მომავალზე.
როდის უნდა დავიწყოთ მოქმედება? ხვალ? ზეგ? შემდეგ წელს თუ შემდეგ ათწლეულში? აქაც ერთი სიტყვით გაგცემთ პასუხს: დღეს! დღეს და მხოლოდ დღეს!
გამოყენებული რესურსები
- Nayar, A. (2013 წლის 29 სექტემბერი). Importance of Education for Sustainable Development. მოპოვებული panda.org: https://wwf.panda.org/wwf_news/?210950/Importance-of-Education-for-Sustainable-Development
- UN. (2020). Education index. მოპოვებული 2021, hdr.undp.org: http://hdr.undp.org/en/indicators/103706
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.
იხილეთ აგრეთვე: კორონავირუსის გავლენა განათლების სექტორზე
საქართველოს განათლება და მდგრადი განვითარება