Act For Sustainability

Act For Sustainability

25 და 26 სექტმებერს ოიკოს თბილისის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „oikos CEE Meeting“ გაიმართა. 2020 წლის კონფერენციის სახელწოდება „იმოქმედე მდგრადი განვითარებისთვის“ („Act For Sustainability“) იყო და აერთიანებდა 3 ძირითად თემას: ცვლილებებს მსოფლიოში, ბიზნესსა და სწავლების მეთოდებში. ღონისძიება, ეპიდვითარების გამო სრულიად ონლაინ ფორმატში ჩატარდა. 

კონფერენციის ორივე დღე მოიცავდა როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ნაწილებს. ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავალო ნაბიჯების  შესახებ ისაუბრეს. ორივე დღეს კონფერენციას ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

Act For Sustainability

„Act For Sustainability-ის“ ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი პლატფორმის (sustainability.ge-ის) წარმომადგენლებიც.

ღონისძიების შესახებ ჩვენს შეკითხვებს ოიკოს თბილისის პრეზიდენტი, დიანა ბაბლიაშვილი პასუხობს: 

რამდენად დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო თქვენთვის მსგავსი ღონისძიების ორგანიზება? 

ჩემთვის მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ვინაიდან, პირველად შევეჭიდეთ მეც და კონფერენციის მთელი გუნდიც ამხელა ამბავს. მეორე მხრივ, ზემოთქმული უპირატესობადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გამოცდილების გარეშე პროექტის წარმატებით განხორციელება სიახლეებთან შეთავსებას, შემეცნებას, შეცდომებზე სწავლასა და უამრავ შრომას მოითხოვს, რასაც კონფერენციის გუნდმა დიდი მოტივაციის, თვითგანვითარებისა და პოტენციური მონაწილეებისთვის ღირებული პროდუქტის შეთავაზების სურვილის წყალობით ძალიან კარგად გაართვა თავი. თვითგანვითარების გარდა, oikos-ის გამოცდლი წევრები დაწყებული აპლიკაციიდან, პროექტის დასასრულამდე ჩვენ გვერდით იდგნენ, ანუ გუნდი მუდმივად სწავლობდა დაგეგმვის პროცესში. ორგანიზაციის მთავარი მიზანი მდგრადი განვითარების პოპულარიზების გარდა, მისი წევრების საზოგადოების აქტიურ და გამოცდილ ნაწილად ჩამოყალიბებაა.


გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს კოვიდ-ვითარებაც, თავდაპირველად, კონფერენცია იგეგმებოდა შეხვედრის ფორმატით, შემდეგ ჰიბრიდულ ფორმატზე გადავედით, რადგან რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მონაწილეები ვეღარ ახერხებდნენ ქვეყანაში ვიზიტს. საბოლოო რეკომენდაციების თანახმად, კონფერენცია ონლაინ გაიმართა. დღევანდელი გადმოსახედით, აღნიშნულს გამოცდილებად აღიქვამს მთელი გუნდი, ჩათვალეთ სამი კონფერენცია დავგეგმეთ ერთის ნაცვლად, შესაბამისად, გუნდი მზად არის სხვადასხვა ფორმატის პროექტები წარმატებით შესთავაზოს მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებას.

როგორი შეფასება მიიღეთ უშუალოდ მონაწილეებისგან და რა ემოციებით დატოვეს შეხვედრა?

მონაწილეების მხრიდან მივიღეთ დადებითი შეფასებები და როგორც აღნიშნეს, პროექტის ორივე დღე შთამბეჭდავი იყო მათთვის. მოსწონდათ, თუ როგორი თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული იყო დღის განმავლობაში სესიები.

კონფერენციის დასასრული საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ არ სურდათ კონფერენციის დასრულება და კიდევ დაესწრებოდნენ რამდენიმე საათს დიდი სიამოვნებით.

დასასრულს, დიანა აღნიშნავს, რომ ოიკოს თბილისი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის, სიახლეებით და მდგრადი განვითარების პოპულარიზებით დაინტერესებულ მოტივირებულ სტუდენტებს საკუთარ რიგებში ელოდება და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და შემსრულებელი გახდება. 

დიანა მადლობას უხდის ჩვენი პლატფორმის წევრებს გაწეული შრომისთვის და ამ სტატიის მკითხველებს მოუწოდებს, მოიწონონ ოიკოს თბილისის Facebook გვერდი, რათა მდგრადი განვითარების მიმართულებით მომავალში ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და აქტივობებს არ გამოაკლდენ.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *