მდგრადი ტრანსპორტი

მდგრადი სატრანსპორტო სისტემა

მდგრადი სატრანსპორტო სისტემამნიშვნელობა

თუ თვალს გადავავლებთ კაცობრიობის ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ტრანსპორტი მუდმივად ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენს ცხოვრებაში. კერძოდ, გადაადგილების საშუალებაზე ფიქრი ადამიანებმა, ჯერ კიდევ, ძვ.წ. 3500 წელს დაიწყეს, როდესაც მოიშინაურეს პირველი „ორგანული ტრანსპორტი“ – ცხენი (Beam, 2009). „ორგანული ტრანსპორტი“, დროთა განმავლობაში, ჩანაცვლდა სხვადასხვა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით, რამაც, საბოლოოდ, საფუძველი ჩაუყარა უმსხვილეს გლობალურ, ეროვნულ და ადგილობრივ სატრანსპორტო სისტემებს. 

კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან, ჩვენი საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია გადაადგილებაზე. თუმცა, ჩვენს გადაადგილებასთან ერთად მსოფლიოში, უფრო და უფრო, იმატებს წლიური საშუალო ტემპერატურა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს ტრანსპორტისა და გლობალური დათბობის მჭიდრო კორელაციაზე. 

ტრანსპორტის გავლენა გარემოზე

განასხვავებენ ტრანსპორტის პირდაპირ, არაპირდაპირ და კუმულაციურ გავლენას გარემოზე (Rodrigue, 2020). 

  • პირდაპირი გავლენა გულისხმობს სატრანსპორტო აქტივობის შედეგად გამოწვეულ აბსოლუტურ, უშუალო შედეგს გარემოზე, მაგალითად, ხმაური და ნახშირბადის მონოქსიდის ემისიები (Rodrigue, 2020). აქედან გამომდინინარე, გლობალური ემისიების, დაახლოებით, 24% მოდის ტრანსპორტის სექტორზე, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებს (Rodrigue, 2020). ვინაიდან, ურბანიზაციის დონე საგრძნობლად იზრდება და ტრანსპორტის უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია ქალაქებში, ტრანსპორტის სექტორის ემისიების 72% მოდის სწორედ საგზაო ტრანსპორტზე (Wang & Ge, 2020);
  • არაპირდაპირი გავლენა გულისხმობს სატრანსპორტო აქტივობის მეორეულ შედეგებს. ხშირად არაპიდაპირი გავლენა უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს, ვიდრე პირდაპირი. მაგალითად, მყარი ნაწილაკები, რომლებიც წარმოიქმნება შიგაწვის ძრავაში საწვავის არასრული წვის შედეგად, არაპირდაპირ უკავშირდება რესპირატორულ (სასუნთქ) და კარდიოვასკულარულ (გულს-სისხლძარღვთა) დაავადებებს (Rodrigue, 2020);
  • კუმულაციური გავლენა მოიცავს სატრანსპორტო აქტივობის კომპლექსურ და სინერგიულ შედეგებს. კუმულაციური გავლენა გულისხმობს როგორც პირდაპირ, ისე, არაპირდაპირ შედეგებს ეკოსისტემაზე. მაგალითად, კლიმატის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორებით, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორის ემისიებით (Rodrigue, 2020).

მდგრადი სატრანსპორტო სისტემა

მდგრადი სატრანსპორტო სისტემა გულისხმობს საზოგადოების მობილობის (გადაადგილების) საჭიროებების დაკმაყოფილებას იმგვარი საშუალებებით, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს გარემოს და არ შეაფერხებს მომავალი თაობების გადაადგილებას (Rodrigue, 2020). აღსანიშნავია, რომ მდგრადი ტრანსპორტი, ე.წ. მწვანე ტრანსპორტი, არ არის დამოკიდებული ამოწურვად ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა წიაღისეული საწვავი. მდგრადი სატრანსპორტო საშუალებები ფუნქციონირებს განახლებად და აღდგენილ ენერგიაზე, რის გამოც მიიჩნევა, რომ ტრანსპორტის ამ სახეობებს ძალიან დაბალი, ან ნაკლებად ნეგატიური გავლენა აქვთ გარემოზე (Evans, 2011).

ტრანსპორტისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტი განსაზღვრავს (ITPD) მდგრადი სატრანსპორტო სისტემის რვა პრინციპს: 

    • ფეხით სიარული (საზოგადოებაში ფეხით სიარულის პოპულარიზება);
    • ველოსიპედით გადაადგილება (არამოტირიზებული სატრანსპორტო სისტემის პრიორიტიზება);
    • დაკავშირება (გზებისა და საფეხმავლო ბილიკების კომპლექსური სისტემების შექმნა);
    • გადაყვანა (განვითარების კონცენტრირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ირგვლივ);
    • შერევა (გეგმა სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობის გამოყენებისთვის);
    • სიმჭიდროვე (სიმჭირდროვისა და ტრანზიტის მოცულობის ორგანიზება);
    • კომპაქტურობა (მოკლე დისტანციით დაშორებული რეგიონების/რაიონების შექმნა);
    • გადასვლა (მობილობის გაზრდა მანქანის სადგომებისა და გზის გამოყენების რეგულირებით) (Amit, Kumar & Sharma, 2018, p.1597).

აღნიშნული პრინციპების განხორციელება დაგვეხმარება უფრო მდგრადი და მწვანე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტრანსპორტის სექტორის უარყოფით გავლენას გარემოზე და წვლილს შეიტანს უფრო მწვანე გლობალური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.


გამოყენებული ლიტერატურა

Beam, C. (2009, March 6). Man’s First Friend. Slate Magazine. https://slate.com/news-and-politics/2009/03/which-animal-did-we-domesticate-first.html

Evans, M. (2011, April 20). Sustainable Transport. Earth Times | News and Information about Environmental Issues. https://www.earthtimes.org/encyclopaedia/environmental-issues/sustainable-transport/

Rodrigue, J. (2020, January 25). Transport and sustainability. The Geography of Transport Systems. https://transportgeography.org/?page_id=5725

Rodrigue, J. (2020, February 24). Transportation and the environment. The Geography of Transport Systems. https://transportgeography.org/?page_id=5711

Wang, S., & Ge, M. (2020, January 14). Everything you need to know about the fastest-growing source of global emissions: Transport. World Resources Institute. https://www.wri.org/blog/2019/10/everything-you-need-know-about-fastest-growing-source-global-emissions-transport

Vashisth, A., & Kumar, R., & Sharma, Sh. (2018). Major Principles of Sustainable Transport System: A Literature Review. International Journal for Research in Applied Science & Engineering Technology. 6. 1597-1605.

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. 2 წელია აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილებისა და ასევე, მდგრადი განვითარების სფეროში. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos Tbilisi Local Chapter of oikos International-ის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami