შრომითი მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე და ცირკულარული მიგრაცია

შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. იგი შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნებს შორის. გამოყოფენ  მუდმივ, დროებით ან სეზონურ მიგრაციას. ადამიანების ასეთ გადაადგილებას აქვს მთელი რიგი მიზეზები. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან ეკოლოგიური. შრომითი მიგრაცია ახდენს ორმხრივ გავლენას, როგორც მიმღებ ქვეყანაზე, ასევე, მშობლიურ ქვეყანაზე. მისი გავლენა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

შრომითი მიგრაცია განვითარებად ქვეყნებს აყენებს რისკების წინაშე და ამავდროულად აძლევს მათ პოტენციალს ეკონომიკური განვითარების მხრივ. მიგრანტების უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული ინტეგრაცია სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მომტანია შემდეგ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ამ პროცესმა შესაძლოა ყოველწლიურად 800 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდე  შემატოს გლობალურ ეკონომიკას. კარგად მართული საერთაშორისო მიგრაცია, რომელიც გულისხმობს რისკების შემცირებას და ადამიანთა უფლებების დაცვას, შეიძლება სოციალურად და კულტურულად პროდუქტიული გამოცდილება გახდეს საზოგადოებისათვის. ახალგაზრდების მიერ უცხოური სამუშაო გამოცდილების მიღებას შეუძლია ახალი შესაძლებლობების გაჩენა მიმღები და მშობლიური ქვეყნებისათვის.

მიგრაცია და მდგრადი განვითარება

განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის მიღწევა, როგორც არასდროს, დამოკიდებულია ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობებზე, ხელი შეუწყონ ინტეგრირებულ ინკლუზიურ შრომით მიგრაციას.მდგრადი ეკონომიკური ზრდა მოითხოვს, საზოგადოებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ხალხს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, რომელიც იქნება ეკონომიკის მასტიმულირებელი და ამასთანავე, ზიანს არ მიაყენებს გარემოს. სამუშაო ადგილების შექმნა საჭიროა ყველა ასაკის ადამიანისათვის. ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოხდეს შემოსავლების სათანადოდ მართვა, აქტივების დაგროვება და პროდუქტიული ინვესტიციების განხორციელება. (მდგრადი განვითარების მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. (2020, May 8). Sustainability.Ge.)

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად მხარს უჭერს 11 ქვეყანას – ბანგლადეშს, ეკვადორს, იამაიკას, ყირგიზეთს, მოლდოვას, მაროკოს, ნეპალს, ფილიპინებს, სერბეთს, სენეგალსა და ტუნისს – გააგრძელონ მიგრანტების და მათი პრობლემების მოგვარება და მოახდინონ მიგრაციის განვითარების გეგმებში ინტეგრირება.

მოლდოვამ შვეიცარიის მხარდაჭერით მიაღწია ორმხრივ დიალოგს მიგრანტების განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც 10 000-ზე მეტი მიგრანტი მონაწილეობდა. (Asako Okai. (2020, January 20). Making migration work for sustainable development.UNDP.)

მიგრაციის აქტუალურობა

მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაციის აქტუალურობა. გლობალიზაციის შედეგად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. დასაქმების ბაზარი, ისევე, როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევნის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. შრომითი მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს  უწევთ აქტიური  კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს    საუკეთესო კადრების მოსაპოვებლად. ჩვენ უკვე დავინახეთ დამსაქმებლების და დასაქმებულების სარგებელი და საინტერსოა  რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის ეკონომიკისათვის.

საქართველოდან შრომით მიგრანტთა უმრავლესობას (87%) უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება აქვს, მაგრამ იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც ისინი უცხოეთში ყოფნისას ასრულებენ, მათი დიდი ნაწილი არაკვალიფიცირებულ მიგრანტთა კატეგორიას განეკუთვნება. (BCG-Research, 2013)

ფულადი გზავნილები

საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. (გზავნილები ქვეყნების მიხედვით., 15/10/2020)  2018 წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 2017 წელთან შედარებით 190 მილიონი აშშ დოლარით  არის გაზრდილი, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლით ზრდის ტენდეცია 2019  წელსაც ნარჩუნდება. 2018 წელს ფულადი გზავნილების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა  1 579 667 მილიონი  აშშ დოლარი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში  ელექტრონულად განხორციელებული გადმორიცხვები მთლიანად შემოსული გზავილების დაახლოებით 60-70 პროცენტს შეადგენს. (Topics in Development-Migration, Remittances, Diaspora and Development,n.d.)

შრომითი მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე

სამუშაო ძალის მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად აისახება. არსებობს  დადებითი და უარყოფითი ეფექტებიც. მიგრაცია ეკონომიკური თვალსაზრისით მოქმედებს: დასაქმებაზე, უმუშევრობაზე, ეროვნულ პროდუქტზე, საგადამხდელო  ბალანსზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში და სხვა ფაქტორებზე. მიჩნეულია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის ემიგრაცია, რომელსაც მაღალი განათლება და ადამიანური კაპიტალის სხვა მახასიათებლები აქვს, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს. არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაცია კი ნაკლებად ახდენს გავლენას ეკონომიკის განვითარების ტემპზე.  

ეკონომიკური ზრდის მოდელის მიხედვით, რომელიც ტექნოლოგიურ ცვლილებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, გამგზავნი ქვეყნების გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტემპი ემიგრაციის შედეგად კლებულობს. თუმცა თუ  გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ სხვა მრავალ ფაქტორს, ემიგრაციას შეიძლება არ ჰქონდეს გამოკვეთილი უარყოფითი შედეგი. (Michaella Vanore, 2015)

ეკონომისტები, ასევე, განასხვავებენ ფულადი გზავნილების როლს ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში. ფულადი გზავნილების შემოდინება, ასევე, ეხმარება ქვეყანას   უცხოური ვალუტის რეზერვთა შევსებაში, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად. ეკონომისტები, რომელთა აზრითაც ფულადი გზავნილები არ  ახდენს პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მიუთითებენ, რომ ეს რესურსები ხშირად არააუცილებელ მოხმარებაზე იხარჯება და არ ბანდდება პროდუქტიულ ინვესტირებაში. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები ეკონომიკური  ზრდისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ნაკლებად განვითარებული საფინანსო  სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან დაფინანსების ეს მეთოდი გვევლინება ინვესტირებისა და ლიკვიდურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. 

სქემა № 1

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი www.nbg.gov.ge

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე ემიგრაციის ზუსტი გავლენის განსაზღვრა მეტად რთული ამოცანაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია ორი სახის მტკიცებულების წარმოდგენა. პირველი ეს არის აღმოსავლეთ ევროპის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზი, რომელიც იყენებს გამოთვლადი გზავნილების წონასწორობის მოდელს. ამ კვლევის მიხედვით, ფულადი გზავნილების გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანია შინამეურნეობების  მოხმარებაზე, მაგრამ არ არის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაის განმსაზღვრელი.

მეორე სახის მტკიცებულება – კორელაციური ანალიზი კვარტალურ ფულად გზავნილებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, მეტყველებს ამ ორი ცვლადის კავშირზე, რასაც კარგად ასახავს სქემა №1 თუმცა, წარმოდგენილი ასოციაცია სულაც არ ნიშნავს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირების არსებობას ფულადი გზავნილების შემოდინებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ვინაიდან ფულადი გზავნილები საქართველოში მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოედინება, სავარაუდოა, რომ როგორც ეკონომიკური, ისე ფულადი გზავნილების ზრდის საერთო მიზეზი რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა. (Jangveladze, 2019)

სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირება და მართვა

განვითარებულ ქვეყნებში ემიგრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და კორუფცია. ცირკულარული მიგრაცია ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას. მას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. აღიარებულია, რომ ის ხელს უწყობს მუშა-ხელის მომწოდებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და თავიდან არიდებს ტვინების გადინებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს. საქართველო მუშაობს შეთანხმებების, თანამშრომლობისა და პროექტების განვითარებაზე, რომელთა მიზანია ბინადრობის/სამუშაო ნებართვის კვოტების მოპოვება აღნიშნულ ქვეყნებთან და მოთხოვნა/მიწოდების შესაძლებლობების შესწავლა გამგზავნ/მიმღებ სახელმწიფოებში. საფრანგეთის გარდა რამდენიმე წევრი სახელმწიფო დათანხმდა მსგავს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს – კერძოდ, გერმანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ისრაელი და ბულგარეთი. კონსულტაციები მიმდინარეობს პოლონეთთან. (გოგოლაშვილი, 2019)

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის ადამიანური რესურსების განვითარებას არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. სისტემატურად უნდა ხდებოდეს პოტენციური პარტნიორი სახელმწიფოების შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. ეს შექმნის წინაპირობებს  ევროკავშირთან  და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ძალის ლეგალურად გაცვლისა და დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია ამ სფეროში  დასაქმების კერძო  სექტორის  როლიც. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №199, 2013)

განსახორციელებელი ღონისძიებები

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს  ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და მისი აღმოფხვრა, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა განისაზღვროს ისე, რომ შეავსოს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული კვალიფიკაციისა და უნარების ნაკლოვანებები. მიგრანტები გაუმჯობესებული უნარებითა და ამაღლებული კვალიფიკაციით უნდა დაბრუნდნენ  სამშობლოში, რაც ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის სარგებლიანობის მომტანია. მათი დასაქმება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარების ტემპის ზრდას.

ეკონომიკური თვალსაზრისით, შრომითი მიგრაციის არალეგალური ხასიათი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ ქვეყნებზე და თვით არალეგალურ ემიგრანტებზე. მიმღები ქვეყნებისათვის არაოფიციალურად დასაქმებული შრომითი ემიგრაცია ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვერ იღებს დაგეგმილ გადასახადებს, სამაგიეროდ, განათლების და ჯანდაცვის ხარჯები, რომლებითაც სარგებლობენ ემიგრანტები, ქვეყნის ბიუჯეტს აწვება. გამგზავნი ქვეყნები და მიგრანტების ოჯახები იღებენ გაცილებით ნაკლები ოდენობის ფულად გზავნილებს, ვიდრე ისინი მიიღებდნენ, ემიგრანტები რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები. შესაბამისად, შრომითი მიგრაციის რეგულირება ერთობლივი ძალებით უნდა განხორციელდეს.

  მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით მართულმა მიგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციების დანერგვას  და სიღარიბის დონის შემცირებას. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია  გამგზავნ ქვეყანას უმსუბუქებს შრომის ჭარბი მიწოდების პრობლემას, მიმღები ქვეყნები აწყდებიან მრავალ გამოწვევას. მიგრაციის დადებითი შესაძლებლობების გამოყენებისას მისი გამოწვევების გადასაჭრელად, ქვეყნებს მოეთხოვებათ, რომ შექმნან პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც გაანალიზებენ შრომითი მიგრაციის მამოძრავებელ ძალებს და მიგრანტების მახასიათებლებს. 


გამოყენებული ლიტერატურა
1.BCG-Research, E. a. (2013). Migration and Skills in Georgia.
2.Jangveladze, G. (2019). სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები. Tbilisi.
3.Michaella Vanore, M. S. (2015). The Evolution of Gendered Migration Trajectories from moldova and Georgia,Comparative Migration Studies.
4.Topics in Development-Migration, Remittances, Diaspora and Development. (თ. გ.). The World Bank.
5.(15/10/2020). გზავნილები ქვეყნების მიხედვით. საქართველოს ეროვნული ბანკი.
6.გოგოლაშვილი, კ. (2019). ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის . საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
7.საქართველოს მთავრობის დადგენილება №199; საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. (2013 წლის 2 აგვისტო). საქართველოს მთავრობა.
8.Asako Okai. (2020, January 20). Making migration work for sustainable development.UNDP.Making migration work for sustainable development
9.მდგრადი განვითარების მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. (2020, May 8).

იხილეთ აგრეთვე: მდგრადი განვითარების მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami