ბიომეურნეობა

ბიომეურნეობა — აგროწარმოების მომავალი

ბიომეურნეობა იგივე ორგანული მეურნეობა, სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მეურნეობაა. რომელში მოყვანილ პროდუქტსაც ბიოპროდუქტი იგივე ორგანული ჰქვია. შეთანხმებული სტანდარტები სრულიად გამორიცხავენ მეურნეობაში ქიმიური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით პროდუქტების წარმოებას, ანუ ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი უნდა იყოს ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების  მონაცემებით ბიოპროდუქტები ანალოგიურ შემცვლელებზე 47%-ით ძვირი ღირდა, მათზე განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, რადგან განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნა ნელ-ნელა მეტად ორიენტირდება ჯანსაღ ცხოვრების წესზე.

უკანასკნელ წლებში ბიოპროდუქციის მსოფლიო ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. თუ ადრე ბიოპროდუქცია მხოლოდ ელიტარულ მომხმარებელზე იყო გათვლილი, დღეს უკვე გაჩნდა ამ პროდუქციით რიგითი მომხმარებლის დაინტერესების ტენდენცია და გაიზარდა კონკურენციაც.

ბიოპროდუქტების გაყიდვები

ქვეყანა, სადაც პირველად გაჩნდა ორგანული სოფლის მეურნეობა გერმანიაა. დღეისათვის ამ ტიპის წარმოებით ქვეყანას  უჭირავს მსოფლიოში მე–9 და ევროპაში მე–3 ადგილი. ორგანული სასოფლო–სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობი შეადგენს 826 ათას ჰექტარს.

ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერობს იტალია, აქ ორგანული სოფლის მეურნეობის სავარგულებს უჭირავს 1,1 მლნ ჰექტარი. იტალია  მომხმარებული ორგანული სურსათის 80% -ს თავად აწარმოებს, იმპორტზე კი შეაქვს ძირითადად, ხორბალი, შედარებით მცირე რაოდენობით ბარდა, კარტოფილი კივი და წვენების კონცენტრატები.

დიდი თანხები იხარჯება ბიოპროდუქტების სფეროში ახალ გამოკვლევებზე. მაგალითისათვის, გერმანიაში Thünen-ის ინსტიტუტი სპეციალიზირებულია უშუალოდ ორგანული მეურნეობისა და ჯანსაღი საკვების განვითარებისთვის სიახლეების ძიებაზე.1

მდგომარეობა საქართველოში

ბიომეურნეობა, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, მზარდი და პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო სისტემა, სამომავლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს. ევროპელი ექსპრეტების თვალსაზრისით, ქართულ ბიოპროდუქციას ევროპულ ბაზარზე გასვლის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი აგრარული პოლიტიკის გატარებისა და ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის შემთხვევაში, „ბიოსექტორს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში.

სამწუხაროდ, ქართველი ფერმერების უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ბიოწარმოებამ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ყოველმხრივ მომართულია ბიოწარმოების სტიმულირებისაკენ. ქართველ ბიომწარმოებლებს აქვთ საშუალება აიღონ სერტიფიკატი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღიარებულია და ეს ყველაფერი, მსოფლიო ფასების გათვალისწინებით, საკმაოდ იაფად. მაგალითად, კომპანია „კავკასსერტის“ სერტიფიკატის ქონა დაახლოებით 1500-2000 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. მაშინ, როცა უცხოური კომპანიები მსგავს სერტიფიკატებს ათჯერ და მეტჯერ ძვირად გასცემენ (მაგ. GlobalGap).2


გამოყენებული ლიტერატურა

  • კაკულია ხატია, „ბიოპროდუქტების ბაზრის ანალიზი საქართველოში“, 2016 წელი
  • ლაზარიაშვილი თამარ, „ბიოპროდუქტების ბაზარი: მსოფლიო გამოცდილება და გამოწვევები    საქართველოში“
  • ნაცვალაძე მარინა, „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმი“, თბ. „უნივერსალი“ 2009 წელი

სქოლიო

1. www.bmel.de 2. „კავკასსერტის“ ბიოსერტიფიკატების ფასების შესახებ

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami