ნამახვანის კასკადი

ნამახვანის კასკადი – ყოვლად არამდგრადი პროექტი

პოლიტეკონომიკური შეფასება

ფაქტები და რიცხვები: ნამახვანის კასკადის ჰესების დაგეგმილი საერთო სიმძლავრე ჯამში 433 მეგავატია, სავარაუდო გამომუშავება – 1,6 მლრდ კვტ/სთ.

კაშხლების სარკის ზედაპირი შეადგენს 100+510=610 ჰა, რაც მეტია 30 კმ სიგრძის 200-მეტრიან მონაკვეთზე – შედარებისთვის რომ  ვთქვათ, თბილისიდან რუსთავამდე ფეხბურთის ორი მოედნის სიგანის ზოლი. კაშხლების სიმაღლე იქნება 60 და 105 მეტრი.

ზუსტად არ ვიცით, რამდენი ჰექტარი მიწის ფართობი მოექცევა წყლის ქვეშ და გახდება გამოუსადეგარი (ზოგიერთი მონაცემით, 1000 ჰექტარზე მეტი), მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტყე, კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, 13 არქეოლოგიური ობიექტი. ზემოქმედება მოხდება 7 დასახლებულ პუნქტზე (მათ შორის,  3 იძირება), განსახლებას ექვემდებარება 104 ოჯახი.

საფრთხე ექმნება უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონას – ტვიშს და „წითელ წიგნში“ შეტანილ და საერთაშორისო კონვენციებით დაცულ, გადაშენების პირას მყოფ ზუთხის სახეობებს.

რიონზე უკვე დადგმულია 4 სეზონური ელექტროსადგური, მათ შორის –  ვარციხის დერივაციული კასკადის 4 სადგური. იგეგმება ონისა და ნამახვანის კასკადები, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარის სიგრძის (გლოლა-სამტრედიის მონაკვეთზე ) საშუალოდ ყოველ  15 კილომეტრში ელექტროსადგური იქნება განთავსებული თავისი კაშხლებით და სადერივაციო მილებით. ეს კი აშკარად ქმნის ჭარბ კუმულაციურ უარყოფით ეფექტს რიონის ხეობის გარემოზე.

ნამახვანჰესის პროექტი უარყოფილ იქნა 1980-იან წლებში.

2019 წელს საქართველომ სულ მოიხმარა 12 767 მლნ კვტ/სთ, მათ შორის, 12,7% იყო იმპორტირებული, ხოლო წარმოებულის 75% ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს (Esco.ge, n.d.).

კანონდარღვევები და გაუმჭვირვალობა: კომპანიამ “ენკა რინიუებლზ” მთავრობასთან შეთანხმებით „მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები“ დაიწყო საბოლოო გზშ-ზე გადაწყვეტილებისა და ჰესის დასრულებული პროექტის, ანუ აუცილებელი ინფორმაციის და კვლევების, წარმოუდგენლად. სასამართლოს არ განუხილავს კანონდარღვევებთან დაკავშირებული სარჩელი, რომელიც შეტანილი იქნა არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივის” მიერ. აქედან გამომდინარე მრავალი კითხვა პასუხგაუცემელია.

პროტესტის იგნორირება და დათრგუნვა:  თვეზე მეტია ადგილობრივი მოსახლეობა ღამისთევით აპროტესტებს მშენებლობას, პოლიციამ დაარბია აქციის მონაწილენი, მთავრობა არ ხვდება მათ და არა აქვს კომუნიკაცია ფართო საზოგადოებასთან.

ენერგეტიკული მითები:

1.“საქართველოს აქვს აუთვისებელი ჭარბი ჰიდრორესურსები“ – თუ ამ „რესურსებს“ სააუზო მართვისა დ მდგრადი განვითარების პრინციპებით შევაფასებთ, აღმოჩნდება, რომ ამ მიზანშეწონილობით წყლის რესურსების სიდიდე მინიმალურია და ძირითადად მცირე ჰესებისთვის თუ გამოდგება.

2. „გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა“- თუ ელექტროენერგიით თვითდაკმაყოფილებაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს დღევანდელი მდგომარეობით თითქმის 90%-დეა, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ერთ ფართო მოხმარების პროდუქტზე. ამ „მიზნის“ განხორციელება ისევე არაექფეტიანი და ძვირი დაგვიჯდებოდა, როგორც, მაგალითად, ხორბლით, ზეთით ან ხორცით სრული თვითუზრუნველყოფა.

3. „ჰიდროელექტროენერგია იაფია“- ეს ენერგია ძალიან ძვირია სინამდვილეში – თუ ყველანაირ ეკონომიკურ შედეგს გავითვალისწინებთ და ე.წ. უარყოფითი ექსტერნალიების (არამონეტარიზებული თანამდევი ხარჯები) ინტერნალიზაციას მოვახდენთ.

4. „გაგვიჩნდება ელექტროენერგიის დეფიციტი“- ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მშპ-ის ზრდის პირდაპირპროპორციულია, თუმცა გაცილებით ნაკლები ტემპით იზრდება. ახალ გენერაციაზეც მოთხოვნა ნაკლები იქნება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ელექტროინტენსივობის შემცირების საკმაო პოტენციალსა (ენერგოეფექტურობის გაზრდას) და სეზონური დივერსიფიცირებული იმპორტის  შესაძლებლობებს. უახლოეს წლებში კი მშპ-ის ვარდნა და მცირე ზრდის ტემპებია მოსალოდნელი. ეს გვაძლევს შანსს, გადავაწყოთ ელექტროენერგეტიკის სექტორი, მ.შ. ალტერნატიული წყაროებისა და სისტემის მოდერნიზაციის გათვალისწინებით.

პროექტის აპრიორული შეფასება: საერთაშორისო პრაქტიკით დადასტურებულია დიდი ჰესების არამდგრადობა – მათი არაეკონომიური, არასოციალური, არაეკოლოგიური და ტექნიკურადაც (გეოლოგიურ-სეისმურ-ჰიდროლოგიურად)  საეჭვო ხასიათი.

დიდი ჰესები განვითარების გავლილი სტადიაა,  წარსული ეპოქაა. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არათუ აღარ აშენებენ დიდ ჰესებს, მათი შერჩევითი დემონტაჟიც კი ხდება დაზიანებული გარემოს აღსადგენად.

ხარჯ-სარგებლის ანალიზი: ასეთი სიდიდის ინვესტიციის (700 მლნ დოლარზე მეტი) ინფრასტრუქტურული პროექტის ეკონომიკურად შესაფასებლად არ ხდება ხარჯთ-სარგებლის (cost-benefit) ანალიზის მეთოდის გამოყენება, რაც ნათელს მოფენდა ბევრ შეკითხვას და გაადვილებდა გადაწყვეტილების მიღებას.

მაგალითად, არავის უანგარიშია, რა შემოსავალს კარგავს ტვიშის მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის პერსპექტივა (საექსპორტო პოტენციალი). არ შეფასებულა ის ეკოლოგიური და სოციალურ-კულტურული ზარალი, რომელიც პროექტის განხორციელებით მიადგება ქვეყანას.

მეორე მხრივ, სახელმწიფოსათვის სასწორზეა მაქსიმუმ წლიურად 1600 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. შედარებისთვის, 2019 წელს იმპოტირებული იყო დაახლოებით ამდენივე – 1626 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რომლის ღირებულება შეადგენდა 67,3 მლნ აშშ დოლარს (საქართველოს მთლიანი იმპორტის 0,9%). შედარებისთვის, ამ თანხაზე მეტი – 67,4 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა საქართველოს 2018 წელს მხოლოდ  ფრინველის ხორცის იმპორტი, რომლის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

პოლიტიკური დასკვნა: ხდება ჩვენი საერთო ბუნებრივი ე.წ. მწვანე კაპიტალის და სოციალურ-კულტურული გარემოს ექსპლოატაცია-განადგურება უცხოური ფინანსური კაპიტალისა და ადგილობრივი კერძო ინტერესების მიერ, კორუმპირებული ბიუროკრატიის დაუდევრობა-ხელშეწყობითა და ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობის ნაწილის მოსყიდვა-მანიპულაციის გზით.

გადაწყვეტა: პროექტის შეჩერება! მდგრადი განვითარების პრინციპებზე აგებული ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი პოლიტიკის გატარება.

აქცენტი უნდა გაკეთდეს ქარის და მზის ენერგიის წყაროებზე, ენერგოეფექტურობაზე, ბაზრის დეცენტრალიზაციაზე, რეგულაციების და გენერაციის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაზე.  დროებით (საშუალოვადიან პერიოდში) შესაძლებელია თბოენერგოსადგურების ახალი სიმძლავრეების ამუშავებაც.


გამოყენებული წყაროები

Esco.ge. (n.d.). საქართველოს 2019 წლის ელექტროენერგიის ბალანსი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი. https://esco.ge/files/data/Balance/energobalans_2019_geo.pdf


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


ნამახვანის კასკადის შესახებ სტატიის შემდეგ იხილეთ აგრეთვე: პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები.

დავით ადეიშვილი

დავით ადეიშვილი

დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით მდგრად განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami