ჰესების პარადოქსი

ჰესების პარადოქსი: არის თუ არა ჰიდროენერგია  ეკოლოგიურად ისე სუფთა, როგორიც ჩანს?


2016 წლის ივლისში გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ჩინეთის ერთ-ერთ არაკომერციულ ორგანიზაციაში, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ჰოდროელექტროსადგურების (ჰესების) აშენებაში ეხმარება, აღნიშნა, რომ ჰიდროენერგია მსოფლიოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. არაერთი ქვეყანა ჰიდროენერგიას ეკოლოგიურად სუფთად მიიჩნევს, რადგან მის გამომუშავებაში არ გამოიყენება ნავთობპროდუქტები. მაგრამ ეს იდეა სიმართლისაგან შორსაა. ჰიდროენერგია სათბური აირების გაფრქვევის მნიშვნელოვანი წყაროა: ახალი კვლევების თანახმად, მსოფლიოს ჰიდროელექტრო კაშხლები დაახლოებით იმდენივე მეთანს გამოყოფენ, რამდენსაც მთლიანად კანადა.

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ1 დაადგინა, რომ მეთანის, რომელიც სხვა ტიპის სათბურის აირზე, კერძოდ, ნახშირორჟანგზე 34-ჯერ მეტად ძლიერია2, 80% იქმნება კაშხლების წყლის სამარაგო რეზერვუარებში. უფრო მეტიც, სათბურის აირების გაფრქვევის წყაროთა სიებში ეს ასპექტი საერთოდ არაა გათვალისწინებული. აღნიშნული მონაცემები უკვე შემაშფოთებელია, რადგან სათბურის ეფექტით გამოწვეული გლობალური დათბობა ოკეანის დონეს ზრდიას და ქარიშხლების მიზეზი ხდება, რაც დედამიწის მოსახლეობის მრავალმხრივ დაზარალებას გამოიწვევს.

„ვფიქრობ, ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ კაშხლები სათბურის აირების გაფრქვევის გარეშე შეუძლებელია ენერგიის წყარო იყოს“ — ამბობს ბრიჯიტ დიმერი, აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი საზოგადოების (US Geologic Survey) ეკოლოგი. „მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო ენერგია განახლებადია, სათბურის აირების გაფრქვევის ასპექტი ადამიანებმა მუდმივად თვალთახედვაში უნდა იქონიონ კაშხლებთან დაკავშირებით გეგმიური ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.“ — დასძენს ის.

კვლევა, რომელიც სხვა, 267 წყლის რეზერვუარიდან, სათბურის აირების გაფრქვევის შესახებ უკვე ჩატარებულ 100 ნაშრომის შედეგებს განიხილავს, ეჭვქვეშ აყენებს იმ არგუმენტს, თითქოს ჰესების აშენებით ქვეყნები ნახშირზე, ბუნებრივ აირზე და ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას ცდილობენ. გაანგარიშებებით დადგინდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 3 700 ახალი კაშხლის აშენება იგეგმება ან უკვე მიმდინარეობს. იგივე კვლევა გვთავაზობს, რომ აუცილებელია, ჰესების აშენებისას მათ მიერ სათბურის აირების გაფრქვევის დონეც გაკონტროლდეს.

აშშ-ის ჰესების ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ეს კვლევა არასწორად აშუქებს იმ დადებით გავლენას, რომელიც ჰესების აშენებას გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს.

„ჰესების მსგავსი კუთხით გამორჩევა არაზუსტი და უპასუხისმგებლო საქციელია, რადგან, სხვა თუ არაფერი, ჰიდროენერგია შტატებისა და ფედერალური სუფთა ენერგიის პოლიტიკის მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა.“ — ამბობს ლიროი კოულმანი (LeRoy Coleman), ამერიკის ჰიდროენერგიის ასოციაციის სპიკერი.

ჰესები აშშ-ის ენერგიის 6%-ს გამოიმუშავებს3.  ახლადაშენებული ენერგიის სადგურებისთვის, ჰესების აშენებისა და მუშაობის ხარჯი ამერიკისთვის 68$-ია ერთ მეგავატ ენერგიაზე. ეს დანახარჯი დაახლოებით იგივეა, რაც მზის ენერგიის გამოყენებისას, ოდნავ უფრო ძვირია ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში და იაფია, ნახშირისა და ბუნებრივი აირის გამოყენების ხარჯებზე.

პროგრესი კვლევებში

გასულ ათწლეულებში წყლის რეზერვუარებიდან სათბურის აირების გამოყოფის  შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ინფორმირებულობა გაიზარდა. მაგალითად, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ტროპიკულ რეგიონებში წყალმცირე რეზერვუარები მარტივად თბებოდა და შესაბამისად, ატმოსფეროს სითბურ ეფექტს ზრდიდა. მაგრამ დიმერისა და მისი კოლეგების კვლევების მიხედვით, ამ კუთხით წყლის ზედაპირის სიგანე და მისი სიღრმე გადამწყვეტი ფაქტორები არაა. ამის მაგივრად ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა რეზერვუარებში მცენარეთა ლპობა და წყალშემკრები აუზის დატბორვით გამოწვეული საკვები მასალის შემცირება. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის პირდაპირი შეზღუდვით, ხე-ტყის რაოდენობის შემცირებით ან მიწათფორმირების პროცესების შეზღუდვით (მდინარის მთლიან აუზში).

267 წყლის რეზერვუარზე დაკვირვებით ავტორებმა დაადგინეს, რომ მათზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების 1.3% მოდის.

კიდევ ერთი, ჟურნალ PLOS One-ს გვერდებზე გამოქვეყნებული ახალი კვლევა იმავე დასკვნებს აკეთებს, თუმცა მათი თქმით რეზერვუარებიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა  მეთანისაზე მეტია. 1 400-ზე მეტ კაშხალზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ისინი მიწის მნიშვნელოვან გამოფიტვას იწვევენ, რაც ნახშირორჟანგის რაოდენობის ატმოსფეროში ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რა იწვევს პრობლემას?

ჰიდროენერგო კაშხლებში ელექტროენერგიის მისაღებად წყლის დონე გამუდმებით იცვლება. ეს, აგრეთვე, მოქმედებს რეზერვუარებიდან გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობაზე. წყლის დონის შემცირებასთან ერთად, მცირდება წნევა წყალქვეშ მოქცეულ მიწის მასებზე და შესაბამისად, მიწიდან მარტივად თავისუფლდება აირის ბუშტები. ზოგჯერ გამოყოფილ მეთანს მთლიანად წყალი შთანთქავს და ზედაპირამდე არ უშვებს, მაგრამ, სხვა შემთხვევაში, სათბურის აირი პირდაპირ ატმოსფეროში გაიფრქვევა.

დიმერისა და მისი კოლეგების ვარაუდით, მათი გამოყენებული კვლევები საკმარისად არ ჩაღრმავებია ამ საკითხს, შესაბამისად, მათ საფუძველზე აგებულ დიმერის ნაშრომში, სავარაუდოდ, მონაცემები უფრო დაბალია, ვიდრე სინამდვილეში. შესაბამისად, სათბურის აირების გამოყოფის სიდიდის გაზომვის სირთულის გათვალისწინებით, რთულდება ჰიდროელექტროსადგურების საკითხის გარშემო არსებული პარადოქსის გადაწყვეტის გზების მოძიებაც.

წყალშემკრები აუზების ეროზიისგან დაცვა შეამცირებს სათბური აირების გაფრქვევასაც, რადგან გაუმჯობესდება წყლის ხარისხი, ტყისა მდგომარეობა და ჰაბიტატი.

დღეს მსოფლიოს სათბური აირების გაფრქვევის გამომწვევთა სიებში წყლის რეზერვუარები არაა, მაგრამ ეს ხარვეზები ნელ-ნელა სწორდება. 


წყარო:

სტატია „ჰესების პარადოქსი“ ნათარგმნია შემდეგი წყაროდან: www.theguardian.com.


სქოლიო სტატიისთვის „ჰესების პარადოქსი“:

1. academic.oup.com 2. www.scientificamerican.com 3. www.eia.gov

იხილეთ ბექა ბაიაშვილის სხვა სტატიები ამ ბმულზე.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami