მიზანი – 9 : ფაქტები, ჩამორჩენა, გამოწვევები

2020 წლის ივლისში გაეროს ოჯახი (მათ შორის UNIDO-გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია)  „მდგრადი განვითარების მიზნები-2030“ ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს  17-დან ერთ-ერთი მე-9 მიზნის („2020 ივლისი – თვის მიზანი – 9“)- მდგრადი ინდუსტრია, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა მნიშვნელობასა და მიზნის მიღწევის პროგრესზე.

30 ივნისს გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელმა (SDSN, არამომგებიანი ორგანიზაცია, ჯეფრი საქსი) გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების 2020 ანგარიში, რომელიც ასახავს კოვიდ-19-ის მოკლევადიან ზეგავლენას მგრადი განვითარების მიზნებზე (მგმ), აღწერს როგორ შეიძლება მგმ-მა შექმნან კოვიდ-19 შემდგომი პერიოდის აღდგენის ჩარჩო და რაც მნიშვნელოვანია, ანგარიში ასახავს ქვეყნების მიხედვით მგმ მიღწევის პროგრესს.

სანამ მე-9 მიზანს მივუბრუნდებით, ჩვენ ჯერ ამ შეჯამებულ შეფასებებზე (რანჟირების ინდექსი)  შევჩერდეთ.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს მთლიანი წარმატება (performance) შემდეგნაირად შეფასდა:

ქვეყნის ინდექსის ქულა-71,9 (საშუალორეგიონალური იყო 70,9), რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიზნების (17) მიღწევის 100%-იან ზღვარამდე (2030 წლისათვის) დარჩენილია კიდევ 18, 1%. მგმ-ის გლობალურ რანჟირებაში აღნიშნული ქულის მიხედვით, საქართველო 166 ქვენიდან აღმოჩნდა 58-ე ადგილზე, რაც არცთუ ცუდი მაჩვენებელია და პროგრესიც საგრძნობია წინა წელთან შედარებით ( 73-ე, 162 ქვეყანაში). ამ რანჟირებით პირველ აგილზეა შვეცია (84,72), მე-10-ზე ესტონეთი (80,06), აზერბაიჯანი-52-ე (72, 61); სასომხეთი-75-ე (69,86); რუსეთი-57-ე (71,92), თურქეთი- 70-ე (70,3); ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა-166 (38,54).

დავუბრუნდეთ მე-9 მიზანს და განვიხილოთ რა მდგომარეობაა დღეს, როგორც მსოფლიოში და ცალკეულ, ჩვენთვის საინტერესო ქვეყნაში, ისე საქართველოში გაეროს ანგარიშებში მოცემული ინდიკატორების საფუძველზე. პირაპირ უნდა ითქვას, რომ ზემოთდამოწმებული  SDSN ანგარიშში, საქართველოს პროფილში მე-9 მიზანი ყველაზე ჩამორჩენილადაა (მიზნიდან შორს) შეფასებული – დაახლოებით 40 ქულით 100-დან. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ყველა მიზნის მიღწევის ჯამური შეფასება 71,9 ქულაა.

განვიხილოთ, რამ განაპირობა ასეთი წარუმატებლობა და რაში გვაქვს შედარებითი უკეთესობა იმავე და გაეროს სხვა ანგარიშებსა და ინდიკატორებზე დაყრდნობით, ასევე ვისარგებლოთ ჩვენი სტატისკის შესაბამისი მაჩვენებლებით.

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის  მიხედვით, დამამუშავებელ მრეწველობაში (manufacturing) მსოფლიოს მშრომელთა 14% იყო დასაქმებული. მათ შორის ყველაზე დიდწილად (18 %) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო ყველაზე ნაკლებად საჰარისქვემო აფრიკაში (6%). გაეროს მონაცემებით, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი საქართველოსთვის 6,2 %-ს შეადგენდა.

ცნობილია, რომ დამამუშავებელი მრეწველობის  დამატებული ღირებულების (MVA, მდღ) წილი მშპ-ში არის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ამ სფეროს და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი გლობალურად 16,3% იყო. 2019 წელს ე.წ. ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში(LDC)  მდღ წილი 12,4 % გაუტოლდა, რაც არადამაკმაყოფილებელად ჩაითვალა (2030 წლისვის მისი გაორმაგება იგეგმებოდა). საქართველოში კი ამ მაჩვენებელმა 10, 85% შეადგინა (2014 წელს 12,3 % იყო), მაშინ როცა 2020 წლისთვის 17% იყო ნავარაუდევი, 2030-ითვის კი 22% -ია მიზნად დასახული.  აქვე ავღნიშნავ, რომ მე-9 მიზნის ერთ-ერთი ქვემიზანია ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება. 2010 წელს საქართველოში შექმნილი დამამუშავებელი მრეწველობის დამატებული ღირებულების 1 $-ზე გამოიფრქვა 0,63 კგ ნახშირორჟანგი; საფრანგეთში-0,16, გერმანიაში-0,17, ირანში კი 1,76.

გენერაალური მდივნის ანგარიშის მიხედვით, ინვესტიციები კვლევებსა და განვითარებაში (R&D) გლობალურად 2017 წელს საშუალოდ მშპ-ს 1,7 %-ს შეადგენდა, 1 %-ით მეტი იყო განვითარებულ რეგიონებში(მაგ. ფინეთში- 2,8 %). საქართველოში კი იგივე დანახარჯების წილი მშპ-ში მხოლოდ 0,3 % აღწევდა(პროპპორციულდ 9-ჯერ ნაკლები), რაც შეფასდა კიდეც, როგორც არადამაკმაყოფილებელი და ტენდენცია-სტაგნაციური.

2017 წელს საშუალოზემაღალ და მაღალტექნოლოგიური  პროდუქციის წილი მსოფლიოს  მთლიან სამრეწველო პროდუქციაში შეადგენდა 45%-ს. მათ შორის განვითარებულ რეგიონებში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 49 % (მაგ. გერმანიაში 61,8%), ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში კი 9%-ს. საქართველოში ეს წილი 2017 წლისთვის 8,5%-თ განისაზღვრა.

მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ასევე მკვლევართა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე. 2017 წელს მსოფლიოში საშუალოდ ამ რიცხვმა 1198  შეადგინა, ევროპასა და ამერიკაში -3707, ხოლო საჰარისქვემო აფრიკაში- 99. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2018 წელს იყო 1464. 2018 წელს საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით დაკავებული იყო 56 დაწესებულება, შესრულებული სამუშაოების მოცულობამ კი 128 მლნ ლარი შეადგინა.

SDSN-ის ანგარიშში მე-9  მიზნის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენება, რაც 62,7%-ს შეადგენდა 2018 წელს და აღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა. ასევე ზრდადი ტრენდი აღინიშნებოდა მობილური ინტერნეტით მოსარგებლეთა ზრდაში-100 მოსახლეზე 73,7 ხელმომწერი(2018 წ). შედარებისთვის ავღნიშნავ, რომ იგივე მაჩვენებლები ფინეთის შემთხვევაში იყო შესაბამისად 88,9 და 154. აქვე შევნიშნოთ, რომ 4G ინტერნეტ-ქსელით დაფარვა საქართველოში უზრუველყოფილია 99,7 %-ით.

The Times-ის უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით (2020) საქართველოს ტოპ-3 უნივერსიტეტის საშუალო ქულაა 16,4   100-დან, რაც ასევე SDSN-ის შეფასების კრიტერიუმია. ფინეთის შესაბამისი მაჩვენებელია 55, 2 ქულა, სასომხეთის-0 (2019), აზერბაიჯანის-3 (2019).

ამავე ანგარიშით მე-9 მიზნის მიღწევის კიდევ ერთი კრიტერიუმია სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიათა რაოდენობა, რაც საქართველოში 2018 წელს 10000 სულზე იყო 1 ; ფინეთში 19; სასომხეთში-2; აზერბაიჯანში-1.

რაც შეეხება  ვაჭრობასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, ე.წ. ლოგისტიკის გაუმჯობესების ინდექსი 5-დან 2,4 ქულით და გაუარესების ტრენდით შეფასდა; ფინეთში 4 ქულით; სასომხეთი-2,5 ქულა; აზერბაიჯანი-2,7 (2014 წ).

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საწარმოების (სადაც დაქირავებული მუშახელია) მხოლოდ 3,2 %-ში აფიქსირებენ, რომ მათ შემოიტანეს ახალი ან არსებითად გააუმჯობესეს საქონელი/მომსახურება, ანუ განახორციელეს ინოვაციები. საკუთარი კვლევები და დამუშავებები ჰქონდა საწარმოთა 13%, ინოვაციებთან დაკავშირებული სწავლება-15,1%. ინტერნეტთან მობილური კავშირი საწარმოო მიზნებისათვის ქონდა საწარმოთა 37,5 %,  საკუთარი ვებსაიტი-  18,4%, ვებ საიტის მეშვეობით მიღებული შეკვეთები კი მხოლოდ 3,2%.

 „საქპატენტის“ მონაცმებით, 2018 წელს ეროვნული პროცედურით დარეგისტრირდა 36  პატენტი, ხოლო საერთაშორისო პროცედურით-97.

როგორც განხილული მონაცემებითაც ნათლდ გამოჩნდა მდგომარეობა მართლაც არ არის დამაიმედებელი. უდავოა, რომ გასატარებელია შესაბამისი პოლიტიკა და სპეციალური ღონისძიებები ჩამორჩენის დასაძლევად. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემუშავდეს ადექვატური, თანამედროვე ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული პოლიტიკა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ მივიპყროთ საზოგადოებისა და რაც მთავარია, მთავრობის ყურადღება.  


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


სტატიის „მიზანი – 9 : ფაქტები, ჩამორჩენა, გამოწვევები“ შემდეგ იხილეთ დავით ადეიშვილის კიდევ ერთი სტატია პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები.

დავით ადეიშვილი

დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით მდგრად განვითარებაში.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami