იხილეთ ბექა ბაიაშვილის სტატია „წრიული ეკონომიკა“.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ერთი პატარა პლანეტაა, 2050 წლისთვის მოსახლეობის მოხმარების დონე იმდენად გაიზრდება, რომ პროპორციულად სამჯერ დიდი მასშტაბის პლანეტის საჭიროებას მოითხოვს.1 მოსალოდნელია, რომ მომავალი 40 წლის განმავლობაში ბიომასის, წიაღისეულის, მეტალების და მინერალების გლობალური მოხმარება გაორმაგდება,2 პარალელურად, 2050 წლისთვის ნარჩენების წლიური რაოდენობა 70%-ით გაიზრდება.
მსოფლიომ კლიმატის სტაბილურობის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკისათვის შეჯერებული სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნები 2050 წლისათვის შეამცირებენ სწორხაზოვან ეკონომიკურ ზრდას რესურსების რაციონალური გამოყენების ხარჯზე და თან უზრუნველყოფენ ევროკავშირის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას. ზემოთხსენებულ სტრატეგიას წრიული ეკონომიკა (Circular Economy, CE) ეწოდება.3
წრიული ეკონომიკა თანამედროვე ეკონომიკური მოდელია, რომლის მთავარი არსია რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ სწრაფვა მოხმარების შემცირების, გრძელვადიანი გამოყენების, პირველხარისხოვანი რესურსების ფლანგვის შეჩერების, პროდუქტებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების წრიული გამოყენების გზით. წრიულ ეკონომიკას შეუძლია მდგრადი განვითარების მთავარ მოდელად იქცეს, რადგან სწორხაზოვანი ეკონომიკა გარემოზე მავნედ ზემოქმედებს და იწვევს რესურსების ამოწურვას.4
მსოფლიოში წრიული ეკონომიკის რამდენიმე მოდელი განიხილება. მათგან განსაკუთრებით პოპულარულია ბი ჯონსონის ე.წ. „5R“-ის მოდელი5:
- Refuse (უარი თქვი): დაივიწყე ყველაფერი ის, რაც არ გჭირდება. თუ შეგიძლია, შეიშრე ხელი სწრაფი მოძრაობით და არ გამოიყენო ზედმეტი ხელსახოცი. აუცილებლობის გარდა არ გამოიყენო პოლიეთილენის პარკები და მაღაზიიდან შენაძენი ხელით წაიღე.

- Reduce (შეამცირე): შეამცირე უსარგებლო შენაძენები. იყიდე მხოლოდ ის, რაც აუცილებლად გჭირდება
- Reuse (გამოიყენე თავიდან): უარი თქვი ერთჯერადი გამოყენების ნივთებზე და აქცენტი გააკეთე მრავალჯერადზე.
- Recycle (გადაამუშავე): თუ ნივთებს თავიდან ვეღარ გამოიყენებ დაფიქრდი, შესაძლებელია თუ არა მისი გადამუშავება?
- Rot (დააკომპოსტირე): ისეთი მასალები, რაც შესაძლოა დაკომპოსტირდეს, გამოიყენე ნიადაგის გასანაყოფიერებლად.
2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ევროკავშირის ახალი წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბიზენსის კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია მდგრადი პროდუქტების წარმოებისათვის ფუნდამენტის შექმნა, რაც ევროკავშირისთვის და მის გარეთ, ახალი შესაძლებლობების სარკმელს გახსნის. მდგრად, წრიულ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის პროგრესული და შეუქცევადი პროცესი ევროკავშირის ინდუსტრიული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ წრიულ ეკონომიკას აქვს პოტენციალი, 2030 წლისათვის გაზარდოს ევროკავშირის მშპ (მთლიანი შიგა პროდუქტი) დამატებით 0.5%-ით და შექმნას დამატებით 700 000 სამუშაო ადგილი.6
ევროკავშირი წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ელექტრონიკის, ტექსტილის, პლასტმასას, საკვების და მათი შეფუთვის ინდუსტრიას. ასევე აპირებს რესურსების ფლანგვის შემცირებას.7
მაგალითისთვის, ტექსტილის სექტორში არსებულ პრობლემას და მისი მოგვარების გზას ევროკავშირი ასე ხედავს7:
