სტატია „წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელები მსოფლიოსა და საქართველოში“ არის www.researchgate.net-ზე გამოქვეყნებული ამ ნაშრომის შემცირებული ვარიანტი. ნაშრომი 2020 წლის 20 ოქტომბერს წარდგინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე და დაიკავა მეორე ადგილი.
ნებისმიერი კომპანია წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემას. ამ სისტემის აღწერას ბიზნეს-მოდელს ვუწოდებთ. ბიზნეს-მოდელი კომპანიის შექმნის, განვითარების და წარმატებული მუშაობის პრინციპებს ადგენს და განსაზღვრავს ვინაა მიზნობრივი მომხმარებელი, რას სთავაზობთ მომხმარებელს (ფასეულობა), როგორ ქმნის ფასეულობას (ღირებულების შექმნის ჯაჭვი), როგორ გენერირდება მოგება (მოგების მიღების მექანიზმები) (adactive.ge, 2019).
საბაზრო ეკონომიკის პირობებში წრიული ეკონომიკის თეორიულ მოდელთან მისაახლოებლად ბიზნეს სექტორის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაგრამ რა სარგებელი ექნება ბიზნესს წრიული ეკონომიკის საკუთარ პრაქტიკაში დანერგვით? დანახარჯების შემცირება (რესურსების ნაკლები ფლანგვის წყალობით); ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობა; არამდგრადი საქმიანობისთვის არსებული და მოსალოდნელი რეგულაციების თავიდან არიდება; ეკონომიკური შოკების გამძლეობა იმის წყალობით, რომ კომპანია არ იქნება დამოკიდებული რესურსების შეზღუდულობაზე და ა.შ..
სწორხაზოვანი ეკონომიკის ძირითადი პრინციპია „მოიპოვე-დაამზადე-მოიხმარე-გადაყარე“, ხოლო წრიული ეკონომიკის – „მოიპოვე-გამოიყენე-გადაამუშავე-კვლავ გამოიყენე“ და ასე უსასრულოდ. თუმცა მსგავსი თეორიული მოდელის პრაქტიკაში დანერგვა წარმოუდგენელია, რადგან რაიმე საბოლოო, თუნდაც მინიმალური დანახარჯები მაინც იარსებებს. ამის გათვალისწინებით, ბიზნეს სექტორისთვის შეიქმნა შედარებით რთული სქემა (სქემა 1), რომლითაც წრიული ეკონომიკით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ.

მოცემული სქემის მიხედვით შეგვიძლია წარმოვადგინოთ წრიული ეკონომიკის ბიზნეს მოდელის სამი ძირითადი მოთამაშის სახეობა. პირველი მოთამაშეა „პროდუქტის მწარმოებელი“ — კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს და მიზნად ისახავენ წრიულ მოდელზე გადასვლას. სქემა 1-ზე მათ შეესაბამება წარმოების მთავარი მიმართულება „მოიპოვე-დაამზადე-გამოიყენე“. შემდეგ მოთამაშეს ეწოდება „პრობლემის მომგვარებელი“ — კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან პროდუქტის მწარმოებელი კომპანიების დასახმარებლად და ქმნიან წარმოების წრეს (მაგ. გადმამუშავებელი კომპანიები და მისთ.). სქემაზე მათი საქმანობის სფეროა „დააბრუნე; ისევ გამოიყენე; გადაამუშავე; აღადგინე“. ამ ორი ძირითადი მოთამაშის მწყობრ, შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფენ ე.წ. „წარმმართველები“ („ფასილიტატორები“). წარმმართველი შეიძლება იყოს სახელმწიფო ან საკონსულტაციო სექტორი.
მომსახურების სექტორში საერთაშორისოდ ცნობილი კომპანია „Accenture“, ტექსტილის, მაღალტექნოლოგიური დარგებისა და სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიაში 120-ზე მეტი წრიული ეკონომიკის პრეცედენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გვთავაზობს 5 ზოგად ბიზნეს მოდელს მწარმოებლებისთვის. ესენია: მდგრადი რესურსების მომხმარებელი, რესურსების აღმდგენი, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გამხანგრძლივებელი, შესაძლებლობების გამზიარებელი და პროდუქტის, როგორც მომსახურების მიმწოდებელი ფირმები (Accenture, 2014).
მდგრადი რესურსების მომხმარებელი ფირმა ცდილობს, გამოიყენოს სრულად განახლებადი, გადამუშავებადი და ბიოდეგრადირებადი რესურსები.
რესურსების აღმდგენი ფირმა საქმიანობას წარმართავს ისე, რომ რაიმე პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ, ის გახდეს ახალი პროდუქტის რესურსი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გადამუშავების მეთოდების გამოყენებით.
ბიზნესში წრიული ეკონომიკის მესამე, მკაფიო მოდელია პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება. ეს მოდელი გულისხმობს პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის ზრდას. ამასთანავე, იზრდება მისი აღდგენის, გაუმჯობესებისა და წარმოებაში დაბრუნების შესაძლებლობები.
შესაძლებლობების გამზიარებელი ფირმის მოდელი გულისხმობს მწარმოებელსა და მომხარებელს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. ფირმის მიერ შეთავაზებული პლატფორმა ჭარბი წარმოებისა ან გამოუყენებელი სიმძლავრეების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
საბოლოო, მეხუთე მკაფიო მოდელი, ე.წ. საქონელი, როგორც მომსახურება იჯარით ან გამოყენების უფლებით მიკუთვნების სისტემებს გულისხმობს. ამ მოდელში კომპანიამ პროდუქტის გამძლეობა და განახლებადობის შესაძლებლობა უნდა გაზარდოს (Accenture, 2014).
წრიული ეკონომიკის ზოგიერთი ბიზნესმოდელი მსოფლიოსა და საქართველოში
კვლევის პროცესში შევისწავლეთ უცხოური და ქართული კომპანიების გამოცდილება წრიული ეკონომიკის მოდელების დანერგვის მიმართულებით. კომპანიები, საქმიანობიდან გამომდინარე, ნერგავენ გადამუშავების, აღდგენის, წარმოებაში დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების პრინციპებიდან ყველას ან ზოგიერთს.
წრიული ეკონომიკის პრაქტიკული მაგალითების განხილვისას ტექსტილის წარმოება საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა თუნდაც იმის გამო, რომ მოდის ინდუსტრია მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დამაბინძურებელი სექტორია (Andersen P. , 2013).
პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებისა და შესაძლებლობების გაზიარების მოდელის მაგალითია შვედური კომპანია „Nudie Jeans“, რომელმაც წარმოებაში დანერგა ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და გადამუშავების პრინციპები. სტოკჰოლმისა და ლონდონის მაღაზიათა ქსელებში, „Nudie Jeans“ მომხმარებლებს ახალ პროდუქციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ძველ ნაწარმს დააბრუნებენ. დაბრუნებული ჯინსები ირეცხება, აღდგება და მაღაზიებში მეორეული ტანსაცმლის დახლებზე ფასდაკლებით იყიდება (Nudie Jeans, 2020). თუ ჯინსი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი ხელახალი გამოყენება შეუძლებელია, მას გადაამუშავებენ.
პოპულარული ხდება მოდელი საქონელი, როგორც მომსახურებაც. მაგალითად, „Philips“ ნათურების გაყიდვის ნაცვლად მათ აქირავებს, რისთვისაც მომხმარებლები ყოველთვიურ საფასურს იხდიან. ნათურის დაზიანების შემთხვევაში ძველი ნათურა მიაქვს კომპანიას და მომხმარებელს ახალ ნათურას სთავაზობს (მელქაძე, 2018).
წრიული ეკონომიკის მიმართულებით ქართული პრაქტიკის შესასწავლად, მოვიძიეთ გადამამუშავებელი კომპანიები. ინტერნეტში იძებნება ათეულობით ისეთი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს ქაღალდს, მუყაოს, პლატმასას, შუშას, სხვადასხვა ლითონსა და საბურავებს. გარდა ამისა, ვხვდებით საკვები მცენარეული ზეთის შემგროვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებსაც (CENN, 2020). პროდუქტის გადამუშავებით საწარმოები მეორეულ ქაღალდს, პლასტმასს, შუშას, ტარას და შესაფუთ მასალებს იღებენ. საინტერესოა შპს „თი ერ სი“-ის საქმიანობა, რომელიც საბურავების გადამუშავების შედეგად სტადიონის სარბენი ბილიკებისთვის კაუჩუკის გრანულებს, ასევე, ასფალტსა და ბეტონს აწარმოებს (bia.ge, 2019). აღსანიშნავია შპს „ბიოდიზელ ჯორჯიას“ საქმიანობაც, რომელიც უკვე გამოყენებული, თერმულად დამუშავებული საკვები ზეთის ნარჩენებით ბიოსაწვავს ამზადებს (mepa.gov.ge, 2018).
საქართველოში ე.წ. უდანაკარგო წარმოების კარგი მაგალითია „შატო ზეგაანი“ კახეთში. კომპანია ვენახის მოვლისას დამზოგველ და წრიული ეკონომიკის პრინციპებთან შესაბამის მეთოდებს იყენებს. მაგალითად, ვენახების საყრდენებად გამოყენებულია გამძლე და ამასთანავე, ბიოდეგრადირებადი აკაციისა და მუხის მასალა. ვაზის ტოტების გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა მხოლოდ ხელით მიმდინარეობს. ვაზის მისამაგრებლად გამოიყენება სიმინდის ფოთლის ბოჭკოები. მიწის გასანაყოფიერებლად შეაქვთ მხოლოდ ორგანული სასუქი („შატო ზეგაანი“, 2020). ბიოწარმოების ამ პრინციპების დაცვის გარდა, „შატო ზეგაანი“ ყურძნის ნარჩენი წიპწისგან ამზადებს წიპწის ზეთს, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური და ბავშვთა დერმატოლოგიური საშუალების დასამზადებლად (gurjaani.gov.ge, 2020). ზეთისთვის დაპრესილი წიპწის კანისგან „შატო ზეგაანი“ ფქვილს ამზადებს, საფერავის კანისგან — ჩაის, ვენახის გასხვლის შემდეგ დაგროვილი ნარჩენისგან კი სასუქი მზადდება და კვლავ ვენახებში გამოიყენება მიწის განოყიერებისთვის.
ჩვენი განხილული თეორიული ბიზნეს მოდელების მიხედვით, „შატო ზეგაანი“ მდგრადი რესურსების გამოყენებისა და რესურსების აღმდგენი ფირმის მოდელის პრაქტიკული მაგალითია. გარდა ამისა, სქემა 1-ზე წარმოდგენილი კლასიფიკაციის მიხედვით, კომპანია ერთდროულად არის მწარმოებელიც და პრობლემის მომგვარებელიც. ამ კომპანიის გამოცდილების დანერგვა სხვა ფირმების მხრიდანაც გამოიწვევს ინოვაციური და თანმდევი პროდუქტების (პარფიუმერული ნაწარმის ასორტიმენტის გაფართოება და სხვა) წარმოებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ბიოწარმოების მასშტაბებისა და მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას.
დასკვნა
უახლოესი წლები მსოფლიო ეკონომიკაში ნახტომისებური განვითარების პერიოდი იქნება. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია დაეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს და მდგრადი განვითარების პრინციპებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამ პროცესებში ბიზნეს სექტორს დიდი როლი დაეკისრება. წარმოების მდგრადი და ეფექტიანი განვითარებისათვის წრიული ეკონომიკის ბიზნეს-მოდელები მთავარ ალტერნატივად იქცევა.
თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მთავარი გზა განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სისტემის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის წრიული ეკონომიკის ეფექტიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე გადის.
განვითარებულ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმების ეფექტიანი ფუნქციონირებით საქართველოში შესაძლებელია წრიული ეკონომიკის მასშტაბების გაფართოება, სამუშაო ადგილების შექმნა/განახლება და ეკონომიკის განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანა.
იხილეთ აგრეთვე: წრიული (ცირკულარული) ეკონომიკა.
გამოყენებული ლიტერატურა
- „შატო ზეგაანი“. (2020). ვენახი. დაბრუნებული 2020, შატო ზეგაანი: https://chateau-zegaani.com/vineyards/geo-დან
- Accenture. (2014). Circular Advantage: Innovative Business Models and Technologies to Create Value in a World without Limits to Growth. Accenture.
- adactive.ge. (2019). ჩანაწერი 1: რა არის ბიზნეს-მოდელი. დაბრუნებული 2020, www.adactive.ge: https://www.adactive.ge/post/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-დან
- Andersen, P. (2013). Modeindustrien er verdens næstmest forurenende.
- bia.ge. (2019). თი ერ სი. დაბრუნებული 2020, bia.ge: https://www.bia.ge/Company/95848?VisitCompanyType=3&ServiceId=3199-დან
- Boulding, K. (1966). The Economics of the Coming Spaceship Earth. დაბრუნებული 2020 წლის 1 მაისი, http://www.ub.edu: http://www.ub.edu/prometheus21/articulos/obsprometheus/BOULDING.pdf-დან
- Brennan, G.; Tennant, M.; Blomsma, F.;. (2015). Business and production solutions: Closing the Loop in Kopnina, H. EarthScan.
- Cambridge Econometrics. (2018). Impacts of circular economy policies on the labour market.
- CENN. (2020). გადამამუშავებელი კომპანიები . დაბრუნებული 2020, http://environment.cenn.org: http://environment.cenn.org/-დან
- Chokheli, E. (2018). STRATEGY TO DEVELOP FAB LABS AND THEIR IMPACT ON IMPROVING BUSINESS ACTIVITY IN GEORGIA. . დაბრუნებული 2020, doi.org: https://doi.org/10.31435/rsglobal_ws/12062018/5811-დან
- Ellen MacArthur Foundation. (2013). the Circular Economy. Isle of Wight.
- EU. (2020). A new Circular Economy Action Plan For a cleaner and more competitive Europe. Brussels.
- European Commission. (2015). Closing the loop – An EU action plan for the Circular Economy. Brussels: European Commission.
- Gagnidze, I. (2019 წლის 20-22 November). Future challenges and the problems of development of the Circular Economy Business models.Proceedings of the International Scientific and Practical Internet Conference “BUSINESS STRATEGY: FUTUROLOGICAL CHALLENGES”. დაბრუნებული 2020 წლის 14 11, ir.kneu.edu.ua: https://ir.kneu.edu.ua/bitstream/handle/123456789/31848/sbfv_19_1.pdf?sequence=1-დან
- gurjaani.gov.ge. (2020 წლის ივლისი). „შატო ზეგაანი“ – მემორანდუმის გაფორმება. დაბრუნებული 2020 წლის ოქტომბერი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი: http://www.gurjaani.gov.ge/en/node/1293-დან
- Jackson, T. (2009). Prosperity without growth. Economics for a finite planet. London, New York.: Earthscan.
- Lieder, M., & Rashid, A. (2016). Towards circular economy implementation: A comprehensive review in context of manufacturing industry.
- mepa.gov.ge. (2018). შ.პ.ს.”ბიოდიზელ ჯორჯია”. დაბრუნებული 2020, mepa.gov.ge: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/2177-დან
- Mey, N., & Shahbazi, K. (2020). Business Models that work in The circular economy. www.boardofinnovation.com.
- Nudie Jeans. (2020). What’s your trade-in discount? დაბრუნებული 2020, Nudie Jeans: https://www.nudiejeans.com/help-center/what-s-your-trade-in-discount-დან
- Sachs, J. (2015). The Age of Sustainable Development. Columbia University Press.
- Schwab, K., & Zahidi, S. (2018). 10 things you – and your government – should know about competitiveness in the Fourth Industrial Revolution. დაბრუნებული 2020, weforum.org: https://www.weforum.org/agenda/2018/10/10-things-you-and-your-government-should-know-about-competitiveness-in-the-fourth-industrial-revolution/?fbclid=IwAR031UxBa6yn901YqITjS4bWMyChUoop2KjYZYjOeHSqOoJAkB123grOwoQ-დან
- Shields, K. (2019). Going Circular: How Global Business is Embracing the Circular Economy. დაბრუნებული 2020, Newsweek Vantage: https://www.newsweek.com/vantage-how-global-business-embracing-circular-economy1302720-დან
- The European Green Deal. (2020). Circular Economy Action Plan.
- United Nations. (2020). Goal 12: Ensure sustainable consumption and production patterns. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, www.un.org: https://www.un.org/sustainabledevelopment/sustainable-consumption-production/-დან
- WEF. (2014). Towards the Circular Economy: Accelerating the scale-up across global supply chains. WEF.
- WEF. (2018). The Global Competitiveness Report 2017-2018. დაბრუნებული World Economic Forum: http://www3.weforum.org/docs/GCR2017-2018/05FullReport/TheGlobalCompetitivenessReport2017%E2%80%932018.pdf-დან
- WEF, FJ. (2016). The Future of Jobs: Employment, Skills and Workforce Strategy for the Fourth Industrial Revolution. დაბრუნებული 2020 წლის 11 14, World Economic Forum: http://www3.weforum.org/docs/WEF_Future_of_Jobs.pdf-დან
- Zero Waste. (2020). Zero Waste. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, www.addisoncountyrecycles.org: https://www.addisoncountyrecycles.org/recycling/reduce-reuse/zero-waste?fbclid=IwAR32boerxjRFVKJucuti_zzMfCUWmG_2B45rDVjx5CBjJE1mOmb3P0kulDQ-დან
- ZeroWIN. (2010). Towards Zero Waste in Industrial Networks. “Approaches to Zero Waste”. .
- გაგნიძე, ი. (2019). მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია – უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი. Tbilisi.
- მელქაძე, ქ. (2018). წრიული ეკონომიკა: ალტერნატიული კონცეფცია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, http://eugeorgia.info: http://eugeorgia.info/ka/article/701/wriuli-ekonomika-alternatiuli-koncefcia-mdgradi-ekonomikuri-ganvitarebistvis/-დან
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.